მცხეთის ჯვრის სასწაულები
იმ დროს მეფე რევს შვილი სასიკვდინე სენით ჰყავდა ავად. შეწუხებულმა მეფემ მიიყვანა იგი წმინდა ნინოსთან და უთხრა, - თუ შენი ლოცვით სიცოცხლე დაუბრუნდება ჩემს მომაკვდავ ძეს, თუ ჯვარი პატიოსანი შეძლებს მის განკურნებას, მაშინ ავაშენებ ისეთ საყდარს, როგორიც კი შემეძლებაო.
რევმა, ამის თქმის შემდეგ, დააწვინა ვაჟი ჯვართან და ცრემლით და გოდებით სთხოვა მისი შველა:
- შენ, უფალო, რომელმაც მიწისაგან დაბადე კაცი, რომელიც მოაკვდინებ და აცხოვნებ ადამიანს, რომელიც ჯოჯოხეთში ჩაიყვან და ამოიყვან მას, რომელიც შენი მეორედ მოსვლით აღადგენ ყველას, შენ, ღმერთო, მიანიჭე სიცოცხლე ჩემს მხოლოდშობილ ძეს ჯვარი პატიოსნის ძალითა და შეწევნით.
როგორც კი ლოცვა დაამთავრა რევმა, მაშინვე გამოჯანმრთელდა ყრმა. ყველამ ერთხმად ადიდა ღმერთი. მეფემ პირობა აასრულა და გაამზადა კუბო პატიოსანი ჯვრისთვის.
ორივე თვალით ბრმა ჭაბუკი ქრისტეს ჯვრის წინ იჯდა. შვიდი დღის შემდეგ ჯვრის ძალით აეხილა თვალები და ადიდა ჯვრის ძალა.
ერთ დედაკაცს უკეთური სული რვა წლის მანძილზე გვემდა, ისე რომ, ძალი და გონება წართმეული ჰქონდა, ტანზე სამოსელს იხევდა. მოიყვანეს და პატიოსან ჯვარს ამთხვიეს. მეთორმეტე დღეს განიკურნა. შინ თავისი ფეხით წავიდა, ადიდებდა ღმერთს და თაყვანს სცემდა პატიოსან ჯვარს.
ერთ პატარას თამაშისას ფეხი დაუსხლტა, დაეცა და მოკვდა. ჯავრით გულგასენილმა დედამ მკვდარი ბავშვი აიყვანა და ჯვრის წინაშე დაასვენა. ხალხი ეუბნებოდა, დამარხეო, მაგრამ იმედით გულმოცმული ქალი ღმერთს სთხოვდა მის გაცოცხლებას. უეცრად ნათელი გამოკრთა ჯვრიდან, ვითარცა ელვა და მას ტკბილი ხმაც გამოჰყვა - დიდია, დედაკაცო, შენი სარწმუნოება, შენი სასოება. მოგანიჭებ გაცოცხლებულ შვილს. და ნუღარ შეაწყენ აქ მყოფ ხალხსო. უეცრად ყრმა გაცოცხლდა და დედას ყელზე მოეხვია. ქალს მოულოდნელი სიხარულისგან მცირე ხნით გული წაუვიდა და მკვდარივით დაეცა ჯვრის წინაშე. გაოცდა მეფე და მთელი ერი და ადიდეს სახიერი ღმერთი.
მრავალნი შეჭირვებული უღმერთონიც კი, როგორც კი შესთხოვდნენ წმინდა ჯვარს, მაშინვე შორდებოდათ ჭირი და მოდიოდნენ ჯვრის სამთხვევად, სასწრაფოდ ინათლებოდნენ და ადიდებდნენ პატიოსან ჯვარს. (მცხეთის ჯვარ-პატიოსანი შედგება ვერცხლის ფურცლებით შეჭედილი ხის ორი ძელისაგან. ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ბოლოებში გამოსახულია თითო მახარებელი. მიქაელ საბინინის ცნობით, XIX საუკუნის მიწურულამდე ყოვლადპატიოსანი ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხეველში იყო, ხოლო ამავე საუკუნის დასასრულს იგი ისევ ჯვრის მონასტერში გადაასვენეს. 1964 წელს ჯვარი ორგზის გაუძარცვავთ. ჯვარში ჩასვენებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის ნაწილი. 2004 წელს ამ ჯვრიდან მირონმა დენა დაიწყო. სვეტიცხოვლის ტაძრის მაშინდელი წინამძღვარის, მამა ილია ნასიძის ხელმძღვანელობით, ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა. 2004 წლის 24 ივნისს იგი ჩაასვენეს ძველი ქართული მინანქრული წესით შესრულებულ ვერცხლის მოოქრულ ლუსკუმაში. ამჟამად ეს ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარშია აღმართული).
ანტიოქიის პატრიარქი საქართველოში და დიდი ნათლობა
იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ნიკეის კრების მონაწილე, მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი - ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა.
ქართლი ჯეროვანი პატივით მიეგება პატრიარქს. მან წმინდა ნინოს ელენე დედოფლისგან გამოგზავნილი ძელი ცხოვრების ნაწილი, მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები და ქებითა და შესხმით შემკული წერილი გადასცა.
მირიანის ბრძანებით, სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. ამ ადგილს "მთავართა სანათლო" ეწოდა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა და საკურთხეველნი დაამყარა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა. მან მონათლა, აგრეთვე, ურიათა მღვდელთმოძღვარი აბიათარი, მისი ნათესავნი, ელიოზის სახლ-ტომი და სხვა ორმოცდაათი მოქცეული ებრაელი. ებრაელები აღსდგნენ აბიათარის წინააღმდეგ, დაარღვიეს სინაგოგა და გაიფანტნენ. მონათლულ ებრაელებს მეფემ დაბა ციხედიდი უბოძა.
წმინდა პატრიარქმა ევსტათიმ ქვეყანა მართალ სარწმუნოებაზე დაამტკიცა, განუწესა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, საეკლესიო და საღვთისმსახურო წესები ასწავლა, რის შემდგომ დიდი პატივით გააცილეს თავის ქვეყანაში.
ამავე დროს ფრანგმა დიაკონმა წმინდა ნინოს რომის პაპისგან წერილი ჩამოუტანა. პატრიარქი ლოცავდა მეფესა და ერს, წმინდა ნინოს ქებას ასხამდა და მისგან ლოცვას ითხოვდა. დიაკონს თან ჰქონდა წერილი ფრანგი მთავრისა, რომელიც წმინდანის მამას - ზაბულონს მოენათლა. ქართლში ქრისტიანობის ნათლის მიფენა და წმინდა ნინოს სასწაულები მათ ყურამდეც იყო მიწევნილი. დიაკონმა, მთავრის ბრძანებით, თვალით ხილული და მოსმენილი ყველაფერი ჩაიწერა და თავის ქვეყანაში წაიღო.
წმინდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა (XIX საუკუნის ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე მიხეილ (მიქაელ-გობრონ) საბინინი წერს, რომ "სვეტისცხოვლის კრების ეკლესიის პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდა ჯვარის ეკლესიის სამხრეთით, ძირს, შორიდან მოჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა, ფრიად ფურცლოვანი. შუა კლდეში გამოქვაბულია მცირე ეკლესია, აწ დარღვეული. იგი აუშენებია წმინდა მოციქულ ნინოს. იმ ეკლესიის ძირში, კლდიდან, გამოდის მცირე წყარო, ფრიად მშვენიერის გემოსი, რომელსა უწოდებენ ძუძუს წყაროს. წყარო ესე არს გამოთხოვილი წმინდა ნინოს ცრემლით, ოდენ დაემალა ნეტარი ამ ქვეყნის ამაო დიდებასა. რომელთა დედათა მშობიერობის შემდეგ დაეშრიტების ხოლმე რძე, მივლენან ამ წყაროსთან, უთევენ მოწიწებით ღამესა იმ ეკლესიის გვერდზე და შემდეგ მხურვალისა ლოცვისა წმინდა ნინოს მიერ მიეცემის ხოლმე რძე ყრმათათვის"). ამ კლდის სიახლოვეს უხსოვარი დროიდან ზამთარ-ზაფხულ ფოთოლმსხმოიარე სურნელოვანი ხე იდგა, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. ეს ხე საკვირველი იყო იმითაც, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი მის ფოთოლს ან თესლს თუ შეჭამდა, გადარჩებოდა. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისა-თვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ჯვარცმული უფლის სადიდებლად ჯვრები მისგან შევქმნათო.
მთიულთა მოქცევა
იმ დღეებში რომიდან მოვიდა წიგნი, რომელიც პატრიარქმა მოსწერა წმ. ნინოს, მეფესა და ქართველ ერს. მას მოჰყვა ფრანგი დიაკონი, რათა ქება შეესხა ნინოსათვის და მისგან მიეღო ლოცვა-კურთხევა და მადლი. მან მიართვა წმინდა ნინოს წერილი ფრანგთა მეფისა, რომელიც ნინოს მამისაგან იყო მონათლული. მეფეს იერუსალიმიდან და კონსტანტინოპოლიდან შეეტყო, რომ ქართველთა ქვეყანა სიმართლის მზით განათებულიყო. გაეგოთ იმ სასწაულებისა და კურნებების შესახებ, რომელნიც სვეტთან და მაყვლოვანში ხდებოდა და ამიტომ მოსწერეს ქების წიგნი. ფრანგმა დიაკონმა მოისმინა მცხეთაში სვეტთან მომხდარი სასწაულების ამბავი, თავადაც იხილა და გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს და წერილებით გაბრუნდა უკან.
მაშინ უთხრა მეფემ წმინდა ნინოს და ეპისკოპოსს: "მნებავს, რათა იძულებით, მახვილით მოვაქციოთ მთიულები და ჩემი სიძე ფეროზი, დავუმონოთ ისინი ღვთის ძეს და ვათაყვანოთ პატიოსან ჯვარს". წმინდა ნინომ მიუგო: ღმერთს არ უბრძანებია მახვილის აღება, არამედ წმინდა სახარებითა და პატიოსანი ჯვრით უნდა დავანახოთ ჭეშმარიტი გზა, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში მიიყვანს კაცს და ღვთის მადლი განანათლებს მათი გულების სიბნელეს. და წავიდნენ წმინდა ნინო, ეპისკოპოსი იოვანე და მათ გააყოლა მეფემ ერთი ერისთავი. მოვიდნენ და დადგნენ წობენს, მოუხმეს მთიულებს, პირუტყვის სახის კაცებს, ჭართალელებს, ფხოველებს, წილკნელებს და გუდამაყრელებს. უქადაგეს მათ საუკუნო ცხოვრებასთან მიმყვანი ქრისტიანთა ჭეშმარიტი რჯული, ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება. მაშინ მეფის ერისთავმა მოიმარჯვა მახვილი და ძლევით შემუსრა მათი კერპები. იქიდან გადავიდნენ და ჟალეთს დადგნენ, უქადაგეს ერწო-თიანელებს. მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს, ხოლო ფხოველებმა დატოვეს თავიანთი ქვეყანა და გადავიდნენ თუშეთში. სხვა მთიულებიც არ მოიქცნენ ქრისტიანობაზე. რადგან ნათლისღება არ ისურვეს, ამიტომ მეფემ დაუმძიმა მათ ხარკი. შემდგომში ზოგი მათგანი მოაქცია წმ. აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი