სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია:
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II ეპისკოპოსობის ჟამს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. უწმინდესი იგონებდა: "მთავრობის შიშით ეკლესიაში ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. მზის ჩასვლის ჟამი იყო. ტაძარში ვიჯექი და ვფიქრობდი. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალი, პატარა გოგონა ახლდა. ბავშვი მიიყვანა წმინდა ბარბარეს ხატთან, შემდეგ ჰკრა ხელი ბავშვს, მიახეთქა ხატს და უთხრა:
- აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე, თუ არ შეგიძლია მორჩენა, მოკალი და წაიყვანე. მე ამის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლიაო. გოგონა ატირდა. შემეცოდა ბავშვი. თუ არა სწამს, მაშინ რატომ ეპყრობა უდიერად ან ბავშვს, ან ხატს-მეთქი. მივედი მასთან და ვკითხე, ასე რატომ მოიქეცით-მეთქი. ქალმა მიპასუხა, ჩემი შვილი თვალის ავადმყოფობით დაავადდა. ექიმებმა ვერ უშველეს. ახლა მოვიყვანე აქ და თუ ძალა აქვს ღმერთს, მომირჩინოს შვილი და მისი მოსამსახურე ვიქნებიო. შემოვაბრუნე ბავშვი და შემზარა - თვალები არც კი ეტყობოდა, საშინლად ჩაშავებოდა. მოვეფერე, დავამშვიდე, მერე ვულოცე წმინდა ბარბარეს პარაკლისი, წყალი ვაკურთხე, იმ წყლით წმინდა ბარბარეს ხატი გავბანე, ამავე წყლით ბავშვს თვალები მოვბანე, დანარჩენი კი შინ გავატანე და ქალს ვურჩიე, რომ ყოველ დილით მოებანა ბავშვისთვის თვალები. გავიდა ცოტა ხანი.
ერთხელ სახლისაკენ მიმავალს ვიღაცამ მომკიდა ანაფორის კალთაზე ხელი და ნაზად მომქაჩა. მივიხედე. ჩემ წინ პატარა ლამაზი გოგონა იდგა. ბავშვს მოვეფერე და ვკითხე, რა გინდა-მეთქი. დედიკომ მთხოვა, დაეწიეო, - მიპასუხა. მოვიხედე და დავინახე ქალი. მითხრა, ვერ იცანით ეს ბავშვიო? ეს ის თვალებმტკივანი გოგონაა, თქვენ რომ თვალები მობანეთ ნაკურთხი წყლითო. ბავშვს თვალები მორჩენოდა და კვალიც არ ეტყობოდა ავადმყოფობისა. ამის შემდეგ დედამისი წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლი გახდა, ეხმარებოდა ეკლესიას ნივთიერად და სიკვდილამდე არ უღალატია ღვთისთვის. შემდგომში უწმიდესმა კიევში ვიზიტისას მოილოცა ტაძარი, სადაც ასვენია დიდმოწამე ბარბარე. ერთ-ერთი პიროვნებისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერს: ,,ნამეტანი გახარებული დავრჩი, ორჯერ თუ სამჯერ მოვეხვიე წმ. ბარბარეს უხრწნელ გვამს და ცრემლები დავაფრქვიე. ამ 10-15 წლის გამავლობაში არაფერი გამხარებია ისე, როგორც წმ. ბარბარეს ხილვა."