საბედნიეროდ, დღემდე შემოგვრჩა თამარ მეფის ოთხი პორტრეტი: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის (დავით გარეჯის უდაბნო)
ტაძრების მხატვრობაში.
ვარძიის ფრესკა - თამარ მეფე და გიორგი მესამე
ბეთანიის ფრესკა - თამარი, გიორგი მესამე და ლაშა-გიორგი
ყინწვისის ფრესკა - თამარ მეფე
ბერთუბანი, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი - თამარის ფრესკა
თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის, გიორგი მესამის (1156-1184წწ.) ქალიშვილი. იგი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი მესამემ სამეფოს მართვის გამოცდილების შეძენის მიზნით, გადაწყვიტა თამარი თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგი მესამემ თანამოსაყდრედ აკურთხა ის. ამ პერიოდიდან მამა-შვილი ერთობლივად მართავდა სამეფოს.
გამეფებისთანავე თამარ მეფის სამეფო საქმიანობაში უდიდესი ადგილი დაიკავა ეკლესიურმა და სასულიერო ცხოვრებამ. წმინდა მეფე ხედავდა, რომ "მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი" ხელს უშლიდნენ ქვეყნისა და ერის ზნეობრივ წინსვლას. თამარმა, ამ მიზნით იერუსალიმიდან გამოიწვია ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელიც "სიმდაბლისა ძალითა ექმნა ქართლისა კათალიკოსობისაგან" და 1185 წ. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრიბა მთელი სამეფოს მღვდელმთავარნი, მონაზონნი, მეუდაბნოენი, და "მეცნიერნი სჯულ-ისა საღმრთოსანი". სამეფო დარბაზში გამართულ კრებაზე მეფე მი-ბრძანდა და სიტყვა წარმოსთქვა:
"წმიდანო მამანო, თქვენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებელად წმი-დისა ეკლესიისა და თანა გაც სიტყჳსა მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის ბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით… ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებლად, რაჲთა არა ზოგად ვიზღჳვივნედ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური".
მამები აღფრთოვანდნენ გონიერი მეფის სიტყვებით, თვით მეფემ კი სამღვდელო პირთა მიმართ დედაკაცური კრძალვის გამო "მიიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თჳსად". ბრძენი მეფის თანადგომით განმხნევებულმა მამებმა მრავალი უღირსი ღმრთისმსახური გადააყენა და მათ ნაცვლად "საღმრთონი კაცნი დაადგინა" და "სხუანი საეკ-ლესიონი წესნი განმართა უდებთა მიერ დაჴსნილნი" (კრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მიქაელ მირიანისძის კათოლიკოსობიდან გადაყენება, რაც ვერ მოხერხდა).
მეფე თამარი უფლის ძალიან დიდი რწმენით გამოირჩეოდა და ქვეყნის წარმატებების შესაბამისად "შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა" და ეკლესია-მონასტერთა კაზმასა და შენებას – ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია. იგი აგებდა ციხე-კოშკებსა და ეკლესიებს, არა მარტო წმინდა ადგილებში, არამედ მის მიერ შემოერთებულ და ყმადნაფიც ქვეყნებშიც, ისეთებში, როგორებიცაა ჩრდილო კავკასიაში, დღევანდელ აზერბაიჯანსა და სო-მხეთში და ღირსეული წინაპრების მსგავსად, დიდ დახმარებას უწევდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ არსებულ ეკლესია – მონასტრებს, განსაკუთრებით კი იერუსალიმის სავანეებს. თამარი გახლდათ სამაგალითო ქრისტიანი, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. მან აურაცხელი სიმდიდრე უბოძა ხალხს. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები. გაჩნდა "თამარის ციხე", "თამარის ხიდი", "თამარის ხატი", "თამარის ეკლესია…"
აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ წმინდა თამარ მეფემ სამეფო კარისთვის აუცილებელი წესიც შეიმუშავა – თვითონ პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვდა. "დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს". მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება, მიუხედავად ამისა მის სამფლობელოში აღარავინ მტაცებლობდა და აღარც მეკობრეობდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე 1917 წლიდან, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. წმინდა მეფეს ეკლესია იხსენებს აგრეთვე მისი გარდაცვალების დღეს - 31 იანვარს და მენელსაცხებლე დედების კვირიაკეს.