წმინდა მილდრედი (მილდრიდი, მილდრიტი) VIII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი მინსტერელი დედოფალ ერმენბურგის (კუნძულ ტანეტიდან) და მერსიის მეფის მერევალდის ქალიშვილი იყო.
სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა. ახალგაზრდამ და ძალზე ლამაზმა უარი უთხრა მისი ხელის მთხოვნელებს და სასწავლებლად გალიაში, შელის მონასტერში წავიდა, სადაც იმ დროს მრავალი ინგლისელი ქალიშვილი აღიზარდა. სავანეში მეფის ასულმა დიდი თავმდაბლობა და მორჩილება გამოიჩინა და იღუმენიასგან დამცირებებს დიდსულოვნად ითმენდა. გადმოცემით, ის იღუმენიამ გახურებულ ღუმელში შეაგდო, რადგან მან უარი თქვა ცოლად გაჰყოლოდა მის მდიდარ ნათესავს. ღუმლიდან გოგონა სავსებით უვნებელი გამოვიდა. ყველა განაცვიფრა ამ ამბავმა. მაგრამ იღუმენია გონს ვერ მოვიდა და ერთხელაც ისე სცემა, რომ თავიდან ბღუჯად თმა ამოაგლიჯა. ქალიშვილი მიხვდა, რომ აქ სულიერად ვერ წარემატებოდა და შინ წაყვანა ითხოვა.ებსფილდში, მდინარე კენტის სანაპიროზე, დიდხანს იდო ქვა, რომელზეც აღიბეჭდა წმინდანის ფეხი, როცა სამშობლოში დაბრუნებულმა მიწაზე ფეხი დაადგა. ამ ქვიდან უამრავი სასწაული აღესრულებოდა. თვით მის ნატეხსაც კი თუ წყალში ჩააგდებდი, წყალი მაკურნებელ თვისებებს იძენდა. მოგვიანებით ქვა ტანეტის სავანეში ინახებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ მისთვის სპეციალურად ეკვდერი ააშენეს.
წმინდა მილდრედი ინგლისში საკუთარი დედის მიერ დაარსებულ მინსტერონ-ტანეტის მონასტერში დასახლდა. ის მონაზვნად აღკვეცა კენტერბერიის ეპისკოპოსმა თეოდორემ. წმინდა ერმენბურგის გარდაცვალების მერე (დაახლოებით 694 წელს), იგი მონასტრის მეორე წინამძღვარი გახდა. იყო მოწყალე, მშვიდი და საკუთარი ცხოვრებით სავანის დედებს მაგალითს აძლევდა. წმინდა მილდრედი დიდი ხნის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა VIII საუკუნის დასაწყისში (სხვა წყაროებით - 700, 716, ან 732 წელს). მის მერე სავანეს წმინდა ედბურგი ხელმძღვანელობდა.
წმინდა მილდრედი სიკვდილის შემდეგაც ეცხადებოდა ქრისტიანებს. ერთხელ, წმინდა ედბურგის იღუმენობისას, მნათეს ეკვდერში საკურთხევლის წინ ჩაეძინა. მას წმინდანი გამოეცხადა, კეფაში მსუბუქად წამოარტყა და უთხრა: - ეს ეკვდერია და არა საძინებელი ოთახიო.
წმინდანის საფლავის მოსალოცად ბევრი ქრისტიანი დადიოდა. 1011 წელს სავანე დანიელებმა ააოხრეს, და ტაძარი სამრევლო გახდა. 1030 წელს წმინდა მილდრედის წმინდა ნაწილები კენტერბერიაში, წმინდა ავგუსტინეს მონასტერში გადაასვენეს.
ხატის წყარო