გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- ისრაელიანთა ბოლო მსაჯული იყო სამოელ წინასწარმეტყველი, რომლის დაბადებაც სასწაულებრივად მოხდა. მის მშობლებს შვილი არ ეძლეოდათ. დედამისის ლოცვით უფალმა ძე მისცათ, რომელიც ისევ უფალს შესწირეს. როდესაც ელი და მისი შვილები გარდაიცვალნენ, მსაჯული სამოელი გახდა. ის 400 წელიწადი მსაჯულობდა. მისი მსაჯულობის ბოლოს სამუელს ერმა მოსთხოვა, მათთვის მეფე დაედგინა - სხვა ხალხების მსგავსად, ჩვენც გვსურს, მეფე გვყავდესო. სამოელ წინასწარმეტყველი წინააღმდეგი იყო, ხალხს უხსნიდა, რომ მსაჯულთა და მეფეთა მმართველობა აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა; თუ მეფე ეყოლებოდათ, ღვთის კი არა, მეფის იმედი ექნებოდათ. უფალმაც აუწყა რჩეულ ერს, რომ მათი მეფე თავად იყო, მაგრამ ისრაელიანებს არაფრის გაგონება არ სურდათ. მაშინ უფალმა სამოელ წინასწარმეტყველს აუწყა, რომ ისრაელისთვის მეფე დაედგინა, ისიც ამცნო, ვინ უნდა დაედგინა მეფედ. ღვთის ბრძანებით, სამოელმა მეფედ მირონცხებით აკურთხა საული - ბენიამინის ტომიდან, რომელიც გამოირჩეოდა ფიზიკური აღნაგობითა და ძალით. ბიბლია გაუწყებს: როდესაც სამოელ წინასწარმეტყველმა საული ხალხში დააყენა, თითქმის ერთი თავით მაღალი იყო ყველაზეო. საულს მამამისის ვირები დაეკარგა და როდესაც მათ საძებრად წავიდა, სწორედ მაშინ შეხვდა სამოელ წინასწარმეტყველი და ღვთის ბრძნებითა და ნებით მეფედ სცხო...
- რატომ მიდის ისრაელის ერი ღვთის წინააღმდეგ და რატომ ითხოვს მეფის დადგენას?
- სამეფო ხელისუფლების დადგენა ისრაელში სარწმუნოების დაცემის ნიშანი იყო. ისინი ხედავდნენ, ირგვლივ ყველა ხალხს ჰყავდა მეფე და ჩათვალეს, რომ მათაც უნდა ჰყოლოდათ. მიზეზი ამისა ისრაელიანთა გამიწიერებაა. გასაჭირი ადგათ, მტრები თავს ესხმიან... მაგრამ უფალს კი აღარ სასოებენ, არამედ მიაჩნიათ, თუ მათაც ეყოლებათ მეფე, ის დაიცავთ და ბედნიერებას მოუტანთ.
- რატომ დაუშვა უფალმა, რომ ისრაელიანებს მეფე ჰყოლოდათ, თუკი ეს ღვთისთვის სათნო არ იყო?
- უფალმა აუწყა ამის შესახებ რჩეულ ერს, მაგრამ რადგან მაინც მოინდომეს, მისცა მეფე. ჩნდება კითხვა: თუკი ეს ეწინააღმდეგებოდა ღვთის ნებას, რაღატომ დაუდგინა მათ უფალმა მეფე? კეთილი მხარე ყველაფერს აქვს. სწორედ სამეფო ხელისუფლების მეშვეობით მიაღწიეს შემდგომში უფრო ადვილად მიზანს - საბოლოდ დაფუძნებულიყვნენ აღთქმულ ქვეყანაში, ვიდრე ეს მსაჯულთა ხანაში მოხდებოდა. ცხადია, ერისთვის უმჯობესი იყო, მსაჯულთა ხანა გაგრძელებულიყო, დამორჩილებოდნენ მოსეს სჯულს და მღვდელმთავრებს, მაგრამ რადგან ისრაელიანნი სათანადო სულიერ მდგომარეობაში აღარ იყვნენ და მეფე მოითხოვეს, უფალმაც მისცათ ნება, ჰყოლოდათ იგი. ღმერთმა ამასაც კეთილი მხარე გამოუჩინა. აბსოლუტური სიკეთე უფალია. მიწაზე კი არსებობს მეტ-ნაკლები სიკეთე ან მეტ-ნაკლები ბოროტება, აბსოლუტური არც სიკეთეა და არც ბოროტება. ბოროტება სიკეთის მოკლებაა, ამიტომ აბსოლუტური ბოროტება არ არსებობს. აბსოლუტური ბოროტება ჯოჯოხეთშიც არ არის, რადგან უფალი იქაც მყოფობს, ხოლო სადაც უფალია, აბსოლუტური ბოროტება ვერ იქნება. მაგრამ რამდენადაც მოკლებულია სიკეთეს ადამიანი თუ ანგელოზი, იმდენად არის მასში ბოროტება.
- რატომ არ ჰყავდა ისრაელს მოსედან სამოელამდე წინასწარმეტყველი? რა იყო წინასწარმეტყველთა დანიშნულება?
- მართლაც, მოსედან სამოელამდე ისრაელის ერს წინასწარმეტყველი არ ჰყოლია, რადგან ამ ხნის განმავლობაში ერი ასე თუ ისე ღვთის მცნებების აღსრულებით ცხოვრობდა. თუ მთელი ერი არ იცავდა ღვთის მცნებებს, ნაწილი მაინც აღასრულებდა და მაგალითი იყო სხვებისთვის. მსაჯულებიც ყოველთვის ემორჩილებოდნენ მღვდელმთავარს. მღვდელმთავრები და სამღვდელოება ხალხს ასწავლიდნენ ღვთის მცნებების აღსრულებას. წინასწარმეტყველების მოვლინება სწორედ მაშინ დაიწყო უფალმა, როცა რჩეულმა ერმა ნელ-ნელა დაუტევა ღვთის სარწმუნოება. სამოელ წინასწარმეტყველი ელი მღვდელმთავრის ოჯახში იზრდებოდა. ელი ამ დროს მსაჯულიც იყო, მისი შვილები კი უწესოდ იქცეოდნენ. და როდესაც უკვე თავად უმაღლესი სამღვდელოებაც გაირყვნა, ღვთის მცნებების მასწავლებელი რომ აღარ დარჩა, უფალმა მოავლინა წინასწარმეტყველი. სამოელმა ღვთისგან პირველად ელისა და მისი ვაჟების ხვედრი შეიტყო. მას უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ ელის შვილები ბოროტად მოწყდებოდნენ. ამას ელი ვერ გადაიტანდა და მოკვდებოდა.
სამოელის შემდეგ მთელი 6 საუკუნის განმავლობაში, ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებამდე ფაქტობრივად არ ყოფილა პერიოდი, ისრაელს წინასწარმეტყველი რომ არ ჰყოლოდა. ამ დროიდან იოანე ნათლისმცემლამდე წინასწარმეტყველი აღარ ჰყოლიათ. რატომ? ბაბილონის ტყვეობიდან ერი ღვთის მცნებების აღმსრულებელი იყო და წინასწარმეტყველი არ სჭირდებოდა. შემდეგ ღვთის მცნებების დარღვევა დაიწყეს, ნელ-ნელა გადაუხვიეს ღვთის გზას. გავიხსენოთ ქრისტეშობამდე I-II საუკუნეები, როდესაც მაკაბელთა ცნობილი მოძრაობა იყო. მაკაბელები დამპყრობლებს ებრძოდნენ. მათ სარწმუნოება ჰქონდათ, ამიტომ წინასწარმეტყველი არ სჭირდებოდათ. მაგრამ შემდეგ ძველი აღთქმის სწავლებამ რაბინთა ხელში სახეცვლილება განიცადა, ჭეშმარიტებას გადაუხვია. მიუხედავად ამისა, ისრაელიანთა შორის მაინც რჩებოდნენ ჭეშმარიტების მიმდევრები, - ასე რომ არ ყოფილიყო, თავად უფალიც არ მოვიდოდა, - მაგრამ ერში სარწმუნოებამ დაკნინება იწყო. ამ დროს მოდის იოანე ნათლისმცემელი, უკანასკნელი წინასწარმეტყველთა შორის, რომელიც არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის. ის განამზადებს ერს მაცხოვართან შესახვედრად, აუწყებს, რომ ის, ვისზეც ნაწინასწარმეტყველები იყო და ვისაც საუკუნეების განმავლობაში ელოდნენ, სულ მალე მოვიდოდა.
ამგვარად, წინასწარმეტყველები ისრაელს იმ პერიოდში ჰყავდა, როდესაც ერს სჭირდებოდა. მოსეს ერი ეგვიპტელთა მონობიდან უნდა გამოეყვანა, მსაჯულთა ხანაში ეს აუცილებელი არ იყო. მეფეთა ხანაში კი, ვიცით, რომ ერიც და თავად მეფენიც ხშირად უხვევდნენ ჭეშმარიტების გზიდან, ამიტომაც თითქმის სულ ჰყავდათ ღვთისგან მოვლენილი წინასწარმეტყველნი, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მოაბრუნებდნენ.
სოლომონის შემდეგ ისრაელის სამეფო მალევე გაიყო - იუდეველთა და ისრაელის სამეფოებად. იუდეველთა სამეფოში ორი ტომი შედიოდა, დანარჩენი კი ისრაელიანთა სამეფოში გაერთიანდა. იუდეის სამეფოს ყოველთვის დავითის შტოდან ჰყავდა მეფეები, ისრაელს კი სხვადასხვა შტოდან. იყო შემთხვევები, რომ ერთი ტომი ამოხოცავდა სამეფო დინასტიას და თავიანთი ტომიდან დასვამდა მეფეს, შემდგომ თვითონაც იმავე ბედს იზიარებდა. წინასწარმეტყველებს განსაკუთრებით ხშირად ისრაელის სამეფოს მოუვლენდა უფალი, რადგან მთლიანად დასცილდა უფალს. მათ თავიანთი სამსხვერპლოც კი გააკეთეს. ამ გზით ხალხს აიძულებდნენ, არ წასულიყვნენ იერუსალიმში მსხვერპლის შესაწირად. ამიტომაც იყო, რომ ისრაელის სამეფო გაცილებით ადრე დაეცა, ვიდრე იუდეისა... იოანე წინასწრმეტყველმა კი, როგორც ვთქვით, კაცობრიობა მაცხოვართან შესახვედრად მოამზადა.
საულის მეფობა და დავითის მეფედ გამორჩევა
საული 40 წლის განმავლობაში მეფობდა. თავიდან ასრულებდა ღვთის მცნებებს და ემორჩილებოდა სამოელ წინასწარმეტყველს, მხნედ იცავდა თავის ხალხს მტრებისგან და საყოველთაო სიყვარულიც მოიპოვა, მაგრამ შემდეგ გადაუხვია ღვთის გზას და ურჩობა დაიწყო. პირველად ეს მაშინ გამოვლინდა, როდესაც საომრად გამზადებული ერი სამოელ წინასწარმეტყველს ელოდა, მისივე ბრძანების თანახმად, რათა მსხვერპლშეწირვა აღესრულებინა. სამოელს შეაგვიანდა და ისრაელიანთა ლაშქარმა დაშლა დაიწყო. საულ მეფეს, როგორც შემდეგ სამოელის წინაშე იმართლა თავი, შეეშინდა, ჯარი არ დაშლოდა და თვითონ შესწირა მსხვერპლი. სწორედ ამ დროს მოვიდა სამოელი. მან ამხილა და აყვედრა საულს მოუთმენლობის გამო და უწინასწარმეტყველა, რომ მის შთამომავლობაში მეფობა აღარ გაგრძელდებოდა. სამოელის სიტყვები აღესრულა საულის სიცოცხლეშივე: ღვთის ნებით, სამოელმა მეფედ გამოარჩია დავითი, იესეს ძე - იუდას ტომიდან.დავითი საულის მსახური იყო. ყოველთვის საოცარი უბრალოებითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, უდრტვინელად ასრულებდა ყველა საქმეს, ამავდროულად სული ღვთის უსაზღვრო სიყვარულით ჰქონდა გამთბარი. უფლის ბრძანებით, სამოელ წინასწარმეტყველი უნდა წასულიყო ბეთლემში, იესესთან და მისი ერთ-ერთი ვაჟი მირონის ცხებით მეფედ ეკურთხებინა (ბეთლემში იუდას ტომის შთამომავალნი ცხოვრობდნენ. იაკობის წინასწარმეტყველების თანახმად, სწორედ იუდას ტომიდან უნდა შობილიყო ხორციელად მაცხოვარი).
ბეთლემში ჩასული სამოელი იესესთან მივიდა და ამცნო - ღმერთმა შენი ერთ-ერთი ძე მეფედ გამოარჩიაო. იესემ წინასწამეტყველის წინაშე ყველა ვაჟი წარადგინა დავითის გარდა, რომელიც მინდორში მამის ცხვრებს მწყემსავდა. მამამ იგი წინასწარმეტყველის წინაშე წარდგენის ღირსადაც არ მიიჩნია. ღვთის კარნახით, სამოელმა შვიდივე ვაჟი უარყო, იესეს კი მიმართა: "გყავს კიდევ შვილი?" "უმცროსი ცხვრებს მწყემსავს საძოვარზე". როდესაც დავითი მოიყვანეს, სამოელს მოესმა ხმა უფლისა: "ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის" (მეფეთა 16,12). წინასწარმეტყველმა აღასრულა ღვთის ნება. იმ დროს დავითი 17-ოდე წლის გახლდათ. ჯერ სამოელის გარდა არავინ უწყოდა, რომ დავითი ღვთისგან მეფედ იყო ამორჩეული. ვიდრე საული ცოცხალი იყო, დავითს პრეტენზიაც არ გამოუთქვამს მეფობაზე, თუმცა საულ მეფე სასტიკად დევნიდა. ერთხელ ღამით დავითი მალულად შევიდა საულის ბანაკში, მას შუბი მოჰპარა და სამოსის კუთხე მოაჭრა. ამ გზით დაუმტკიცა, რომ არ იყო საულის მტერი, არ სურდა მისი მოკვლა, როგორც საულს არწმუნებდნენ...
- რატომ თავიდანვე არ უდგენს უფალი ისრაელიანთ მეფეს იუდას შტოდან, საიდანაც, წინასწარმეტყველების თანახმად, უნდა შობილიყო ხორციელად მაცხოვარი - მხსნელი კაცობრიობისა?
- დავით წინასწარმეტყველი 30 წლისა გამეფდა, საული კი 40 წელი მეფობდა. დავითი საულის მეფობის მეათე წელს დაიბადა. საული იმიტომ გაამეფა უფალმა, რომ იმხანად მხოლოდ ის იყო რჩეული. შემდეგ, როდესაც მასზე ერთგული კაცი გამოჩნდა, უფალმაც ის გახადა მეფობის ღირსი. საულმა კი ამ დროისთვის გადაუხვია ღვთის გზას...
- როგორც ბიბლია გვაუწყებს, ჯერ კიდევ საულის მეფობისას ბრძოლის დროს დავითი სძლევს გოლიათს...
- ყველა ფაქტი თუ მოვლენა, რომლებზეც წმინდა წერილშია მოთხრობილი, რეალურ დროში მოხდა, მაგრამ მათ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვთ: როგორი უძლეველიც ჩანდა გოლიათი, ასეთივე უძლეველი და დაუმარცხებელი ჩანდა მაცხოვრის მოსვლამდე ეშმაკი, რომელიც მთელ ხილულ სამყაროზე ხელმწიფებდა. განკაცებულმა ღმერთმა, მაცხოვარმა, რომელიც კაცთა თვალში უძლური იყო, შეძლო მისი დამარცხება. ამრიგად, დავითის მიერ გოლიათის ძლევა სიმბოლურად მოასწავებდა მაცხოვრის მიერ ეშმაკის ძლევას, რაც მან ადამიანური ბუნების დახმარებით შეძლო. დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ერთ-ერთ მუხლში წერს: "მატლ ვარ და არა კაც..." იოანე საბანისძე განმარტავს, რომ უფალმა ეს სიტყვები საკუთარ თავზე თქვა. ამის წაკითხვისას შევძრწუნდებით კიდეც: როგორ შეიძლება, მაცხოვარს მატლი ეწოდოს?! მაგრამ მივყვეთ განმარტებას: "როგორც გონიერი მეთევზე ფარავს ანკესს მატლით, აგდებს წყალში და მისი დახმარებით ახერხებს უზარმაზარი ვეშაპის დაჭერას, ასევე დაფარა უფალმა თავისი ღვთაებრივი ბუნება ადამიანურით, გადაუგდო და დაიჭირა უზარმაზარი ვეშაპი - ეშმაკი". ეშმაკს რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება ენახა, მაშინვე განეშორებოდა. მისი ბოროტი სული სწორედ ადამიანური ბუნებით იქნა მოტყუებული.