ისრაელიანთა მთელ მსოფლიოში მიმოფანტვა ღვთის განგებულებით მოხდა, რათა მათ შეემზადებინათ საფუძველი მესიის მოსვლისთვის
როგორ ყოფაში უხდებოდათ ისრაელიანებს ცხოვრება ბაბილონის ტყვეობის პერიოდში?
რატომ დაუშვა უფალმა რჩეული ერის ტყვედ ჩავარდნა? რატომ უჩვენა ტყვეობისას მათ წინასწარმეტყველი დანიელისა და მისი სამი მეგობრის მაგალითი? რატომ იმოქმედებდა კეთილად ტყვეობა ისრაელის ერზე და რა იყო მიზეზი რGეული ერის შვილების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტვისა?..
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- როგორც ვიცით, აღთქმული ქვეყნიდან ისრაელის გადასახლება ერთბაშად არ მომხდარა. ნაწილი ასურეთის მიერ ისრაელის სამეფოს დაპყრობის შემდეგ გადაასახლეს ასურეთში, ნაწილი - სხვადასხვა დროს. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც იუდეველები აუჯანყდნენ ბაბილონელთ და ბაბილონელებმა ერთიანად გაანადგურეს იერუსალიმი და სოლომონის ტაძარი, ისრაელიდან ერთიანად გადააასახლეს მთელი ებრაული ელიტა, იქ მხოლოდ დაბალი ფენების წარმომადგენლები, გლეხები და მუშები დატოვეს.
გადასახლებული ებრაელები ბაბილონელთა ტყეობაში 70 წელიწადს იმყოფებოდნენ. პირველ ხანებში მათ აუტანელ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. ბაბილონელები ჩაგრავდნენ და ავიწროებდნენ, მაგრამ შემდგომ ისრაელიანთა მდგომარეობა გაუმჯობესდა - მათ ვაჭრობისა და საკუთარი ქონების შეძენის ნება მისცეს. ნაბუქოდონოსორმა თავად მეფე იექონიაც კი გაათავისუფლა ტყვეობიდან და სამეფო სასახლეში ცხოვრების ნება მისცა. ასევე დააწინაურეს წარჩინებული ებრაელები, ისინი სახელმწიფო მოხელეებად დანიშნეს. ძალიან ბევრი ებრაელი კარგად ცხოვრობდა ბაბილონში, განსაკუთრებით წინასწარმეტყველი დანიელი და მისი სამი მეგობარი - ანანია, აზარია და მისაილი, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს განადიდებდნენ. სწორედ ჭეშმარიტი ღვთის განდიდებითა და იმ სიბრძნით, რასაც მათ უფალი განუცხადებდათ, შეიქმნენ ღირსნი დაწინაურებისა.
დანიელი და მისი სამი მეგობარი
დანიელი და მისი მეგობარი სამი ყრმა, ანანია, აზარია და მისაილი, ნაბუქოდონოსორმა სხვა ბავშვებთან ერთად წაიყვანა ტყვეობაში. მეფის ბრძანებით, ისინი სასახლეში იზრდებოდნენ და მეფის ტაბლას ინაწილებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კერპთმსახურთა შორის ცხოვრობდნენ, მტკიცედ აღასრულებდნენ მოსეს სჯულს. სანაცვლოდ უფლისგან დიდი ნიჭი და სწავლაში წარმატება მიემადლათ, დანიელს კი წინასწარმეტყველების ნიჭი და სიზმრების ახსნის უნარიც მიეცა. მან მეფე ნაბუქოდონოსორსაც აუხსნა საოცარი სიზმარი, რომლის ახსნაც ვერც ერთმა ბრძენმა ვერ შეძლო. მაშინ დანიელმა ღვთის წინაშე ლოცვა-ვედრების სანაცვლოდ შეძლო მეფისთვის სიზმრის ახსნა. ნაბუქოდონოსორმა მადლობა შესწირა ჭეშმარიტ ღმერთს და დანიელი ბრძენთა, მოგვთა უფროსად დანიშნა, მის მეგობრებს კი სახელმწიფო სამსახურში მაღალი თანამდებობები მისცა. მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად, ისინი მტკიცედ აგრძელებდნენ სჯულით ცხოვრებას. ამის გამო არაერთი განსაცდელი მოიწიეს ბაბილონელთაგან.
ერთხელაც მეფე ნაბუქოდონოსორმა მინდორში კერპი დადგა და ხალხს უბრძანა, საყვირის ხმაზე პირქვე დამხობილიყვნენ კერპისთვის თაყვანსაცემად. ურჩნი გახურებულ ღუმელში უნდა ჩაეყარათ. ხალხმა თაყვანი სცა კერპს, მხოლოდ ანანიამ, აზარიამ და მისაილმა არ აღასრულეს ბრძანება - ჩვენ მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს ვეთაყვანებითო. მეფის ბრძანებით, ახალგაზრდები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. ცეცხლი ისეთი ძლიერი იყო, რომ მასთან მიახლოებისას მსახურები დაიწვნენ. უფალმა ყრმებს ანგელოზნი მოუვლინა, რომლებმაც ცეცხლი ცვრად აქციეს, ალი კი გაფანტეს. ყრმები ცეცხლში მიმოდიოდნენ და გალობდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. მეფე ღუმლის კართან იჯდა, როდესაც მათი გალობა ესმა, გაუკვირდა და მათ გარეთ გამოსვლა სთხოვა. გარეთ გამოსულ სრულიად უვნებლად დარჩენილ ახალგაზრდებს ტრუსის, ალის სუნიც არ ასდიოდათ. მეფე მათ წინ დაეცა, თაყვანი სცა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, შემდეგ ახალგაზრდები თავის სამეფოში იუდეველთა უფროსად დანიშნა...
- ვიცით, რომ უფალმა ისრაელიანთა ტყვეობა იმის გამო დაუშვა, რომ ჭეშმარიტ ღმერთს მიბრუნებოდნენ და ღვთის რწმენაში, სარწმუნოებაში განმტკიცებულიყვნენ. რატომ გახდა აუცილებელი ამისათვის მათი ტყვეობაში ჩავარდნა?
- ტყვეობაში ყოფნისას ისრაელიანებმა შეიმეცნეს, თუ რის გამო მოიწიეს ეს სასჯელი ღვთისგან. რადგან გადასახლებული იყო წიგნიერი ხალხი, რომელმაც კარგად იცოდა სჯული, მიხვდნენ, რომ ეს სასჯელი სჯულის დარღვევის გამო მოიწიეს, ამიტომ პირველ რიგში გადაწყვიტეს სჯულის აღსრულებით ეცხოვრათ. ფაქტობრივად, ბაბილონის ტყვებაში მათ აღადგინეს უფლის სჯულით ცხოვრება, მაგრამ ისრაელიანები მუდამ წუხდნენ, რომ არ ჰქონდათ აღთქმის კიდობანი, მოშორებული იყვნენ იერუსალიმს და ვერ აღასრულებდნენ მთავარ მსახურებას - მსხვერპლშეწირვას.
ისრაელის ერში სარწმუნოების აღორძინება სწორედ ბაბილონის ტყვეობის პერიოდში მოხდა. ისრაელის ტერიტორიიდან ისრაელიანთა გადასახლება ქრისტემდე 607-606 წლებში დაიწყო. 587-585 წლებში, იუდეველთა ბაბილონელების წინააღმდეგ აჯანყების გამო, განადგურდა მთელი იერუსალიმი და კვლავ მოხდა ებრაელთა ელიტის გადასახლება. ისრაელიანთა აღთქმულ ქვეყანაში პირველი დაბრუნება მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 537 წელს... თუ დავუკვირდებით, ბოლო გადასახლებიდან ებრაელების თავიანთ სამშობლოში დაბრუნებამდე ფაქტობრივად მთელი თაობა გამოიცვალა, მათ შორის იშვიათად იყვნენ დარჩენილი ისრაელიანები, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ისრაელიანთა ტყვეობამდელი ცხოვრებისა. ბიბლია გვაუწყებს, როდესაც ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის ხელახლა აგება დაიწყეს, ხანდაზმული ისრაელიანები წუხდნენ, - ახალი ტაძარი არ არის ძველივით ბრწყინვალეო. ისინი იყვნენ წორედ ის ებრაელები, რომლებიც იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დანგრევისას მცირეწლოვანნი იყვნენ. ამდენად, ის თაობა, რომელიც დაისაჯა თავისი უსჯულოების გამო, ფაქტობრივად ტყეობაში გარდაიცვალა, ისრაელში კი დაბრუნდა ახალი თაობა. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ წინაპართა თაობაც გამოსწორდა, სწორედ მათ აღზარდეს შთამომავლობა სჯულის მცნებების დაცვით. სწორედ ეს თაობა შეიქნა უკვე ღირსი ისრაელში დაბრუნებისა.
- რატომ იმოქმედა ტყვეობაში ყოფნამ ისრაელიანებზე?
- ტყვეობაში ყოფნისას ადამიანს არ შეუძლია აკეთოს ის, რაც სურს, მას შეზღუდული აქვს პიროვნული უფლება, თავისუფლება. მასში ქრება ამპარტავნება, იმის გამო, რომ დამდაბლებულია. ამ დროს ადამიანში სინანულის გრძნობა იღვიძებს, ხვდება, რა დაკარგა და იწყებს ფიქრს, როგორ დაიბრუნოს დაკარგული. ისრაელის ერი მიხვდა, რომ მათი უკან დაბრუნება შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის აღდგენით, რის გამოც ეს ყველაფერი დაკარგეს - ღვთის მცნებების დარღვევით დაკარგეს და ღვთის მცნებების აღსრულებითვე შეიძლებოდა ყველაფრის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც ეს ადამის შემთხვევაში მოხდა: როდესაც ცოდვის ჩადენის შემდეგ უფალი ადამს უხმობს და მას და ევას პასუხს სთხოვს, ისინი სინანულს კი არ ამჟღავნებენ, არამედ ადამი - ევას, ევა კი გველს აბრალებს დანაშაულს. იმისთვისაც განიდევნენ სამოთხიდან, რათა მიმხვდარიყვნენ, რა დაკარგეს და დაკარგულის გამო მაინც მოსულიყვნენ სინანულში.
იერუსალიმიდან განდევნილი ისრაელიანები მართლაც ამის შემდეგ მიხვდნენ, რა დაკარგეს და სინანულიც დაეუფლათ. როდესაც მონანულებმა ღვთის მცნებების აღსრულება დაიწყეს, შეიქნენ კიდეც ღირსი უკან დაბრუნებისა.
- რატომ უჩვენებს უფალი ტყვეობაში მყოფ ისრაელიანებს მაგალითად დანიელისა და მისი სამი მეგობრის ცხოვრებას?
- მათი მაგალითი არა მარტო ძველი აღთქმის ადამიანებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვისაც სანიმუშოა. ისინი იზრდებოდნენ სამეფო კარზე და სამეფო საკვებით იკვებებოდნენ, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ მათ საზრდელში სჯულით აკრძალული საკვებიც შედიოდა, იმის გარკვევა კი არ დაუწყიათ, რომელი ცხოველის ხორცი მიჰქონდათ მათთვის, საერთოდ უარი თქვეს ხორცის მიღებაზე და პურითა და მწვანილით იკვებებოდნენ, რომლის სიწმინდეშიც დარწმუნებულნი იყვნენ. მათი აღმზრდელი წუხდა, ყრმები დაუძლურდებიან და მეფე დასჯითო. ყმაწვილებმა აღმზდელს სთხოვეს, ათი დღით მიეცა ასეთი საკვებით საზრდოობის ნება, სხვა მათ აღსაზრდელ ყრმებს კი სამეფო საკვები ეხმიათ. ათი დღის შემდეგ ებრაელი ყრმები დანარჩენებზე უკეთესად გამოიყურებოდნენ და სხარტადაც აზროვნებდნენ. უმთავრესი მიზეზი ამისა ის გახლდათ, რომ ახალგაზრდა ისრაელიანებმა ეს ღვთის რწმენითა და სასოებით გააკეთეს, ბოლომდე იყვნენ მინდობილნი უფალს, მიაჩნდათ, რომ მათ შესაძლებლობებს, ჯანმრთელობას და გარეგნობას საკვები არ განსაზღვრავდა... მათი სარწმუნოების მწვერვალი ყრმების გახურებულ ღუმელში შეყრით გამოიხატა, საიდანაც ღვთის რწმენითა და სასოებით აღვსილნი სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ... მათი ცხოვრების წარმოჩენით უფალი რჩეული ერის წარმომადგენლებს - იუდეველებსაც განამტკიცებდა, მიანიშნებდა, თუ რა შეეძლო ჭეშმარიტ მორწმუნეს, როგორ შეიძლება დაიცვას უფალმა მისი მადიდებელი კაცი. ისინი თითოეული ჩვენგანისთვისაც მაგალითნი არიან სარწმუნოებისა.
- გადასახლების დროს ისრაელიანნი მიმოიფანტნენ სხვადასხვა ქვეყანაში, ყველამ თავი არ მოიყარა ბაბილონში. რატომ დაუშვა უფალმა რჩეული ერის მთელ მსოფლიოში განთესვა?
- ებრაელთა ნაწილი, ვინც უშუალოდ ნაბუქოდოსონორმა და ბაბილონელებმა დაატყვევეს, მოხვდა ბაბილონის ტყვეობაში. როგორც ვიცით, დაბალი ფენის წარმომადგენლები ისრაელის ტერიტორიაზეც დარჩნენ. მანამდე ისრაელიანნი გადაასახლეს ასურეთშიც. პირველად სწორედ ასურეთის მიერ ისრაელის სამეფოს განადგურების პერიოდში მოხდა ებრაელთა სხვადასხვა ქვეყანაში გასვლა. ვინც თავი დააღწია ასურელთა ტყვეობას, სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა თავი. შემდეგ, გაჭირვების გამო, ისრაელში დარჩენილებმაც ნებით დატოვეს მშობლიური მიწა და სხვაგან გადასახლდნენ.
რჩეული ერის გაფანტვა მოხდა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების პერიოდშიც და ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის იმპერიის დაპყრობის დროსაც. ამას უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონდა.
ცხადია, ისრაელიანთა მთელ მსოფლიოში მიმოფანტვა ღვთის განგებულებით მოხდა, რათა მათ შეემზადებინათ საფუძველი მესიის მოსვლისთვის - მათი მეშვეობით გავრცელებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება დედამიწაზე. როდესაც უკვე მაცხოვარი მოვიდა და დაიწყო ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება, სახარების, ჭეშმარიტი სჯულის საქადაგებლად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გასული მოციქულები პირველად სწორედ იმ ქვეყნებში არსებული ებრაული დასახლებებიდან იწყებდნენ ქადაგებას. ამაზე მეტყველებს აღმოსავლელი მოგვების მიერ ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემის ფაქტიც. მოგვებმა სწორედ დანიელ წინასწარმეტყველისგან უწყოდნენ, რომ მესია, მაცხოვარი, მხსნელი უნდა მოსულიყო. იმ დროიდან, როდესაც იგი მოგვთა მეთაურად იყო დანიშნული, დანიელმა მოგვებს ჭეშმარიტი სარწმუნოება ასწავლა. მართალია, მათ შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ ცოდნა სრულად ვერ შეინარჩუნეს, მაგრამ როდესაც უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი იხილეს, გაახსენდათ წინაპრებისაგან ნასწავლები, გამოჰყვნენ უჩვეულო ვარსკვლავს და ჩამოვიდნენ ისრაელში, ანუ გამოხატულება იმისა, თუ როგორ ვრცელდებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, როგორ ღვივდებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოების მარცვლები სხვადასხვა ხალხში, არის თუნდაც ის, რომ მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მაცხოვრის თაყვანსაცემად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი