მაჰმადიანობის მიღებას მან ქრისტეს მოწამის გვირგვინი ამჯობინა.
წმინდა ქეთევანი ქართული ეკლესიისა და ქრისტიანობის მოყვარულ მორწმუნეთა ოჯახში დაიბადა. ქართლელი ბაგრატიონი, აშოთან მუხრან-ბატონი, მამა ქეთევანისა, იმ დროისთვის ოსმალთა იმპერიაში მოქცეულ საბერძნეთში ივერონის მონასტრისთვის ზრუნავდა (ივერონის ბერებმა დაადასტურეს, რომ ივერონის პორტაიტისას - კარის ღვთისმშობლის - სასწაულთმოქმედი ხატის მცირე ტაძარი აშოთან მუხრან-ბატონის მიერაა აგებული). ქეთევანი იყო მეუღლე კახეთის მეფის, დავითისა.
ქეთევან დედოფალმა სპარსეთის ტყვეობაში დაახლოებით 12 წელი გაატარა. იგი იქ 1617 წლის სექტემბერში ჩაუყვანიათ.
გამაჰმადიანებულმა ქართველმა, შირაზის ხანმა პატივით მიიღო დედოფალი და თავის ამალასთან ერთად ცალკე სასახლეში დააბინავა. აქვე, ერთ ოთახში გამართეს სამლოცველო. ქეთევან დედოფალი თანმხლებ მანდილოსნებთან ერთად დღედაღამ ლოცულობდა. მას თან ქართველი მღვდლები ახლდნენ. წირვის დაყენების გარდა ისინი დედოფალს უკითხავდნენ სახარებას, მოციქულთა ეპისტოლეებს, ლოცვებს, ქადაგებებს, წმინდანთა ცხოვრებას... დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, მხოლოდ მაშინ, როცა მიიწვევდნენ ხანის სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში ტყვე ქართველი ქალების დასამშვიდებლად, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად. ამბროზიო დუშ ანჟუში წერს: ქეთევან დედოფალი იყო წყნარი და კეთილგონიერი, მამაკაცებს არ ხვდებოდა, ლოცულობდა ღმერთზე და სწამდა, რომ მხოლოდ იგი დაეხმარებოდა. სწორედ ამით დაიმსახურა კეთილი ადამიანის სახელი მთელ ქალაქში, სადაც ყველა მის სათნოებასა და სიდინჯეზე ლაპარაკობდა.
ქეთევან დედოფლის 50-მდე (სხვა ცნობით - 40-მდე) თანმხლები პირი, ისევე როგორც თვითონ დედოფალი, მეტად ხელმოკლედ ცხოვრობდა.
"წმინდამან ტყვემან პატიმარმან ათ წელს ყოველნი, რაიცა აქუნდა ხელთა მტერთა მისად მიმცემელმან განჩინებითა ღმრთისაითა, რათა უსრულეს იქმნეს მსგავსად იობისა", - წერს ანტონ კათალიკოსი.
ქეთევანის მხლებელ მღვდელთაგან ერთი - მოსე დედოფლის წამებამდე მოუკლავთ გამაჰმადიანებაზე უარის თქმის გამო. მამა მოსე, სპარსელების აზრით, დედოფალს და მის შვილიშვილებს, ალექსანდრეს და ლევანს განუმტკიცებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და თუ მას მოაშორებდნენ, სამივენი იოლად გამაჰმადიანდებოდნენ.
მოსეს სიკვდილით დასჯის შემდეგ ქეთევან დედოფალთან დარჩა მეორე მღვდელი - გიორგი, რომელიც ასევე თავდადებულად ემსახურებოდა დედოფალს. იგი სულიერად ამხნევებდა ქეთევანსა და მის ამალას.
იტალიელი მისიონერები წერენ: დედოფალი ნატიფ სულს მარხვითა და ლოცვით განიმტკიცებდა და სხეულს მომავალი წამებისთვის ამზადებდა. ტყვე ქრისტიანებს, რომლებიც სპარსეთში მრავლად იყვნენ, დედოფალი იესო ქრისტეს რწმენისა და ერთგულებისკენ მოუწოდებდა. თუ გაიგებდა, რომ ვინმემ რწმენას უღალატა, ამ ამბავს დიდად განიცდიდა. დედოფალი, რაც კი ებადა და რასაც უწყალობებდნენ თავის სარჩენად, ქრისტიანებს უნაწილებდა, დიდი თანაგრძნობით იზიარებდა მათ ჭირსა და ლხინს.
ქეთევან დედოფალს თან ჰქონია საეკლესიო წიგნები. ერთი ევროპელი წერს, რომ მას ქეთევან დედოფლის მღვდელმა მოსემ მიუტანა ორი ქართული მშვენიერი, მოოქრულ ყდაში ჩასმული ხელნაწერი წიგნი. ერთი იყო ძველი აღთქმა ფსალმუნითურთ, მეორე - სახარება. ეს წიგნი პიეტრო დელა ვალესაც უნახავს ქეთევან დედოფალთან სტუმრობისას.
ირანში არ არსებობდა არც ერთი ქართული ეკლესია (მაშინ, როცა მრავლად იყო სომხური და კათოლიკური ტაძრები).
ქეთევან დედოფალს შირაზში იმამყული-ხანმა შეატყობინა შაჰ-აბასის სურვილი - დედოფალს ქრისტიანული სარწმუნოება უნდა უარეყო, მაჰმადიანობა მიეღო და შაჰის ერთ-ერთი ცოლი გამხდარიყო. შაჰ-აბასის ამ მოულოდნელი წინადადებით, - წერს ამბროზიო, - ქეთევან დედოფალი ერთხანს გაოგნებული დარჩა, თითქოს ღვთის ღირსებას შეეხნენო, რომელსაც იგი გულში ატარებდა, მერე ხანს მოკლედ და გაბედულად უპასუხა: - რადგან დაბადებული ვარ ქრისტიანად დედ-მამისგან და ქრისტრიანული სარწმუნოებით აღზრდილი, ამიტომ მზად ვარ, მოვკვდე ამ რწმენითო.
ბერი ეგნატაშვილი ამის შესახებ წერს: "შაჰ-აბაზმა შეუთვალა იმამყული-ხანს: ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენთ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალიო. ხოლო იმამყული-ხანს რა ესმა ესე, გამოუბრუნა მოციქული და მოახსენა ესრეთ: ბერი დედაკაცი არისო და ახლა ეს არ გათათრდებისო და რას აქნევთ ამის გათათრებასო, დაეხსენით, თქვენთვის სირცხვილი არის ამის სიკვდილიო, ხოლო შაჰ-აბაზ იწყინა და გაუგზავნა კაცი, ვითარმედ არ იქნებისო. მაშინ იმამყული-ხან დაუწყო ლაპარაკი ქეთევან დედოფალს და აუწყა ყაენის შემოთვლილი და უთხრა, გათათრდიო, ხოლო ქეთევან არა უსმინა. მაშინ შეიპყრეს და დაუჭირეს მხლებლები და წინა გაუთათრეს და ახლდა თან მღვდელი ვინმე იმერელი და იგიცა გაუთათრეს".
ევროპელი მისიონერების დაკვირვებით, შაჰ-აბასის მიერ ქეთევანისთვის გამაჰმადიანების ან სიკვდილის სასჯელის დადება საგარეო გარემოებითაც ყოფილა გამოწვეული: "მოსკოვის მეფემ შაჰს გაუგზავნა ელჩობა, რათა ეთხოვა მისთვის ქეთევან დედოფლის გათავისუფლება და მოსკოვში გაგზავნა ამ ელჩებთან ერთად.
შაჰი მოსკოვის ელჩის საპასუხოდ მოიქცა ასე. ირანში არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც გამაჰმადიანებულ ქრისტიანს ნება არ ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებისა. ქეთევანი თუ გამაჰმადიანდებოდა, ის ირანიდან ვერ წავიდოდა. მაშასადამე, რუსეთის მეფის მომლოდინე ელჩები უარყოფით "დამარწმუნებელ" პასუხს მიიღებდნენ, ხოლო თუ სიკვდილით დასჯიდნენ, შაჰი ელჩებს ეტყოდა, რომ იგი გარდაიცვალა.
პიეტრო დელა ვალეს აზრით, შაჰ-აბასმა საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვის ელჩების მასთან ჩამოსვლის შემდეგ მიიღო. ქეთევან დედოფალი ან უნდა გაემაჰმადიანებინა, ან უნდა მოეკლა.
ქეთევანი მედგრად დაუხვდა შაჰის ბრძანებას: "დაიდვა გულსა თვისსა, ვითარმედ ვერავინ განმაშორებს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა, - წერს ქეთევანის შესახებ ანტონი და განაგრძობს, - შევუქმნათ გვირგვინი ყვავილედი სიტყვათა და თუ სადმე ვიხილოთ ყოვლად შვენიერი იგი თავი მისი ბართა მიერ განცეცხლებულთა და საჯთა დაფარული, აღვიღოთ იგინი და დავჰსდვათ მის ზედა გვირგვინი ყვავილთა და უგალობდეთ მის თანა ჩვენცა გალობასა ახალსა".
1624 წლის 22 სექტემბერს ქეთევან დედოფალს მოახსენეს შაჰის უკანასკნელი ბრძანება: "იგი ან მიიღებს მაჰმადიანობას, ან არადა მოემზადოს სასტიკი წამებისთვის, რაზედაც ბრძანება უკვე გაცემულია".
"გრძნობდა მუქარის საშიშროებას, - წერს არქანჯელო ლამბერტი, - და გადაწყვიტა, აღჭურვილიყო ყველა იმ სულიერი იარაღით, რომლის საშუალებითაც შეეძლო დაეცვა თავი ამ საშინელ ბრძოლაში არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის. ამიტომ ამიერიდან ჩვეულებრივზე მეტად მისცა თავი ლოცვას, ხშირად ეზიარებოდა", რამდენადაც ძალას ატანდნენ, იმდენად უფრო განმტკიცდებოდა. ამიტომ შაჰის ბრძანებით, იგი ჩაამწყვდიეს ბნელ საკანში, შეუწყვიტეს მომსახურება, აუკრძალეს მხლებლებთან შეხვედრა. როდესაც შირაზის ხანმა გაიგო, დედოფალი წინანდელზე უფრო მტკიცედ დგას თავის გადაწყვეტილებაზეო, უბრძანა, მიეკრათ იგი ერთ ბოძზე და წელამდე გაშიშვლებული სასტიკად ეცემათ. ეს ბრძანება მაშინვე შეასრულეს და ბოძზე მიკრულს იმდენი სცემეს, რომ ნიაღვარივით სდიოდა სისხლი. მაგრამ ამ დროს დედოფალს კვნესაც კი არ დასცდენია.
არქანჯელო ლამბერტი წერს: "მას თვალწინ ედგა გამათრახებული ქრისტე და უფრო მეტი სურვილი აღეძრა, მონაწილე გამხდარიყო მისი ტანჯვისა. ასეთი წამების მიუხედავად, დედოფალი მზად იყო, არა მარტო ერთი, არამედ ათასი სიცოცხლე რომ ჰქონოდა, ქრისტესთვის დაეთმო. ქეთევან დედოფლის მტკიცე გადაწყვეტილება შაჰ-აბასის მუქარამ ვერ შეარყია".
დედოფლის წამების შესახებ ბერი ეგნატაშვილი წერს: "გაუბეს ხელ-ფეხი და გააშიშვლეს წმინდა ქეთევან დედოფალი და განხურვებულის გაზებით დააგლიჯეს ძუძუები და გახურებული საჯები ნატანჯ ხორცზედ შემოაწყვეს და დაგლიჯეს. გაახურეს ლურსმნები და დაუყარეს ქვეშე და ზედ გაატარეს, დააწვინეს და შიშველზედ ზედ შემოატარეს ლურსმანი გახურებული. კუალად გახურებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან, განხურვებული ქვაბი დაარქვეს თავსა ზედან. კუალად განხურვებულს ქვაბსა შიგან ჩასვეს და თავსაც დაახურეს და შემოაწყვეს გახურებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა, და ყვეს მრავალი სატანჯველი და ესრეთ შევედრა წმიდა სული თავისი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა და მოვიდა სამხილებლად ყოველთა და დაადგა ნათელი. ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აღიღეს წმიდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისანი ფრანგთა და წარიღეს თვისთა თანა ნაწილად, ხოლო ხელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს".
წამების წინო, - წერს ანტონ კათალიკოსი, - დედოფალმა მხურვალედ ილოცა და მიიღო წმიდა ზიარება. "დაცხრომილმან ლოცვისაგან წმიდამან მიიღო უხრწნელი და პატიოსანი ხორცი და სისხლი უკვდავისა სიტყვისა და იტყოდა: "მეუფეო ქრისტე, სიტყვაო ღმრთისაო, არა ჰშვენოდა მხევლისა შენისად უარყოფა შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა. და ესერა თქვა, გამოიწერა თვისა ზედა ჯვარი წმიდა და გამოვიდა და დაჯდა უშიშრად, ვითა ლომი, და ბრძანა მოწოდებად მტარვალნი".
"მან წარმოთქვა წმინდა მათეს შემდეგი სიტყვები ამის შესახებ: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად, არამედ გეშინოდეს მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა", - დაამთავრა ლოცვა. წამოდგა, შეხედა თავის სამლოცველოს კედლებზე წმინდანთა ხატებს, შესთხოვა მათ, ყოფილიყვნენ მისი დამცველნი უფლის წინაშე, პირში ჩაიდო ნაკურთხი პურის ნატეხი, სწრაფად გამოვიდა სამლოცველოდან და წავიდა შაჰის ემისრებისკენ, რომლებიც უკვე ელოდებოდნენ", - წერს ევროპელი მისიონერი. აქ კვლავ შეეცადნენ სპარსელები დედოფლის დაყოლიებას, მიეღო მაჰმადიანობა, რაზედაც მას უპასუხია: "ვერც დაპირება, ვერც მუქარა, ვერც სიმდიდრე, ვერც წამება ვერ შეაცვლევინებდნენ მას რწმენას ღმერთისადმი, რომელსაც იგი აყენებდა ყველაზე მაღლა".
ჯალათებმა უსასტიკესი წამებით მოკლეს დედოფალი, "მოკვდა დიდებული დედოფალი და წამებული ქეთევანი, რომელიც მიწიერი დედოფლიდან ციური დედოფალი გახდა", - წერს ამბროსიო დუშ ანჟუში. წმინდა ქეთევანი ქართულმა ეკლესიამ იმთავითვე წმინდანად შერაცხა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კათოლიკე მისიონერების სურვილისა, ქეთევან დედოფლის წმინდანად აღიარებაზე რომის ეკლესიამ თავი შეიკავა.
ისმის კითხვა, რა მიზეზის გამო არ აღიარა რომის ეკლესიამ ქეთევანი წმინდანად, მაშინ როდესაც არა ერთი და ორი მისიონერი რომის ხელისუფლებას უმტკიცებდა, ქეთევანმა "კათოლიკური" აღმსარებლობა მიიღო, ამიტომ შეიძლება მისი წმინდანად შერაცხვაო. ქეთევანის მოწამეობის ამბავი, სარწმუნოებისთვის თავის დადება იმდროინდელ საქრისტიანო სამყაროში სწრაფად გავრცელდა. ამიტომაც რომს დიდი სურვილიც ჰქონდა მისი წმინდანად აღიარებისა, მაგრამ როგორც თანამედროვეთა ნაამბობიდან ჩანს, ქეთევანი მტკიცე მართლმადიდებელი იყო და ასევე გარდაიცვალა. ეს თვით შაჰისთვისაც ცნობილი იყო. როცა შაჰ-აბასს ქეთევანის წამებით სიკვდილის ამბავი მოხსენეს, მასთან იმ დროს ყოფილა გამაჰმადიანებული გიორგი სააკაძე. "როდესაც შაჰმა მოისმინა ქეთევან დედოფლის სულიერი სიმტკიცის, სარწმუნოების შენარჩუნებისთვის მისი ტანჯვის შესახებ და ის, რომ მან გამაჰმადიანებას წამებით სიკვდილი ამჯობინა, აღშფოთდა, მიუბრუნდა მოურავ ბეგს და შეჰყვირა: დიახ, ის ქალბატონი დაიღუპა თავისი სარწმუნოებისთვის და არა ისე, როგორც შენო და სილა გააწნა მოურავს".
ქეთევანს რწმენა რომ შეეცვალა და კათოლიკობა მიეღო, მაშინ შაჰს მოურავთან სათქმელი აღარაფერი ექნებოდა, აღარც რუსი ელჩები იქნებოდნენ ქეთევანის ბედით დაინტერესებულნი, რომელთაც სურდათ, კახეთის დედოფალი მოსკოვში წაეყვანათ. შაჰი მათ ქეთევანის მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფის შესახებ აცნობებდა და, რაც მთავარია, ევროპელთა გავლენით, კათოლიკე ქეთევანს აღარც აწამებდა (ევროპა მისი პოლიტიკური მოკავშირე იყო ოსმალებთან ომში).
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები თეიმურაზს ქართლში მიართვეს - "რომელიცა მეფემან, კეთილმსახურებისაებრ, ვითარცა მოწამესა, დღესასწაულითა დიდითა პატივჰსცა საკმეველით მიერ და სუნნელთა კმევითა მიმგებებელმან ყოვლითურთ სამღვდელოით კრებულით... და დაჰსხნა წმიდანი იგი ნაწილნი ეკლესიასა მთავარმოწამისა გიორგისა ალავერდს, იტყვიან ქვეშე საღმრთოისა ტრაპეზისასა".
წმინდა დედოფალმა ქეთევანმა თავისი მაგალითით იხსნა სრულიად საქართველო გამაჰმადიანება-გათათრებისგან. როგორც "წყობილსიტყვაობაში" ანტონ კათალიკოსი წერს, მან წამებისას იგემა:
"ძუძუთა - საჯნი ნაბერწკალ-მკრთოლვარენი,
გულსა - ბარი, წელსა - ჯაჭვ განცეცხლებული,
მუსკულთ - მარწუხნი, შამფურნი მხურვალენი".
სამაგიეროდ, დაადგა ნათელი, სასუფეველი დაიმკვიდრა და უფლება მიიღო მეოხებისა წინაშე ღვთისა.
ლევან მათეშვილმა