როგორც ვიცით, პირველად აღთქმული ქვეყნის საზღვართან მისული რჩეული ერი ვერ გახდა ღირსი აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა, ღმერთმა ისინი უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალით დასაჯა...
რა იყო ამის მიზეზი? რომელ ტერიტორიებზე მოგზაურობდნენ ებრაელები ამ ხნის მანძილზე? რატომ დასჭირდათ კიდევ 40 წელი აღთქმულ ქვეყანაში შესასვლელად? რატომ უნდა ევლოთ სწორედ უდაბურ, უკაცრიელ ადგილებში? რომელი სიწმინდეები გვხვდება ამ ტერიტორიაზე? რატომ ვერ შევიდნენ მოსე და აარონი აღთქმულ ქვეყანაში?
გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
- რატომ დაისაჯნენ ისრაელიანები უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალით? რა იყო ამის მიზეზი? იყო თუ არა ეს ღვთის ნება?
- ცხადია. ღვთის ნება ყოველთვის საუკეთესოა. ისინი რომ გაჰყოლოდნენ მოსეს და ისუ ნავეს ძეს, შევიდოდნენ და დამკვიდრდებოდნენ აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ისურვეს. უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალითაც იმ მიზეზის გამო დაისაჯნენ, რა მიზეზითაც ვერ შევიდნენ პირველად აღთქმულ მიწაზე - ეს იყო მათი შიში მტრისა და არა სასოება ღვთისა, ანუ მათი მიწიერი აზროვნება. მართალია, ქანანელები ძლიერი და მეომარი ხალხი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ებრაელებს შიში რომ არ გასჩენოდათ და ღვთის იმედი ჰქონოდათ - ეფიქრათ, ჩვენთან უფალია და მოსეს წინამძღოლობით გავიმარჯვებთო, - ღირსნი გახდებოდნენ აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა. შიშით მათ თავიანთი შინაგანი მდგომარეობა გამოავლინეს, რაც მონური აზროვნებიდან გამომდინარეობდა. ისრაელს მონური ხედვა რომ არ ჰქონოდა, ბრძოლაში გამობრძმედილი რომ ყოფილიყო, სხვაგვარად მოიქცეოდა. ბრძოლაში გამობრმედილი კაცი მარტო მტრის ფიზიკურ მონაცემებს არ აქცევს ყურადღებას, მით უფრო, თუ უფლის მსასოებელია, ურიცხვ მტერსაც შეებმება. ბიბლიიდან გავიხსენოთ გედეონის მაგალითი. მან 300 მებრძოლით ურიცხვი მტერი გაანადგურა, რადგან უფალი იყო მათთან და შეეწეოდათ ბრძოლაში.
- რომელ ტერიტორიებზე მიმოდიოდნენ ებრაელები ამ ხნის მანძილზე და როგორ წარიმართა მათი მოგზაურობა უდაბნოში?
- ამ ორმოცი წლის განმავლობაში ერმა, ფაქტობრივად, მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოები მოიარა, თანამედროვე იორდანიის ტერიტორია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები... ზოგიერთ ადგილას თვეობითაც კი ჩერდებოდნენ. მათ ღრუბლის სვეტი მიუძღოდათ, რომელიც დღისით მზისგან იცავდათ, ღამით კი გზას უნათებდათ. როდესაც ზეციური სვეტი ერთ ადგილას დადგებოდა, ისინიც ჩერდებოდნენ...
ამგვარი სასჯელის მიუხედავად, ებრაელები ხშირად ივიწყებდნენ ღვთისთვის მიცემულ პირობას, რომ მტკიცედ დაიცავდნენ მიღებულ სჯულს და იწყებდნენ დრტვინვას და ყვედრებას ღვთისა და მოსეს მიმართ. ერთ ადგილას მათ ღმერთმა მოუვლინა უამრავი შხამიანი გველი. მათი ნაკბენისგან ბევრი ხალხი დაიხოცა. ებრაელებმა თავიანთი შეცოდება იგრძნეს და მოსეს სთხოვეს ღვთის წინაშე შემწეობა... ღვთის ბრძანებით, მოსემ გააკეთა სპილენძის გველი და ჩამოკიდა მაღალ ბოძზე. ვისაც შხამიანი გველი უკბენდა და სარწმუნოებით შეხედავდა სპილენძის გველს, გადარჩებოდა... სპილენძის გველი მოასწავებდა იესო ქრისტეს, ჯვარცმულს. როგორ ცოდვაშიც არ უნდა ჩავარდეს ადამიანი, თუკი ჯვარცმული უფლის სასოება აქვს, არა მხოლოდ სულიერი, ხორციელი სნეულებისგანაც განიკურნება.
სპილენძის გველი ისრაელის ერს საკმაოდ დიდხანს ჰქონდა და შემდგომ ისრაელის მეფე იოშიამ გაანადგურა, რადგან ისრაელიანები მას არა სარწმუნოებით, არამედ როგორც კერპს, ისე ეთაყვანებოდნენ. ამიტომ მეფე იოშიამ ისიც ისევე გაანადგურა, როგორც ბევრი სხვა უწესო ჩვეულება, რომელიც ისრაელს ჰქონდა.
- საინტერესოა, რატომ უნდა ეხეტიალათ ებრაელებს ორმოცი წელიწადი...
- აღთქმული ქვეყნის საზღვართან სასჯელის გამოცხადებისას უფალმა მოსეს უბრძანა: "...ისინი იქნებიან დასჯილნი 40 წლის ხეტიალით უდაბნოში, სანამ არ ამოიხოცებიან ყველანი ოც წელზე უფროსნი..." ვიცით, რომ ოც წელს გადაცილებულ ებრაელთაგან მხოლოდ ისუ ნავეს ძე და ქალებ იეფუნის ძე გახდნენ ღირსნი აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა. ზოგი ასაკით გარდაიცვალა, ზოგი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიც სხვა მიზეზით... ყველა უხუცესი ებრაელი უდაბნოში დარჩა. როდესაც რჩეული ერი მეორედ მიადგა აღთქმულ ქვეყანას, მათ ბანაკში, ისუ ნავეს ძისა და ქალების გარდა, 60 წელს გადაცილებული აღარავინ იყო. როგორც ვიცით, თავად მოსე და აარონიც ვერ შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში. 40 წელიწადი დასჭირდა, რომ ისრაელიანთა უხუცესი თაობა გადასულიყო.
- რატომ უნდა ევლოთ ისრაელიანებს ამ ხნის მანძილზე სწორედ უდაბურ, უკაცრიელ ადგილებში?
- რათა ურთიერთობა არ ჰქონოდათ სხვა ერებთან და სარწმუნოებაში განმტკიცებულიყვნენ. მათ რომ სხვა ერებთან ჰქონოდათ ურთიერთობა, ადვილად გადავიდოდნენ მათ სარწმუნოებაზე. მოხდებოდა ისრაელიანთა სხვა ხალხებთან ასიმილაცია. ამასთან, დასახლებულ ტერიტორიებზე რომ ევლოთ, გამუდმებული ბრძოლა მოუხდებოდათ. სხვა ერები უბრძოლველად ხომ არ გაატარებდნენ თავიანთ ტერიტორიაზე.
ბიბლიიდან ვიცით, რომ ორ-სამჯერ ისრაელს მაინც მოუწია დასახლებულ ტერიტორიაზე გავლა. ერთ ქვეყანაში ფული გადაიხადეს, რომ გაევლოთ და მათი წყლით ესარგებლათ, მეორე ქვეყანაში ბრძოლა მოუხდათ... ორმოცი წელი რომ ასე გაგრძელებულიყო, სულ ამოწყდებოდნენ. ამასთან, ყველაფერი, რის გამოც უფალმა არ შეიყვანა რჩეული ერი აღთქმულ ქვეყანაში, აზრს დაკარგავდა. სწორედ უდაბნოში განმტკიცდა ერის სარწმუნოება და უდაბნოშივე გამრავლდნენ.
ამ ხნის მანძილზე უამრავი სასწაული ხდებოდა მათ განსამტკიცებლად. ერთ ადგილას უფალი ეუბნება მოსეს და ისრაელის ერს - ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი არ გაგცვეთიათ ამ ხნის მანძილზეო. ყოველდღიურად აღესრულებოდა მათზე სასწაული. შემდგომში, როდესაც იორდანე გადაკვეთეს, აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ და იქაური პური გასინჯეს, შეწყდა ზეციური მანანა.
- იმ ტერიტორიაზე, რომელიც რჩეულმა ერმა აღთქმული ქვეყნისკენ მოგზაურობისას განვლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სინას მთაა. კიდევ რომელი მნიშვნელოვანი ადგილები გვხვდება ამ მიწაზე?
- სინას მთა, სადაც რჩეულმა ერმა 10 მცნება მიიღო და სჯული მიეცა, ამჟამად ეგვიპტის ტერიტორიაზეა. სინას მთაზე, უძველესი დროიდან მოყოლებული, არაერთ ქრისტიანულ სავანეს ჩაეყარა საფუძველი. ყველაზე დიდი - წმინდა ეკატერინეს მონასტერი გახლავთ, რომელიც ქრისტიანობის პირველივე ხანებში დაარსდა. თავად სინას მთაზე ავტონომიური ეკლესია არსებობს, რომელიც ალექსანდრიის საპატრიარქოს ექვემდებარება. აქვეა წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი. იქ აფარებდა გამოქვაბულს თავს დედოფალ იეზებელისგან დევნილი წინასწარმეტყველი. წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის აგების ისტორია ქართველთა მეფის - დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირებდა. წმინდა მთაზე სხვა ტაძრები და სავანეებიც გვხვდება.
სინას მთაზე ვიხილავთ ჭას, სადაც მოსე წინასწარმეტყველმა თავისი მომავალი მეუღლე - ციფორა გაიცნო. იქვეა მაყვლის ბუჩქი - შეუწველ მაყვლად წოდებული, სადაც მოსეს უფალი გამოეცხადა.
როგორც ვიცით, სინას მთას ორი წვერი აქვს - მაღალი სინად იწოდება, დაბალი კი ქორების მთად. სწორედ ამ ადგილას ესაუბრებოდა ღრუბლებში გახვეული მოსე ღმერთს.
სინას მთაზე ქართველებიც მრავლად მოღვაწეობდნენ. თითო-ოროლა ქართველი იქ უკვე VI საუკუნიდან გამოჩნდა, ხოლო ქართული სათვისტომო IX საუკუნეში დაარსდა. სინას მთაზე ქართველები განსაკუთრებით X საუკუნეში მომრავლდნენ, როდესაც არაბთა მუდმივი თავდასხმებით შეწუხებულმა ქართველებმა დატოვეს პალესტინის სავანეები. სინას მთაზე უამრავი ქართული ხელნაწერიც შეიქმნა. ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კოლექცია ქართული ხელნაწერებისა სწორედ სინას მთაზეა დაცული. იქ მოღვაწე ქართველმა მწიგნობრებმა და წიგნის მმოსველებმა - იოანე ზოსიმემ, მიქაელ კატამონელმა, იოანე კუმურდოელმა და სხვებმა საკმაოდ მდიდარი ქართული წიგნთსაცავი შექმნეს, რომელიც მხოლოდ ადგილზე დამზადებული ხელნაწერებით როდი მდიდრდებოდა - პალესტინის ქართული სავანეებიდანაც ივსებოდა. ქართულ ხელნაწერთა ნაწილი დღემდე სინას მთაზე ინახება, ნაწილი კი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც მოხვდა. ახლახან სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში კვლავ რამდენიმე ქართული ხელნაწერი აღმოაჩინეს.
იმ ადგილებზე, რომლებიც ისრაელის უდაბნოში მოგზაურობას და მათზე აღსრულებულ სასწაულებს გვახსენებს, შემდგომში ქრისტიანული მონასტრები დაარსდა.
- აღთქმულ ქვეყანაში შესვლამდე ჯერ აარონი გარდაიცვალა, მის საზღვართან მოსეც აღესრულა. რატომ ვერ შევიდნენ მოსე და აარონი აღთქმულ ქვეყანაში?
- ვიცით, როგორი თაყვანისცემის მწვერვალზე ჰყავდათ ებრაელებს მოსე აყვანილი. თუ მათ სჯულით არ დააკავებდნენ, ღმერთადაც კი ჩათვლიდნენ: ყველა უხუცესი ისრაელიანი გარდაცვლილი იყო, მათ კი, ვინც აღთქმულ ქვეყანამდე მიაღწია, მოსე მხოლოდ უდაბნოდან ახსოვდათ და ყველაფერს უჯერებდნენ. მას აღთქმულ ქვეყანაშიც მათთან ერთად რომ ეცხოვრა, კიდევ უფრო განდიდდებოდა ისრაელიანთა თვალში და ადვილი შესაძლებელი იყო, ღმერთი დაევიწყებინათ და მოსე გაეღმერთებინათ. ეს კი საზიანო იქნებოდა არა მოსესთვის, არამედ რჩეული ერისთვის, ამიტომაც გაიყვანა უფალმა იგი აღთქმულ ქვეყანაში შესვლამდე და დაფარა მისი გარდაცვალების ადგილიც კი, რათა ისრაელს თაყვანისცემის ადგილად არ გაეხადა იგი.
ამდენად, ისრაელის ერს ღვთის პატივისცემა და თაყვანისცემა რომ არ დაეკარგა და ეს თაყვანისცემა მოსესადმი არ მიემართა, უფალმა ინება, მოსე აღთქმულ ქვეყანაში არ შესულიყო. უმთავრესი მიზეზი ეს გახლდათ. რაც შეეხება მოსეს მიერ კლდეზე კვერთხის ორჯერ დაკვრის ფაქტს, მოსე უდიდესი წინასწარმეტყველი იყო და კარგად უწყოდა, რომ კლდიდან წყალი კვერთხის ერთხელ დაკვრით, თუნდაც სიტყვიერი ბრძანებითაც გადმოვიდოდა, მაგრამ უფალმაც და მოსემაც ხალხს აჩვენეს, რომ ისიც ჩვეულებრივი კაცი იყო. ზოგიერთი მამა განმარტავს: მოსემ სპეციალურად დაჰკრა ორჯერ კვერთხი კლდეს, რათა შემდეგ ერისთვის საბაბი მიეცა იმაზე ფიქრისა, რომ ისიც ჩვეულებრივი კაცი იყო, მასაც შეეძლო დაეშვა შეცდომა ღვთის წინაშე. უფალმა საბაბადაც ეს ფაქტი დაუდო ისრაელის ერს, თითქოსდა ამ ქმედების გამო არ შეიყვანა მოსე აღთქმულ ქვეყანაში. თავისი წინასწარმეტყველური ნიჭით, მოსემაც კარგად უწყოდა, რომ ვერ შევიდოდა აღთქმულ ქვეყანაში, რადგან ეს საზიანო იქნებოდა ისრაელის ერისთვის.
აარონი კი პირველი მღვდელმთავარი იყო და მისი აღთქმულ ქვეყანაში ვერშესვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლდათ. ასევე, ვიცით, რომ, თავისი სურვილის მიუხედავად, ბოლომდე ვერ შეეწინააღმდეგა ისრაელის სურვილს, ხბოს კერპი ჩამოესხათ. ამის გამო ვერც აარონი გახდა ღირსი აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი