ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმინდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისგან ფარულად მოინათლა.
როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული დაივიწყა და ქალიშვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმინდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს.
წამებას არ დასჯერდა და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. ამ დროს სასწაული მოხდა - წმინდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ ასულს.
დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმ დღესვე დაისაჯნენ - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
წმინდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება. მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას 17 დეკემბერს აღნიშნავს. ამჟამად მისი წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
ოდესღაც სოლოვკებში გადასახლებული მონაზვნები იხსენებდნენ, როგორ კვდებოდა იქ 1929 წლის 25 იანვარს ვორონეჟის მთავარეპისკოპოსი პეტრე (ზვერევი): მეუფესთან ერთად პალატაში ერთი ვეტექიმი იწვა, მისი სულიერი შვილი. მეუფის გარდაცვალების დღეს, დილის 4 საათზე, მან რაღაც უცნაური ხმაური გაიგონა, თითქოსდა ფრინველთა გუნდი შეფრენილიყო ოთახში. თვალები გაახილა და დაინახა წმინდა დიდმოწამე ბარბარე სხვა ქალწულებთან ერთად. ბარბარე მეუფის სარეცელს მიუახლოვდა და აზიარა. მის მხლებელთა შორის ვეტექიმმა წმინდა მოწამე ანისია და დიდმოწამე ირინე შეიცნო. ნანახის შესახებ მან პოლტავის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ბასილს (ზელენცოვს) და სხვებს უამბო.
ეპიფანიელი მოძღვარი, დეკანოზი მიხეილ ჩუდაკოვი (1923-1990) ახალგაზრდობაში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა, მარჯვენა ხელი კი თითქმის მოეგლიჯა. რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. და აი, ერთხელ, ჰოსპიტალში ყოფნისას, ესიზმრა, თითქოს ბრძოლის ველზეა, სროლის ხმა არ ისმის. თვითონ უამრავ დაღუპულს შორის წევს... სიჩუმეში ხედავს, როგორ მოაბიჯებს გრძელ სამოსში გახვეული ქალის ფიგურა ხელში თასით და თავზე ნათებით. თითოეულ მკვდართან იხრება. მეომარმა იცნო დიდმოწამე ბარბარე, რომელიც მიცვალებულებს აზიარებდა. როცა მოწამემ გვერდი აუარა, მან ჰკითხა, რატომ ისიც არ აზიარა. ომის შემდეგ შენ თვითონ მიიღებ აღსარებას და აზიარებო, - უპასუხა წმინდანმა. და მართლაც, ჩუდაკოვი მღვდელი გახდა, თანაც - უქორწინებელი და უამრავი სულიერი შვილი ჰყავდა.
წმინდა ბარბარეს მიერ აღსრულებული სასწაულები ძალზე ბევრია, უდიდეს მადლსა და სასწაულმოქმედ ძალას ატარებს დიდმოწამის წმინდა ნაწილები...
"ყველას გილოცავთ ბარბარობას! ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ეს დღესასწაული არის ბედობის დღეც. ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული დაგიბედოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ ქვეყანას! წმინდა ბარბარე არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მფარველი. წმინდა ბარბარე გარდაცვალების წინაც უზიარებლად არ ტოვებს არავის, ვინც მას ლოცვით მიმართავს. იგი დიდი სასწაულმოქმედია, მაგრამ საჭიროა, ადამიანები მივიდნენ მასთან რწმენით, სიყვარულით, თავმდაბლობით და იგი მათ თხოვნას აუცილებლად აუსრულებს", - ასე იწყებს 2004 წლის 17 დეკემბრის საკვირაო ქადაგებას უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა.
მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო და ქრისტეს ახალდაარსებული ეკლესია სასტიკად იდევნებოდა. რომის წარმართმა იმპერატორმა ვალერიანემ მთელ იმპერიაში ქრისტიანების დევნის განკარგულება გასცა. დევნიდნენ არა მარტო ღვთისმსახურებს, არამედ ერის ხალხსაც. მათ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.
მის მშობლებს თეოფანესა და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისა და ღვთისმოშიში ცხოვრებისთვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისთვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულმოქმედი.
სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა დაბადებიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში.
342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდა კეთილსურნელებასა და მირონს. მათი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ.
წმინდა სასწაულმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ კურნების უშრეტ წყაროს წარმოადგენს. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი სასწაულებისა, იმ სიკეთისა, სიყვარულისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც აგრძელებს.
ცნობილია სანტა კლაუსის (თოვლის პაპას) ისტორია, რომლის სახელიც სწორედ წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება.
გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი წმინდანის ცხოვრებიდან: ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურების დროს წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო ერთი გაღატაკებული კაცის შესახებ, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და არ შეეძლო მათი გამზითვება. მიუხედავად ქალწულების ვედრებისა, განზრახული ჰქონდა მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გაგზავნა. სამჯერ მივიდა მათ სახლთან წმინდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ სამივე ქალიშვილის გამზითვება.
ამგვარად იხსნა წმინდა ნიკოლოზმა ღარიბი მამა და შვილები საშინელი განსაცდელისგან.
სწორედ ამ ისტორიამ განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში, შემდგომ კი იგი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალი წლის სიმბოლოდ იქცა. სანტა კლაუსი ქართულად წმინდა ნიკოლოზს ნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზის მფარველობა არ მოგვკლებოდეს არასდროს!
დემეტრე ტლაშაძემ