ღირსი აპოლინარია (+დაახლოებით 470 წელს) - 05 (18) იანვარი
13.01.2006
საბერძნეთის მეფის არკადი სიკვდილის შემდეგ (408 წ.) მისი ძე თეოდოსი მცირეწლოვანი დარჩა და არ შეეძლო სამეფოს მართვა. ამიტომაც არკადის ძმამ, იმპერატორმა ჰონორიუსმა, ძმისშვილის აღზრდა და აღმოსავლეთ იმპერიის მართვა ერთ ბრძენ და პატიოსან კაცს, პროკონსულ ანთიმოზს ჩააბარა.
ამიტომაც, სანამ თეოდოსი არ წამოიზარდა, ანთიმოზს უწოდებდნენ მეფეს. ანთიმოზს ორი ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსს ბავშვობიდანვე არაწმინდა სული ტანჯავდა, ხოლო უფროსი, აპოლინარია, მთელ დროს წმინდა ტაძრებში, ლოცვაში ატარებდა.
მოაწია მისი გათხოვების დრომ, მაგრამ ქალიშვილს ამის გაგონებაც არ უნდოდა. არ მსურს გათხოვება. მწამს, რომ ღმერთი დამიფარავს მის მოშიშს. მონასტერში წასვლა მინდა, რათა საღმრთო წერილი მოვისმინო და სამონასტრო ცხოვრებას ვეზიაროო, - ეუბნებოდა მშობლებს. მშობლებს უკვირდათ, რომ ასეთი ახალგაზრდა უკვე ავსებული იყო ღვთაებრივი სიყვარულით. ქალიშვილმა ყველა მთხოვნელს უარი განუცხადა და მშობლებს უთხრა: - მომეცით ნება, ვემსახურო ღმერთს და ჩემი ქალწულობის დამარხვისთვის ღვთისაგან ჯილდოს მიიღებთო. ქალიშვილის სიმტკიცით გაკვირვებულმა მშობლებმა აღაპყრეს ხელნი - იყავნ, უფალო, ნება შენიო და აპოლინარიას თხოვნით, შინ მონაზონი მოიყვანეს. ის ქალიშვილს ფსალმუნებს ასწავლიდა. ამის შემდეგ აპოლინარიამ მშობლებს სთხოვა, იერუსალიმის მოსალოცად გამიშვითო. დედ-მამას გაუჭირდა ერთადერთ ნუგეშთან განშორება, მაგრამ წასვლის ნება მაინც დართეს. მისცეს ოქრო-ვერცხლი, მონები და მონაქალები გააყოლეს, ჩასვეს ხომალდში და აკურთხეს საღვთო გზაზე: აღასრულე აღთქმა, შვილო, და ილოცე ჩვენთვისო. ქალიშვილი მიეფერა მათ: - რახან გულის წადილი ამისრულეთ, დაე, ღმერთმა შეგისრულოთ ყველა თხოვნა და განგაშოროთ მწუხარების დღესო.
ხომალდმა მიაღწია ასკალონეს, ერთ-ერთს ფილისტიმელთა ხუთ მთავარ ქალაქთაგან. აქ რამდენიმე დღე დაჰყო ქალიშვილმა, მერე თანამგზავრიც იშოვა იერუსალიმამდე და გზას გაუდგა. იერუსალიმში თაყვანი სცა სიწმინდეებს, გულითადად ილოცა მშობლებისთვისაც, გასცა ოქრო-ვერცხლი და გაათავისუფლა მონები. ერთხელ, მდინარე იორდანეს პირას, დარჩენილ მონებს უთხრა: - ჩემო ძმებო, მინდა თქვენც გაგათავისუფლოთ, მაგრამ მანამდე ალექსანდრიაში წმინდა მინას ნაწილებს უნდა ვცეთ თაყვანიო. ისინი დათანხმდნენ. ალექსანდრიაში მისი ჩასვლა შეიტყო პროკონსულმა (ოლქის მმართველმა) და ვითარცა მეფის ასულს, საპატიო მოქალაქენი დაახვედრა. აპოლინარიას კი კაცთაგან დიდება არ სურდა, ღამით შევიდა ქალაქში და პროკონსულს ეწვია. ის და მისი ცოლი მეფის ასულს მუხლებში ჩაუცვივდნენ. ნეტარმა აპოლინარიამ მათ მიმართა, - თუ გინდათ მასიამოვნოთ, ნუღარ შემაწუხებთ პატივისცემით, წმინდა მინას თაყვანის საცემად გამიშვითო. ქალიშვილი რამდენიმე დღე დარჩა ალექსანდრიაში, მოილოცა იქაური სიწმინდეები, ჩუმად საბერო სამოსი შეიძინა, გაათავისუფლა მონები, ორიღა დაიტოვა, მათთან ერთად ჩაჯდა ხომალდში და ლიმნას მიაშურა. იქიდან კი ნაქირავები სახედრებით მიაღწიეს წმინდა მინას ეკლესიამდე. აპოლინარიამ თაყვანი სცა მას. იქიდან დახურული ეტლით სკიტში მოღვაწე მამებთან გაემართა.
საღამო ხანი იყო. ეტლს მოხუცი მონა მართავდა, მეორე მონა-საჭურისი კი, აპოლინარიას ბრძანებით, ეტლის უკან იჯდა. თვითონ მდუმარედ ლოცულობდა და ღმერთს შეწევნას სთხოვდა - მას უკვე რთული სამონაზვნო გზა აერჩია. ნელ-ნელა ჩამობნელდა. ეტლი ერთ ჭაობიან ადგილას მიდიოდა. ორივე მონას ჩასთვლიმა. აპოლინარიამ განიმოსა სამეფო სამოსი, ჩაიცვა ბერის კაბა, ასე მამაკაცურად გამოწყობილი გადმოხტა ეტლიდან და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. მალე ეტლი თვალს მიეფერა, წმინდანი კი დასახლდა უდაბნოში, ამ ჭაობიან ადგილას და მარტოდმარტო დარჩენილი ადიდებდა უფალს. ღმერთი ხედავდა მის სულის სიწრფელეს, მისადმი ლტოლვას, აძლიერებდა თავის ერთგულს, შეეწეოდა უხილავ მტერთან ბრძოლაში და უხვად აწვდიდა საკვებად ფინიკის ნაყოფს.
...გათენებისასღა შეამჩნიეს მონებმა აპოლინარიას დაკარგვა. დაიწყეს ძებნა, მაგრამ ამაოდ. აპოლინარიას მიერ ეტლში დატოვებული სამოსით და სამკაულებით მიხვდნენ მონები, რომ ქალბატონმა ეს სოფელი დაუტევა. ალექსანდრიაში დაბრუნდნენ და ყველაფერი პროკონსულს მოახსენეს, მან კი აპოლინარიას მამას შეატყობინა. დიდხანს ტიროდნენ ანთიმოზი და მისი მეუღლე, ეფერებოდნენ საყვარელი ქალიშვილის სამოსს. ანთიმოზმა ღმერთს შეჰღაღადა, - ღმერთო, შენ აირჩიე აპოლინარია და შენვე დაამტკიცე უფლის შიშშიო.
რამდენიმე წელი მოღვაწეობდა აპოლინარია უდაბნოში, ჭაობის შხამიან კოღოთა გუნდი მოსვენებას არ აძლევდა. ეშმაკნიც, კოღოთა მბაძავნი, დაუცხრომელად ებრძოდნენ. უდაბნოს მზემ, მტვერმა, კოღოებმა მისი მშვენიერებიდან აღარაფერი დატოვეს, კანიც კუს ბაკანივით გაუუხეშდა, ისე შეიცვალა, რომ დედაკაცი აღარ გეგონებოდა. ინება ღმერთმა და აპოლინარია, კაცთა სარგებლობისთვის, ჭაობიდან გამოიყვანა. მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა, სკიტის მამებთან დოროთეს სახელით დასახლებულიყო. დილით გზაზე წმინდა მაკარი მეუდაბნოეს გადაეყარა, რომელმაც სთხოვა, მიეღო ძმობაში. წმინდა მაკარის ღმერთმა დაუფარა, რომ მის წინაშე დედაკაცი იდგა, მას იგი საჭურისი ეგონა. სახელი ჰკითხა. დოროთე მქვია, მამაო, - მიუგო აპოლინარიამ, - შევიტყვე აქ მოღვაწე მამების ამბავი და თუ ღირსი აღმოვჩნდები, მინდა მათთან ვიცხოვროო. მამა მაკარიმ საქმეც გამოუძებნა ახალ ძმას - ლერწმისგან კალათების ქსოვა და სენაკში მამებთან ერთად დააბინავა. დროთა განმავლობაში მამა დოროთე სკიტის ძმებს წარემატა სულიერი მოღვაწეობით. მან ღვთისგან ავადმყოფთა კურნების მადლი მიიღო. მისი სახელი ყველას პირზე ეკერა, უდიდეს მამად აღიარებდნენ.
დრო მიდიოდა. ანთიმოზის უმცროს ქალიშვილს ეშმაკი არ დაუტევებდა. დიდებულებმა მეფეს ურჩიეს, ქალიშვილი სკიტის მამებთან წაიყვანეთ და განიკურნებაო. ანთიმოზი ასეც მოიქცა - თავისი ეშმაკეული ქალიშვილი მრავალ მსახურთან ერთად სკიტში გაგზავნა. მათ მამა მაკარი მიეგება. მსახურებმა გადასცეს მას მეფის სათხოვარი. მამა მაკარიმ მაშინვე მოჰკიდა ხელი მეფის ასულს და მამა დოროთესთან მიიყვანა. "მამაო დოროთე, - უთხრა მოძღვარმა, - ეს მეფის ასულია, რომელიც ელის კურნებას მამათა ლოცვით. ილოცე მისთვის, რამეთუ ღვთისაგან მიგიღია მადლი კურნებისა". შეაძრწუნა მისმა ნათქვამმა აპოლინარია, თითქოს თვალწინ გაურბინა ბავშვობის წლებმა, შესაძლოა შეეშინდა კიდეც, ვაითუ გამჟღავნდეს ჩემი დედაკაცობის ამბავიო, უფრო კი სიმდაბლით უთხრა მოძღვარს: - ცოდვილი ვარ, მამაო, თქვენ კი ეშმაკთა განდევნის ნიჭს მომაწერთო. მამა მაკარიმ მიუგო: - განა სხვა მამები ღვთის ძალით არ ახდენენ ნიშ-სასწაულებს და მათთან ერთად შენც მონდობილი გაქვს ეს საქმეო. იყოს ნება ღვთისაო, - თქვა აპოლინარიამ. მოჰკიდა ხელი დას და თავის სენაკში წაიყვანა. ღმერთმა აუკრძალა ეშმაკს მამა დოროთეს საიდუმლოს გამჟღავნება. წმინდა დედა კი დაემხო ღვთის წინაშე და მთელი გულით შესთხოვდა დის განკურნებას. ეშმაკი წინ ვეღარ აღუდგა მის ცეცხლებრ ლოცვას და იყვირა: - ვაი მე, რადგან აქედან გამდევნიან და იძულებული ვარ, წავიდეო. ბოლოს დასცა გოგონა მიწაზე და გამოვიდა მისგან. მამა დოროთემ განკურნებული მეფის ასული ეკლესიაში მიუყვანა წმინდა მამებს. ბერი დავარდა მათ წინაშე და უთხრა მამებს: - მაპატიეთ მე ცოდვილს, რადგან თქვენ შორის ვარ და ბევრსა ვცოდავო.
გახარებული მშობლები ადიდებდნენ ღმერთს ამხელა წყალობის გამოღებისთვის. წმინდა დედა კი უფრო იმდაბლებდა თავს უფლისა და კაცთა წინაშე. ეშმაკმა წმინდა აპოლინარიას წინააღმდეგ შურისძიება გადაწყვიტა. კვლავ შევიდა მეფის ასულის სხეულში და მას ფეხმძიმე ქალის სახე მისცა. მშობლებმა რომ შეამჩნიეს ქალიშვილს "ფეხმძიმობა", გამოჰკითხეს, ვისთან სცოდეო. ქალიშვილი სულით და ხორცით სუფთა იყო, ამიტომაც ეუბნებოდა მშობლებს, არაფერი მახსოვსო. მაშინ ეშმაკმა ქალიშვილის პირით თქვა: ის შავკაბოსანია დამნაშავე ჩემს დაცემაში, ვისთანაც სკიტის უდაბნოში ვცხოვრობდიო.
განრისხებულმა ანთიმოზმა ჯარი გაგზავნა სკიტის უდაბნოს დასარბევად. მხედართმთავრები დამნაშავე ბერის მოყვანას ითხოვდნენ. მამა დოროთე გამოეყო ძმებს და უთხრა ჯარისკაცებს: - მე ვარ, ვისაც ეძებთ, წამიყვანეთ. სხვა მამები უდანაშაულონი არიან და დაანებეთ თავიო. შეწუხდნენ მამები, მათაც მოინდომეს, გაჰყოლოდნენ დოროთეს, მაგრამ ნეტარმა ბერმა უთხრა მათ: - უფალნო ჩემნო, თქვენ მხოლოდ ილოცეთ ჩემთვის და მწამს, მალე მშვიდობით დავბრუნდებიო.
როცა ბერი ანთიმოზს წარუდგინეს, დაემხო მის წინ და უთხრა მეფეს: "გევედრები, კეთილკრძალულო ხელმწიფეო, მოთმინებით მოისმინე, რასაც შენს ქალიშვილზე გეტყვი, ოღონდ მარტოს, სხვა კაცთაგან საიდუმლოდ, რადგან შენი ქალიშვილი წმინდააო. როცა პალატში მხოლოდ მეფე-დედოფალი დარჩა, დოროთემ მათ მიმართა: - უფლის სახელით გევედრებით, დამპირდით, რომ როცა გაიგებთ ჭემარიტებას, ჩემს ძველ სამყოფელში დაბრუნების ნებას მომცემთო. მეფე-დედოფალმა მას მეფური სიტყვა მისცა. მაშინ აპოლინარიამ უთხრა: - ეს მე ცოდვილმა ღვთის ძალითა და მამათა ლოცვით განვკურნე თქვენი ქალიშვილი. ახლა კი მსურს, დიდი საიდუმლო გაგიმხილოთ, რათა შევარცხვინო ეშმაკი, რომელიც ცილს სწამებს უბრალო ხალხსო. გადაიღეღა გული და მიმართა მოულოდნელობისგან გაშეშებულ მეფე-დედოფალს: - მე თქვენი ქალიშვილი ვარ, აპოლინარიაო. სიხარულის ცრემლებით დაალტვეს ერთმანეთი მონატრებულმა შვილმა და მშობლებმა. მეფემ და დედოფალმა უმცროსი ქალიშვილი მოიყვანეს და ჰკითხეს: - ამ ბერს თუ იცნობო. ქალიშვილმა დაუდასტურა - ნამდვილად ის არის, მე რომ განმკურნაო. დაემხო აპოლინარიას წინაშე და კვლავ სთხოვა განკურნება. აპოლინარიამ წამოაყენა, დაადო მუცელზე ხელი და შერცხვენილმა ეშმაკმა მაშინვე დაუტევა გოგონა. მშობლებმა ადიდეს ღმერთი და თქვეს: ჭეშმარიტად, ეს ჩვენი ქალიშვილიაო. ატყდა სიხარულის ქვითინი, შეძახილები. შემდეგ აპოლინარიას დაწვრილებით აამბობინეს თავისი თავგადასავალი.
მცირე ხანი დაჰყო მშობლებთან აპოლინარიამ და სკიტში დაბრუნება გადაწყვიტა. დალოცვა სთხოვა მშობლებს, მათაც აკურთხეს ქალიშვილი: ღმერთმა, რომელმაც სარძლოდ დაგწინდა, მანვე, სახიერმა, დაე, სრულგყოს უფლისადმი შიშსა და სიყვარულში. შვილო, საყვარელო, ერთსა გთხოვთ მხოლოდ, მოგვიხსენე შენს წმინდა ლოცვებშიო. მშობლებს ოქრო-ვერცხლის შეწირვა სურდათ სკიტისთვის, მაგრამ აპოლინარიამ უარი განაცხადა: ჩვენს მამებს არ სჭირდებათ ამქვეყნიური სიმდიდრე, როცა ცათა შინა ზეციური საუნჯე აქვთ დაუნჯებულიო. გულისტკივილით დაემშვიდობნენ მშობლები აპოლინარიას, სკიტის მამებმა კი დიდად იზეიმეს, მამა დოროთე ცოცხალი და უვნებელი რომ დაინახეს. მეფე-დედოფალმა არ გაამჟღავნა შვილის საიდუმლო, აპოლინარიაც ძველებურად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მამებთან ერთად.
არცთუ დიდი ხნის შემდეგ მამა დოროთე დასნეულდა და ამ ქვეყნიდან გასვლის დრო დაუდგა. იხმო მამა მაკარი და სთხოვა, როცა გარდაიცვლებოდა, მისი სხეული არ განებანათ და ისე მიებარებინათ მიწისთვის. მამა მაკარიმ ბრძანა: განა ეს შესაძლებელიაო? როცა მამა დოროთე წარსდგა ღვთის წინაშე, სკიტის ძმები მოვიდნენ მიცვალებულის სხეულის გასაპატიოსნებლად და რა იხილეს, მათ გვერდით ბერის სამოსის ქვეშ თურმე დედაკაცი მოღვაწეობდა, ერთხმად ადიდეს ღმერთი, რომელსაც მრავალი დაფარული წმინდანი ჰყავს.
მამა მაკარი ჰკვირობდა, რომ უფალმა არ გაუმხილა ეს საიდუმლო. ერთხელ ძილში გამოეცხადა ვინმე დიდებული და ამცნო მამა დოროთეს ნამდვილი სახელი, წარმომავლობა. ღირსმა მამამ მოიხმო ძმები და მოუთხრო თავისი ხილვა. დიდი კრძალვით და პატივით დაკრძალეს დედა აპოლინარიას წმინდა სხეული ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, საიდანაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა. წმინდა ეკლესიამ მისი ხსენების დღედ 5 იანვარი (ძვ.სტ.) დააწესა.