ნეტარი ქალწული ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთივსათნოდ ცხოვრობდა-ქონება გლახაკთ დაურიგა, სახლი კი-ბერების თავშესაფრად აქცია.
გავიდა დრო. ბოროტმა ეშმაკმა, რომელმაც ტაისიას გულში ღვთის სიყვარული იხილა, არაწმინდებით შესვარა იგი და მრუდე გზას გაუყენა.
ბერებმა ღირს იოანე კოლოვას შესთხოვეს, ტაისია მოეხილა და სინანულად მოექცია. ღირსი მამა მართლაც ეწვია ქალს, ბერები კი ლოცვად დადგნენ.
იოანეს ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიას სული შეუძრა, რაც წარსულ ცოდვილ ცხოვრებასთან აკავშირებდა, უარჰყო და ღირს მამას უდაბნოში გაჰყვა.
მზე ჩავიდა და ბერმა ტაისიას ღამის გასათევი ადგილი მოუმზადა, თავად კი მოშორებით გავიდა, ილოცა და თავი ძილს მისცა.
შუაღამისას ღირსი იოანე ზეცით გარდამოსილმა ნათელმა გააღვიძა, იმ ადგილს რომ ეცემოდა, სადაც ტაისიას ეძინა. ნათლის სვეტში კი ანგელოსნი იხილვებოდნენ, ტაისიას სული ზეცად რომ აჰყავდათ...
ოდეს იოანე ქალს მიუახლოვდა, იხილა, რომ ტაისია გარდაცვლილიყო.
ღირსმა მამამ ლოცვით მიაბარა მიწას ნეტარის სხეული, სავანეში დაბრუნდა და ძმებს ყოველივე უამბო.
მამებმა ადიდეს სახიერი უფალი, რომელმან იხსნა ტაისიას სული, ვითარცა მონანული ავაზაკისა.
ხატის წყარო