იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
უფალი არ არის სამყაროს პასიური განმკარგველი. თავისი შესაძლებლობით ის სამყაროში არსებული ყველა ძალის ერთიანობას აღემატება
უფალი არ არის სამყაროს პასიური განმკარგველი. თავისი შესაძლებლობით ის სამყაროში არსებული ყველა ძალის ერთიანობას აღემატება
მიწიერი სამზადისი საიდუმლოს განგებულებისა
მიუხედავად იმისა, რომ დავითის მიერ მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული შეცოდების გამო უფალმა ისრაელს მკაცრი სასჯელი დააკისრა, მეფე მაინც ღრმად იყო დარწმუნებული ღმერთის ლმობიერებასა და გულმოწყალებაში. ცხადია, მისი რწმენა ღვთის აღთქმას ეფუძნებოდა (2 მეფ. 7:1-14). როდესაც დავითმა ისრაელზე ხალხის მმუსვრელი ანგელოზი დაინახა, უთხრა უფალს: "აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!" (2 მეფ. 24:17). როგორც ჭეშმარიტ მწყემსსა და მეფეს, დავითს აწუხებს ხალხის ბედი და თავის ლოცვაში უფალს სასჯელის საკუთარ სახლზე ანუ შემცოდეზე გადმოტანას სთხოვს. ცოდვის გამო დავითი მართლაც იმსახურებს სასჯელს, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის თავგანწირვაში უკვე გამოჩნდა კაცობრიობის ცხოვრებაში მომავალი ჭეშმარიტი მწყემსი, უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავს გაწირავს საკუთარი ცხვრებისთვის. დაწერილია: "და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს" (მათ. 2:6). უფალი თვითონ ბრძანებს: "მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის" (იოან. 10:11; შეად. 1 პეტ. 3:18; რომ. 5:8; 6:23; 1 კორ. 15:3; ფილ. 2:8; ებრ. 9:15;12:2). სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავითის ეს ბოლო შეცოდება დიდად მეტყველი მინიშნებებით მთავრდება და პირობითად მას შეიძლება "ახლებურად მსხვერპლშეწირვა" (2 მეფ. 24:18-25) ვუწოდოთ. ახლებურად მსხველპრშეწირვა დავითის სიტყვებით: "ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!" და მაცხოვრის მიერ გაღებულ მსხვერპლში აღსრულდება. ეს არის მეფეთა პირველი ორი წიგნის ბოლო და მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რადგან ბიბლიაში წარმოდგენილ შემდგომ მოვლენებს აქ აღწერილი ამბით მოეფინება ნათელი.***
ბოლო ცოდვის გამო "მოვიდა დავითთან გადი (წინასწარმეტყველი) და უთხრა: წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო ორნა იებუსეველის კალოზე" (2 მეფ. 24:18). "აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდან ჟამი ისრაელს" (2 მეფ. 24:25). ამ დღიდან ორნას კალო წმინდა სამსხვერპლოდ, იმ წმინდა ადგილად გადაიქცა, სადაც მოჰქონდათ მსხვერპლი და აღავლენდნენ ლოცვას. ამავე დროს, 2 მეფ. 24:16-25-ში წარმოდგენილ ეპიზოდში ნათლად ჩანს მსგავსება იმ ბიბლიურ ისტორიასთან, სადაც აბრაამმა სარას დასაკრძალი ადგილი გამოისყიდა და დაისაკუთრა (დაბ. 23:1-20). ორნას სურდა დავითისთვის ეჩუქებინა კალო, რამდენიმე ხარ-უღელი და კალოს მთელი მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ დავითმა წინადადება არ მიიღო და ყველაფერი სრულად გამოისყიდა. ამრიგად, დედამიწაზე, იქ, სადაც უფლის რჩეული ხალხი სახლობდა, გაჩნდა მეფის მიერ ღმერთისთვის გამოსყიდული ტერიტორია, რომელიც ამქვეყნიური კანონების მიხედვითაც კი უფალს მიეკუთვნება. აქ დასრულდა დავითის ბოლო ცოდვის გამო ებრაელთათვის სასჯელად მოვლინებული შავი ჭირის მომაკვდინებელი ქმედება. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ აქ, ორნას ყოფილ კალოზე, აშენდა სოლომონის ტაძარი. შემდეგ ეს ადგილი იმედისა და რწმენის წმინდა მიწად გადაიქცა. ამ ტაძრისა და მისი შემოგარენის შესახებ ბრძანებს უფალი: "მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია; ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია" (მათ. 5:34-35). ანდა, "მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად" (იოან. 2:16).ღმერთთან პირდაპირი ურთიერთობის გულითადი ფორმა
წმინდა მამები მიიჩნევენ, რომ ფსალმუნი წმინდა წერილის მინიატურული ვარიანტია. ამასთან, წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ადამიანის ღმერთთან მიახლოებას თავად საგალობელი ინსტრუმენტიც კი ხელს უწყობს. ათანასე დიდი გვასწავლის: "ადამიანის მთელი ცხოვრება, სულიერი მოწყობილობა, გონების მიმოქცევა ფსალმუნის სიტყვით არის გაზომილი და აწონილი, შეუძლებელია ადამიანის შესახებ იმაზე მეტის მოძიება, რაც ამ წიგნშია გამოსახული", ხოლო პროფესორი პავლე იუნგეროვი წერს: "ეს წიგნი გონებაზე უფრო მეტად გულს იპყრობს. მეფსალმუნემ თავისი ღვთივგანსწავლული გულით ძველი აღთქმის ყველა ჭეშმარიტება გაიაზრა, გააცნობიერა, განიცადა და სახოტბო საგალობლის სახით გადმოგვცა". სწორედ ამის გამოა ფსალმუნი ყოველი მკითხველისთვის გასაგები და ახლობელი, რაც წმინდა წერილის სხვა წიგნების შესახებ გაგვიჭირდებოდა გვეთქვა. ღმერთის ხატება ფსალმუნებში. წმინდა წერილში ვკითხულობთ: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა" (იოან. 1:18). ესე იგი, ღმერთის ის სახე, რომელიც დავით მეფის ფსალმუნშია გადმოცემული, მეფსალმუნემ უფლის ნებითა და ძალით გამოთქვა. როგორც დავინახეთ, ღმერთი მუდმივად და თანმიმდევრულად უახლოვდება ადამიანს და უკვე არა რომელიმე ცალკეულ პიროვნებას, არამედ მთელ კაცობრიობას, ყველას, ვინც განმზადდება ღმერთთან შესახვედრად. ამ შეხვედრისთვის საჭირო იყო, ადამიანს ღვთის ხატი გონებით უფრო ნათლად წარმოედგინა და გულით უკეთესად შეეგრძნო.
მეფსალმუნისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენდა ცხოველი ინფორმაციის მოწოდება ღმერთის შესახებ, რომელიც არ შეიძლება რაიმე ქმნილებას მიამსგავსო: "რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?" (ფსალმ. 88:7). ქრისტეს შობის შემდეგ მოციქული პავლეც კი, რომელიც "ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენით უთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს" (2 კორ. 12:4), მოგვიანებით ძე ღვთისას ასე მოიხსენიებს: "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი" (კოლ. 1:15), ხოლო იოანე ღვთისმეტყველი გვამცნობს: "ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ" (იოან. 1:13-14). საჭირო იყო ამ სახილველისთვის ადამიანის გულისა და გონების შემზადება. ეს დიდი "აღმშენებლობა" და "განგებულება" ფსალმუნის საშუალებით ახალი ძალით იწყება.
ღმერთი ჩვენი მიწიერი აზროვნებისთვის გასაგები რომ იყოს, იგი ფსალმუნში დასაბამიდან სრული დიდებით გარემოცულ მარადიულ მეფედ წარმოგვიდგება: "გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ" (92:2) და "უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს" (92:1); ამავე დროს ღმერთი არა მხოლოდ რომელიმე ერთ ხალხს განაგებს, არამედ "მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი" (46:8); ის არის კანონმდებელი, მტკიცე მცნებების დამდგენი (95:2), მშველელი და მხსნელი (73:12), "ის განიკითხავს ხალხებს სისწორით" (95:10); უფალი ებრძვის თავის მტრებს, "მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი" (9:16-17), ხოლო მათთან, ვინც აღასრულებს მის მცნებებს, სამარადჟამო აღთქმას დებს (ნახე: ფსალმ.: 24; 43; 49; 54; 73; 77; 88; 102; 104; 105; 110; 131). ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ვინც საკუთარ თავს ღმერთთან აღთქმულ ურთიერთობაში მყოფ, ერთგულ ადამიანად შეიგრძნობს, ფსალმუნი მისთვის განკუთვნილი ჰიმნთა კრებულია.
უფალი არ არის სამყაროს პასიური განმკარგველი. თავისი შესაძლებლობით ის სამყაროში არსებული ყველა ძალის ერთიანობას აღემატება. მისი მეფური სიდიადე მეომრის უმაღლესი ღირსებით არის შემოსილი: "ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს. გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა" (96:3-4). მეფსალმუნე ყველა ღვთისმორწმუნეს ღმერთის საქმისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ უფალი ყოველთვის დაიცავს და განადიდებს მართალ ბრძოლაში შესულ მებრძოლს: "ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხისა, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან" (3; 7; 90; 17; 23; 67; 97).
ღმერთი თავისი ხალხის წინამძღოლია: "უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე"; ის პატრონია, რომელიც სტუმრებს სათანადოდ შეხვდება (22), განკუნავს დაავადებულებს (6:3; 29) და სადაც უფალია, იქ "ბოროტება ვერ დაისადგურებს" (5:5). ღმერთთან განშორება დედას მოცილებული ჩვილის განცდას ემსგავსება: "ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული" (130:2), - წერს მეფსალმუნე.
ცალკეულ შემთხვევებში მეფსალმუნეს ღმერთთან ურთიერთობის ტრადიციული ფორმებიდან გავყავართ და ეს მკითხველს უძლიერებს შთაბეჭდილებას უფლის ძალისა და მისი საიდუმლოებით მოსილი ბუნების შესახებ. ასეთ დროს ვკითხულობთ: "და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა" (3:4), სხვაგან: "განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი" (67:5), ანდა: "თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება" (90:4); და კიდევ: "გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით" (103:2). ამ მეტაფორებში ქვეყნის შემოქმედია წარმოდგენილი. თუ გავადევნებთ თვალს, როგორ ხედავდა ღმერთს დავით მეფემდე ადამიანი, განსხვავება აშკარა გახდება და კვლავ დავრწმუნდებით, რომ შეუძლებელი იყო ცოცხალი ღმერთი ადამიანს დრომდე ისე დაენახა, როგორც იგი ფსალმუნებშია წარმოდგენილი. ეს ხილვები შესაძლებელი იმის გამო გახდა, რომ მოვიდა დრო, როდესაც ადამიანმა უფლის მსგავსად არა მხოლოდ თვალით დაინახა, არამედ გულითაც შეიგრძნო უფალი: რადგან კაცი მანამდე მხოლოდ იმას ხედავდა, რაც თვალში ხვდებოდა, "ხოლო უფალი გულს ხედავს" (1 მეფ. 16:7). ღვთის მორჩილი დავითიც უფლის წინაშე გულითადად ლოცულობდა და მან გულითაც შეიცნო უფალი (2 მეფ. 7:27).
წინასწარმეტყველები საიდუმლოს განგებულებისა
წინასწარმეტყველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთმა მოიხმო, რათა ხალხისთვის უფლის სიტყვა გასაგებ ენაზე ეუწყებინათ. ამ ადამიანების საქმის შესახებ პეტრე მოციქული ბრძანებს: "წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სულიწმიდის კარნახით წარმოთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტ. 1:21). სიტყვა "წინასწარმეტყველი" ერთი მხრივ მომავლის წინასწარმთქმელს, ხოლო მეორე მხრივ იმ პიროვნებას გულისხმობს, ვინც ღვთის შთაგონებით ადამიანებს დამრიგებლურ, შთამაგონებელ და მანუგეშებელ რჩევებს აძლევს. პავლე მოციქული ბრძანებს, ესენი არიან ადამიანები: "ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს" (1 კორ. 14:3).ღმერთისა და წინასწარმეტყველის ურთერთობის შინაარსი უფრო პირდაპირი მნიშვნელობით გამოსვლის წიგნშია წარმოდგენილი: "უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება. შენ იტყვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან" (გამ. 7:1-2), ანდა: "ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ. ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის" (გამ. 4:15-16). როგორც ვხედავთ, მოსე - ღმერთის, ხოლო მისი ძმა, აარონი წინასწარმეტყველის მდგომარეობაშია წარმოდგენილი. წმინდა წერილში ეს გამორჩეული შემთხვევაა. დრომდე უფალი, ებრაელ ხალხში ისეთი პიროვნებების გაჩენას ელოდა, ვინც ღვთისგან ბოძებული სიტყვის განჭვრეტას შეძლებდა. უფალი ბრძანებს: "ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი. პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი" (რიცხ. 12:6-8). მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მოსეს მთავარი საქმე წინასწარმეტყველება არ ყოფილა, უფალი მას თავისი ხალხის მონობიდან გამოსაყვანად შეხვდა: "ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები" (გამ. 3:10), ანუ აქ მოსეს წინასწარმეტყველური ნიჭი მხოლოდ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელების საშუალება იყო. მიუხედავად ამისა, ისრაელში წინასწარმეტყველების ინსტიტუტი ფორმალურად მაინც ღმერთის მოსესთან შეხვედრით დამკვიდრდა (ნახე: რჯლ. 18:9-22). მოსეს მეშვეობით უფალმა ხალხს აცნობა, რომ წარმართული საშუალებებით ღვთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლებელი იქნებოდა (რჯლ. 18:9-14), რომ მომავალში უფალი მათ წინასწარმეტყველს დაუდგენდა და ხალხს მისთვის უნდა მოესმონა (რჯლ. 18:15). შემდეგ უფალი განაგრძობს: "ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს" (რჯლ. 18:18). ცხადია, ამ შემთხვევაში იესო ქრისტე იგულისხმება.
ხალხიდან წინასწარმეტყველთა მოხმობა იესო ქრისტეს განკაცებამდე. რჯულის წიგნში გადმოცემულია, როგორ უნდა შევიცნოთ ღვთის რჩეული, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ ღმერთის მიერ ბოძებული ცოდნა მოგვაწოდოს. წერილი გვაუწყებს: წინასწარმეტყველი უნდა იყოს "მოძმეთა წრიდან", ანუ ისრაელის წიაღიდან (რჯლ. 18:15); მან უშუალოდ ღმერთის სახელით უნდა იქადაგოს (რჯლ. 18:19); მისი წინასწარმეტყველება უეჭველად უნდა განხორციელდეს. თუ "არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკია წინასწარმეტყველს" (რჯლ. 18:22; 13:2); მისი სიტყვები ღვთის მიერ უკვე განცხადებულ წინასწარმეტყველებას უნდა შეესაბამებოდებს (რჯლ. 13:2-3).
პირველი წინასწარმეტყველი, რომელსაც უფალმა მოუწოდა, ელისე იყო. თუმცა ელისე უფალმა არაპირდაპირ, ანუ ელია წინასწარმეტყველის მეშვეობით მოიხმო: "უთხრა უფალმა (ელიას - რ. ჩ.): წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, მირონი სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად" (3 მეფ. 19:15-16). მოძებნა ელიამ ელისე, რომელსაც თორმეტი უღელი ეყენა წინ და მიწას ხნავდა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას (3 მეფ. 19:19-20).
ესაია მოგვითხრობს, როგორ შეიგრძნო და იხილა მან ზეამაღლებულ ტახტზე მჯდარი უფალი და მფრინავი სერაფიმები, რომლებიც გალობდნენ: "წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!" (ეს. 6:3) და როგორ გაიფიქრა: "ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს" (ეს. 6:5). ამის შემდეგ მასთან ერთ-ერთი სერაფიმი მიფრინდა, ბაგეზე მუგუზალი შეახო და უთხრა: "აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა" (ეს. 6:7). შემდეგ ესაია წერს: "მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე" (ეს. 6:8).
ამოსი საკმაოდ შეძლებული მწყემსი და ლეღვის პლანტაციების მფლობელი იყო. იგი გვამცნობს: "წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო" (ამოს. 7:15). როგორც ჩანს, ამოსს არ სურდა წინასწარმეტყველება, ის ასე მიმართავს მეფე ამაციას: "მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი" (ამოს. 7:14), მიუხედავად ამისა, უფალმა იგი მოიხმო და მან უნდა უწინასწარმეტყველოს მეფეს: "ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო, ამიტომ ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან" (ამოს. 7:16-17).
"ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი, წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე" (იერ. 1:5), - ასე მიმართავს უფალი იერემია წინასწარმეტყველს. იერემია ასე აღწერს უფალთან შეხვედრას: "გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში" (იერ. 1:9) და უფალმა იერემია დაადგინა "ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ" (იერ. 1:18). ამის შემდეგ იერემიამ საკუთარ არსში გადაულახავი ღვთაებრივი ძალა და ღმერთის წინაშე უმთავრესი მოვალეობა - მორჩილება შეიგრძნო. სწორედ ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობაა წინასწარმეტყველის მთავარი მახასიათებელი ნიშანი.
ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ეზეკიელ წინასწარმეტყველის ხილვები: უფლის დიდებული ტახტი, რომელსაც ვერაფერი ეწინააღმდეგება, რომელიც არ ტრიალებს და ერთდროულად ყველა მიმართულებით გადაადგილდება, წინასწარმეტყველს რწმენას უქმნის, რომ იგი სადაც არ უნდა წავიდეს, უფალი მასთან იქნება. მით უმეტეს, რომ იმ ტახტსა და მის ბორბლებს ცოცხალი სული უდგათ (ეზეკ. 1:19-21).
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთთან შეხვედრისა და მასთან ურთიერთობის პროცესში წინასწარმეტყველებს მუდმივად ჰქონდათ საკუთარი უღირსობის, უფლის სიწმინდესთან შეუსაბამობისა და მათ წინაშე წამოჭრილი ამოცანის დაუძლეველობის შეგრძნება (ეს. 6:5; იერ. 1:6), მოხმობილ წინასწარმეტყველს ღვთის მსახურებაზე უარის თქმა მაინც არ შეეძლო. უფალი ასე ანუგეშებს იერემიას: "დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი" (იერ. 15:20). "სულმა ამიტაცა და წამიღო, - წერს ეზეკიელი, - მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე" (ეზეკ. 3:14). სხვაგან: "მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ვიჯექი ჩემს სახლში და იუდას უხუცესები ისხდნენ ჩემ წინ; მაშინ დამეცა იქ უფლის, ღვთის ხელი" (ეზეკ. 8:1). წინასწარმეტყველთა უფლებამოსილება ყოველთვის ღმერთისგან მომდინარეობდა, ისრაელის მოსახლეობას ამაში არასოდეს ეპარებოდა ეჭვი (1 მეფ. 3:20). ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველთა საშუალებით ღმერთი არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ უკვე ისრაელის მთელ მოსახლეობას ხვდებოდა.
მოლოდინი და საფუძველი მოლოდინისა
დავითი არ იყო სრულყოფილი პიროვნება, მაგრამ ის იყო უფლის აღთქმის შესაბამისი, იდეალური მეფის ავთენტური (სარწმუნო) სახე. ბერსაბესთან დაკავშირებულ ისტორიაში დავითმა მძიმე ცოდვა ჩაიდინა (2 მეფ. 11-12), მაგრამ სწორად შეაფასა ღმერთთან შეხვერის შინაარსი, ცოდვა გულრწფელად მოინანია (2 მეფ. 12:13) და უფალს ლოცვით შესთხოვა პატიება (ფსალმ. 50). მოგვიანებით, თავისი ცხოვრების დასასრულს, მოსახლეობის აღწერის გამო დავითმა კვლავ შესცოდა და მისი სინანული ამ შემთხვევაშიც სრული გულწრფელობით გამოირჩეოდა (2 მეფ. 24). ყველაფერი ეს ნათელს ხდის, რატომ ეწოდა დავითს უფლისთვის თავისი გულით სათნო კაცი (1 მეფ. 13:14; საქმ. 13:22) და რატომ მიიჩნევა იგი იდეალურ, სამაგალითო მეფედ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სხვა მეფეთა და ქვეყნის მთავართა ავ-კარგობა. ისრაელისა და იუდეის სამეფოს ისტორიის უდიდესი ნაწილი აღთქმისთვის შეუსაბამო მეფეების შესახებ მოგვითხრობს. ჩრდილოეთის მეფეთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი "უკუღმართად იქცეოდნენ უფლის თვალში", რადგან კვლავ განაგრძობდნენ ოქროს ხბოს თაყვანისცემას, რომელიც ჩრდილოეთის პირველმა მეფემ იერობოამ I-მა ბეთელსა და დანში დადგა (3 მეფ. 12:26,33). იუდეველ მეფეთა შორისაც კი ზნეკეთილად მხოლოდ ხიზკიაი და იოშია მოიხსენიებიან (4 მეფ. 18:3-7; 22:2). ერთი სიტყვით, დავითის შემდეგ მეფეები ღმერთთან შეხვედრას თავს არიდებდნენ და თავისდაუნებურად ქმნიდნენ ფონს, რომლის შესაბამისადაც ებრაელ წინასწარმეტყველებს დავითის ღირსეული შთამომავლის, მომავალი მეფის შესახებ უნდა ექადაგათ.
ბიბლიური წინასწარმეტყველება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე "წინასწართქმა". შინაარსობრივად წინასწარმეტყველთა ტექსტების დიდი ნაწილი ჭეშმარიტებას ამკვიდრებს: ღმერთი აბსოლუტურად სამართლიანი, გულმოწყალე და უბიწოა. ყოველგვარ საპირისპირო აზრს: ზნეობრივ, ეთიკურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ თვალსაზრისს, ანუ ყველაფერს, რაც წმინდა წერილს არ შეესაბამება, წინასწარმეტყველი კატეგორიულად უარყოფს. მისთვის მიუღებელია ნებისმიერი პიროვნული ან პარტიული, "თუნდაც ღმერთისკენ მიმავალი" თვალსაზრისი და ფასეულებათა პირამიდა (ბაბილონის გოდოლი), თუ ის ერთმნიშვნელოვნად არ ემთხვევა უფლის მიერ დადგენილ ღვთაებრივ გზას.
მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველთა წიგნებში წინასწართქმასაც დიდი ადგილი ეთმობა. უფლის წინაშე მდგომი ადამიანები ბრწყინვალედ გრძნობენ, რომ მონაწილეობენ ღმერთთან უძველესი და მუდმივად განახლებადი აღთქმების აღსრულებაში. ისინი ქადაგებდნენ ღმერთის სასუფევლის მოახლოებას და ყველა უღმერთოს აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ღვთის რისხვის შესახებ. მათ წინასწარმეტყველებაში ჩანს, რომ ამ მომენტის დადგომამდე ღვთის ნებით აღსრულდება სამართალი და დაეცემა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა სამარია, დამასკო, ნინევია, იერუსალიმი, ბაბილონი და ეს იქნება ესქატოლოგიური ჟამის მოახლოების მომასწავებელი. ეს იყო გაცხადებული ყოველი წინასწარმეტყველის ქადაგების არსში. ეს მსგავსება კი იმის ნიშანი იყო, რომ წინასწარმეტყველნი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი და რადგან ყველანი ღმერთთან შეხვედრას ეყრდნობოდნენ, მათი ქადაგება, წინასწართქმა და წინასწარმეტყველება ერთ მთლიან თეოცენტრისტულ ინსტიტუტს წარმოადგენდა.