წმინდა თეოდორა დაიბადა პაფლაგონიაში. მისი მშობლები - მარინი და თეოქტისტა მართლმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ და წმინდა ხატებს თაყვანს სცემდნენ.
ეს სიყვარული მათ თეოდორასაც გადასცეს. ისინი მშობლიური მხარიდან კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. თეოდორა ღვ-თისაგან სილამაზით და გონიერებით იყო დაჯილდოებული.
თეოდორა იმპერატორ თეოფილეს ცოლი გახდა, რომელმაც ის იმპერიის ულამაზეს გოგონებს შორის გამოირჩია. თეოდორემ და თეოფილემ ჯვარი დაიწერეს კონსტანტინოპოლის სასახლეში, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაში. ამ ქორწინების შემდეგ თეოდორას დედამ პატრიკიას ჩინი მიიღო, მისი დებიც ასევე სამეფო კარზე მიიწვიეს და იმპერატორის მოხელეებს მისთხოვდნენ. სწრაფად დაწინაურდნენ თეოდორას ძმებიც - პერტონი და ვარდა. ამ ქორწინებიდან თეოდორას ხუთი ქალიშვილი და ორი ვაჟი შეეძინა, რომელთაგან უფროსი კონსტანტინე ყრმა იყო, როცა დაიხრჩო, ხოლო მიქაელი შემდგომში იმპერატორი გახდა.
თეოდორა ერთგულად ასრულებდა მეუღლისა და მონარქის მოვალეობას, ცდილობდა, თავის სიკეთითა და მოთმინებით შეერბილებინა თეოფილეს სიფიცხე და სიჯიუტე, რომელმაც არნახული მძვინვარებით განაახლა წმინდა ხატების დევნა. იმ დროს, როცა მთელ იმპერიაში ხატთაყვანისმცემლებს დევნიდნენ, იგი ერთგული რჩებოდა ჭეშმარიტი რწმენისა და ფარულად თაყვანს სცემდა ხატებს, რომლებიც თავის ოთახში ჰქონდა გადამალული.
თეოფილეს ერთი სახიჩარი კარის მასხარა ჰყავდა, დენდრისი. ლაპარაკი უჭირდა და მისი ეს ნაკლი ზოგს ახალისებდა. ერთხელ ის დედოფლის საბრძანებელში შევიდა და დაინახა, რომ თეოდორა ხატებს ეამბორებოდა და თვალებზე იდებდა. ჰკითხა, რა არიო. დედოფალმა უპასუხა, - ჩემი საყვარელი თოჯინებიაო. დენდრისი მეფესთან გაიქცა, რომელიც დიდებულებთან ერთად ქეიფობდა. სად იყავიო. მასხარამ უთხრა: - დედიკოსთან ვიყავი და ვნახე, ბალიშის ქვეშიდან თოჯინებს იღებდა და კოცნიდაო. მეფე ყველაფერს მიხვდა, განრისხებული წამოდგა და დედოფალთან მივიდა, ჩხუბი დაუწყო და კერპთაყვანისმცემელს ეძახოდა. დედოფალმა მოხერხებულად აიცილა მეფის რისხვა, უთხრა, სარკეში ვიცქირებოდით და დენდრისმა ჩვენი ანარეკლი დაინახაო. შემდგომში, როცა მეფემ ჰკითხა დენდრისს, დედოფალი თოჯინებს კიდევ კოცნისო, მან ტუჩებზე ხელი დაიდო და უპასუხა: - გაჩერდი, გაჩერდი, მეფევ, თოჯინებზე ნურაფერს იტყვიო.
დაახლოებით ამგვარი რამ შეემთხვა, წმინდა თეოდორას დედას თეოქტისტას: თეოდორას ხუთი ქალიშვილი ხშირად სტუმრობდა ბებიას და ისიც მათ ხატთა თაყვანისცემას უნერგავდა და ბავშვები ხატებს ეამბორებოდნენ. მეფე რაღაცას ეჭვობდა, უფროსი ქალიშვილები თეოფილეს გამოკითხვას მოხერხებულად პასუხობდნენ, მაშინ მან თავის უმცროს გოგონას, გულუბრყვილო პულხერიას ჰკითხა, ბებია რითი გიმასპინძლდებათო. ბავშვმა არ დამალა, მას სკივრში ყველაფერი აქვს, ტკბილეული, ხილი, ხატებიც და მას ვეამბორებითო. მეფე გაცოფდა და ქალიშვილებს ბებიასთან ხშირი სტუმრობა აუკრძალა. თეოდორას დედა შემდგომში მონაზვნად აღიკვეცა თავისსავე დაარსებულ მონასტერში და არ ერიდებოდა თეოფილეს, ამხილებდა ხატმებრძოლობაში.
თორმეტი წლის შემდეგ თეოფილე დიზენტერიით ავად გახდა და საშინლად იტანჯებოდა. გადმოცემით, დედოფალმა თეოდორამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, ღვთაებრივი ყრმით ხელში, ანგელოზებით გარსმორტყმული, რომლებიც შოლტავდნენ და ტუქსავდნენ თეოფილეს. როცა გამოეღვიძა და თეოფილეც ცოტათი გონს მოვიდა, ყვირილი მორთო: "ვაი მე უბედურს, წმინდა ხატების გამო მცემენო". თეოდორამ მას წმინდა ხატი მიუტანა ტუჩებთან და თეოფილეც ეამბორა. ამის შემდეგ მეფემ შვება იგრძნო და მალევე გარდაიცვალა. თუმცა თეოფილეს შენანებაზე ხშირად კამათობენ, რადგან მან სიკვდილის წინ დედოფალი თეოდორა და ლოგოფეტი თეოქტისტე დააფიცა, რომ ისინი მისი სიკვდილის მერე საეკლესიო პოლიტიკას არ შეცვლიდნენ.
სიკვდილის წინ თეოფილემ თავისი ორი წლის ვაჟის მიქაელის რეგენტობა დედოფალ თეოდორას და ლოგოფეტ თეოქტისტეს დაავალა.
სახელმწიფოს მაშინ თეოდორასთან ერთად საბჭო, თეოქტისტე, თეოდორას ძმა ბარდა, თეოდორას ბიძა მაგისტროსი მანუელი მართავდა. თეოდორას რეგენტობის ხანაში სახელმწიფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: რამდენიმე სამხედრო გამარჯვება არაბებზე, ჩაახშო სლავების ჯანყი ელადაში, ბევრი რამ გააკეთა ხაზარების და ბულგარების გაქრისტიანებისთვის. მასთან წარუმატებელი ომის შემდეგ ბულგარეთის მეფე ბორისი მოინათლა და უფლისწულის პატივსაცემად მიხეილი დაირქვა.
მაგრამ უმთავრესი რამ, რაც წმინდა თეოდორამ მოიმოქმედა, ხატთაყვანისცემის აღდგენა იყო.
843 წელს დედოფალმა თეოდორამ მოიწვია კრება, რომელმაც ჩამოაგდო ერეტიკოსი პატრიარქი იოანე, რომელიც მრავალი უბედურების მიზეზი იყო და ტახტზე აიყვანა წმინდა მეთოდე აღმსარებელი.
გადმოცემით, სწორედ ამ დროს ღირს მამა იოანიკე დიდს გამოეცხადა ოლიმპოს მთაზე მცხოვრები განდეგილი არსაკი, რომელმაც უთხრა: "შენთან ღმერთმა გამომგზავნა იმის სათქმელად, რომ წახვიდე ნიკომიდიაში ესაია დაყუდებულთან და ის გეტყვის თუ როგორ გაკეთდეს ღვთის სათნო და ეკლესიისთვის შესაფერისი საქმეო". ღირსმა ესაიამ კი უთხრა: "თქვა უფალმან: აი, მოახლოვდა ჩემი ხატის მტრების აღსასრული. ამიტომაც წადით დედოფალ თეოდორასთან. პატრიარქ მეთოდეს კი უთხარით: განკვეთე ყველა უწმინდური და მერე ანგელოზებთან ერთად შესწირე ქების მსხვერპლი, ჩემი ხატისა და ჯვრის თაყვანისცემით. ეს ამბები მამებმა პატრიარქ მეთოდეს შეატყობინეს, მან კი - დედოფალს. თეოდორამ ამოიღო კისერზე ჩამოკიდებული ღვთისმშობლის ხატი, ეამბორა მას და წარმოთქვა: "დაე, ვინც ასე არ ეთაყვანება მათ, პირველხატის სიყვარულისთვის, არა როგორც ღმერთებს, არამედ ვითარცა ხატებს, განკვეთილ იყვნენ ეკლესიიდან".
მოკლედ საეკლესიო კრებაზე ეკლესიიდან განკვეთეს ერეტიკოსები და დაამტკიცეს VII მსოფლიო კრების (787) დადგენილება. გადასახლებიდან დააბრუნეს ყველა ქრისტეს აღმსარებელი. დიდი მარხვის პირველ კვირას შეიკრიბნენ წმინდა მამები, მათ შეუერთდნენ იმპერიის სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ხატების თაყვანისცემისთვის ნაწამები მღვდლები და მონაზვნები. პროცესია ვლაქერნიდან წმინდა სოფიას ტაძრისკენ გაემართა და ოფიციალურად აღადგინეს ხატების თაყვანისცემა. მას მერე დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს ეკლესია ზეიმობს ყველა ერესზე გამარჯვებას.
ამ პერიოდზე არსებობს ერთი გადმოცემაც. თეოდორემ პატრიარქ მეთოდეს სთხოვა ამ კრებაზე მისი ქმარი ანათემაზე არ გადაეცა, ეუბნებოდა, სიკვდილის პირას შეინანაო. თეოდორას რომ მოუსმინეს ეკლესიის მამებმა, პანაშვიდი გადაიხადეს და დიდმარხვის პირველი კვირის განმავლობაში დედაქალაქის ყველა ტაძარში თეოფილეს სულისთვის ლოცულობდნენ. წმინდა თეოდორაც ბევრს ლოცულობდა. პარასკევს საღამოს ხილვით ეუწყა, რომ მისი და წმინდა მამების ლოცვის გამო ეპატია თეოფილეს ცოდვები. საეკლესიო გარდამოცემა მოგვითხრობს, რომ ვიდრე მეთოდე პატრიარქი თეოფილესთვის ცოდვათა მიტევებას გადაწყვეტდა, პერგამენტზე ჩამოწერა ხატთმებრძოლ იმპერატორთა სახელები და საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე დადო. იმავე პარასკევს საღამოს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ თეოფილეს მიეტევა ცოდვები. ამის მერე კრებამ წერილობით დაადასტურა იმპერატორისთვის ცოდვების მიტევება. ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწე თეოდორას ამას საყვედურობდა.
ეკლესიაში მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ არა წმინდა დედოფალ თეოდორას ოჯახში. თუმცა დედოფალმა ბევრი რამ გააკეთა თავისი ვაჟის უკეთ გაზრდისთვის, მაგრამ ამაოდ. ახალგაზრდა უფლისწული მიქაელ III თავშეუკავებელი ხასიათით გამოირჩეოდა და თანამედროვეებმა მას "ლოთი" შეარქვეს. ორგიებს აწყობდა და მეინახეებს პატრიარქის, საეკლესიო კრების და ცერემონიების განსახიერებას აიძულებდა. მასზე დიდ გავლენას ახდენდა თეოდორას ძმა ბარდა, რომელმაც იმას მიაღწია, რომ იმპერატორს სიკვდილით დაასჯევინა ლოგოფეტი თეოქტისტე. მანვე დაარწმუნა მიქაელი, რომ რეგენტობის ვადის გასვლამდე ჩამოეგდო თეოდორა და ტახტზე ასულიყო. 856 წელს მან თეოდორა და თავისი ოთხი გასათხოვარი და კონსტანტინოპოლის კარიანის ციხესიმაგრეში გამოკეტა, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა ეგნატემ მათ მონაზვნად აღკვეცაზე უარი განაცხადა, გარდაცვალების შემდეგ, გასტრიის მონასტერში გადაასვენეს. სხვა წყარო კი გვეუბნება, რომ იგი რვა წელი ცხოვრობდა გასტრიის მონასტერში, მარხვასა და ლოცვაში და აქვე აღესრულა 867 წლის 11 თებერვალს. 1460 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ წმინდა თეოდორას უხრწნელი სხეული, წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილებთან ერთად კუნძულ კორფუზე გადაასვენეს. ისინი სასწაულებრივად გადაურჩნენ მეორე მსოფლიო ომში გერმანელთა დაბომბვებს და საკათედრო ტაძარში არიან დასვენებული. რაც შეეხება წმინდა თეოდორას "თოჯინებს", წმინდა ხატებს, რომლის წინაშეც ის ლოცულობდა, ორი მათგანი ვათოპედის მონასტრის საკრებულო ტაძრის საკურთხეველშია დაბრძანებული, ხოლო მესამე - წმინდა პავლეს მონასტერში.
..................................
ხატის წყარო