დიდმოწამე ბარბარე ილიოპოლელი და მოწამე იულიანა (+დაახლ. 306) - 04 (17) დეკემბერი
დიდმოწამე ბარბარე ილიოპოლელი და მოწამე იულიანა (+დაახლ. 306) - 04 (17) დეკემბერი
წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია უფლის წინაშე. წმინდა ბარბარეს ბავშვების მფარველად მიიჩნევენ და ევედრებიან პატარების უეცარი სიკვდილისაგან დახსნას.

ამასთან, ყველა ქალი და, განსაკუთრებით, ფეხმძიმენი, თვლიან წმინდა ბარბარეს თავიანთ ქომაგად - გამოსთხოვენ სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს თავისთვის და შვილებისათვის.

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს (ახ. სტილით) 17 დეკემბერს მოიხსენიებს. ბარბარობას საქართველოში ლობიანებს აცხობენ და ასე აღნიშნავენ დიდი წმინდანის ხსენებას.

წარმართულ რომის იმპერიაში ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. მას მონათა რელიგიას უწოდებდნენ, რადგან ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ მოციქულების დროს ქრისტიანები თვით ნერონის სასახლეშიც კი იყვნენ (ქრისტიანი გახლდათ ნერონის მეუღლე პოპეა).

მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ნაკლებად იღებდნენ ქრისტიანობას, მაგრამ თუკი მიიღებდნენ, ძნელად თუ განეშორებოდნენ მას. მათ შორის იყო წმინდა დიდმოწამე ბარბარე, რომელიც ქრისტესთვის იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305-311) ეწამა.

მამამისი, მდიდარი და დიდებული წარმართი დიოსკორე, ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და მეუღლისაგან ერთადერთი შვილი - ბარბარე დარჩა.

დიოსკორეს ძალიან უყვარდა ასული და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარე უმშვენიერესი იყო, ამიტომ მამამ გადაწყვიტა, გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა: ასული მაღალ კოშკში გამოკეტა და, წარმართი აღმზრდელების გარდა, მასთან არავის უშვებდა.

წმინდანი შვებას ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში პოვებდა: დღისით ტყიან მთებს, მშფოთვარე ნაკადულებს, ყვავილებით ნაირფერად მოჩითულ მინდვრებს გასცქეროდა, ღამით - ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.

მალე გოგონამ ამ უზარმაზარი და ჰარმონიულად შექმნილი სამყაროს პირველმიზეზსა და შემოქმედს დაუწყო ძიება. ერთხელაც თავის აღმზრდელებს ჰკითხა: ვისმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე?

და ისმინა პასუხი:

- ეს ყველაფერი ღმერთებმა შექმნეს.

ქალწულმა იკითხა:

- რომელმა ღმერთებმა?

- იმ ოქროსა და ვერცხლის ღმერთებმა, რომლებსაც მამაშენი ეთაყვანება; ყველაფერი, რასაც ხედავ, მათი შექმნილია, - უპასუხეს მონებმა. ამ სიტყვებმა გოგონა დააეჭვა და თავისთვის ამბობდა:

- ღმერთები, რომლებსაც მამაჩემი თაყვანს სცემს, ადამიანის ხელითაა შექმნილი. როგორ შეეძლოთ ამ ღმერთებს, უსულო კერპებს ასეთი ნათელი ცა და მიწიერი სილამაზე შეექმნათ?

ერთხელ, როცა ბარბარე ცას შეჰყურებდა და სურდა გაეგო, ვინ იყო ამ ზეციური სილამაზის შემქმნელი, უეცრად მის გულში ღვთაებრივი მადლის ნათელი აკიაფდა. და მან გულში თქვა:

- უნდა იყოს ისეთი ერთი ღმერთი, რომელიც ადამიანის ხელით არ შექმნილა, არამედ თავისთავად არსებობს და ყოველივე თავისი ხელით შექმნა; ერთი უნდა იყოს ის, ვინც განავრცო ზეცა, დააფუძნა დედამიწა და მაღლიდან მთელ ქვეყანას მზის სხივებით ანათებს, მთვარით და ვარსკვლავებით აბრწყინებს, მიწას კი ხეებით, სხვადასხვა ყვავილით რთავს და წყაროებით რწყავს. უნდა იყოს ისეთი ერთი ღმერთი, რომელიც ყოველივეს ფლობს, ყოველივეს განაგებს, აცოცხლებს და ყველაზე ზრუნავს.
ასე სწავლობდა ყრმა ბარბარე ქმნილების მეშვეობით შემოქმედის შეცნობას. კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც "შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან" (საქმე 17,27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი.

ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

ამასობაში ქალაქში გავრცელდა ხმა ბარბარეს მშვენიერების შესახებ და მრავალმა ჭაბუკმა იწყო მისი ხელის ძიება. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი.

წმინდანმა მკაცრად მიუგო: "არა გიცნობიესა, მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე?" ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას.

მამამ ბარბარეს კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და მეგობრებისა და ახლობლების არჩევანის თავისუფლება მისცა. დიოსკორეს ბარბარესათვის განკუთვნილი ციხე-კოშკის მშენებლობა დასრულებული არ ჰქონდა. მან მუშებს ბაღში აბანოს აშენება და სამხრეთის კედელში ორი სარკმლის დატანება უბრძანა, თვითონ კი საქმეების გამო შორს გაემგზავრა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა დიდმოწამე ბარბარესთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


ბარბარეს ნათელღება

ბარბარეს უკვე თავისუფლად შეეძლო შინიდან გამოსვლა. მან რამდენიმე ქრისტიანი ქალწული გაიცნო, დაუმეგობრდა მათ და ცდილობდა დაწვრილებით შეეტყო უფალ იესო ქრისტეს შესახებ.

ქალწულებმა მოუთხრეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან მის სასწაულებრივ განხორციელებაზე, ვნებაზე, სიკვდილსა და აღდგომაზე, მომავალ სამსჯავროზე, იმ მარადიულ ტანჯვაზე, რომელიც კერპთაყვანისმცემლებს ელოდათ და მართალ ქრისტიანთა დაუსრულებელ სიხარულზე ცათა სასუფეველში. ყოველივე გაგონილმა ბარბარეს გული დაატკბო და აღანთო ქრისტესადმი სიყვარულით. მას მონათვლა მთელი არსებით ეწადა.

სწორედ იმ დროს ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელი ჩამოვიდა, ბარბარემ ის შინ მიიწვია, მისივე ხელით ნათელიღო და ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულმა გადაწყვიტა, სიცოცხლე უფლისთვის მიეძღვნა და ქალწულობის აღთქმა დადო.
ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და მოხდა სასწაული! იქ ამოხეთქა წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა.

ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებლებს მოსთხოვა, მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. თავდაპირველად იუარეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: "როგორც მე გთხოვეთ, ისე მოიქეცით, როცა მამაჩემი გკითხავთ, რისთვის გააკეთეთ მესამე სარკმელიო, უპასუხეთ, შენმა ასულმა ასე ინებაო."

ამის შემდეგ მშენებლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სულიწმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: "მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი."

* * *

შინ დაბრუნებული დიოსკორე ბრაზობდა მშენებლობის გეგმის დარღვევის გამო. ასულმა მას ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და უთხრა: "მე მსურს შენი ჭეშმარიტებაზე მოქცევა. არ იცი, რომ სამი სარკმელი, რომელიც სამყაროს ანათებს, ყოვლადწმინდა სამებაა, მამა, ძე და სულიწმიდა."

ამ სიტყვებმა დიოსკორე ისე გაააფთრა, რომ მახვილი იშიშვლა ქალიშვილის გასაგმირად, მაგრამ ბარბარემ გაქცევა მოასწრო. გამძვინვარებული მამა გამოუდგა.

მათ გზა გადაუღობა სალმა კლდემ, რომლის ნაპრალმაც ისე შეიფარა წმინდანი, რომ მზერადაბნელებულმა დიოსკორემ ვერაფერი შენიშნა. დიოსკორემ დახმარება იქვე მყოფ ორ მწყემსს სთხოვა.

ერთი მწყემსი ძალიან კეთილი იყო და არ გასცა ყმაწვილი ქალი, ხოლო მეორემ მდუმარედ უჩვენა გამოქვაბული, რის გამოც უფალმა მაშინვე დასაჯა და ქვის სვეტად აქცია.

დიოსკორე გამოქვაბულში შევარდა და დაუნდობლად სცემა ბარბარე, შემდეგ თმით დაითრია და ქვიან გზაზე თრევით წამოიყვანა, დასისხლიანებული ქალწული ბნელ ოთახში ჩაკეტა და აშიმშილებდა.

შემდეგ დიოსკორე ოლქის განმგებელთან - მარტიანესთან წავიდა და თავისი შვილის შესახებ ყველაფერი უამბო: როგორ უარყოფს ღმერთებს და ჯვარცმულ ქრისტეს აღიარებს; სთხოვდა ეწამებინა, რათა კვლავ მამისეულ რწმენაზე მოექცია.
მმართველის თანხმობა მიიღო თუ არა, დიოსკორემ გამოიყვანა ბარბარე ჩაკეტილი ოთახიდან, მმართველს მიჰგვარა და თქვა:

- მასზე უარს ვამბობ, რადგან ის ჩემს ღმერთებს განუდგა. და თუკი კვლავ მათკენ არ მოიქცევა და ჩემთან ერთად არ სცემს თაყვანს, აღარ იქნება ჩემი შვილი, მე კი - მისი მამა. შენ კი, მმართველო, ისე ტანჯე, როგორც შენი უდიდებულესობა ისურვებს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა ბარბარეს წამება


ბარბარეს უჩვეულო სილამაზით აღტაცებულმა მმართველმა ქალწულს თავიდან მშვიდად და ალერსიანად დაუწყო ლაპარაკი, თან მის სილამაზესა და წარჩინებულობას აქებდა.

- მშვენიერო ქალწულო, - ეუბნებოდა, - მოწყალე იყავ საკუთარი თავის მიმართ და ღმერთებისადმი ჩვენთან ერთად გულითადი მსხვერპლის შეწირვა იჩქარე, რადგან მინდა შენდამი მოწყალე ვიყო, დაგინდო და ასეთი მშვენიერება ტანჯვისათვის არ გავწირო, მაგრამ თუკი ყურს არ დამიგდებ და მამას არ დაემორჩილები, ჩემს სისასტიკეს შეიტყობ.

წმინდა ბარბარემ უპასუხა:

- მე მხოლოდ ჩემს ღმერთს ვეთაყვანები, მხოლოდ მას ვწირავ მსხვერპლს - ლოცვებს და მინდა თავადაც მისი მსხვერპლი ვიყო, რადგან ის - ცისა და მიწის შემქმნელი ჭეშმარიტი ღმერთია, თქვენი ღმერთები კი არარაობანი არიან და თქვენი მათზე დამყარებული იმედიც ამაოა.

წმინდანის ნათქვამმა მმართველი განარისხა და ბარბარეს გაშიშვლება ბრძანა, რაც სუფთა, უმწიკვლო და წმინდა ქალწულისათვის მძიმე ჭრილობებზე არანაკლები ტანჯვა იყო.

შემდეგ მტარვალმა მისი მიწაზე დაწვენა და ხარის ძარღვების მათრახით ცემა ბრძანა. მიწა მისი სისხლით ირწყვებოდა, ჭრილობებზე კი ბალანს და თიხის ნატეხებს უსვამდნენ, რათა ტკივილი გაძლიერებოდა.

ყველა ამ ტანჯვამ ვერ შეარყია მოწამის ძლიერი რწმენა, რომელიც როგორც კლდეზე, უფალ იესო ქრისტეზე იყო დამყარებული, რომლის გამოც ის ასეთ ტანჯვას ითმენდა.

ამის შემდეგ მმართველმა მისი საპყრობილეში წაყვანა ბრძანა და ახალი სატანჯველის მოფიქრებას შეუდგა.

წმინდა ბარბარეს ჭრილობებისაგან სული ძლივს ედგა. საპყრობილეში უფალ იესო ქრისტეს ევედრებოდა და დავით წინასწარმეტყველის მსგავსად ხმობდა: "ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა" (ფსალმ. 37, 21-22).

ლოცვის ჟამს უეცრად ნათელი გამობრწყინდა და წმინდანმა გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო, მას იესო ქრისტე გამოეცხადა, რომელმაც უთხრა:

- "ბარბარე, იღვაწე და ნუ შეშინდები! მე შენთან ვარ და გიფარავ, შენს ღვაწლს ვუმზერ და ტანჯვას გიმსუბუქებ. შენ საუკუნო სიხარული გელის ჩემს ზეციურ სასუფეველში".

ასე ანუგეშა უფალმა თავისი საყვარელი მოწამე ბარბარე და მისი ჭრილობები ისე განკურნა, რომ მათგან კვალიც არ დარჩენილა.
დილით, როცა წმინდა ბარბარე კვლავ მმართველის წინაშე წარდგა, ყველამ დაინახა, რომ ქალწული ჯანმრთელი იყო, სახე ნათელი ჰქონდა და უწინდელზე უფრო მშვენივრად გამოიყურებოდა. მმართველმა მას უთხრა:

- ხედავ, ასულო, როგორ ზრუნავენ შენზე ჩვენი ღმერთები! ჯერ კიდევ გუშინ სასტიკად ნაგვემი იყავი, დღეს კი უწინდელზე უკეთესი ჯანმრთელობა მოგცეს. ემადლიერე, თაყვანი ეცი და მსხვერპლი შესწირე!

წმინდანმა უპასუხა:

- რას ამბობ, მმართველო! შენს ბრმა, უტყვ და უგრძნობ ღმერთებს ავადმყოფთა კურნება და მკვდართა აღდგინება სად შეუძლიათ! მათ არც ჩემი გამოჯანმრთელება შეეძლოთ და რისთვის ვემადლიერო? მე ჩემმა ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ გამამრთელა. ის არის ყოველგვარ სნეულებათა მკურნალი და მკვდართათვის სიცოცხლის მიმცემი. მას მადლიერებით ვეთაყვანები და მსხვერპლად საკუთარ თავს ვწირავ.

წმინდანის ამ სიტყვებმა მმართველი საშინლად განარისხა. მან მისი ხეზე დაკიდება და რკინის კაუჭებით სხეულის დასერვა ბრძანა. წმინდა ბარბარე ყოველივეს უდრეკი სიმამაცით ითმენდა. შემდეგ თავში ჩაქუჩი ჩასცხეს. ამას არათუ ყმაწვილი ქალი, ღონიერი მამაკაციც ვერ გადაურჩებოდა ცოცხალი, მაგრამ მოწამეს ქრისტეს ძალა განამტკიცებდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ქალწული იულიანა


ბრბო მშვიდად ადევნებდა თვალს ამ უმსგავსობას და არ ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ ერთი, ილიოპოლელი ქალწული იულიანა, რომელიც ხედავდა წმინდა ბარბარეს სასტიკ წამებას, წუხდა და მწარედ ტიროდა.

იგი მივიდა მმართველთან და უსამართლობასა და სისასტიკეში დასდო ბრალი. განრისხებულმა მარტიანემ ჰკითხა, თუ რომელ სარწმუნოებას აღიარებდა. მე ქრისტიანი ვარ, - უშიშრად უპასუხა წმინდა იულიანამ.

მაშინ მარტიანემ ბრძანა მისი წმინდა ბარბარესთან ერთად წამება. გულმოწყალე უფალმა განამტკიცა თავის წმინდა მოწამენი და მათაც სიხარულით დაითმინეს სასტიკი სატანჯველი.

იხილა რა ქალწულების ვაჟკაცური მხნეობა და მოთმინება, მარტიანე მეტად განრისხდა და ბრძანა წმინდა იულიანას ბნელ დილეგში ჩაგდება, ხოლო წმინდა ბარბარეს გაშიშვლება და ქალაქში ასე ჩამოტარება.

მაგრამ უფალმა არ დაუშვა თავის წმინდა სასძლოს შერცხვენა და წარმოგზავნა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა დიდმოწამის სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.
მარტიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო წმინდა მოწამეებს, და შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

მოწამებრივი აღსასრული


მმართველმა წმინდა ბარბარესა და წმინდა იულიანას თავის მოკვეთა განუჩინა. წმინდა იულიანას თავი ერთ-ერთმა მეომარმა მოკვეთა.

სასტიკ დიოსკორეს - ბარბარეს მამას, არათუ გული სტკიოდა შვილის ტანჯვის გამო, მისი ჯალათობაც არ შერცხვა. ერთი ხელი გოგონას ჩაავლო, მეორე შიშველ მახვილს და ქალაქგარეთ, დასჯის ადგილზე წაიყვანა.


გზაში წმინდა ბარბარე ღმერთს ევედრებოდა:

- დაუსაბამოო ღმერთო! შენი მხევლისა ისმინე! შენი მადლი მოჰფინე ყოველ ადამიანს, ვინც ჩემს ტანჯვას მოიხსენებს. არ მიეახლოს მას უეცარი ავადმყოფობა და არ მიეწიოს მოულოდნელი სიკვდილი.

ბარბარეს ამ ლოცვის პასუხად ზეციდან ხმა გაისმა, რომელმაც თხოვნის შესრულება აღუთქვა.

მოწამე სიხარულით წავიდა სიკვდილთან შესაგებებლად, უნდოდა, სწრაფად დაეტოვებინა სხეული და უფალთან წასულიყო.

დანიშნულ ადგილს რომ მიაღწიეს, ქრისტეს კრავმა ბარბარემ თავისი წმინდა თავი მახვილს შეუშვირა და უმოწყალო მამამ მას თავი მოჰკვეთა.

დიოსკორეს და მმართველ მარტიანეს ღვთის უეცარი რისხვა დაატყდათ: პირველს - როცა ის მთიდან ეშვებოდა, ხოლო მეორეს - თავის სახლში მეხი დაეცათ და ისე ჩაინაცრნენ, რომ მათი ფერფლიც ვერსად იპოვეს.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

დიდმოწამის წმინდა ნაწილები


ქალაქში, სადაც წმინდა ბარბარე აწამეს, ერთი კეთილმსახური კაცი ცხოვრობდა, სახელად გელენტიონი.

მან აიღო წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნაწილები, ილიოპოლში წაასვენა და შესაფერი პატივით დაკრძალა. შემდგომში ამ საფლავზე ეკლესია აშენდა, სადაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა, ბარბარემ, კიევის დიდ მთავართან, სვიატოპოლკ II იზიასლავის ძესთან (წმინდა ნათლისღებით - მიხეილი-მიქაელ სვიატოპოლი) ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.

1108 წელს სვიატოსლავმა ყოფილი დიმიტრის მონასტრის ადგილას წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი დააფუძნა, ხოლო 1108-13 წლებში აშენდა ოქროს გუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მთავარანგელოზი მიქაელის სამფარველო ქალაქისთვის და დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებიც მთავარანგელოზის ეკლესიაში დაუბრძანებიათ.

ბათო ყაენის შემოსევების დროს წმინდა ნაწილები გადამალეს და მშვიდობიანობის დროს ისევ უკან დააბრუნეს.

1644 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ დიდმოწამის თითის ნაწილი მიართვა პოლონეთის სამეფოს კანცლერს გიორგი ოსოლინსკის, ამავე დროს წმინდანის მარცხენა ხელი, დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა საბერძნეთში, გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ლუცკში და დააბრძანეს მონასტრის ჯვართამაღლების ტაძარში.

1650 წელს კიევი აიღო ლიტველმა გეტმანმა იანუშ რაძივილმა და წმინდა ბარბარეს თითისა და ნეკნის ნაწილი მიიტაცა. აქედან ერთ-ერთი, წილად ხვდა მის ცოლს და მერე კიევის მიტროპოლიტს იოსებ ტუკალკს, მისი სიკვდილის შემდეგ წმინდა ნაწილი მოხვდა ქალაქ ბატურინის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, სადაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებდა.

1656 წელს კიევის მიტროპოლიტმა სილიბისტრომ წმინდა ბარბარეს ნაწილი გადასცა ანტიოქიის პატრიარქს მაკარის.

XVIII ს-ის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კროკოვსკი) წმინდა დიდმოწამე ბარბარეს შეუდგინა დაუჯდომელი საგალობელი, რომელიც დღემდე იგალობება მის წმინდა ნაწილებთან.

1934-36 წლებში წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი განადგურდა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ნაწილები მუზეუმში გადაიტანეს.

1960 წლიდან კი დაბრძანებულია ქ. კიევის წმინდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. ქალწულმოწამის წმინდა ნაწილებთან მრავალი კურნება და სასწაულია დაკავშირებული.

1983 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი.

ეს სიწმინდე ამჟამად დასვენებულია თბილისის ქვემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. თუმცა, როგორც წყაროებით დასტურდება, ქართული ეკლესია უძველესი დროიდან ფლობდა ამ წმინდანის ნაწილს, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეზე არსებულ სანაწილეში ყოფილა დასვენებული.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შეწირეს და იქ არის დაცული.

ტროპარი:
ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

სხვა ტროპარი:
ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი:
სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.


წმინდა დიდმოწამე ბარბარესთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


წმინდა ბარბარეს მოწამეობა და სასწაულები

წმინდა ბარბარეს მადლი შეგვეწიოს

ბარბარეს სიმტკიცით გაკვირვებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე

წმინდა მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის!

იცით თუ არა, რომ...

აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე!

ბარბარობის დღესასწაული ჩვენს ქვეყანაში მეტად წარმართულ კონტექსტშიც აღინიშნება

წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ტროპარი და კონდაკი

ვინ იყო წმინდა ბარბარე

ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული დაგიბედოთ!

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა ბარბარესი

შეგვეწიოს წმინდა ბარბარეს სალოცავები

მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესია -"ბარბარეთი"


იხილეთ დასაწყისი







ბეჭდვა
1კ1