ავგუსტინე ნუმიდიის (თანამედროვე ალჟირი) ქალაქ ტაგასტაში 354 წელს იშვა. მამა წარმართი იყო, დედა, მონიკა კი - ქრისტიანული სათნოების მაგალითი.
იგი ადრე გაათხოვეს უზნეო და ფიცხ კაცზე, მაგრამ შეძლო მისი სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება. ბოლოს მეუღლე მოაქცია კიდეც, რაც არა იმდენად მონიკას საუბრებმა, რამდენადაც მისმა სამაგალითო, უმწიკვლო ცხოვრებამ განაპირობა.
ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, იგი თანხმობასა და მშვიდობას ამკვიდრებდა; ცდილობდა, შვილები ღვთისადმი სამსახურისთვის აღეზარდა. დიდი ტანჯვა, ლოცვა და უხვად ცრემლთაღვრა დასჭირდა, რათა უფროსი ვაჟი ავგუსტინე, როგორც თავად ამბობდა, ურწმუნოების წყვდიადიდან დაეხსნა, სულიერად აეღორძინებინა. ავგუსტინე წერს:
- უფალო, ადრეული ბავშვობიდანვე მესმოდა მარადიული ცხოვრების შესახებ, რომელიც გვებოძა შენი ძის თავმდაბლობის წყალობით, რომელმაც ინება ჩვენამდე დამდაბლება. ჩემი დაბადებიდან მალევე დედაჩემმა, ვისთვისაც შენ იყავი ერთადერთი სასოება, სახეზე ჯვარი გადამსახა და საშუალება მომცა, მეგემა საიდუმლო მარილი შენი!
მაგრამ ამ სამზადისს არ მოჰყოლია თავად ნათლისღება, რაც იმხანად ხშირად სრულწლოვანებამდე არ აღესრულებოდა. ავგუსტინემ ბავშვობაში მონათვლა მოინდომა იმიტომ, რომ ავად იყო, მაგრამ გამოჯანმრთელდა და საიდუმლოს აღსრულებაც გადაიდო.
მშობლებმა ავგუსტინე სასწავლებლად გააგზავნეს მადავრაში. ის წარმატებით ეწაფებოდა ცოდნას, მაგრამ მეგობრების მიბაძვით თექვსმეტი წლის ასაკიდან უწესო ცხოვრებას მიჰყო ხელი. მამას ახარებდა მისი წარმატებები რიტორიკაში, მაგრამ დედა, ვინც შვილის განსწავლულობას დიდ მნიშვნელობას არ აძლევდა, მის უზნეობაზე დარდობდა.
როდესაც ავგუსტინე სასწავლებლიდან დროებით დაბრუნდა მშობლიურ სახლში, მონიკამ, დიდად სამწუხაროდ, ვერ შენიშნა მასში მტკიცე რწმენა და სულიერი სიწმინდის კანონებისადმი ერთგულება, რომლებიც შეძლებდნენ მოეზღუდათ იგი სახიფათო გასართობებისგან.
მონიკამ უხალისოდ გაუშვა ავგუსტინე კართაგენში და მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა, თავადაც საყვარელ შვილთან გადასახლდა, რომელმაც დიდხანს აღვრევინა ცხარე ცრემლები, რაკი მანკიერ, გარყვნილ ცხოვრებას მისცა თავი, ბოლოს კი მანიქეველთა სწავლებამ გაიტაცა.
ავგუსტინე მთლიანად ჩაეფლო ცრუსწავლებაში; უფალზე მისი მკრეხელური აზრებით შეძრწუნებულმა დედამ თავისთან ცხოვრება აუკრძალა შვილს. მონიკა დღედაღამ ლოცულობდა ცრემლმომდგარი, უფალს ევედრებოდა შვილის დაბრუნებას, რომელსაც მიცვალებულივით იგლოვდა. ავგუსტინე თავის "აღსარებაში" ღაღადებს:
- მაშინაც კი, ზეციური სიმაღლიდან გამომიწოდე ხელი, უფალო! შენ შეგძრა შენი ერთგული მსახურის ვედრებამ და ცრემლებმა. იგი მიგლოვდა უფრო მეტად, ვიდრე დედა დასტირის თავის გარდაცვლილ ბავშვს. ის უკვე მკვდრად მთვლიდა შენთვის.
შენ ისმინე მისი, უფალო, შენ შეიწყნარე მისი ცრემლი, რომელიც ღვარად სდიოდა ყოველთვის, როდესაც შენდამი ლოცვას აღავლენდა. შენ მოუვლინე დედაჩემს სანუგეშო სიზმარი, რომლის შემდეგაც ნება დამრთო, მეცხოვრა მის სახლში და ერთად გვეჭამა პური, რაც ამიკრძალა მას შემდეგ, რაც მე გამიტაცა მისთვის ესოდენ საძაგელმა შეხედულებებმა!
ერთხელ მონიკამ ძილში იხილა, თითქოს ღრმად დამწუხრებული იდგა გრძელ, ვიწრო ბილიკზე, უცებ გამოეცხადა ანგელოზი და თანაგრძნობით ჰკითხა ტირილის მიზეზი.
– მე ჩემი ვაჟის სულის დაღუპვას დავტირი, – მიუგო დედამ.
– დამშვიდდი, სადაც ახლა დგახარ, იქვე დაინახავ მასაც.
- როდესაც დედამ მიამბო ეს სიზმარი, – წერს ავგუსტინე, – შევეცადე, ამეხსნა – ეს შენ უნდა მიიღო ჩემი შეხედულებები-მეთქი. მაგრამ მან მიპასუხა:
– არა, ეს შეუძლებელია. ანგელოზს ჩემთვის არ უთქვამს, რომ მე დავდგებოდი იქ, სადაც შენ დგახარ, ეს შენ უნდა დამიდგე გვერდით.
მონიკას მართლაც აუხდა ეს სანუგეშო სიზმარი, ოღონდ დიდი ხნის შემდეგ. მთელი ცხრა წელიწადი დაეხეტებოდა ავგუსტინე მანკიერებისა და სიცრუის უკუნეთში. ამასობაში დაასრულა სწავლა და თავად გახდა რიტორიკის მასწავლებელი კართაგენში. უყვარდა ციცერონის კითხვა, რაც დროებით ავიწყებდა ფუჭ მხიარულებას და აღუძრავდა ჭეშმარიტებისა და სიბრძნისკენ სწრაფვას. ავგუსტინემ დაიწყო წმინდა წერილის შესწავლაც, მაგრამ დიდებულ უბრალოებას იოლად ვერ მისწვდა ცრუსწავლებებით გაამაყებული მისი გონება. მით უფრო, რომ მანიქეველობის გავლენას იგი ჯერ კიდევ განიცდიდა.
როდესაც მონიკამ ერთ ეპისკოპოსს სთხოვა, დალაპარაკებოდა მის ვაჟს და მოექცია იგი, მან უპასუხა:
– ჯერ დრო არ დამდგარა. ჭაბუკი მეტისმეტად ქედმაღლობს თავისი ცოდნით. თავი დაანებე და ილოცე მისთვის.
მაგრამ მონიკამ ისევ განაგრძო ტირილით ვედრება.
– დამშვიდდი, მხოლოდ ლოცვა განაგრძე. შეუძლებელია ამდენი ცრემლთაღვრის შემდეგ შვილი დაგეღუპოს, – კვლავ ანუგეშა ეპისკოპოსმა.
ავგუსტინე, დედის ნების საწინააღმდეგოდ, რომში გაემგზავრა და რიტორიკის მასწავლებლობა დაიწყო. მალე მძიმედ დაავადდა, მაგრამ ამჯერად ნათლისღება აღარ უთხოვია, პირიქით, რწმენადაკარგული დასცინოდა წმინდა საიდუმლოს; მაგრამ მოწყალე უფალმა არ მიატოვა იგი და თავისთან დასაახლოვებლად მისთვის გამოუცნობი გზებით ატარა. ამ დროს მილანში დასჭირდათ მჭევრმეტყველების მასწავლებელი და თხოვნით მიმართეს პრეფექტ სიმაქეს, რომელმაც ეს თანამდებობა ავგუსტინეს უბოძა.
მილანში ავგუსტინე გულღიად მიიღო ეპისკოპოსმა ამბროსი მედიოლანელმა, რომლის ქადაგებებს შემდგომში ხშირად უსმენდა ხოლმე და ატყვევებდა მისი ენამზეობა; მიუხედავად ამისა, ქრისტეს ეკლესიაში ჭეშმარიტების პოვნის იმედი მაინც არ ჰქონდა – იგი სულიერად იტანჯებოდა: - მანიქეველების ახლოს გაცნობამ დაარწმუნა მათი სწავლების სიცრუეში, ფუჭმა გართობებმა სულში დამთრგუნველი იმედგაცრუების კვალი დაუტოვა, მაგრამ ცოდვილ ცხოვრებას შეჩვეული გამოსავალს ვერ პოულობდა.
ამბროსის ღვთივსულიერმა ქადაგებებმა თანდათანობით მაინც შეაღწია მის სულში და რამდენიმე ხნის შემდეგ გადაწყვიტა, შეერთებოდა კათაკმეველთა რიგებს. დედამ, რომელმაც შვილთან განშორება ვერ აიტანა და მილანში ჩავიდა, გაიხარა, როდესაც შეიტყო, რომ ავგუსტინემ შეიგნო თავისი შეცდომები.
მონიკას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ის ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდებოდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა მისთვის. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ამბროსიმ შეუდრეკელი სიმტკიცე გამოიჩინა არიანელებთან ბრძოლაში. მონიკამ გაიცნო ეს წმინდა ეპისკოპოსი, მოუსმინა მის შეგონებებსა და რჩევებს. ამბროსიც, თავის მხრივ, ხშირად ეუბნებოდა ავგუსტინეს, რომ მას ბედნიერება ხვდა წილად, ჰყოლოდა ასეთი დედა.
ამასობაში ავგუსტინეს სულში მძიმე, ტკივილებით სავსე ბრძოლა მიმდინარეობდა. ის გულმოდგინედ სწავლობდა ფილოსოფოსთა თხზულებებს, მაგრამ იქ აწყდებოდა მხოლოდ ჭეშმარიტების ახსნისკენ მისწრაფებას, მერყევ აზრებს, ბუნდოვან ვარაუდებს, რაც უფრო აბნევდა მას.
ზოგჯერ ქრისტიანული სწავლება ნათლისა და გადარჩენის ერთადერთ გზად ეჩვენებოდა, მაგრამ საკუთარი ვნებების, ცოდვილი ცხოვრების მიტოვების ძალა არ შესწევდა.
- უფალო, მიხსენ, ოღონდ ჯერ არა! – ზოგჯერ აღმოთქვამდა სულის სიღრმიდან, რომელსაც ტანჯავდა ჭეშმარიტების წყურვილიც და ცდომილებებისადმი მიჯაჭვულობაც.
ზოგჯერ ამბროსის აკითხავდა რჩევისთვის, მაგრამ ეპისკოპოსს თითქმის ყოველთვის ხალხი ეხვია გარს. ავგუსტინეს ორ კართაგენელ მოწაფესა და მეგობარსაც – ალიპისა და ნებრიდიუსს – აწუხებდათ ეჭვები და გაურკვევლობა. ისინიც ხშირად საუბრობდნენ სულზე, მომავალზე, მიწიერ სიკეთეთა ამაოებაზე, ოცნებობდნენ სათნოებებით ცხოვრებაზე, მაგრამ არ ჰყოფნიდათ რწმენა და ნებისყოფა, ჩამოშორებოდნენ ძველ ცხოვრებას და შესდგომოდნენ ახალს, რომელიც თანხმობაში იქნებოდა ქრისტიანული სწავლების წესთან.
ავგუსტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა. მან წმინდა წერილის შესწავლას მიჰყო ხელი ბერ სიმპლიციანეს ხელმძღვანელობით, რომელიც ამბროსის დამრიგებელიც იყო; და ჭეშმარიტების სხივმა თანდათან შეაღწია ავგუსტინეს შეგნებაში და გაუფანტა გაურკვევლობის წყვდიადი. იგი წერდა:
- სიტყვები შენი, უფალო, ღრმად შემოიჭრა ჩემს გულში. თითქოს ყოველი მხრიდან მომაქციე ალყაში. უკვე აღარ მაეჭვებდა მარადიული ცხოვრების არსებობა, თუმცა მას დაბინდული მინის იქით, გუმანით ვხედავდი. უკვე ვაცნობიერებდი, რომ შენ ხარ ყოველივე არსებულის ერთადერთი წყარო. სხვა აღარაფერი მინდოდა, შენთან დამკვიდრების გარდა...
მაგრამ, რაც შეეხება ქრისტიანული წესით ჩემს ცხოვრებას, კიდევ ვყოყმანობდი. ჩემი გული კიდევ არ იყო გაწმენდილი ძველი ცომისგან. მიხაროდა, რომ ვპოვე მაცხოვარი, შევიცან ჭეშმარიტი გზა, მაგრამ მაინც ვერ გადამეწყვიტა, დავდგომოდი თუ არა ამ ვიწრო ბილიკს".
ავგუსტინეს ერთხელ სიმპლიციანემ უამბო: იგი ახალგაზრდობაში რომში მეგობრობდა სიტყვიერების ცნობილ მასწავლებელთან, წარმართ ვიქტორინთან, რომელიც მუდამ ბეჯითად ასრულებდა ყველა წარმართულ რიტუალს. ცოდნის სიყვარულით ერთხელ წმინდა წერილის კითხვა დაიწყო, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიქტორინი დარწმუნდა, რომ მხოლოდ იქ იყო ჭეშმარიტება და სიმპლიციანეს უთხრა:
– მე სულით ქრისტიანი ვარ!
– ამას ვერ დავიჯერებ და ვერც ქრისტიანად ჩაგთვლი, სანამ ჩვენთან ერთად არ შემოხვალ ქრისტეს ეკლესიაში, – შეეპასუხა სიმპლიციანე.
– რა საჭიროა, განა ტაძრის კედლებშია მომწყვდეული ქრისტიანობა?!
ვიქტორინი შემდგომშიც ხშირად არწმუნებდა მეგობარს, რომ ქრისტიანი იყო, მაგრამ როგორც კი ის ტაძარში წასვლას შესთავაზებდა, თავს არიდებდა. იგი უფრთხოდა თავისი კერპთაყვანისმცემელი მეგობრების საყვედურებსა და დაცინვას. მაგრამ წმიდა წერილის შესწავლასთან და რწმენის გაძლიერებასთან ერთად მიხვდა: უდიდეს ცოდვას ჩადიოდა, რომ ვერ ბედავდა რწმენის აღიარებას და თვალთმაქცურად ეთაყვანებოდა კერპებს, რომლებიც შინაგანად უარყო. მან შეინანა თავისი სულმოკლეობა და ერთხელ სიმპლიციანეს მოულოდნელად უთხრა:
– წავიდეთ ტაძარში, მე გადავწყვიტე, ქრისტიანი ვიყო!..
გახარებული სიმპლიციანე მაშინვე გაჰყვა. სახელგანთქმული მასწავლებელი ჩაირიცხა კათაკმევლებს შორის და თავმდაბლად მოისმინა ნათლისღებისთვის მოსამზადებელი დარიგებანი.
ქრისტიანები ხარობდნენ, წარმართებმა კი ვიქტორინი საყვედურებითა და დაცინვით აავსეს. როდესაც დადგა ჟამი, ვიქტორინის ნათლისღების წინ სარწმუნოება ეღიარებინა, პრესვიტერებმა შესთავაზეს, ეს ყველასგან ფარულად გაეკეთებინა, რადგან შიშობდნენ, მეგობრების აღშფოთებას არ დაებრკოლებინა იგი. მაგრამ ვიქტორინმა მოისურვა, სახალხოდ და ყველას გასაგონად გამოეცხადებინა თავი ქრისტეს მსახურად.
მოგვიანებით, როდესაც იულიანეს ბრძანებით ქრისტიანებს აეკრძალათ სიტყვიერების სწავლება, მან მიატოვა თავისი კათედრა და უფალ იესო ქრისტეს ერთგულება არჩია.
ამ ამბის მოსმენისას ავგუსტინეს შეშურდა ვიქტორინის სიმამაცე და შეუპოვრობა, რასაც საკუთარ თავში ვერ პოულობდა. ახლახანს აღმოცენებული სურვილი ღვთისადმი მსახურებისა არ იყო იმდენად ძლიერი, რომ დაემარცხებინა მის გულში ფესვგადგმული გულისთქმანი, ჩვევები და მიდრეკილებები, თუმცა ხვდებოდა, რომ მხოლოდ უფალს შეეძლო მისთვის სიმშვიდისა და სასოების მინიჭება. ესმოდა ძახილი: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან" (ეფეს. 5,14). ავგუსტინეს გონება კი ზანტად ეხმიანებოდა:
- ახლავე, კიდევ ერთი წუთი დამაცადე!
იგი აყოვნებდა ზეციური მამის ძახილზე პასუხს, მაგრამ სახიერი უფალი არ ტოვებდა და თავისკენ იზიდავდა.
ერთხელ ავგუსტინესა და ალიპისთან მივიდა მათი ერთი თანამემამულე ქრისტიანი, პონტიციანე, რომელმაც მათთან საუბრის დროს შემთხვევით მაგიდიდან წიგნი აიღო და გაოცდა – ავგუსტინესთან ამას არ ელოდა – ეს იყო პავლე მოციქულის ეპისტოლენი.
სტუმარმა დიდად გაიხარა და წამოიწყო საუბარი უფლისა და რწმენის ძალის შესახებ; მოუთხრო, თუ როგორ მოისმინა ეგვიპტესა და ანტიოქიაში სახარების სიტყვა კეთილნებობითი სიღატაკის შესახებ, მიატოვა ყველაფერი და ღვთის სამსახურს მიუძღვნა თავი.
შემდეგ უამბო ყველა წოდების, მდგომარეობის უამრავი ადამიანის შესახებ, რომლებიც, ქრისტეს სიყვარულით ძლეულები, ტოვებენ ამა სოფელს, მიდიან უდაბნოსა და მონასტრებში, ემსახურებიან უფალს ლოცვით, უპოვარებითა და შრომით. ამან გააოგნა ორივე მეგობარი: მათ არასდროს სმენოდათ მონასტრებისა და მათში მოღვაწეთა შესახებ. თუმცა მილანის მახლობლად უკვე არსებობდა სავანე, რომელსაც ამბროსი უძღვებოდა.
პონტიციანეს წასვლის შემდეგ სულის სიღრმემდე შეძრული ავგუსტინე წამოდგა და მღელვარებისაგან აკანკალებული ხმით ჰკითხა ალიპის:
- რას ვაკეთებთ? რას ველით? უწიგნურებს სჯერათ ზეციური სასუფევლისა და ეს მათ აღაფრთოვანებს. ჩვენ კი, ჩვენი ამაო ცოდნით, სისხლსა და ხორცში ვართ ჩაფლული! იქნებ გვეთაკილება, მივბაძოთ ჩვენზე წარმატებულთ?! სირცხვილით უნდა ვწითლდებოდეთ, რომ გამბედაობა არ გვყოფნის, მათ მივყვეთ.
ავგუსტინე დიდი გატაცებით საუბრობდა. შეცვლილი ხმა, სახის გამომეტყველება – ყველაფერი მის სულიერ მღელვარებაზე მიუთითებდა. მეგობრები ბაღში გავიდნენ და ჩამოსხდნენ. ავგუსტინეს სულში საშინელი გრიგალი მძვინვარებდა – ერთმანეთს ებრძოდა ღვთისთვის თავდადების მხურვალე სურვილი და ამსოფლიურ საცდურთა მონობის გრძნობა. საკუთარი თავის სიძულვილი უმძაფრდებოდა, როცა ხედავდა თავის უძლურებასა და უნიათობას.
- შენთან მოსასვლელად, უფალო, აუცილებელი არ არის ეტლი ან ხომალდი, მხოლოდ ნებაა საჭირო, მაგრამ ნება სრული, მტკიცე; ის არ უნდა ჰგავდეს სნეულ და მერყევ აღტყინებას, რაც დამქანცავი ბრძოლის დროს ხან ზეცად ამაღლებს სულს, ხან მიწას ანარცხებს, – წერს ავგუსტინე.
შინაგანი ბრძოლით ძალაგამოცლილი და გაწამებული ავგუსტინე მეგობარს გაეცალა, მიწაზე დაემხო და ატირდა. აი, რას მოგვითხრობს თავად:
- ცრემლი ღვარად მდიოდა, შენ კი, უფალო, ისინი შეიწყნარე, როგორც შენთვის სათნო მსხვერპლი. მე ღაღად-ვყავ შენდამი: როდემდის, უფალო, გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა? დაივიწყე ჩემი ადრინდელი ცხოვრების ურჯულოებანი. ვგრძნობდი, რომ ზუსტად ეს ურჯულოებანი მამძიმებდნენ და ერთსა და იმავეს ვფიქრობდი: – როდის, უფალო, ხვალ თუ ზეგ? ახლა რატომ არ მოუღებ ბოლოს ჩემს განქიქებას?
ამას ვიმეორებდი და ცხარე ცრემლს ვღვრიდი, რომ უცებ მომესმა ბავშვის წკრიალა ხმა, რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა: – აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!
Mმე სახე მეცვალა, ვცადე, გამეხსენებინა ისეთი თამაში, რომლის დროსაც ბავშვები ამ ფრაზას იმეორებენ. მსგავსი ვერაფერი მოვიგონე და დავასკვენი: ეს იყო ბრძანება – გადამეშალა წმინდა წერილი და წამეკითხა, რაც თვალში მეცემოდა.
ცრემლები შევიკავე, წამოვდექი და გავემართე ალიპისკენ, სადაც დავტოვე ეპისტოლეთა წიგნი. ავიღე ის, გადავშალე და შემდეგი სიტყვები წავიკითხე: "შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა. არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ" (რომ. 13,13-14).
ავგუსტინემ კითხვა შეწყვიტა, – მისი გული ნათელმა და მშვიდობამ მოიცვა. შემდეგ მომხდარის შესახებ უამბო მეგობარს, რომელმაც წიგნს მოჰკიდა ხელი და კითხვა განაგრძო: "უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ". ალიპიმ ეს სიტყვები თავისთავზე მიიღო და მაშინვე უყოყმანოდ, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მარტოოდენ ღმერთისთვის ემსახურა.
შეუძლებელი იყო აღწერა მონიკას სიხარულისა, როდესაც შეიტყო, რომ მისი ლოცვა შესმენილ იქნა და საყვარელი ვაჟი შეუდგა უფლის გზას, რასაც დიდი ხანია ნატრობდა! ავგუსტინემ მიატოვა თავისი კათედრა, დედასა და ალიპისთან ერთად წავიდა ქალაქგარეთ მდებარე სახლში, სადაც მეგობრებმა ლოცვითა და წმინდა წერილის კითხვით დაიწყეს მზადება ნათლისღებისთვის. "როგორ გადმოგცეთ ჩემდამი გამოჩენილი ყველა მოწყალების, ყველა საშუალების შესახებ, რითაც უფალმა გამომასწორა, მოალბო და განსწავლა ჩემი გული!" – წერს ავგუსტინე.
ამბროსი მედიოლანელი, რომელიც ხშირად აძლევდა რჩევებს წმინდა წერილის თაობაზე, გაახარა ცნობამ ავგუსტინეს მოქცევის შესახებ. ქალაქგარეთ სახლის ბინადართა მუდმივი საქმიანობა გახდა საღვთო წერილის კითხვა, საუბრები ქრისტიანულ რჯულზე. მონიკა ეხმარებოდა ახალმოქცეულებს. მან, რწმენითა და სიყვარულით გულავსებულმა, გონებით დიდი ხნის წინ შეიცნო, რაც მათთვის მიუწვდომელი იყო. ავგუსტინე ამბობდა:
- გვეგონა, რომ ჩენს შორის იჯდა არა სუსტი დედაკაცი, არამედ უდიდესი მამა და თავს ვეკითხებოდით – რომელი ზეციური წყაროდან იღებდა სათავეს მისი სიტყვები.
387 წელს, აღდგომის დღესასწაულზე ამბროსიმ მონათლა ავგუსტინე, მისი ვაჟი ადეოდატი და ალიპი. მათ მადლიერებით შეასრულეს საზეიმო ჰიმნი, რომელიც ამბროსიმ შეთხზა: "შენ ღმერთსა გაქებთ!", რასაც იმჟამად გალობდნენ მოსანათლავიც და ნათლობის აღმსრულებელიც.
მალე ავგუსტინემ და დედამისმა სამშობლოში დაბრუნება მოისურვეს, მაგრამ ღვთისმოსავმა მონიკამ აფრიკამდე ვერ ჩააღწია – თითქოს შვილის მოქცევას ელოდა, რათა შემდეგ წასულიყო უფალთან. იგი მშვიდად მიიცვალა, რადგან დაასრულა თავისი საქმე: ამოიყვანა შვილი ვნებებისა და ურწმუნოების ჭაობიდან, ეკლესიას შესძინა ერთგული მსახური, აჩვენა ქრისტიან დედებს, რაოდენ ძლიერია მშობლის ლოცვა-ვედრება და ცრემლები, რა შეუძლია რწმენითა და სიყვარულით ფრთაშესხმულ სუსტ დედაკაცს.
ოსტიაში, სადაც მგზავრები შეჩერდნენ აფრიკაში გამგზავრების წინ, მარტოდ დარჩენილი დედა-შვილი დიდხანს საუბრობდნენ სამომავლო, მარადიულ ცხოვრებაზე; აქ მონიკამ შვილს მიმართა:
- შვილო ჩემო, ახლა უკვე აღარაფერი მაკავებს ამა სოფლად. არც მჭირდება აქ დარჩენა. აქამომდე მხოლოდ ერთი მიზნით მსურდა სიცოცხლე – შენ რომ ჭეშმარიტ ქრისტიანად მეხილე. უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვა. მაჩვენა ღვთისმსახურებისთვის სრულად მიძღვნილი შენი თავი. სხვა რისთვის ვიცოცხლო?!
ხუთი დღის შემდეგ მონიკა შეუძლოდ გახდა და მოკლე ხანში სული უფალს მიაბარა. აღსასრულის წინ ვაჟსა და მის თანმხლებთ მხოლოდ ერთი რამ სთხოვა – არ დაევიწყებინათ მისი მოხსენიება უზენაესის საკურთხევლის წინ.
წმინდა მონიკას ხატის წყარო: