ანასტასია არის წმინდანი, რომელმაც სიცოცხლე იმ ქრისტიან პატიმართა დახმარებას მიუძღვნა, რომლებიც თავიანთი მრწამსის გამო რომის იმპერიის ციხეებში ისხდნენ.
იგი დაიბადა რომში III საუკუნეში, როდესაც იმპერიას სათავეში ედგა დომიტიანე, იმპერატორი, ცნობილი ქრისტიანების სასტიკი დევნით. ანასტასია მდიდარი ოჯახის შვილი იყო, თუმცა მამამისი წარმართობას მისდევდა, დედა ქრისტიანი ჰყავდა. ანასტასიამ კარგი განათლება მიიღო გამოჩენილი ქრისტიანი სწავლულის, ქრიზოგონუსისგან.
დედის გარდაცვალების შემდეგ ანასტასია მამამ ძალით მიათხოვა რომაელ ჯარისკაცს, პუბლიუსს. გათხოვების შემდეგ ანასტასია თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის შეუფერებლად ჩაცმული ფარულად ნახულობდა რომის ციხეებში ქრისტიან პატიმრებს და ეხმარებოდა მათ - საკვები მიჰქონდა, ნაწამებთ მკურნალობდა, ლოცულობდა მათთვის.
მოგვიანებით ქმარმა შეიტყო ანასტასიას საიდუმლო და უბრძანა, შინიდან აღარ გასულიყო. ანასტასიამ გააბა საიდუმლო მიმოწერა თავის მოხუც მასწავლებელთან, ქრიზოგონუსთან, რომელიც ამხნევებდა მას. სწორედ აღმზრდელმა უწინასწარმეტყველა ანასტასიას ქმრის ზღვაში დაღუპვა, რომელიც ახდა - პუბლიუსის გემი ჩაიძირა. ამის შემდეგ ანასტასიამ მთელი სიცოცხლე პატიმართა და ღარიბთა დახმარებას მიუძღვნა.
თეოდოტასთან, სამშვილიან ახალგაზრდა ქვრივთან ერთად, ანასტასია მოგზაურობდა ქალაქებში და ეხმარებოდა ქრისტიანული მრწამსის გამო დაპატიმრებულ ადამიანებს. იგი იყენებდა თავის სამედიცინო სიბრძნესა და ლოცვის ძალას და მკურნალობდა პატიმრებს, უმსუბუქებდა ტანჯვას. განსაკუთრებით ცნობილი გახდა მოწამლულთა სიკვდილისაგან დახსნის უნარით.
ქრისტიანების მდევნელი დიოკლეტიანეს ბრძანებით, ანასტასია და თეოდოტა, შვილებითურთ, დააპატიმრეს. უთხრეს, გაგათავისუფლებთ, თუ უარს იტყვით ქრისტიანობაზეო. ქალებმა უარი განაცხადეს რწმენის შეცვლაზე. თეოდოტა და მისი შვილები კოცონზე ცოცხლად დაწვეს, ხოლო ანასტასიას შიმშილით სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ მოშიმშილე ანასტასია 60 დღის შემდეგაც კი ცოცხალი იყო.
ამის შემდეგ რომის სასამართლომ განაჩენი შეცვალა და ბრძანა, ანასტასია, სხვა პატიმრებთან ერთად, გემით ჩაეძირათ. ისტორიული ცნობების მიხედვით, როდესაც შუა ზღვაში მიტოვებულმა გემმა ჩაძირვა დაიწყო, განწირულთ წმინდა თეოდოტა გამოეცხადა და გემი ნაპირზე გაიყვანა. ამ საოცრების 120-მა მოწმემ ქრისტე იწამა - ქრისტიანებად გემზევე მოინათლნენ ანასტასიასა და ერთ-ერთი ქრისტიანის, ეუტიქიანეს მიერ. თუმცა მალე რომაელმა ჯარისკაცებმა მიაგნეს და 120-ვე მორწმუნეს წამებით ამოჰხადეს სული. წმინდა ანასტასია კოცონის თავზე ბოძზე დაკიდეს. მას შემდეგ, რაც მოწამის ტანჯვით განწმენდილი სული უფალმა შეივედრა, მისი პატიოსანი სხეული კეთილმსახურმა ქალმა აპოლინარიამ ბაღში დაკრძალა. V საუკუნეში წმინდა ანასტასიას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოგვიანებით ქრისტეს მხევლის თავი და მკლავი ათონის წმინდა მთის მახლობლად დაარსებულ წმინდა დიდმოწამე ანასტასიას სახელობის მონასტერში გადაასვენეს.
უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა - აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მმართველმა ვერ დაითანხმა წმინდანი ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. ის სასტიკად აწამეს, მერე მახვილით განგმირეს (+304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის წმინდა ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს წმინდა მინას უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ, ეს სიწმინდე, დიდმოწამე მინას მოწამებრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული.