"წმიდაო მოციქულთა სწორო, დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის"
28.05.2009
ზაფხულის პირველ დღეს, როდესაც "ბარში ვარდნი ჰყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ", ჩვენს მიწა-წყალზე ფეხი დადგა ქალწულმა ნინომ.
მოვიდა და გვახარა უფლის სიტყვა, განდევნა ბნელი უმეცრებისა და ჭეშმარიტი ნათელი მოჰფინა ქართველი ერის სულს, გულსა და გონებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განმანათლებელი ქალია, რაც ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანაში სწორედ ქალი გამოგზავნა.
კაბადოკიელ ქალწულს, წმინდა ნინოს, იერუსალიმში ყოფნისას ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად გადასცა თავისი ხელით გაკეთებული ვაზის ჯვარი. თანაც აკურთხა: "ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებითა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგება შენი და თანაშემწეგეყო და არა დაგიტეო შენ".
წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის შესახებ მეორე ვერსიაც არის შემონახული საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, რომლის მიხედვითაც, მცხეთაში ჩასული ნინო სამი წლის განმავლობაში ლოცულობდა მაყვლოვანში (რომელიც დღევანდელი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზეა) და სწორედ ამ დროს შექმნა ვაზის ნასხლევისგან ჯვარი, რომელიც თავისი თმით შეკრა.
ვაზი ღვთისმშობლის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, ვაზის ჯვარი ყოვლადწმინდა მარიამს განასახიერებს. ამრიგად, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში - საქართველოში ვაზის ჯვრით შემოვიდა და ამ ჯვრით განამტკიცა ჩვენში ქრისტიანობა, რომელიც პირველ საუკუნეებში თვით იესო ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს.
იმხანად მრავალი სასწაული მოახდინა წმინდა ნინოს ვაზის ჯვარმა. ამ ჯვრით განკურნა დედა ნინომ უკურნებელი სენით დაავადებული ნანა დედოფალი, მირიან მეფის ნათესავი მოგვთუხუცესი ხუარა და, რაც მთავარია, მისი ძალით მოაქცია ქართლის სამეფო.
სიკვდილის წინ წმინდა ნინომ ვაზის ჯვარი მირიან მეფეს გადასცა, მან კი აღსასრულის მოახლოებისას იხმო თავისი მემკვიდრე ბაქარი, მოატანინა ვაზის ჯვარი, ჩამოკიდა ჯვარზე თავისი გვირგვინი, შემდეგ კვლავ აიღო ჯვრიდან და შვილს დაადგა თავზე - დალოცა და მეფედ აკურთხა.
ეს უდიდესი სიწმინდე ერთხანს მცხეთაში ინახებოდა, შემდეგ საქართველოდან გაიტანეს. საბოლოოდ, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი 1802 წლის 9 აპრილს რუსეთიდან შემოაბრძანეს საქართველოში და დაასვენეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დღესაც ინახება, კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული.
ვაზის ჯვრის სამშობლოში დაბრუნებით გამოწვეული ქართველი ხალხის დიდი სიხარული სამიოდე დღეში უდიდესი მწუხარებით შეიცვალა: რუსეთის ხელისუფლებამ სიწმინდის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა - წმინდა ნინოს ჯვარს მრავალი რუსი ჯარისკაცი ჩამოჰყვა, რომელთა მიზანი დაპყრობილი ქვეყნის მართვა იყო. და აი, 12 აპრილს თბილისის სიონის ტაძარში ღვთისმსახურებაზე შეკრებილ ქართველობას რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტი გააცნეს და რუსეთის ერთგულების ფიცი დაადებინეს. ამ დიდი განსაცდელის ჟამს უფალმა ნუგეშად ჩვენს ერს წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ვაზის ჯვარი დაუბრუნა.
წმიდა ნინოს სახელს უკავშირდება სამი დიდი ჯვრის აღმართვა. მცხეთის მახლობლად კლდეზე ყვაოდა მშვენიერი ხე, რომელიც ზამთარშიც კი შეფოთლილი იდგა. მირიან მეფის ბრძანებით, სწორედ ამ ხისგან გამოკვეთეს სამი ჯვარი. ერთი თხოთის მთაზე აღმართეს, იქ, სადაც ნადირობისას მირიან მეფეს გამოცხადება ჰქონდა, რომლის ძალითაც მან ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. მეორე ჯვარი აღამაღლეს მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, სადაც ამჟამად ჯვრის ტაძარი დგას. ამ მონასტერში დღესაც ინახება წმინდა ნინოსეული ჯვრის კვარცხლბეკი. მცხეთის მთაზე ჯვარპატიოსნის აბრძანებისას პროცესია წმინდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროსთან შეჩერებულა და ღამე ლოცვაში გაუთევია. ეს წყარო, რომელსაც მაკურნებელი ძალა აქვს, დღესაც მოედინება. სასწაულმოქმედი ხისგან გამოკვეთილი მესამე ჯვარი გარე კახეთში, უჯარმაში, აღმართეს, სადაც მირიან მეფის ვაჟი რევი და მისი მეუღლე სალომე უჯარმელი ცხოვრობდნენ.
ოთარაშენის ეკლესიაში უძველესი დროიდან დაცული იყო წმინდა ნინოს თმა და კვიპაროსის ტოტის ნაწილი, რომელიც, მირიან მეფის ბრძანებით, მცხეთაში მოჭრეს წმინდა ჯვრების დასამზადებლად. ეს სიწმინდეები ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.
ყველაზე დიდი სიწმინდე - წმინდა ნინოს განსასვენებელი სიღნაღში, ქვემო ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერშია. ტაძრის საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე წმინდა ნინოს საფლავს თავდაპირველად ოქრომკედით მოქარგული ვაზის გამოსახულებიანი ფარჩის საფარველი ეფარა. ეს სიწმინდე დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსმა ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა წმინდა ნინოს საფლავის გახსნა მოინდომა. როგორც კი შეახო ხელი სიწმინდეს, მაშინვე სული განუტევა და მის გვამს ჭიები დაეხვივნენ.
საქართველოს კათოლიკე სამოციქულო ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 ივნისს ჩვენი განმანათლებლის შემობრძანებას ვზეიმობთ, 27 იანვარი კი მისი გარდაცვალების დღეა.
სტატიის ავტორი:
თინათინ მაჭარაშვილი