რამდენიმე წლის წინ პეტერბურგიდან ქართველ სასულიერო პირთა დელეგაცია თბილისში ბრუნდებოდა.
თვითმფრინავის ტრაპს მანქანით რუსი კაცი, სახელად გიორგი, მიუახლოვდა და უთხრა:
- დედაჩემი მორწმუნე რუსი ქალი იყო. შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და წმინდა სერაფიმე საროველის შემწეობით ვეყოლე. წმინდანმა უთხრა, - ვაჟს გიორგი ათონელის, ივერიელის სახელი უნდა დაარქვაო.
სიცოცხლის ბოლოს წმინდა სერაფიმე კიდევ გამოსცხადებია გიორგი ათონელსა და რომელიღაც ქართველ მეფესთან ერთად და უთქვამს:
- გადაეცით მორწმუნეებს, დახატონ სამი მოწამე დის: - მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ხატი და ივერიაში გაგზავნონ. იგი ქვეყნისთვის მშვიდობის მომნიჭებელი და ომების გამაქარწყლებელი იქნება. ივერია კი ისე აყვავდება, როგორც ამ მეფის დროს იყოო. ხატი მე დავწერე და საქართველოში გატანთ. ეცადეთ, ტაძარი აუგოთ, თუ არა, ნიშში მაინც დაასვენოთო.
ეს წმინდა ხატი სვეტიცხოველში იყო დასვენებული. ომი რომ დაიწყო, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის თაოსნობით, ამ სამი მცირეაზიელი მოწამე დის სახელზე პატარა ტაძარს საძირკველი ჩაეყარა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის სიახლოვეს. ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი და წმინდა ხატი მოწამეთა, - მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორასი, პატრიარქის კურთხევით, სვეტიცხოვლიდან ამ პატარა საყდარში გადმოასვენეს.
* * *
ეს სამი წმინდა ქალწული მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ბითვინიაში დაიბადნენ.
ისინი ხორციელად დები იყვნენ და ისურვეს, უფლის სამსახურში სულიერადაც ერთად ყოფილიყვნენ.
წუთისოფელი კი, მით უფრო -წარმართული, მათ უდიდეს დაბრკოლებად ეღობებოდათ, ამიტომ პითიის თბილი წყლების ახლოს საცხოვრებლად ერთი მაღალი, უდაბური მთა აირჩიეს.
დები გამუდმებულ მარხვასა და ლოცვაში ჰგიებდნენ და დღემუდამ მღვიძარებდნენ.
თუმცა, ღმერთმა, რომელიც ყოველი არსების გულსა სჭვრეტს, მათი გამოჩინება ინება.
მალე ქვეყანას მოედო, რომ წმინდა ქალწულთა ლოცვით მრავალი სნეული იკურნებოდა. ამ ამბავმა ბითვინიის მმართველ ფრონტონამდეც მიაღწია. ფრონტონმა ბრძანა:
- მკურნალი დები შეიპყარით და მომგვარეთო!
ქრისტეს ცხოვარნი, რომელთაც უდაბნოს მხეცნიც კი არ ერჩოდნენ, ნადირზე უარესმა ადამიანებმა შეიპყრეს და ჯალათს მიჰგვარეს.
- რა გქვიათ და სადაურები ხართ?! - დაეკითხა ჯალათი,
- ქრისტიანებად ვიწოდებით, წმინდა ნათლისღებით კი მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა გვქვია, ღვიძლი დები ვართ და ამ მხარეში დავიბადეთო, - უპასუხეს.
ფრონტონმა მათი დაყოლიება ჯერ დაყვავებით სცადა:
- მშვენიერო ასულნო! ღმერთებს უყვარხართ და ამგვარი სილამაზე მიტომაც გიბოძათ... მეტიც, - სურთ, თუ შეუვრდებით და თაყვანსაც სცემთ, უმეტესი გიბოძოთ...
თუ ამას იქმთ, ხელმწიფესთან წარგადგენთ (იგულისხმება მაქსიმიანე, რომელიც 284-305 წლებში იმპერატორობდა), რომელიც უხვად დაგასაჩუქრებთ და დიდგვაროვან ქმართ შეგრთავთო!..
უფროსმა დამ, წმინდა მინადორამ პასუხად უთხრა:
- ღმერთმა თვის ხატად და მსგავსად შეგვქმნა, მხოლოს მას ვეთაყვანებით, სხვა ღმერთებს კი - არასოდეს. ჩვენთვის შეპირებული პატივი იგივეა, რაც სხვათათვის - მტვერი და ნაცარი. ქმრებად დიდგვაროვანთ გვპირდები, მაგრამ ნუთუ ვინმეა ქრისტეზე უკეთესი, რომლის სასძლონიც გახლავართ. სწორედ მას მივანდეთ ყოველი და სიყვარულით სამარადისოდ დავუკავშირდით... სწორედ ქრისტეა ჩვენი განძი, პატივი და დიდება და მასთან ვერც შენ გაგვყრი და ვერც შენი ხელმწიფეო!
შუათანა დამ, მიტრადორამ კი დაამატა:
- რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეეძინოს და სული თვისი იზღვიოს? (მათე 16,26).
რა არის ჩვენთვის ეს სამყარო უფალთან შედარებით? ის, რაც ტალახი - ოქროს, ბნელი - მზის, გესლი კი - გოლეულის წინაშე. ნუთუ, გგონიათ, რომ ღვთის სიყვარულს წუთისოფლის ამაოებაში გავცვლით და სულებს წარვიწყმედთ? ამაოდ გეიმედებათ!
- ტანჯვა არ გიგემიათ და ამიტომ მრავალმეტყველებთ... ტკივილი რომ შეგემთხვევათ, ამგვარად აღარ ილაპარაკებთ.
- ნუთუ, გგონიათ, რომ ამ მუქარით მოგვდრეკთ? - თამამად დაეკითხა უმცროსი ნიმფადორა, - ამქვეყნად ყველა ჯალათი რომ მოგვისიო და გვტანჯო, იხილავ, რომ უმალ ჯალათს მკლავი დაეღლება, ვიდრე ჩვენ ქრისტეს უარვყოფთ! ქრისტესთვის ტანჯვის და სალმობის დათმენა - სამოთხეა ჩვენთვის, სიკვდილი კი - საუკუნო სიცოცხლის კარიბჭე!
მმართველი მათ დარწმუნებას "მამაშვილური" შეგონებითა და დაყვავებით კვლავ განაგრძობდა.
- არც თქვენი დამტკბარი სიტყვის გვჯერა და ვერც მუქარით შეგვაშინებთ... უფალი ისე შეგვყვარებია, მისთვის სიკვდილი არად გვიღირს... გვსურს, დავამოწმოთ, რომ სულიერად უფრო ვართ დანი, ვიდრე - ხორციელად, ამა სოფლიდან ერთი სიკვდილი გაგვიყვანს და დაე, უფალმა სამარადისოდ დაგვავანოს სასუფველში! - წარმოთქვა მინადორამ, თვალენი ზეცად აღაპყრო და ილოცა:
- უფალო იესო ქრისტე! ჩვენ არ უარგყოფთ კაცთა წინაშე და ზეციური მამის წინაშე შენც აღგვიარე! - შემდეგ კი კვლავ ჯალათს მიუბრუნდა და უთხრა:
- მოაკვდინე ხორცი ჩვენი, ადამიანებს მშვენიერი რომ ჰგონიათ! ან არსებობს კი მისთვის იმაზე დიდი სამკაული, ვიდრე - წყლულებანი ქრისტესთვის?! ვერა საგანძური ვერ შეედრება ამ იარებს!
- დათაგან უფროსი ხარ და უმცროსთ მეფის მორჩილების მაგალითს უნდა აძლევდე, - უთხრა ფრონტონმა, - ღმერთებს პატივი მიაგე და დებიც მოგბაძავენო!
- ამაოდ ირჯები, გირჩევ, საქმით გამოგვცადო, - გვგვემე, დაგვჩეხე, დაგვწვი... და იხილავ, დავემორჩილები თუ არა შენს უღმერთო ბრძანებას. მზად ვართ, ქრისტესთვის სიკვდილი მივიღოთ!
ამის გამგონე ფრონტონმა რისხვა წმინდა მინადორას დგადმოანთხია, დებს ჩამოაშორა და გატიტვლება და გვემა ბრძანა.
ჯალათნი ორი საათის მანძილზე ჰგვემდნენ და განუწყვეტლივ დასძახოდნენ:
- ჩვენს ღმერთებს და ხელმწიფეს საკადრისი პატივი მიაგე და მსხვერპლი შესწირეო!
- როგორ ფიქრობთ, ამჟამად რასა ვიქმ? განა უფალს საკუთარ თავს მსხვერპლად არ ვწირავ?!
ამით უარესად გახელებულმა ჯალათმა ნეტარს უარესად უწყო გვემა, - ძვალნი შეუმუსრა, სხეული დაუწყლულა... წმინდა მინადორა კი ზეცას შეჰღაღადებდა:
- უფალო ჩემო, სასოო, სიყვარულო და სიხარულო ჩემო, გვედრი, მშვიდობით მიიღო სული ჩემი, - და სული უფალს მიაბარა...
ოთხი დღის შემდეგ ჯალათმა სასამართლოზე მიტრადორა და ნიმფადორაც მოაყვანინა და ბრძანა: - დის სხეული მათ ფერხთით დაუდეთო!
წმინდა მინადორას შიშველი, უმოწყალოდ ნაგვემი და ხელ-ფეხმომტვრეული სხეული მთლად დაწყლულებულიყო...
ამის მხილველი უმცროსი დები მწარედ ატირდნენ, თუმცა, უკან დახევა არც უფიქრიათ...
ჯალათმა იფიქრა, რომ შეაშინა და მათ დაყოლიებას იოლად შეძლებდა, მაგრამ წმინდანები ამან უფრო განამტკიცა და გარდაცვლილ დას შეჰღაღადეს:
- კურთხეულ ხარ შენ, დედაო და დაო ჩვენო, რამეთუ ღირსი შეიქმენ მოწამებრივი გვირგვინისა და უფლის სასახლეში შეხვედი! ევედრე უფალს, რომელსაც ახლა პირისპირ სჭვრეტ, რომ გვიბრძანოს, ჩვენც შენს გზას გამოვყვეთ, ღირსი შევიქმნათ მისი თაყვანისცემისა, დავტკბეთ მისი სიყვარულით და ვინეტაროთ საუკუნო სიხარულით! ჰოი, ჯალათნო, რატომ არ მოგვართმევთ მომაკვდინებელ სასმისს, რომლის შესმაც ასე გვწყურია? აჰა, ძვალნი ჩვენნი დასამსხვრევად, სხეული - დასაფლავად, თავნი მოსაკვეთად, გულნი - კი დიდი მოთმინებისთვის გამზადებულნი!.. საქმეს შეუდექით და ნუღარ აყოვნებთო!
მტარვალებმა, რომელთაც მათი სიმტკიცე იხილეს, კვლავ იფიქრეს, რომ მათი "გონს მოყვანა~ სიტყვით ჯერაც შეიძლებოდა, თუმცა, დებმა უპასუხეს:
- ჩვენ ერთ ფესვზე ამოზრდილი ხის ტოტები ვართ, ღვიძლი დანი. იცოდე, ფიქრიც ერთი გვაქვს! ჩვენი და ვერაფრით გატეხე, - ის ვისაც დათმენისა და ტანჯვის მაგალითი თვალწინ არ ჰქონია და ჩვენთან, წინ ამგვარი სიმამაცის მაგალითი რომ გვიძევს და გვამხნევებს, რაღას გახდები?! მისი ბაგენი, თუმც სამუდამოდ დაიხშო, მაგრამ მოწამებრივი ღვაწლისაკენ თავისი წყლულებით მოგვიწოდებს... ჩვენ მას ვერასოდეს განვეშორებით, ვერც ნათესაურ კავშირს გავწყვეტთ, არამედ მისებრ მივიღებთ სიკვდილს ჩვენი ზეციური სიძისთვისო!
გამძვინვარებულმა ჯალათმა მიტრადორას წამება ბრძანა. წმინდა ქალწული ჩამოკიდეს და სხეულს სანთლებით მანამ უწვავდნენ, სანამ ნახშირივით არ გაუშავდა, შემდეგ ჩამოხსნეს და ტანი რკინის ჯაჭვებით დაუმსხვრიეს...
ნეტარმა წამებას ვეღარ გაუძლო და სული უფალს შეჰვედრა....
უსჯულოთა სამსჯავროზე ბოლოს უმცროსი და მოიყვანეს, ჯალათმა ტკბილი სიტყვით ახლა მისი მოდრეკა სცადა, მაგრამ ამაოდ: - ნეტარმა მის სიტყვას ყურიც კი არ უგდო...
როდესაც მმართველი დარწმუნდა, რომ ამით ვერაფერს გახდებოდა, მისი გაშიშვლება და ხეზე დაკიდება ბრძანა...
ნეტარს სხეულს რკინის ჯაჭვებით აგლეჯდნენ, ამ პატარა და ნაზმა ასულმა კი აუტანელი ტკივილი ისე დაითმინა, მცირედი კვნესაც არ დასცდენია, ოდენ ლოცულობდა და ზეცას შესცქეროდა...
- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და გაგათავისუფლებ! - შესძახა ჯალათმა.
- საკუთარი თავი უფალს უკვე მსხვერპლად შევწირე, რომლისთვისაც წამება - ძალზე ტკბილია, სიკვდილი კი - მარადი ცხოვრების კარიო!"
ბოლოს რკინის ჯაჭვებით დააწყლულეს, რის შემდეგაც მალევე მიიცვალა და თავის წმინდა დებს შეუერთდა...
უსჯულოებს სურდათ, დაეწვათ მარტვილთა ცხედრები, მაგრამ "ქუხილნი და ელვანი საშინელნი მეყსა შინა იხილვნეს საჴუმილსა მას ზედა ცეცხლისასა" და მთავარი და მისი მსახურები "დაწუნა და განანქრინნა"; შემდეგ მძაფრი წვიმა გარდამოხდა ზეცით და ცეცხლი დაშრიტა. წმიდანთა უვნებლად დარჩენილი ნეშტი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.
ასე განუსვენა ერთმა კუბომ ერთ წიაღში ნაშობთ...
წმინდანო მოწამენო მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
* * *
ლოცვა წმინდათა დათა-მოწამეთა მინადორასა, მიტრადორასა და ნიმფადორას მიმართ
ჰოჲ, წმინდანო მოწამენო მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯუელთა ქრისტესთვის დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯუელთა განმაცვიფრებელნო. თქუენ, სიყუარულითა აღვსილთა დათა, მე მონა ღვთისა (სახელი) სიმდაბლითა შეგივრდებით: ევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცუად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა თვისითა გამოუთქმელითა მადლითა. დახსნად ჩუენდა ეშმაკთაგან მყრალთა, სასტიკისა სიკუდილისაგან და უკურნებელისა ჭრილობისაგან, სეტყვისაგან, წყალდიდობისაგან, სენისაგან და სირცხვილეულ-მყოფელისა ტყუეობისაგან.
ჰოჲ, მრავალტანჯულნო ქალწულნო, ლოცვითა თქუენითა მოწყალემან უფალმან დაიფაროს მამანი და დედანი ჩუენნი, ცოლნი და შვილნი, ყოველნი მოყუასნი ჩემნი მწუხარებათა და ვაებათაგან.
წარმოჰგზავნიდეს მათ ზედა სიმდაბლესა და მოთმინებასა, და სიყუარულსა მათსა ჩუენდამო განატფობდეს მარადის.
მიჰმადლებდეს მათ სამარადისოსა, მხურვალესა ლოცვასა ჩუენისა წარმატებულისა დაბრუნებისათვის სახლსა შინა.
ღმერთო მართალო, გვიხსენ ჩუენ უსჯულოებათა და შეცოდებათაგან, ნეფსითთა და უნებლიეთთა. შემეწიენ ჩუენ ღირსებით აღსრულებად ვალისა ჩუენისა - გარეშევზღუდვიდეთ მამულსა ჩუენსა ბოროტისაგან. მომეც ჩუენ ძალი მოგუაქუნდეს კაცთათვის სიმართლე, მშვიდობა და სიყუარული. შენდა, უფალო, დამხსნელო და შემწყნარებელო, დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კონდაკი, ხმა 4:
სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალმანქანა მტერი იოტეთ, ძმებრთანაშეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთათანა, ზეცისა სასძლოსა, ღვაწლით შემოსილნო, და ანგელოსთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.
.....................
აქვე წაიკითხეთ:
გადაეცით მორწმუნეებს, დახატონ სამი მოწამე დის: მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ხატი და ივერიაში გაგზავნონ
მე უკვე მსხვერპლად შევეწირე ჩვენს ღმერთს. მისთვის წამება ჩემთვის სიტკბოებაა, სიკვდილი კი შესაძენელი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი