ჯვარცმულმა იესომ ღვარძლიან და გულგრილ სახეთა შორის ღვთისმოსავ დედათა ცრემლიანი თვალები დაინახა
02.05.2020
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები...
პატივი, როემლსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ.
მაცხოვრის სიტყვამ ღვარძლი და ბოროტება აღძრა იერუსალიმის მღვდელმთავართა სულებში. სიძულვილი ქრისტეს მოწაფეებსა და მიმდევრებსაც გადასწვდა - მაცხოვრის შეპყრობის შემდეგ მათი დევნაც დაიწყო. "თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად" (მარკოზი 13, 8), - ჯერ კიდევ შეპყრობამდე ეუბნებოდა მათ იესო. აბობოქრებული სიძულვილის ხილვამ შეაძრწუნა მოციქულნი, შიშმა დათრგუნა მათი სულიერი სიმტკიცე და გახელებულ ბრბოში გამოჩენას დამალვა არჩიეს.
მაცხოვარი მარტო დარჩა უკიდურესი განსაცდელის ჟამს. "აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიბნევა; მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან" (იოანე 16, 32). ადამიანთა მიერ მიტოვებული იდგა იგი კაიაფას, ჰეროდესა და პილატეს წინაშე, მარტო იყო, როცა სცემდნენ და ამცირებდნენ, როცა ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე. არავინ იყო მის გვერდით. დაბრმავებულმა ბრბომ უფალს ავაზაკი არჩია და შეძახილით: "ჯვარს აცვი ეგე" - განაჩენი გამოუტანა მესიას.
ხოლო უფლის ერთგული დედანი ჯვარცმისას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად იდგნენ გოლგოთაზე აღმართული ჯვრის წინაშე და ტირილით შესცქეროდნენ იესოს. ისინი არ შეუშინდნენ სინედრიონის რისხვას და ბრბოს დაუნდობლობას, არ დამალულან, არ მიუტოვებიათ განსაცდელის ჟამს თავიანთი მოძღვარი. უფლის სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალას მათ გულში ადამიანის უდიდესი სისუსტე - შიში დაემარცხებინა.
ქალებმა ბოლომდე უერთგულეს მაცხოვარს. როდესაც იოსებ არიმათიელმა პილატესგან გამოითხოვა ჯვარცმული იესოს სხეული, მათ ცხარე ცრემლით დაიტირეს გარდამოხსნილი მაცხოვარი, ერთი წუთითაც არ მოშორებიან მის ცხედარს და მხოლოს მაშინ დატოვეს, როდესაც სამარხის შესასვლელი ლოდით ჩაკეტეს.
დედებს სურდათ, უკანასკნელი პატივი მიეგოთ უფლისათვის და ებრაული ჩვეულებისამებრ ნელსაცხებელი ეცხოთ მისი ცხედრისათვის. და აი, როდესაც შაბათი მიიწურა, შვიდეულის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, წავიდნენ იოსებ არიმათიელის ბაღში, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. ღვთისმოსავ დედებს მარიან მაგდალინელი მიუძღვოდა წინ. ქალები არად დაგიდევდნენ საფრთხეს, მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ სამარხის კარს მიფარებულ ლოდს ვერ მოერეოდნენ. არ იცოდნენ, რომ ლოდი უკვე გადაგორებული იყო, საფლავი კი - ცარიელი. სასწაული უკვე აღსრულებულიყო.
ცარიელი სამარხის ხილვამ შეაკრთო დედანი. იფიქრეს, რომ იესოს სხეული ვიღაცამ გადამალა. მარიამ მაგდალინელი სიბრილით გაბრუნდა იერუსალიმში და ქრისტეს მოწაფეებს შეატყობინა ეს ამბავი. "აღიღეს უფალი საფლავისაგან და არა უწყი, სად დადვეს იგი" (იოანე 29, 4), - შესჩივლა მან მოციქულებს. პეტრესა და იოანესთან ერთად დაბრუნდა სამარხთან, ხოლო მათი წასვლის შემდეგ მარტო შევიდა შიგნით. და იხილა "ორნი ანგელოსნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფეხთით, სადა იდვა გუამი უფლისა იესოსი" (იოანე 29, 12). "დედაკაცო, რაისა სტირ? - ჰკითხეს მათ. "აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი" (იოანე 29, 13) - მიუგო მარიამმა. უეცრად იგრძნო, რომ მის უკან ვიღაც იდგა და შემობრუნდა. პირველად მან ვერ იცნო ქრისტე, მებაღე ეგონა და შეევედრა: "უფალო, უკეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი" (იოანე 19, 15). "მარიამ", - მიმართა მას იესომ. მაგდალინელისთვის ყველაფერი ცხადი გახდა. "მოძღვარო..." - ამოიკვნესა მან და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ფერხთით დაემხო.
ასე გამოეცხადა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი პირველად მარიამ მაგდალინელს. მარიამისგანვე შეიტყვეს მოციქულებმა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი. იმ დღეს აენთო იერუსალიმში ქრისტიანული სარწმუნოების სუსტი ალი, გაუძლო ულმობელ დევნას, გაძლიერდა და გაბრწყინდა, მოედო მთელ მსოფლიოს და ყოველი წლის გაზაფხულზე მილიონობით ადამიანი სიხარულით აღსავსე იმეორებს სიტყვებს, რომლებიც პირველად პირველად წმიდა მოციქულთა სწორმა მარიამ მაგდალინელმა წარმოთქვა: "ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!"
მოამზადა ერეკლე ბიბიჩაძემ
ჟურნალი "კარიბჭე", აპრილი, 2004 წ.