წმინდა ნინო ჩავიდა კახეთში, შეჩერდა კაწარეთში და მოაქცია ისინი. შემდეგ გადავიდა ქუელ დაბაში და იქ მოუწოდა კახეთის მთავრებს, რომლებმაც უკვე იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ და ისიც, რომ მეფე მოინათლა, ამიტომ ქრისტიანული სწავლება სიხარულით მიიღეს, მოექცნენ მასზე და იაკობ მღვდლის ხელით მოინათლნენ. აქედან გადავიდა ბოდში. მასთან მოვიდა კახეთის დედოფალი სუჯი, მთავრები, მრავალი მხლებლითურთ. წმინდა ნინო მოუყვა მას ქრისტეს საიდუმლო განგებულების შესახებ და ტკბილი სიტყვით ასწავლა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ესაუბრა იმ სასწაულებზეც, რომლებიც ცეცხლოვანი სვეტიდან ხდებოდა, რაც მათთვის უკვე იყო ცნობილი.
მათ სიხარულით მიიღეს ნეტარი ნინოს სწავლება და მოინათლნენ დედოფალი, მთავრები და მათი მხლებლები. და როცა ნეტარი ნინო დაშვრა ქადაგებითა და ღვაწლით, სულიწმიდისაგან ეუწყა ამ ქვეყნიდან გასვლა, ამიტომ კახეთის დედოფალ სუჯის ხელით გაუგზავნა წერილი მეფეს, სადაც ეწერა: "იესო ქრისტეს ერთგულ მონას და წმინდა სამების აღმსარებელს, წმინდა მეფეების მსგავსს, მეფე მირიანს. ღმერთმა გარდამოგივლინოს ზეციური წყალობის ცვარი შენ და სამეფო სახლს და მთელ შენ ერს. იყოს თქვენი მფარველი ქრისტეს ჯვარი და მისი უწმინდესი დედის მეოხება. მე მოვიარე ეს ქვეყანა და მოისმინეს ქრისტეს შესახებ ქადაგება და მოექცნენ ქრისტიანობაზე და მოინათლნენ და გამჩენ ღმერთს თაყვანი სცეს. სიხარული გეკუთვნის, რადგან შენს დროს მოხედა ღმერთმა თავის მიერ გაჩენილთ და ამოუბრწყინვა თავისი მეცნიერების ნათელი. ახლა დაიცავით ქრისტეს მართალი სარწმუნოება, რათა ქრისტესთან იყოთ საუკუნო ზეციურ სასუფეველში. რადგან მე, როგორც ერთი ამქვეყნად მოსულთაგანი, გავდივარ წუთისოფლიდან და ჩვენი მამების გზას გავუყვები. საუკუნოდ მოიხსენოს უფალმა თავის კეთილ სამყოფელში დედოფალი სუჯი, რომელმაც მიიღო ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება, შემუსრა კერპები და ჭეშმარიტ ღვთისმსახურებაზე მოაბრუნა ხალხი. ასევე მოუწოდა თავის ძმას და ასულს და კიდევ არტერეონ მთავარს და ასწავლა მათ მართალი სარწმუნოება. ყველა მოინათლა ბოდში მამის, ძის და წმინდა სულის სახელით. ახლა მოავლინეთ ჩემთან წმინდა მამამთავარი, რომ მომცეს საუკუნო ცხოვრების საგზალი, რადგან მოახლოებულია ჩემი აღსასრული."
სუჯი მხლებლებითურთ წავიდა მცხეთაში, მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ღვთისმოსაობით, ცხენიდან ჩამოქვეითდა და გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს და ცხოველ სვეტს შველას. მოხდა იმგვარი სასწაული, როგორც ეგვიპტიდან ებრაელების გამოსვლის დროს, როდესაც მეწამული ზღვა გაიპო და ხალხმა დააღწია თავი მტერს. აქაც ადიდებული არაგვი შუა გაიპო. მარჯვნივ და მარცხნივ წყალი ზღუდედ აღიმართა, ხოლო დედოფალი და მისი ამალა უვნებელი გადავიდა მეორე ნაპირზე. ისინი მადლობას სწირავდნენ და ადიდებდნენ ღმერთსა და ცხოველ სვეტს. მეორე ნაპირთან მდგარმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ და ხალხმა დაინახა, თუ როგორ შევიდა დედოფალი სუჯი გახელებულ მდინარეში, როგორ შედრკა წყალი და გზა მისცა დედოფალს. დედოფალმა მდინარეში ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე. შიშითა და გაკვირვებით მოეგებნენ მას მეფე და მთავარეპისკოპოსი და ყველანი შევიდნენ ეკლესიაში. ცხოველი სვეტის წინაშე ცრემლმდინარე მხურვალედ ლოცულობდა დედოფალი სუჯი, რომელმაც საკუთარი თავი და შვილი და მთელი მისი მონაგები, ქალაქი მცირე ბართონი და დიდი დაბა ბოდისი შესწირა სვეტს და ხარობდა სულით.
სუჯიმ გადასცა მეფეს ნეტარი ნინოს წერილი. წაკითხვისთანავე შეწუხდა მეფე და თვალები ცრემლით აევსო. მეფემ წმ. ნინოსთან მიავლინა მთავარეპისკოპოსი იოვანე, რათა წმინდა დედა წამოეყვანა მცხეთაში, მაგრამ ნინომ არ ისურვა. ყველანი ნინოს სახეს უყურებდნენ, როგორც ანგელოზის პირს, და რწმენითა და სიყვარულით ეამბორებოდნენ მას, მის სამოსს მცირე ნაწილებს ახევდნენ, როგორც სიწმინდეს, რწმენით ემთხვეოდნენ და თვალცრემლიანი ევედრებოდნენ თავიანთ მოძღვარს, პატიოსანსა და სნეულთა მკურნალს. სალომე უჯარმელი, პეროჟავრა სივნიელი და მათთან ერისთავები და მთავრები ეკითხებოდნენ წმინდა ნინოს, - ვინა ხარ, ან საიდან მოხვედი ამ ქვეყანაში ჩვენს მაცხოვრადო, სად აღიზარდე, დედოფალო, გვაუწყე შენი საქმე. რატომ ამბობ, ტყვე ვარო, ტყვეთა მხსნელო და სანატრელო, რამეთუ შენგან გვისწავლია, რომ იყვნენ წინასწარმეტყველები ღვთის ძის უწინარეს, შემდგომ თორმეტი მოციქული, სხვა სამოცდაათნი. ჩვენში არავინ მოავლინა ღმერთმა შენს გარდა და როგორ იტყვი, ტყვე ვარო და როგორა ხარ უცხოო".
მაშინ დაიწყო მოყოლა წმინდა ნინომ და თქვა: "ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მხევლისათა. აწ გაუწყო-ცა, რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ხორხად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან".
სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა მოიმარჯვეს საწერი. წმინდა ნინომ დაიწყო თხრობა და ისინი იწერდნენ ამას და ყოველივე მოუთხრო მათ წმინდა ნინომ თავის შესახებ, რაც მის ცხოვრებაშია მოთავსებული.
ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმინდა ნინო აზიარა ქრისტეს განმაცხოველებელ სისხლსა და ხორცს, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეჰვედრა სული. "ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმინდა სამებას და პატიოსან ძღვნად სულიწმიდით შობილი ერი მიართვა". მთელი ერი შეიკრიბა მისი წმინდა სხეულის თაყვანისსაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლითშემოსილ გვამს რომ შეხებოდა...
წმინდა ნინო გარდაიცვალა კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ ბოდბესთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ბოდი უნდა იყოს დღევანდელი სოფ. ნინოწმინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმინდა ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო "სიცხე და ხურვება", რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით, მალარიას შეესაბამება. წმ. ნინოს გარდაცვალებამ შეაწუხა ორივე ქალაქი, მცხეთა და უჯარმა და მთელი ქართველობა.
მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმინდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მაშინ მიხვდნენ, რომ ასე სურდა წმინდანს და დაკრძალეს იქვე, კახეთის დაბა ბოდში. წმინდა დედამ ასე დაკრძალვა ისურვა მეფისაგან უფლის მსგავსად, სიმდაბლისათვის, რადგან ის ადგილი იყო მეტად შეუფერებელი; ამიტომ მეფე და წარჩინებულები შეწუხდნენ, მაგრამ მომხდარისა გამო და კიდევ წმინდანის ანდერძის შესასრულებლად დამარხეს იქ და ეკლესიაც ააშენეს, სადაც პატივით დაადგინეს ეპისკოპოსი. დიდი მოკრძალებით პატივი სცეს ქართლის, კახეთის და ჰერეთის განმანათლებელს, სანატრელსა და ღვთისაგან დიდებულ წმინდა ნინოს. ოცდაათი დღე წმინდა ნინოს საფლავთან დარჩნენ და ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.