ღირსისა ანასტასია პატრიკიასი, მეუდაბნოისა, ალექსანდრიელისა (+567-568) - 10 (23) მარტი
21.03.2022
წმინდა ანასტასია ავადსახსენებელი იუსტინიანეს (527-565 წლები) მეფობის ჟამს ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, კეთილშობილი და შეძლებული ოჯახის შვილი გახლდათ
და იმპერატორმა სამეფო კარის პირველი პატრიკიას ტიტულით შეამკო.
თუმცა, ამქვეყნიური დიდება არად მიაჩნდა და გულში ღვთის შიშსა და სიყვარულს იმარხავდა.
კაცთა მოდგმის უძილო მტერს მალე შეშურდა მისი სიქველე და დედოფლის გულში შური ჩათესა. მაშინ წმინდა ქალწულმა საკუთარ თავს შეუძახა:
- სულო ჩემო, თავს უშველე, რომ არც მე წარვწყმდე და არც დედოფალი დაღუპოს აღძრულმა შურმა. შენ კი სასუფევლისთვის განემზადეო! და სასახლე დატოვა.
მცირე ხანში მცირე საგზალი და რამდენიმე ნივთი შეკრიბა, რაც გააჩნდა, ღატაკთ უწყალობა და ალექსანდრიას მიაშურა, გარკვეული ხნის შემდგომ კი ქალაქის სიახლოვეს დედათა მონასტერი დააარსა.
548 წელს, როდესაც დედოფალი თეოდორა მიიცვალა, იმპერატორმა მომავალ დედოფლად სწორედ მშვენიერ და კეთილშობილ ანასტასიას უწყო ძიება.
როდესაც ამის შესახებ ნეტარმა შეიტყო, გვიან ღამით, უჩუმრად დატოვა მონასტერი და ეგვიპტეს, აბბა დანიელისაკენ გაეშურა, რომ იქ დარჩენისა და მოღვაწეობის ნება დაერთო.
აბბამ მოუსმინა, საბერო კაბით შემოსა, სკიტიდან მოშორებით მდებარე ერთ უკაცურ მღვიმეში დაასახლა და წესად დაუდო, მკაცრად ემარხულა, უწყვეტად ელოცა, იქაურობა არასოდეს დაეტოვებინა, არავის სჩვენებოდა და არც არავინ მიეღო, ერთ-ერთი მამა მის სამყოფელთან ყოველ კვირა დოქით წყალს ტოვებდა, მუხლს მოიდრეკდა და იქაურობას მყისვე ტოვებდა.
წმინდა დედამ, ღვთის რჩეულმა ჭურჭელმა, ამგვარად 28 წელიწადს იცხოვრა, მკაცრად იმარხავდა რა სულიერი მოძღვრის კურთხევას და განთიადიდან დაისამდე ლოცვით ებრძოდა ბოროტს, შიმშილს, წყურვილსა და ათას განსაცდელს.
მოთმინებამ იგი სულიწმიდის რჩეულ ჭურჭლად აქცია, უფლისგან თავისი ამქვეყნიდან განსვლის ჟამი ეუწყა და აბბა დანიელს ამცნო, რომ მის დასამარხად ყოველივე განემზადებინა.
ღირსმა დანიელმა, რომელსაც სიზმარეულ ჩვენებაში ემცნო ღირსი დედის მოახლოებული გარდაცვალება, მასთან მოწაფე გაგზავნა.
აბბა დანიელი წმინდა დედის უკანასკნელი წუთების მოწმე შეიქნა, წმინდა ძღვენს აზიარა და მისი სული უფალს შეჰვედრა. ანასტასიას სახე ელვასავით გაუნათდა და მიიცვალა.
სავანეში მიბრუნებულმა აბბა დანიელმა კი საძმოს გაუმხილა, რომ მამა ანასტასი სინამდვილეში სახელგანთქმული პატრიკია იყო, ასე დაჟინებით რომ ეძებდა იუსტინიანე.
1200 წელს ანასტასიას წმინდა ნაწილნი კონსტანტინოპოლს გადააბრძანეს და აია სოფიას სახელგანთქმულ ტაძარში დაკრძალეს.
შეგვეწიოს ამ წმინდა დედის ლოცვა!
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა დიმიტრი ლეგეიდოსი (1938); ხსენება წმინდა მოწამისა მარკიანესი; ხსენება ღირსი აღათონისა, წმინდა სვიმეონ მესვეტე-უმცროსის მონასტერში მოღვაწისა