წმინდა კეთილმსახური დედოფალი ევდოკია (+460) - 13 (26) აგვისტო
24.08.2022
აღმოსავლეთ იმპერიის დედოფალი, წმინდა ევდოკია დაიბადა ათენში 400 წელს, იგი ქალიშვილი გახლდათ სოფისტი და
წარმართი რიტორიკის მასწავლებლის ლეონტისა, უჩვეულოდ ლამაზი და მამისაგან კარგად განსწავლული. 421 წელს ლეონტი გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება ვაჟებს უანდერძა, ხოლო ათინაიდას (ასე ერქვა წმინდა ევდოკიას მონათვლამდე) მხოლოდ ასი ოქრო დაუტოვა და დაუბარა, რომ "მას ყველა საზრუნავისგან დაიხსნის ბედნიერი შემთხვევა, ბედი, რომლის ღირსი ქალთაგან სხვა არავინ გამხდარა". უზრუნველ ცხოვრებას მიჩვეული ათინაიდა კონსტანტინოპოლში დეიდასთან ჩავიდა, რომელიც სამეფო კარზე დაწინაურებული პირი იყო. დეიდამ ის იმპერატორ თეოდოსი მეორის დას, პულქერიას წარუდგინა, რომელიც მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზითა და სიბრძნით და დაარწმუნა, მონათლულიყო. ათინაიდა ნახა თვით იმპერატორმა და თავდავიწყებით შეუყვარდა იგი. მალე ათინაიდა პატრიარქმა ატიკმა მონათლა და ევდოკია დაარქვა.
421 წლის რვა იანვარს ის დაქორწინდა იმპერატორ თეოდოსიზე და ავგუსტად გამოაცხადეს. იმპერატორს მხურვალედ უყვარდა თავისი ცოლი. სამწუხაროდ, შემდგომში პულქერიასა და ევდოკიას შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევდოკია არ გარეულა პოლიტიკურ და სამეფო კარის ინტრიგებში და მკვეთრი ზომებიც არ მიუღია ავგუსტა პულქერიას გავლენის შესამცირებლად.
437 წელს თეოდოსის და ევდოკიას ქალიშვილი დაინიშნა დასავლეთ იმპერიის იმპერატორ ვალენტიანე III-ზე. ამის მერე ევდოკია თავისი სულიერი დედის, წმინდა მელანია-უმცროსის (ხსენება 31 დეკემბერს) რჩევით წმინდა მიწის მოლოცვას გადაწყვეტს. გზად ანტიოქიაში შეიარა და უხვად გაიღო ფული ქალაქის გალავნის გასაფართოებლად.
იერუსალიმში დედოფალმა ერთი წელი გაატარა და უამრავი თანხა შესწირა წმინდა მიწის გასამშვენებლად, ეკლესიების ასაშენებლად. როცა 439 წელს უკან კონსტანტინოპოლში ბრუნდებოდა, პატრიარქმა იუბენალმა მას მრავალი სულიერი საჩუქარი უძღვნა, მათ შორის წმინდა პეტრეს ჯაჭვები და წმინდა პირველმოწამე სტეფანეს წმინდა ნაწილები. დაახლოებით იმ დროს იმპერატორის მრჩევლის პოსტი დაიკავა ქრისანთე საჭურისმა, უზნეო და ფულის მოყვარულმა კაცმა. ის მტრად მოეკიდა პულქერიას, რომელიც არაეთხელ შეეწინააღმდეგა მის ჩანაფიქრს და ევდოკია მის წინააღმდეგ განაწყო, ასევე ჩაითრია იმპერატორი თეოდოსიც და პულქერია საქმეს ჩამოაშორეს. ქრისანთეს დროს დაიწყეს მართლმადიდებლების დევნა და მონოფიზიტების აღზევება. შესაძლოა წმინდა ევდოკიამ სწორედ მაშინ დაიჭირა მონოფიზიტების მხარე.
441 წელს წმინდა ევდოკიას ცილი დასწამეს და მეუღლის ღალატში დასდეს ბრალი და სინანულისთვის იერუსალიმში გადაასახლეს, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც. იერუსალიმში მან მრავალი ტაძარი ააშენა და წაახალისა პილიგრიმობა. ის დიდ პატივს მიაგებდა მონაზვნებს და განსაკუთრებით ღირს ექვთიმეს. მან ღირსი მამის ლავრის სიახლოვეს კოშკი ააშენა, რომელსაც ევდოკიას კოშკი დაარქვეს.
ქმრის სიკვდილის შემდეგ ევდოკია იერუსალიმში ყოფნისას მხარს უჭერდა იერუსალიმის მონოფიზიტსა და ცრუ პატრიარქს. თუმცა თეოდოსი მალე გააძევეს და წმინდა იუბენალი დააბრუნეს. იმ არეულობის დროს, რაც მოჰყვა ქალკედონის კრებას და პალესტინელი მონაზვნების დაყოფას იუბენალის კანონიკურობის საკითხის გამო. დაბნეულმა ევდოკიამ რჩევისთვის წმინდა სვიმონ მესვეტეს მიმართა. მოსაგრემ პასუხი შემოუთვალა: "შენ გყავს ექვთიმე ღმერთშემოსილი. მიჰყევი მის რჩევა-დარიგებებს და გადარჩები!"
ამის მერე, ევდოკიას წმინდა ექვთიმეს მიმართ რწმენა განუმტკიცდა, თავისი ცოდვა შეინანა პატრიარქ იუბენალის წინაშე და მას მერე ჭეშმარიტ რწმენას აღარ დაშორებია. წმინდა ევდოკია მშვიდობით აღესრულა იერუსალიმში, 460 წლის 20 ოქტომბერს და დაკრძალეს წმინდა სტეფანეს ბაზილიკაში, რომელიც მანვე ააშენა თავისი ფულით, პატრიარქ ანასტასის დროს.