ეს ღირსი ქალწული დედასთან ერთად, ეგვიპტის ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობდა და მთელი ცხოვრება ლოცვასა და მარხვას მიუძღვნა,
რის გამოც ღვთისგან წინასწარხილვის ნიჭი მიმადლა.
ერთხელ ღირსი დედის მშობლიურ სოფელსა და მეზობელ დასახლებას შორის, ნილოსის წყლის განაწილების გამო მტრობა ჩამოვარდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მეზობლებმა სოფლის აოხრება გადაწყვიტეს და ღვინით და მრისხანებით გონდაკარგულნი აღარას დაეძებდნენ.
ღვთის სათნომყოფელს ანგელოზისგან ეუწყა მოსალოდნელი უბედურების შესახებ და ადგილობრივ მღვდელმსახურთ შეატყობინა, რომ მომხვდურს შეხვედროდნენ და გონს მოეყვანათ.
მაგრამ მღვდელნი, რომელნიც ძლიერ შეაშინა ცოფმორეულ ადამიანებთან მოსალოდნელმა დაპირისპირებამ, საკუთარი უძლურება აღიარეს, პიამას მუხლებში ჩაუვარდნენ და სთხოვეს, თავად შეხვედროდა მეზობლებს.
სხვა რაღა დარჩენოდა წმინდა ქალწულს - ღამე ღვთისადმი მხურვალე ვედრებაში გაატარა და უფალმაც ისმინა მისი - მტერი, რომელიც სოფელს საკმაოდ მიახლოებოდა, უეცრად შეჩერდნენ და ადგილიდან დაძვრა ვეღარ შეძლეს.
გულისხმაჰყვეს რა, რომ ხელ-ფეხს წმინდა პიამას ლოცვა უბორკავდათ, გონს მოეგნენ და შეინანეს, შემდეგ წმინდა ქალწულის სოფელში ხალხი გაგზავნეს და შენდობა ითხოვეს.
წმინდა დედამ 337 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ხატის წყარო
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა: ზენონისა და ზოილესი