ძველი წყაროების მიხედვით, ნეტარი ქალწული სარა IV საუკუნეში ცხოვრობდა და დედათა სავანის წინამძღვარი იყო.
მან სამოცი წელი იცხოვრა ნილოსის პირას ვიწრო კელიაში და ერთხელაც არ შეუხედავს მდინარისათვის. გასაოცარი იყო მისი სულიერი სიმტკიცე. მრავალჯერ შეემთხვა ათასნაირი განსაცდელი, ის კი ყოველივეს დაითმენდა და არ დაუტევებდა ღვთისთვის მიცემულ აღთქმას. ხან ამა სოფლიური საგნების ზმანებები შეაწყენდნენ თავს, ხანაც ხიბლისა და თავმომწონეობის ფიქრები, მაგრამ ყოველივეს ღვთის შიშით განდევნიდა.
სიძვის ვნებას ის ცამეტი წელი ებრძოდა, მაგრამ ღვთისთვის ბრძოლის შეწყვეტა არ უთხოვია, მხოლოდ ამას იტყოდა: "უფალო, გამძლეობა მომეცი". ერთხელ, როცა ვნება განსაკუთრებული სიძლიერით ებრძოდა, წმინდა სარა შემუსვრილი გულითა და ჯოჯოხეთის გახსენებით კელიის სახურავზე ავიდა და გულმხურვალე ლოცვას შეუდგა. მას დემონი ადამიანის სახით გამოეცხადა, მუხლი მოუდრიკა და უთხრა: "შენ მაჯობე, სარა". წმინდანი მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მისი შექება და უპასუხა: შენ გძლია, უფალმა იესო ქრისტემ, და არა მე ცოდვილმა".
ერთხელ მასთან პელუსიონის უდაბნოდან მის სანახავად ორი ცნობილი მოსაგრე მოვიდა. ისაუბრეს სულიერი სარგებელისთვის და დამშვიდობებისას, წმინდა დედას დასამდაბლებლად უთხრეს: "ნახე, გონებით ზესთამჩენობაში არ ჩავარდე; არ თქვა, განდეგილები ჩემთან, დედაკაცთან დადიანო". წმინდა სარამ უპასუხა: "დიახ, მე მართლაც სუსტი ვარ, საცოდავი დედაკაცი; მაგრამ რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ სული ფხიზელი და მხნე მქონდეს". ის ასევე ამბობდა: "მე რომ მოვისურვო ყველა ადამიანს სათნო ვეყო, მაშინ მათი ზღურბლის წინ მუხლთმოდრეკილი უნდა ვიდგე. მაგრამ მიჯობს ვილოცო და გული ჩემი წმინდა იყოს ყველას წინაშე".
წმინდა სარა მუდმივად ფიქრობდა სიკვდილსა და ღვთის სამსჯავროზე, და ცდილობდა, მთელი დღე სიკვდილის ხსოვნა თვალწინ ჰქონოდა. წმინდა სარას ხსენება ყველიერის შაბათს აღესრულება, როცა მოიხსენიება ყველა დიდი მოსაგრე.
ხატის წყარო