წმინდანები: კვიროსი, იოანე, ათანასია და მისი სამი ასული III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდნენ. ისინი მოწამებრივად IV საუკუნის დასაწყისში აღესრულნენ.
წმინდა კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. მასთან კურნების სათხოვნელად მისულებს ეუბნებოდა: "თუ არ გსურთ ავადმყოფობით დაიტანჯოთ, ერიდეთ ცოდვას. სნეულება ხომ ცოდვის შედეგია".
დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის ხანაში, ქრისტიანთა დევნისას, ალექსანდრიის მთავარმა ბრალი დასდო ცნობილ ექიმს, რომ ქრისტიანი იყო და სხვებსაც უქადაგებდა საკუთარ რწმენას. ქალაქის მმართველმა ბრძანა შეეპყროთ კვიროსი. ექიმმა დროულად შეიტყო ამის შესახებ და ქვეყანა დატოვა. კვიროსი შიშის გამო არ გაქცეულა ეგვიპტიდან, მან მახარებლის სიტყვებით - "როცა დევნას დაგიწყებენ თქვენ ამ ქალაქში, გაიქეცით სხვაში" (მთ. 10.23), იხელმძღვანელა.
ქრისტიანმა ექიმმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომელი მოღვაწეობა განაგრძო, რისთვისაც უფლისგან ყოველგვარი სნეულების კურნების ნიჭი მიემადლა.
ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი, იოანე. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმინდა კვიროსის შესახებ შეიტყო და მისი ნახვის სურვილით განიმსჭვალა. ჯერ ალექსანდრიას მიაშურა, იქ არ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაგნო არაბეთის უდაბნოში დაყუდებულ ბერს და მისი ერთგული მოწაფე გახდა.
ერთხელ კვიროსმა და იოანემ შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი, ათანასია, სამ ასულთან - თეოქსიტისთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმინდა მამებმა გადაწყვიტეს კანოპში წასვლა მათ გასამხნევებლად და რწმენაში გასაძლიერებლად.
კვიროსი და იოანე შიშობდნენ, რომ მუქარით და სიკვდილის შიშით დედას და შვილებს შესაძლო იყო, უარი ეთქვათ ქრისტეს რჯულზე. მით უფრო მაშინ, როცა ათანასიას ქალიშვილები ჯერ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ: უფროსი თეოქსისტა თხუთმეტი წლის გახლდათ, თეოდოტია ცამეტის და ევდოქსია - თერთმეტის. საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს.
ქალაქის მმართველმა ამის შესახებ რომ შეიტყო, კვიროსი და იოანე დაატუსაღა. ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის წმინდა უვეცხლო და სასწაულმოქმედი მოწამენი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს (+311). მოწამეთა სხეულები ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს.
V საუკუნეში კირილე ალექსანდრიელმა ალექსანდრიაში ძველი საკერპოს ადგილას ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა.
VII საუკუნეში სოფრომ იერუსალიმელს თვალები აწუხებდა. მას უვეცხლო მკურნალნი გამოეცხადნენ და სრულიად განკურნეს. წმინდა კვიროსმა სოფრომს ერთ თვალზე ჯვარი გამოსახა, წმინდა იოანე კი მეორე თვალს ეამბორა. მადლიერების ნიშნად წმინდა სოფრომმა ეს სასწაული აღწერა კიდეც.
ტროპარი
საკვირველებანი წმინდათა მოწამეთა შენთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგვანიჭენ, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.
კონდაკი
საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმინდანო, და დაუცხრომლად საკვირველთ-მოქმედებთ, ყოველთა ვნებათა ჩუჱნთა უხილავად ჴელთ მოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივ-განბრძნობილო იოანეთურთ ყოვლად ქებულით, რამეთუ თქუჱნ ხართ საღმრთონი მკურნალნი.
.......................................
აქვე წაიკითხეთ:
წმინდათა და საკვირველმოქმედთა: კვიროსისა და იოანეს (+311) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 412 წელს - 28 ივნისი (11 ივლისი)
....................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი