იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
დაბადების წიგნი
სამოთხიდან ნოეს აღთქმამდე. უძველეს ეპიკურ და მითოლოგიურ ლიტერატურაში საკმაოდ ხშირად ვხვდებით ღმერთისა და ადამიანის შეხვედრის ამსახველ ისტორიებს.
წმინდა წერილში მოყვანილ ასეთ ამბებში ძირითადად ისეთი შემთხვევებია აღწერილი, სადაც უფალს სურს, ან შემოირიგოს, ან განსაჯოს და სწორ გზაზე დააყენოს ადამიანი. ბიბლია გვასწავლის, რომ ასეთი შეხვედრების ინიციატივა სასურველია ადამიანისგან მოდიოდეს. წმინდა მოციქული იაკობი ბრძანებს: "მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო" (იაკ. 4:8). ღმერთთან დაახლოება როგორც ყოფიერად, ისე შინაგანად უნდა განხორციელდეს, ყოფითი დაახლოება ხელების განბანის შედეგად, ანუ ყოველგვარი ცოდვიანი საქმეებისგან განთავისუფლების შედეგად უნდა მოხდეს, ხოლო შინაგანი განბანა, რადგან გული ადამიანის ინდივიდუალურ სამყაროს მოიცავს და "...გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი" (მათ. 15:19) და "ესენი არიან კაცის შემბილწველნი" (მათ. 15:20), უფრო სულიერ განწმენდას გულისხმობს.საერთოდ, ღმერთთან შეხვედრა უმრავლეს შემთხვევაში ღვთის ნებით ხდება. ადამიანს არ ძალუძს ღმერთის ხილვა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში შუამავლის როლს ანგელოზები ასრულებენ. ტრანსცენდენტური ანუ შემეცნებისთვის მიუწვდომელი სივრციდან მოსულ ან მოვლინებულ არსებას ყოველთვის თან სდევს სიწმინდით აღვსილი ნათელი და უდიდესი არამიწიერი ძალა. ადამიანი, რომელიც ასეთი შეხვედრის ღირსი ხდება, უეჭველად შეიგრძნობს მომხდარის უდიდეს მნიშვნელობას, აღივსება ინიციატივით და მომხდარს თავისი უშუალო სიტყვით ან საქმით, ან სიტყვითაც და საქმითაც პასუხობს.
იმისათვის რათა წარმოდგენა შეგვექმნას ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის თავისებურებათა შესახებ, გავიხსენოთ შემოქმედის საუბარი ადამთან და ევასთან. ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა, როგორც მკაცრმა და მომთხოვნმა მშობელმა მის მიერ ქმნილ ადანიანებს ჯერ ის გამოჰკითხა, როგორ შესცოდეს, შემდეგ განუმარტა, რას ნიშნავდა ჩადენილი საქციელის შედეგად ცოდვის ტყვეობაში მოქცევა, რა შედეგი მოჰყვებოდა მათ ამგვარ მდგომარეობას და ბოლოს როგორ მოხდებოდა მათი ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა (ნახე დაბ. 3:8-23).
ადამიანის სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, ახალი მძიმე ცოდვისა და მისი დამღუპველ, შედეგების თავიდან არიდების მიზნით, უფალი კაენს ესაუბრა. ამ შეხვედრაში ნათლად გამოიკვეთა ზღვარი კეთილისმქმნელ და ბოროტმოქმედ ადამიანებს შორის. უფალი კაენს და მისი სახით კაცთა მოდგმას ეუბნება: "თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე" (დაბ. 4:6 და შემდეგ). ცხადია, ცოდვაზე ბატონობა საკუთარ არსში ცოდვის ჩადენის შესაძლებლობისა და სურვილის მოთოკვას ნიშნავს.
მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ქვეყანაზე ცოდვისა და ხორციელი სიამოვნებისკენ ლტოლვა მაინც გაძლიერდა. ადამის შთამომავლობა უფლის საბოლოოდ დავიწყების, ანუ როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ჯოჯოხეთური აღსასრულის საშიშროების წინაშე დადგა. ამ კატასტროფული პერსპექტივის შეჩერების მიზნით, უფალმა ჯერ ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა შეამცირა. და მართლაც, დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ რაც უფრო გახრწნილია ყოფა, მით სწრაფად ზიანდება და იღუპება ადამიანის სული და სხეული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანხვედრა სავსებით ლოგიკურია, შესაქმის კანონებთანაა დაკავშირებული და მიზეზშედეგობრიობის შინაარსი ჩვენთვის ბიბლიის საშუალებითაა განმარტებული. დაწერილია: "თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი" (დაბ. 6:3). აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი იმისთვისაა გაჩენილი, რათა ცხოველის მსგავსად ხორციელად კი არა, ღმერთის მსგავსად სულიერად განვითარდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კი არ დააკნინოს ღმერთის მიერ ბოძებული სულიერება, არამედ გაამდიდროს იგი. სწორედ ამიტომ, მისთვის შეუსაბამო და მისი ბუნებისთვის დამღუპველია ხორციელი ტკბობით გატაცება. როდესაც კვლავ "... იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა" (დაბ. 6:5), "გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ" (დაბ. 6:12-13). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება გვამცნობს, რომ ადამიანის დაცემასთან ერთად იხრწნება მთელი ქვეყანა და პირუკუ. ბიბლიურ ისტორიაში ნოე პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მოუსმინა ღმერთს, ის გააკეთა, რაც მას უფალმა უბრძანა და ამით მან შთამომავლობას ჭეშმარიტი რწმენის მაგალითი მისცა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ პავლე მოციქული ბრძანებს: "რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე" (ებრ. 11:7). მართლაც, რა დიდ რწმენას უნდა ემოქმედა, რომ იმ განუკითხაობაში, რომლითაც ქვეყანა იყო აღვსილი, ერთ ადამიანს უზარმაზარი კიდობნის მშენებლობა წამოეწყო. ვინაიდან ქვეყნის კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის პიროვნულ ბუნებასთან, წარღვნის შემდეგ უფალმა აღთქმა ნოესა და მის შთამომავლობას დაუდო. ეს ღმერთის მიერ ადამიანთან დადებული პირველი ისეთი აღთქმაა, რომელშიც ღმერთის მთელი შესაქმეა ნაგულისხმევი და შესაბამისად ნოეც ღვთის მიერ შექმნილი ყოველგვარი სიცოცხლის განმკარგველად და ბატონ-პატრონად მოგვევლინა (დაბ. 9:17). უფალი ბრძანებს: "აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას, ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხეცს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას, კიდობნიდან გამოსულს, გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად" (დაბ. 9:9-11). ამასთან, უფალმა მას და ქვეყანას შორის აღთქმის ნიშნად ღრუბლებში ცისარტყელა განათავსა და "უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად" (დაბ. 9:17).
ამრიგად, კაენის შემდეგ ცოდვა კერძოდან ზოგადში გადავიდა. საკუთარი ნება-სურვილით შეპყრობილმა ადამიანებმა ღმერთი დაივიწყეს და უკიდურეს დაცემამდე მივიდნენ, ეს მდგომარეობა კი ღვთის მიერ შექმნილმა ქვეყანამ ვერ დაიტია და ბოლოს ყველაფერი წარღვნით დასრულდა. ახალი აღმშენებლობა ღვთის რჩეულმა ნოემ დაიწყო, მაგრამ მისი სამი შვილიდან ერთმა, ქამმა, დასაწყისშივე ისეთი საქციელი ჩაიდინა, რომ მამის წყევლა დაიმსახურა და მისი ორი დალოცვილი ძმის სემისა და იაფეტის გვერდით ქამის შთამომავლობა ახალ ცხოვრებას მამისგან დაწყევლილი შეუდგა.
ღმერთის შეხვედრა პატრიარქებთან. მიუხედავად ნოეს მიერ ქამის დაწყევლისა, უფლის მიერ დადებული აღთქმა მთელ ქვეყანას ერთნაირად ეხებოდა. ქამი ღმერთისგან არ ყოფილა დაწყევლილი; ის მხოლოდ მამის მიერ დაიწყევლა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მამის წყევლაში დიდი ძალა ყოფილა. ამ დროისთვის ღმერთს ჯერ კიდევ არ ჰყავდა შერჩეული თავისი ერი, ანუ ის ხალხი, რომელიც თავის სასიკეთოდ და სხვა ხალხებისთვის სამაგალითოდ ქვეყანაზე ღვთის ნების შესაბამისად იმოქმედებდა.
აბრამი. აბრამით იწყება ღმერთის შეხვედრები პატრიარქებთან ისაკსა და იაკობთან (დაბ. 13:14-17; 15:1-16; 17:1-22; 18; 22; 26:24-25; 28:10-22; 32; 35). ამ შეხვედრებში ღმერთი ძირითადად ღებულობს პატრიარქების მიერ გადადგმულ ყოველ ახალ გაბედულ ნაბიჯს და თავის თანადგომას აბრამთან უკვე დადებული აღთქმის გამეორებით ადასტურებს. ამ შეხვედრებს ძირითადად საუბრების სახე აქვს. მათში უფალი წინასწარ მიუთითებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა მოხდეს. საუბრებში გამორჩეული ადგილი უჭირავს გამოსყიდვის - გამოხსნისა და მადლის თემას. ეს აზრი პირველად უფლისა და აბრამის საუბარში გაჟღერდა და აღთქმა, რომელიც მაშინ დაიდო, მთელი წმინდა წერილის უმნიშვნელოვანეს თემად დარჩა.
დასაწყისში, მამის, თერახის სიკვდილის შემდეგ "უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები" (დაბ. 12:1-2). ღმერთის ამ სიტყვიერ განკარგვაში უწინარესად ღვთისადმი ადამიანის უეჭველი მორჩილებაა ნაგულისხმევი. მორჩილების შემთხვევაში კი ღმერთი აბრამს კურთხევასა და მისი მადლის ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებას, მათ შორის შთამომავლობის დაცვასაც ჰპირდება. პასუხად აბრამმა სრული მორჩილება გამოავლინა, რის შემდეგაც უფალმა განაახლა და გააფართოვა აღთქმა: "გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას" (დაბ. 12:7). სწორედ ამ მოვლენის შემდეგ ვხედავთ წმინდა წერილში უფალსა და ადამიანს შორის აღთქმათა კვლავგანახლებას. ღმერთთან ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შესახებ ალექსანდრე ლაპუხინი წერს: ამ თავში იწყება ღვთის რჩეული ებრაელი ერის ისტორია. მეორე მხრივ, წმინდა წერილის ამ მუხლის შემდეგ ჩვენ უკვე კაცობრიობის გადარჩენისთვის აქტიურად მოქმედ ღმერთს ვხედავთ. კითხვაზე, - როდის ესაუბრა ღმერთი პირველად აბრამს, - პასუხად გვახსენდება არქიდიაკონ სტეფანეს სიტყვები, რომლის მიხედვითაც ეს საუბარი ჯერ კიდევ აბრამის მამის თარეხის სიცოცხლეში შედგა (საქმ. 7:2): "უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ" (დაბ. 12:1). როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, აბრამისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, სად უნდა წასულიყო (ებრ. 11:8) და მიუხედავად ამისა, ისევე როგორც ნოე, აბრამიც სრულად მიენდო უფალს. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, მან უყოყმანოდ დატოვა მამისეული სახლი, ნათესავები და მოპოვებული მდგომარეობა.
ჭეშმარიტად საოცარია და სამაგალითო აბრამის საქციელი: "შეხედე, - მოგვიწოდებს წმინდა იოანე ოქროპირი, - როგორ მოიქცა წმინდანი დასაწყისშივე, იმის სანაცვლოდ, რაც ხელთ ეპყრა, უფლის სიტყვას ენდო და ის აირჩია, რასაც ვერც თვითონ და ვერც ვერავინ ხედავდა. ერთი წუთით წარმოიდგინე, რამდენად მშვიდი, ყოველგვარი ამქვეყნიურისგან დამოუკიდებელი და როგორი სულიერების მფლობელი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო". აბრამის საკუთარ ოჯახთან განშორებისა და განცალკევების მიზეზი იმდროინდელი კერპმსახური ქვეყნიერებიდან ერთი ოჯახის გამოყოფა, მისი შთამომავლობის გადარჩენა, წვრთნა და გამრავლება იყო. ამ ამბის შესახებ ვკითხულობთ: "უთხრა იესომ (აქ იგულისხმება იესო ნავეს ძე - რ.ჩ.) მთელ ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს. წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი" (იესო. 22:2-3).
რა მიიღო აბრამმა და მთელმა კაცობრიობამ ღმერთთან ასეთი შეხვედრისა და მორჩილების შედეგად? 1) აბრამს დაერქვა აბრაამი და ქვეყანა აღივსო მისი უთვალავი შთამომავლით, რომლებმაც იცოდნენ და იციან, რომ არსებობს ერთადერთი ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთი; 2) აბრაამმა მიიღო და შესაბამისად ყველა, ვინც ღმერთის მიმართ სასოებასა და მორჩილებას გამოავლენს, როგორც დროებით, ისე სამარადჟამო კეთილდღეობას მიიღებს; 3) აბრაამს აქვს სამარადისო დიდება და უკვდავება შთამომავლობაში; 4) აბრაამის სახელით ხალხთა კურთხევა და დალოცვა ხდება. ღვთის მიერ თქმული აღთქმა ხორციელად აბრაამის იუდეველ შთამომავლობაში, ხოლო სულიერად მის ქრისტიან შთამომავლობაში აღსრულდა. ამ მოვლენის შესახებ პავლე მოციქული გვაუწყებს: "...წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: "შენში იკურთხება ყველა ხალხი". ასე რომ, ვინც რწმენისგან არის, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხება" (გალ. 3:8-9).
გამოსვლის წიგნი
ღმერთისა და მოსეს შეხვედრების შესახებ. ისევე როგორც აბრამს, ღმერთმა მოსესაც მოუწოდა. ერთხელ მოსე ცხვარს "უდაბნოს იქით" აძოვებდა. ღვთის მთას მიადგა და "გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი" (გამ. 3:2-4:17). მოსეს ღმერთი მაყვლოვანიდან ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის შესახებ ესაუბრა, მოსე დაეჭვდა და გაიფიქრა, შეძლებდა კი თავის ხალხამდე და ფარაონამდე ღვთის სიტყვის მიტანას. ყველა ასეთ შემთხვევაში უფალი კი არ ცდის და მხოლოდ რჩევას კი აღარ აძლევს, არამედ არიგებს და დაწვრილებით უხსნის თავის რჩეულს - მოსეს, თუ როგორ უნდა მოექცეს ერთი მხრივ ხალხს, ხოლო მეორე მხრივ ფარაონს. ასე მაგალითად: "ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ? ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან" (გამ. 6:12-13. სხვა მაგალითები: გამ. 6:1-13; 7:8, 14, 19; 8:1-5). მას შემდეგ, რაც უფალმა მოსეს წინამძღოლობით ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა, აღთქმული მიწისკენ მიმავალ გზაზე წამოჭრილ კრიზისულ სიტუაციებში ღმერთი მრავალჯერ დაეხმარა, შეხვდა და საჭირო რჩევა მისცა მოსეს (რიცხ. 12; 16). მაგრამ გამოსვლის წიგნის მთავარი თავისებურება მაინც ის არის, რომ მოსესთან შეხვედრის შემდეგ ღმერთი მხოლოდ ცალკეულ პიროვნებასთან, პატრიარქთან ან მისი ოჯახის წევრებთან კი აღარ საუბრობს, არამედ ის მთელ ებრაელ ხალხს ესაუბრება, მოსე და აარონი კი უფალს ხალხთან შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებიან. უფალი თავის რჩეულ ხალხს ეუბნება: "რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე" (რჯლ. 14:2). უფრო მეტიც, ღმერთი აღთქმას უკვე მთელ ხალხთან დებს. უფლისა და ხალხის შეხვედრის ამბავი ყველაზე უკეთ არის აღწერილი სინას მთასთან, იქ, სადაც ხალხი ღვთისგან კანონის მისაღებად მივიდა. ეს იყო ხალხის პირველი და შეძლებისდაგვარად პირდაპირი შეხვედრა ღმერთთან. ქვემოთ მოყვანილ ვრცელ ციტატაში ნათლად ჩანს, რომ უფალს და ყველაფერს, რაც მას უშუალოდ უკავშირდება, ადამიანი ვერც კი მიუახლოვდება. ეს ციტატა იმაზეც მიგვანიშნებს, რატომ უნდა განკაცებულიყო ღმერთი, რათა ის ადამიანისთვის მისაწვდომი გამხდარიყო, რატომ უნდა გაჰყვნენ ადამიანები განკაცებული ღვთის გზას და რატომ არის აუცილებელი იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარონ მორწმუნენი, რათა მათთვის ცათა სასუფეველი მისაწვდომი გახდეს. გამოსვლის წიგნში კი ღმერთთან შეხვედრა ასე გამოიყურება: "უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი. უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ. განემზადონ ზეგისთვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე. ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ გადაურჩება სიკვდილს. ხელი არავინ მიაკაროს მას, რადგან ჩაიქოლება იგი ან შუბით განიგმირება; გინა პირუტყვი იყოს, გინა კაცი, არავინ გადარჩება ცოცხალი. როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მთაზე ასვლა. ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმიდა ხალხი; გაირეცხეს მათ სამოსელი. უთხრა ხალხს: ზეგისთვის გაემზადეთ, დედაკაცს არ მიეკაროთ. მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი. გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას. ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი. ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე. უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი" (გამ. 19:9-21). აგრეთვე შთამბეჭდავია ის, თუ როგორ დაუახლოვდა ღმერთი მის რჩეულ პიროვნებას. გამოსვლის წიგნში ვკითხულობთ: "პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში" (გამ. 33:11). ცხადია, ეს არ იყო უფლის წინაშე პირისპირ დგომა, მიუხედავად ამისა, ასეთი შეხვედრებისთვის დამახასიათებელია უფალთან მოსაუბრის გასხივოსნება: "დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და, აჰა, ბრწყინავდა მისი პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება" (გამ. 34:30. ნახე 34:29-35), - ვკითხულობთ წმინდა წერილში.
აღთქმაში, რომელიც მოსეს შუამდგომლობით უფალმა თავის ხალხთან შეხვედრის დროს დადო, იმის შესაბამისად, თუ ადამიანები მათ მიერ აღთქმულ მოვალეობას რამდენად გულრწფელად შეასრულებენ, როგორც კურთხევის, ისე დასჯის შესაძლებლობაა ნაგულისხმევი. ადამიანებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, სურთ თუ არა იყვნენ ღვთის მორჩილნი. ახლა უკვე მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, გაჰყვებიან თუ არა უფლის მიერ შეთავაზებულ გზას. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ნაწყვეტი, სადაც უფალი ასე მიმართავს ებრაელ ხალხს: "უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას: კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს, შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ... რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ. ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს ვიძლევი თქვენს წინაშე" (რჯლ. 11:26-32). ამ შეთავაზების შემდეგ მოსე ასეთ რჩევას აძლევს ხალხს: "აჰა, დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება, რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი. თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს, დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით... ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება" (რჯლ. 30:15-20).
ამ საუბრის შემდეგ უკვე შეგრძნებადი გახდა დრო, როდესაც ეს აღთქმა არა მხოლოდ ებრაელ ხალხზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე უნდა გავრცელებულიყო. დინჯად და უშფოთველად ახლოვდებოდა წუთი, როდესაც კაცობრიობას და ყოველ ადამიანს ცალკ-ცალკე ღმერთი თვითონ უნდა გამოსცხადებოდა, პეტრეს უნდა ეცნო უფალი და მისთვის ეთქვა:
"შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა" (მათ. 16:16).