ღირსი ვალბურგა ხაიდენხაიმელის (779-780) წმინდა ნაწილთა გადასვენება აიხშტედტეში (გერმანია), 870 წელს - 12 (25) ოქტომბერი
24.10.2022
წმინდა ვალბურგა დაიბადა 710 წელს დევონშირში, შეძლებულ ინგლისელთა ოჯახში. გადმოცემით ის მეფე რიჩარდ ესექსელის ქალიშვილი იყო.
ყოველ შემთხვევაში, დიდებულთა შვილი გახლდათ. ადრე დაობლდა და 11 წლისას დორსეტის საგრაფოში, უიმბორნის მონასტერში მიაბარეს. მან ამ მონასტერში 26 წელი დაჰყო და მთელი ეს ხანი ემზადებოდა იმ დროს ჯერ კიდევ წარმართულ გერმანიაში მისიონერობისთვის. ეს კი ასე მოხდა:
მისი ძმები - ვილიბალდი და ვუნიბალდი ბიძამისის - ბონიფაცის მოწოდებით, მისიონერობისთვის ევროპის მატერი¬კზე წავიდნენ. წლების მერე ისინი ქადაგებდნენ გერმანიაში. ვუნიბალდმა შუა ფრანკონიაში მონასტერი - მისიონერული ცენტრი დააარსა ხაიდენხაიმში, ხოლო ვილიბალდი აიხშტეტის პირველი ეპისკოპოსი გახდა.
სამშობლოში ახლობლების მონახულებისას წმინდა ვუნიბალდმა დაარწმუნა მონასტრის იღუმენია, რომ ვალბურგა კონტინენტზე გაეშვა მისიონერული ღვაწლისთვის. მართლაც მალე წმინდა ვალბურგამ რამდენიმე მონაზონის თანხლებით გადალახა ლა-მანში და მეორე ნაპირზე ანტვერპენის სიახლოვეს გადავიდა. ამ მოგზაურობისას წმინდა ვალბურგამ ლოცვით საშინელი შტორმი დააცხრო, რომელიც მათ სიკვდილს უქადდა. თავიდან ის ტაუბერბიშოფსხაიმში წმინდა ლიობის ხელმძღვანელობის ქვეშ მონასტერში ცხოვრობ¬და. მაგრამ 761 წელს, წმინდა ვუნიბალდსის გარდაცვალების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ძმის დაარსებულ მამათა და დედათა სამისიონერო მონასტრებს. ხაიდენხაიმის უდიდესი მონასტრის იღუმენია წმინდა ვალბურგა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა ქრისტიანულ ევროპაში. ჰყვებიან წმინდა ვალბურგას მოხდენილ მრავალ სასწაულზე. წმინდა ვალბურგა შეეწევა მორწმუნეებს სხვადასხვა სნეულებისას, შიმშილისას, მოუსავლიანობის დროს, იგია მფარველი მშობიარეების, გლეხების.
სიკვდილის წინ ძმამ, ეპისკოპოსმა ვილიბალდმა აზიარა. წმინდანი 779(ან 780) წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა. მისი კანონიზაცია მოხდა 870 წლის 1 მაისს აიხშტეტის ეპისკოპოსის ოტგარის მიერ, რომელმაც მოიპოვა წმინდა ვალპურგას წმინდა ნაწილები და წმინდა ჯვრის ეკლესიაში გადაასვენა. შემდგომში მისი წმინდა ნაწილები მთელ ევროპაში გავრცელდა და წმინდანს პატივს მიაგებენ მომლოცველები არამხოლოდ აიხშტეტში, მოხნაიმში და ვალბერბერგში, ასევე კიოლნში, ოვერატში, უშეში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, ნორმანდიაში, ბელგიის ქალაქებში.
1042 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად, თებერვლის ბოლოდან ოქტომბრამდე, აიხშტეტში წმინდა ვალბურგას რელიკვარიუმიდან მირონი მოედინება. 25 თებერვალს მირონის დენა წყდება და შემოდგომიდან ახლდება.