ქმრისაგან ქრისტეს ღალატი ვერ აიტანა წმინდა შუშანიკმა და უარი თქვა მასთან სარეცლის გაზიარებაზე.
განრისხებულმა ვარსქენმა მრავალგზის გვემა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა, ბოლოს კი ციხეში ჩააგდო. 6 წელი ციხეში ყოფნისას წმინდა შუშანიკი "წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა": მარხვით, მარადის მღვიძარებით, ფეხზე დგომით, მეტანიათა აღსრულებით. დიდმარხვაში არც დღე და არც ღამე არ ჩამოჯდებოდა, არც იძინებდა, არც საჭმელს მიიღებდა. მხოლოდ კვირა დღეს, ზიარების შემდეგ, მცირე რამ მოხარშულ ბალახს შეჭამდა. აღდგომამდე პურს არ ეკარებოდა. ციხეში სასთუმლად აგური ჰქონდა, ქვეშაგებად - ძველი ჭილოფი. "საგვემელად სულისა" ტანთ ძაძა ემოსა, მაგრამ ამას კაცთაგან ფარავდა და ზევიდან ანტიოქიის პალეკარტი ეცვა. მისი სახელი მთელ ქართლში იყო განთქმული. მოდიოდნენ მასთან მამანი და დედანი, აღუთქვამდნენ შესაწირს და წმინდა შუშანიკის ლოცვით მიმადლებდა მათ კაცთმოყვარე ღმერთი: უშვილოს - შვილს, სნეულს - კურნებას, ბრმას - თვალთა ახილვას. წმინდა შუშანიკი დღედაღამ ფსალმუნებდა. ფეხზე დგომისა და გვემისგან გაჩენილ წყლულებში მატლნი ფუოდნენ.
წმინდა შუშანიკის საფლავი მეტეხის ტაძარშიწმინდანი კი ამბობდა: თუ რაიმეს ღირსი ვარ უკანასკნელი ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, იყავით თქვენცა ყოველნი კურთხეულნი უკანასკნელ ჟამამდე. მეშვიდე წელს გარდაიცვალა წმინდა შუშანიკი. მისი წმინდა ნაწილნი თბილისში, მეტეხის ტაძარშია დასვენებული.