სიცოცხლეში ეს ადამიანები გულმოდგინედ ლოცულობდნენ მტერ-მოყვრისთვის, სამშობლოსათვის, მთელი საქრისტიანოსთვის, მათი მეშვეობით პოვებდნენ ადამიანები თანაგრძნობას, იმედს, ნუგეშსა და ხშირად ქმედით შეწევნას. თავიანთი უანგარო ცხოვრებით ქვეყნიური ღირებულებების არად ჩაგდებისა და ზეცისკენ სწრაფვის ცოცხალი მაგალითნი იყვნენ.
გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ ნეტარი დედები მფარველობას - ზეციური საუფლოდანაც იმავე ძალით შეეწევიან მათზე მსასოებელთ და ისევე, როგორც ამქვეყნიური სიცოცხლის განმავლობაში, კვლავაც ანიჭებენ მათ სულიერ მხნეობას და აღუდგენენ ფიზიკურ ჯანმრთელობას.
სამწელიწად-ნახევარი გაატარეს ერთად. შვილები არ მიეცათ, მაგრამ იმდენად იდეალური ცოლქმრობა ჰქონდათ, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ.
ქსენიას მეუღლე ციებ-ცხელებით გახდა ავად. ქალი წამითაც არ მოშორებია ქმრის საწოლს, პირში ხემსი არ ჩაუდვია და თვალი არ მიულალავს. სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ანდრეი ფეოდოროვიჩი გონს მოვიდა და მღვდლის მოყვანა ითხოვა. აღსარება თქვა, ეზიარა, მეუღლეს უხმო და ლოცვა-კურთხევა დაუტოვა - ღმერთს ემსახურე და განადიდე სახელი მისიო.
ქსენია ქვითინით ჩაეკრა თანამეცხედრის უსულო სხეულს და მთელი ღამე არ მოსცილებია. ყმაწვილი ქალი თვალის დახამხამებაში დაბერდა.
- ანდრეი ფეოდოროვიჩი არ მომკვდარა! - განუცხადა მან გარშემომყოფთ, - ქსენია გრიგორიევნა გარდაიცვალა, ხოლო ანდრეი ფეოდოროვიჩი თქვენ წინაშეა, იგი ცოცხალია და კიდევ დიდხანს იცოცხლებს!
ანდრეი ფეოდოროვიჩის დაკრძალვის დღეს ქსენია კუბოს ქმრის ტანსაცმელში გამოწყობილი მიჰყვებოდა და საკუთარ თავს ხმობდა ანდრეი ფეოდოროვიჩად, ხოლო თუ ვინმე "ქსენიას" დაუძახებდა, ყვედრებით ეპასუხებოდა - მოეშვით მიცვალებულს. რად ურღვევთ მყუდროებასო. ქსენია ყველამ შეშლილად მიიჩნია. მან გაყიდა სახლ-კარი და ფული ეკლესიაში მიიტანა, ხოლო სხვა ქონება გააჩუქა. დანარჩენი სიცოცხლე ქსენია პეტერბურგელმა ისე გაატარა, რომ არც ბინა ჰქონია, არც თბილი ტანსაცმელი და არც იმაზე უფიქრია, სახვალიოდ ლუკმა ექნებოდა თუ არა... ადამიანები თანდათან მიეჩვივნენ მის უცნაურობებს და ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ქალს, რომელსაც ტანთ ქმრისეული დაძონძილი სამოსი ეცვა, ხოლო ყინვისაგან დაწითლებული შიშველი ფეხები დახეულ ფეხსაცმელებში ჰქონდა გაყოფილი. თუ ვინმე ბაზრის დახლიდარი შესთავაზებდა, - ანდრეი ფეოდოროვიჩ, ქურთუკი ხომ არ გაჩუქოთო, პასუხობდა, - აჩუქე მას, ვინც უბედურია უიმისოდ, ვისაც ის სიხარულს მოუტანსო.
- შენ რით შემიძლია მოგგვარო სიხარული? - არ ეშვებოდა გამყიდველი.
- გიყვარდეს მოყვასი შენი. როდესაც კეთილ ადამიანს ვხედავ, ეს მახარებსო.
ქსენიას ხშირად ჩუქნიდნენ ხურდას, რომელთაც ის მაშინვე სხვა მათხოვრებს უნაწილებდა. თავისთვის ათ-თხუთმეტ კაპიკს თუ იტოვებდა. ქსენია ხშირად უნახავთ საღამოს ლოცვის შემდეგ რომელიმე გაჭირვებული კაცის ბოსტანში, ხან თოხნიდა და ხან მარგლავდა. ავდარში შინ შეიპატიჟებდნენ ხოლმე. ის კი პასუხობდა: - ყინვასა და სიცივეს მიჩვეული ვარ, მხოლოდ ადამიანის გულში ვერ ვეგუები ავდარს. თუ მართლა გეცოდებით და გიყვარვართ, ნურავის გაუკეთებთ ცხოვრებაში ბოროტებას; მხოლოდ მტრობა და უკეთურება მამწუხრებს. ბოსტანში უკეთ გამოვიძინებ, ვიდრე ფუმფულა ლოგინშიო.
ქსენიას ერთი საკვირველი თვისება ჰქონდა: სხვისთვის გაწეული უმნიშვნელო დახმარებაც კი აბედნიერებდა, ხოლო ის ადამიანი, ვინც მისი მეშვეობით მცირე თანხა მაინც იშოვა, მალე რაღაც იდუმალი და ამოუცნობი გზებით მდიდრდებოდა.
ქსენიას სალოსური ცხოვრების პირველივე წლებიდან ყველასთვის გასაგები შეიქმნა, რომ მას ჰქონდა ადამიანთა ბედისა და მათი აზრების ამოცნობის წინათგანჭვრეტის უნარი. ამ ნიჭს ნეტარი დედა იშვიათად და განსაკუთრებული მოწადინების გარეშე იყენებდა.
ქსენიას ჭეშმარიტი დიდება მოუტანა 1761 წელს ერთმა წინასწარმეტყველებამ. სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი წლის ბოლომდე - ქსენია კი დილიდან საღამომდე დარბოდა ქუჩებში და გაიძახოდა: - აცხვეთ ბლინები, აცხვეთ ბლინები, მალე მთელი რუსეთი დაიწყებს ბლინების ცხობას! და მართლაც, 25 დეკემბერს გარდაიცვალა დედოფალი ელისაბედ პეტრეს ასული და მთელი რუსეთი 40 დღე აცხობდა ბლინებს მისი სულის საოხად.
1764 წლის გაზაფხულის დამლევს ქსენია სულ ცრემლად იღვებოდა. ხალხს ეცოდებოდა სალოსი: - რა გატირებს, ანდრეი ფეოდოროვიჩ, აუგი ხომ არავის უკადრებიაო?
- იქ სისხლია, სისხლი! - პასუხობდა ქსენია, - მდინარეები ივსება სისხლით, არხები სისხლით არის სავსე! - მოთქმას აგრძელებდა.
ტირილის მიზეზი გაცხადდა რამდენიმე კვირის შემდეგ - პეტერბურგში ხმა დაირხა რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის, იოანეს ტანჯვით სიკვდილის შესახებ.
გამოხდა ხანი. მიიცვალა ნეტარი ქსენია, მაგრამ გარდაცვალების შემდეგაც აღასრულებდა სასწაულებს - უამრავი მომლოცველი მიდიოდა მის ძვალთშესალაგთან პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოზე.
საბჭოთა პერიოდში ცდილობდნენ, წაეშალათ ხსოვნა ნეტარი ქსენიასი. 1957 წელს, სამლოცველოში, სადაც ქსენია პეტერბურგელი განისვენებდა, ფეხსაცმელების სახელოსნო გახსნეს. სამაროვანი დაგმანეს და მასზე აღმართეს შენობა, სადაც უნდა ემუშავათ მეწაღეებს. მაგრამ მათ ერთი ლურსმნის ჩაჭედებაც ვერ მოახერხეს - იარაღი ხელიდან უვარდებოდათ. შემდეგ იმ პერიოდის შესაფერისი ძეგლების აღმართვა დაიწყეს: ხან "ქალი ავტომატით" დადგეს, ხან "ქალი ნიჩბით". დაკეტავდნენ სამლოცველო-სახელოსნოს და დილით ძეგლი დამსხვრეული ხვდებოდათ. ქსენია პეტერბურგელის სული ფხიზლად დარაჯოდა თავის მარადიულ ნავსაყუდელს, ვიდრე 1988 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი კანონიზება არ მოახდინა და ნეტარი ქსენიას სახელი წმინდანთა რიგში არ ჩაიწერა.
მატრონას ნათლობას ახლდა უფლის სასწაული. როდესაც მღვდელმა ჩვილი ნათლობის ემბაზში განბანა, ემბაზიდან ამოვიდა ორთქლის სვეტი და იქაურობა საოცარი კეთილსურნელებით აავსო. გაკვირვებულმა მღვდელმა თქვა: "უამრავი ბავშვი მომინათლავს, მაგრამ ასეთი რამ პირველად ვნახე; ეს ყრმა წმინდა იქნება".
თუმცა მატრონა დაბადებიდან უსინათლო იყო, უფალმა მას სულიერი ხედვის უნარი მიანიჭა. ჯერ კიდევ თოთო, იგი ოთხშაბათობით და პარასკეობით ძუძუზე უარს ამბობდა და მთელი დღე ეძინა. სულ პატარა, ღამღამობით, მშობლები რომ არ გაეღვიძებინა, ფრთხილად მიიპარებოდა სიწმინდეთა კუთხესთან, თაროებიდან ჩამოჰქონდა ხატები და შუაღამის სიჩუმეში მაგიდასთან განმარტოვდებოდა ხოლმე მათთან.
შვიდი-რვა წლიდან მატრონუშკას გაეხსნა წინასწარმეტყველებისა და სენთა კურნების უნარი. ახლობლებმა შენიშნეს, რომ მისთვის მისაწვდომი იყო არა მარტო ადამიანთა ცოდვებისა და დანაშაულობების შეცნობა, არამედ მათი აზრებისაც. 16 წლის მატრონას წაერთვა ფეხები, მაგრამ ის მშვიდად დამორჩილდა უფლის ნებას და მთელი ცხოვრება მჯდომარემ გაატარა.
ერთხელ დედას სთხოვა, გადაეცა მღვდელმსახურისათვის, რომ მის ბიბლიოთეკაში იყო წიგნი "დაღუპულთა მოძიების" ხატის გამოსახულებით - ყოველღამ მესიზმრება ეს ხატი, ღვთისმშობელი ითხოვს მიძინების ტაძარში მის გადასვენებასო. მატრონუშკამ ქალებს შეაგროვებინა ფული ხატისთვის და ჰკითხა ხატმწერს, - შეგიძლია თუ არა ამ ხატის დაწერაო. ხატმწერმა - დიახო. მატრონამ მოსთოხვა მას აღსარების თქმა და ზიარება. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდა და ჰკითხა: "დარწმუნებული ხარ, რომ შეასრულებ სამუშაოს?" მხატვარმა თავი დაუქნია. მაგრამ კარგა ხნის მერე დარცხვენით აღიარა, არაფერი გამომდისო. მაშინ მატრონამ უთხრა: - წადი და შენი ცოდვები სრულად მოინანიეო. მხატვარი გაოგნდა, - საიდან უნდა სცოდნოდა მატრონუშკას მისი საიდუმლო. წავიდა მღვდელთან, ეზიარა და მატრონას სთხოვა პატიება. მატრონამ მშვიდად მიუგო: "წადი, ახლა დაწერ ციური დედოფლის ხატს!"
ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იწინასწარმეტყველა მატრონამ რევოლუცია, როდესაც გაძარცვავდნენ და გაანადგურებდნენ ტაძრებს და ყველას გარეკავდნენ იქიდან. დაიწყებდნენ მიწის გაყოფას, ოღონდ ისე, რომ სათავისოდ მეტი წაეგლიჯათ, მერე კი ყველა მიატოვებდა ამ მიწას. მიწა აღარავის დასჭირდებოდა. ცარიცინოში იყო ერთი პატარა, ლამაზი ეკლესია. როცა ეკლესიას ანგრევდნენ, ზარის წაღება მოინდომეს. მატრონამ თქვა: "ცადონ, მაშინვე დაიღუპებიან; ტაძარში კი ვერ შევლენო". სამი კომკავშირელი შევიდა ტაძარში. იქ წყალი დაუხვდათ და იწყეს ჩაძირვა. ვერავინ ვერაფერი გაიგო. რაიაღმასკომმა კიდევ ოთხი გამოგზავნა. მათ კიბე მიადგეს კედელს და ზარის ჩამოსახსნელად აცოცდნენ. უეცრად მაღლიდან ფილა მოწყდა და ოთხივე გადმოაგდო. ეკლესია დახურეს, რამდენიმე ხნის შემდეგ რაიაღმასკომელები კვლავ მოვიდნენ, რომ ენახათ, რა სასწაულები ხდებოდა ამ ეკლესიაში, დააპირეს შესვლა - კინაღამ დაიხრჩვნენ.
საბჭოთა პერიოდში მატრონას ხშირად ეკითხებოდნენ: - რატომ დაუშვა უფალმა ამდენი ტაძრის დახურვა და განადგურებაო. ასე პასუხობდა: "ყოველივე უფლის ნებაა. ტაძრების რაოდენობა იმიტომ შემცირდა, რომ შემცირდა მორწმუნეთა რიცხვი და არავინ იქნება აქ მომსახურე... ადრე ჭაობები და უღრანი ტყეები იყო ბოროტ ძალთა თავშესაფარი, იმიტომ, რომ ხალხი ეკლესიაში დადიოდა, ჯვარს ატარებდა, მათი სახლებიც ნაკურთხი იყო და ჯვარ-ხატებით დაცული. ეშმაკები ასეთ სახლებს გვერდს უვლიდნენ. ახლა კი ეშაკები თვით ადამიანებში და მათ საცხოვრისებში დასახლდნენ მათი ურწმუნოებისა და ღვთისაგან განდგომილების გამო".
მატრონას ერთმა ქალმა შესჩივლა, - ძალით გამათხოვეს და უსიყვარულოდ ვცხოვრობ ქმართანო. ნეტარმა მკაცრად უთხრა: "მერედა, ვინ არის დამნაშავე? შენა ხარ. იმიტომ, რომ ჩვენი თავი უფალია, უფალი კი მამაკაცის სახით არის და ჩვენ, დედაკაცები, მამაკაცებს უნდა დავემორჩილოთ. შენ შენი გვირგვინი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატარო. თავად ხარ დამნაშავე, რომ ცუდად ცხოვრობ ქმართან!"
მატრონა ყველას სულიერ ძალთა მოკრებას მოუწოდებდა. ქალს, რომელმაც შესჩივლა, ნერვები მღალატობსო, მიუგო: "რა, ომში და ციხეში ნერვები არ არის? საჭიროა საკუთარი თავის მართვა, მოთმინება, მკურნალობა. სხეული სახლია, რომელსაც დროდადრო სჭირდება გარემონტება".
მატრონა შეუსვენებლივ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, მოსკოვიდან სერგიევ პოსადში, სერგიევ პოსადიდან ცარიცინოში და ასე დაუსრულებლივ. ზოგიერთი ადგილი მას ნაჩქარევად დაუტოვებია და სწორედ იმ დროს მისულან მის დასაპატიმრებლად. ერჩოდნენ აღმსარებლობისა და ამა თუ იმ ქალაქში ჩაუწერლობის გამო. თუკი მოიხელთებდნენ, მაშინ რაიმე სასწაული ხდებოდა. ნეტარი დედა ყველას უანგაროდ ეხმარებოდა. ლოცვებსაც ყოველთვის ხმამაღლა კითხულობდა. ყველას მოუწოდებდა ეტარებინათ ჯვრები, დაქორწინებულთ - ჯვრის დაწერას.
მატრონა სიტყვაძუნწი იყო, მოსიყვარულე, ალერსიანი. იგი ხალხს ურჩევდა, არასოდეს განეკითხათ მოყვასი: "რად უნდა განიკითხო სხვა, უფრო ხშირად საკუთარ თავზე იფიქრე. ყოველი კრავი საკუთარი კუდით დაიკიდება. რას ემართლებით სხვის კუდებს?" არიგებდა, მთლიანად უფლის ნებას მინდობოდნენ; პირჯვრის წერით თავი მოეზღუდათ ბოროტების ძალთაგან, რაც შეიძლება ხშირად ზიარებულიყვნენ: "დაიცავით თავი ჯვრით, ლოცვით, ნაკურთხი წყლით, ხშირი ზიარებით... ხატების წინ გენთოთ კანდელები".
სიზმრების შესახებ ამბობდა: "ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას. სიზმრები ბოროტისაგან არის, რათა გუნება გაუფუჭოს ადამიანს, აზრი აურიოს". მოძღვრებთან ურთიერთობისას შეაგონებდა: "თუ მღვდელმსახურთან ან ბერთან მიდიხართ რჩევისთვის, ილოცეთ, რომ ღმერთმა მიანიჭოს მას თქვენი სწორად დამოძღვრის სიბრძნე". ტაძრად მიმავალს კარნახობდა: "როცა ეკლესიაში დგახარ, ნურავის მიაჩერდები, ილოცე დახუჭული თვალებით ან უცქირე რომელიმე ხატს".
"ლოცვა ჩვენი დამცველია ბოროტის წინააღმდეგ. მოულოდნელი სიკვდილი მოდის მაშინ, როცა არ ვლოცულობთ". "ბოროტი მარცხენა მხარზე გვაზის, - ამბობდა ის, - მარჯვნივ ანგელოზია. ყოველ ადამიანს თავისი ორი წიგნი აქვს. ერთში იწერება ჩვენი ცოდვები, მეორეში - კეთილი საქმეები. ხშირად გადაიწერეთ ხოლმე პირჯვარი, ჯვარი ისეთივე სიმაგრეა, როგორიც კარები!"
ახლობლებს თანაუგრძნობდა: "როგორ მეცოდებით, თქვენ უკანასკნელ დღეებამდე მოგიწევთ ცხოვრება. პირობები სულ უფრო გაუარესდება. ისეთი დრო მოვა, წინ დაგიდებენ ჯვარსა და პურს და გეტყვიან: "აირჩიეთ!"
სამი დღით ადრე იცოდა, რომ მოკვდებოდა. აღსარება თქვა და ეზიარა. 1952 წლის 2 მაისს გარდაიცვალა.
მოსკოვის დანილოვის სასაფლაოზე მისი საფლავი განსაკუთრებული მართლმადიდებლური სიწმინდეა, სადაც ყოველი კუთხიდან მოდიან მომლოცველები და მისგან შეწევნას მოელიან. ნეტარი სიკვდილის შემდეგ განაგრძობს თავის მეოხმყოფობას.
ლუბამ ბავშვობა დედასთან და დასთან ერთად გაატარა რიაზანში. პატარაობიდან დიდ სულიერ ლტოლვას იჩენდა უფლისადმი. ფიზიკურად ძალიან სუსტი ბავშვი იყო - 15 წლის განმავლობაში მოძრაობის უნარი არ გააჩნდა - არ შეეძლო ფეხზე დგომა და სიარული.
ოთახში, სადაც იწვა, ხატების კუთხეში ჰქონდათ ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხატი და განუწყვეტლივ ლოცულობდა. უფალმა ისმინა მისი დიდი სათნომყოფელის თხოვნა და გოგონას ჯანმრთელობა აღუდგინა. ერთხელ შინ მარტო იყო. ნიკოლოზ საკვირველმოქმედი გამოეცხადა... შინ დაბრუნებულ დედას ქალიშვილი ფეხზე მდგომარე დახვდა. ამ სასწაულის მხილველმა დედამ სიხარულით შესძახა: "ეს შენა ხარ, შვილო, თუ მეჩვენება? როგორ დადექი ფეხზე?" ლუბამ გაუმხილა, რაც მოხდა და დასძინა, როგორ დამოძღვრა წმინდა ნიკოლოზმა: "ადექი, ლუბა, იარე და ისალოსე!"
დედა ერთდროულად კიდეც გაახარა ახალმა ამბავმა და კიდეც დაამწუხრა, რადგან სასალოსედ არ ემეტებოდა ქალიშვილი. მან მოძღვარს რჩევა ჰკითხა. მან უპასუხა: "ღვთის ნებაა, ნუ დააკავებ, გაუშვი, იაროს და ისალოსოს - უფლისაგან სწორდება ტერფი ადამიანისა". მისი ცხოვრების წესი გახდა ლოცვა ყოველი კაცისთვის, კეთილი რჩევა, მოფერება და ალერსი, ხიფათისგან დაზღვევა და თანაგრძნობა. ლუბა დუქნიდან, რაც სჭირდებოდა, უნებართვოდ იღებდა. ვაჭრები არ უჯავრდებოდნენ, პირიქით, უხაროდათ, რადგან კარგად იცოდნენ, ამ დღეს ხეირიანი ვაჭრობა ექნებოდათ. როცა დაიღლებოდა, სადმე სახლის ზღურბლთან ჩამოჯდებოდა და მისთვის საკვები გამოჰქონდათ. თუ მოწყალებას აძლევდნენ, შინამდე არაფერი მიჰქონდა - გზადაგზა ურიგებდა გაჭირვებულებს.
ლუბამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა საბჭოურ ხანაში ყაზანის მონასტრის დახურვის დღეც.
ყაზანელი მონაზვნები იცრემლებოდნენ - არავინ იცოდა, რა ელოდათ მომავალში. მონასტრის შემდეგ ბევრს აშინებდა საერო ცხოვრება. ამ დროს მოვიდა მათ მონასტერში ლუბა. აღელვებული და შეწუხებული მონაზვნები გარს შემოეჯარნენ. ლუბა ამ დღეს თითქმის არ ლაპარაკობდა. მოუტანეს ქაღალდი, მაკრატელი. ყველას გამოუჭრა თავისი ხვედრი: ზოგს გათხოვება, ზოგს გამგზავრება, ზოგს აქვე დარჩენა და თავისი ცხოვრებისა და შრომის მონასტერთან დაკავშირება. მოგვიანებით, როდესაც მონაზვნები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ირკვეოდა, რომ წინასწარმეტყველება ყველას ახდენოდა.
მას ქორწილებშიც ხშირად იწვევდნენ, რადგან სჯეროდათ, ბედნიერებას მოგვიტანსო. ერთხელ რიაზანელი დიდვაჭარი ათხოვებდა ქალიშვილს. სუფრაზე ლუბამ ხმამაღლა განაცხადა: - სასიძო გამოუსწორებელი ლოთია და პატარძალი მის ხელში ბედნიერი ვერ იქნებაო. როცა მისი სიტყვები დადასტურდა, მეტი კრძალვითა და რიდით ეპყრობოდნენ.
ლუბა ხშირად შეივლიდა ხოლმე მშობლების სახლში. ერთხელ ნათლიმამა სტუმრობდა მის ოჯახს. მან ლუბას ჰკითხა: "ლუბოვ სემიონოვნა, თქვენი გარდაცვალების შემდეგ ვის დარჩება თქვენი სახლი?" ნეტარმა ღიმილითვე უპასუხა: "ჯარისკაცებს". მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ლუბას სიკვდილის შემდეგ მის სახლს აიღებდნენ, მის ადგილზე სამხედრო საწყობს ააშენებდნენ და იქ ჯარისკაცები იმსახურებდნენ.
ლუბა ფერად კაბებს იცვამდა. შავს არ იკარებდა. თავზეც ხან ცისფერი, ხანაც ვარდისფერი მანდილი ეხურა. ძალიან უნდოდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი კუბო ვარდისფრად მოერთოთ.
მთელი რიაზანი მოვიდა მის დასაფლავებაზე. ყველაზე მწარედ განიცდიდა მისი და, ოლღა. ლუბას სიკვდილის შემდეგ მისი საფლავი განადგურდა. შორიახლოს მოაწყვეს საერთო საცხოვრებელი დეფექტიანი ბავშვებისთვის. ამ დროს საიდანღაც ჩამოვიდა ერთი სამხედრო და ლუბას საფლავს მიეპატრონა. დაუდგა ჯვარი და რკინის ღობე შემოავლო. სამხედრო ჰყვებოდა, ცხოვრებაში ხელი მომეცარა. ერთხელ ძილში გამომეცხადა ლუბა და მითხრა: "ნუ წუხხარ და ნუ ღელავ, წადი რიაზანში, მოძებნე სასაფლაოზე ლიუბოვ სემიონოვნას საფლავი, შემოავლე მას ღობე და გამოგაჯანმრთელებ და გაგაბედნიერებო". სამხედრომ აღასრულა ყოველივე და მიიღო დაპირებული. მადლიერების ნიშნად ის შემდგომში ყოველ წელიწადს ჩამოდიოდა და პანაშვიდს იხდიდა ლუბას საფლავზე.