გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მოძრავი ტაძრის აგება, მისი მნიშვნელობა და დანიშნულება
- მოძრავი კარავი მოსემ იმ გეგმის მიხედვით ააგო, რომელიც უფალმა აუწყა. იგი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ეზო, წმიდათა და წმიდაწმიდათა. წმიდათაში მხოლოდ მღვდლები შედიოდნენ. იქ იდგა ტაბლა - მაგიდა, რომელზეც 12 პური ეწყო; აქვე იდგა შვიდსანთლიანი ოქროს სასანთლე და ოქროს სამსხვერპლო გუნდრუკის საკმევად.კარავი ორ ნაწილად იყოფოდა კრეტსაბმელით (ფარდით), რომელზეც ამოქარგული იყო ორი ქერუბიმი. კრეტსაბმელის უკან, დასავლეთისკენ, იყო მეორე და უმთავრესი ნაწილი კარვისა - წმიდაწმიდათა, რომელშიც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა წელიწადში ერთხელ. მასში იდგა აღთქმის კიდობანი - ოქროთი მოჭედილი ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო ქვის ფილებზე ამოტვიფრული ათი მცნება; ოქროს ჭურჭელი (ტაკუკი) მანანითა და მღვდელმთავარ აარონის კვერთხით. რადგან კიდობანში ინახებოდა ქვის ფიცრები, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ამიტომაც მას ასევე ეწოდებოდა კიდობანი წამებისა ანუ მოწმობისა, გამოცხადებისა. შემდგომში მის გვერდით მოსემ დადგა ყუთი, რომელშიც ჩადო წიგნი სჯულისა.
კარავს გარშემო ერტყა გალავანი (ეზო). მას შესასვლელი აღმოსავლეთიდან ჰქონდა. შესასვლელის პირდაპირ იდგა საკურთხეველი ანუ სამსხვერპლო - ხის უძირო ყუთი, რომელსაც მსხვერპლშეწირვის დროს მიწით ავსებდნენ და ისე დებდნენ ზედ შესაწირავად გამზადებულ ცხოველს. სამსხვერპლოსა და კარავს შუა იდგა ემბაზი - წყლით სავსე რვალის აუზი, რომელშიც მსხვერპლშეწირვის წინ მღვდლები ხელ-ფეხს იბანდნენ.
მოძრავი კარვის ეზო დანიშნული იყო ხალხისთვის, რომელიც ისმენდა ღვთის სიტყვას.
წმინდა მამათა განმარტებით, მოძრავი ტაძარი მოასწავებდა ქრისტეს ეკლესიას, კარვის ეზო, სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა შესვლის უფლება - ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიის მსოფლიო ხასიათს, სადაც არ ხდება გარჩევა დედაკაცისა და მამაკაცისა. სამსხვერპლოზე დამწვარი მსხვერპლი იყო წინასახე მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა, ეზოში მდგარი ემბაზი - ნათლისღების ემბაზისა. წმიდად წოდებული ნაწილი ტაძრისა, რომელშიც მხოლოდ მღვდლები შედიოდნენ, მოასწავებდა რჩეულ ქრისტიანებს. წმიდათაწმიდა, რომელშიც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა წელიწადში ერთხელ, ნიშნავდა ზეცას. აარონის განედლებული კვერთხი, ოქროს ტაკუკი მანანით და სალხინებელი, რომელიც თავზე ეხურა აღთქმის კიდობანს, მოასწავებდნენ ქრისტეს განხორციელების საიდუმლოს.
- რატომ უბრძანებს ღმერთი მოსეს მოძრავი ტაძრის აგებას? რა მნიშვნელობა და დანიშნულება ჰქონდა მას?
- უფალმა ტაძარი იმისთვის შექმნა, რომ ადამიანს მეტად მოეკრიბა გონება ლოცვის დროს. მიწიერ ყოფაში ჩვენი გონება უმეტესწილად მიწიერი საკითხებითაა დაკავებული, ტაძარში კი უფალზეა მიპყრობილი. უფალმა უპირველესად ამისთვის უბრძანა მოსეს მოძრავი ტაძრის აგება.
იმ დროს ებრაელები უდაბნოში იყვნენ. მათ ტაძარი ერთ ადგილას რომ აეშენებინათ, იქვე დამკვიდრდებოდნენ, ისინი კი აღთქმულ ქვეყანაში უნდა შესულიყვნენ. საზოგადოდ კი, მოძრავი ტაძარიც და უძრავიც უფალმა შექმნა ერთი დანიშნულებით - რომ იქ შესულმა ადამიანებმა უფალზე იფიქრონ და გონება მოიკრიბონ ლოცვისთვის. იმ პერიოდში ისრაელი არ იყო იმდენად განვითარებული სულიერად, რომ განუწყვეტლივ უფალზე ეფიქრა, მაცხოვრის მოსვლისა და გამოხსნის შემდგომაც ამგვარი სულიერი მდგომარეობისთვის მხოლოდ განდეგილობაში მყოფ ბერებსა და წლების განმავლობაში მოღვაწე მამებს თუ მიუღწევიათ.
ისრაელიანთა უდაბნოში ყოფნისას და მანამდეც მთელი სამყარო, მთელი კაცობრიობა კერპთაყვანისმცემელია - ყველა ხალხს აქვს კერპები, ბომონები და მათ მსახურებენ. უფალს იმ დროს რომ განეცხადებინა ჭეშმარიტება ისრაელიანთათვის, ებრაელები მას ვერ გაიგებდნენ და ადვილად მიიდრიკებოდნენ კერპთმსახურებისკენ. რადგან ადამიანის საღვთისმეტყველო გონება ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, ამიტომ რჩეულ ერსაც დაუწესა მსხვერპლშეწირვა, მსგავსი იმისა, რაც ხდებოდა მათ გარშემო. მაგრამ ეს მსავსება მხოლოდ გარეგნული იყო, ისრაელიანნი ამ ქმედებით უფლის სიტყვის მორჩილებას აღასრულებდნენ, თორემ ღმერთს ადამიანის შესაწირი არ სჭირდება, ისედაც ხომ მისია "ქვეყანა და სავსება მისი"; ეს ადამიანებს სჭირდებათ და სჭირდებოდათ მაშინაც, რათა ტაძარში მსახურებით, მსხვერპლშეწირვით თუ სხვა ღვთის მიერ დადგენილი წესების აღსრულებით ესწავლათ ღვთის მორჩილება და ამით მომზადებულიყვნენ ჭეშმარიტი უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის - დღევანდელი მსახურებისთვის, რომლის დროსაც ხდება პურისა და ღვინის უფლის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გადაქცევა.
ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა არ იყო მაცხოვნებელი. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ვაცებისა და კუროების სისხლს არ შეეძლო ადამიანთა ცოდვების მიტევება და მათი გამოხსნა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ უფალი არ მოვიდოდა და ჯვარს არ ეცმებოდა. ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა იყო ადამიანთა მომზადება იმისათვის, რომ განკაცებული უფალი მიეღოთ, ახალაღთქმისეული მსახურება და ის სწავლება მიეღოთ, რომელიც უფალმა მოგვცა.
- რამდენგვარი მსხვერპლშეწირვა არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდში?
- ძველი აღთქმის მსახურება ძირითადად მსხვერპლშეწირვისგან შედგებოდა - სამღვდელოება დადგენილი იყო მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად. არსებობდა ოთხი სახის მსხვერპლშეწირვა: აღსავლენი, ცოდვათა გამოსასყიდი, საძღვნო და სამადლობელი, რომელთა აღსრულებასაც თან ახლდა შესაბამისი რიტუალური ქმედებები.
საძღვნო და სამადლობელი მსხვერპლიდან სამღვდელოება აიღებდა ქონსა და სხვადასხვა ნაწილს და სწირავდა სამსხვერპლოზე. მარჯვენა ბეჭი ერგებოდა სამღვდელოებას, დანარჩენ ნაწილებს ხალხი იღებდა. ამით სწავლობდნენ მოწყალებას, უფლის მორჩილებას და ღვთის განდიდებას, რათა სცოდნოდათ, რომ ყველაფერი უფალმა მისცათ და მისი მიცემულიდან მხოლოდ მცირედს უბრუნებდნენ.
რაც შეეხება ცოდვათა გამოსასყიდ მსხვერპლს, სხვადასხვა ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ის სხვადასხვაგვარად შეიწირებოდა. თუ მსხვერპლი ერის ცოდვისთვის იწირებოდა, გარკვეული ნაწილები იწვებოდა სამსხვერპლოზე, დანარჩენი კი ბანაკს გარეთ უნდა გაეტანათ და იქ დაეწვათ, მაგრამ თუ უბრალო პიროვნების ცოდვის გამოსასყიდი იყო, სამსხვერპლოზე იწვებოდა იგივე ნაწილები, ხოლო დანარჩენს სამღვდელოება ხელში დაიჭერდა და ღვთის წინაშე შეარხევდა. ამიტომ მას შესარხეველი მსხვერპლი ეწოდებოდა. შესარხეველი მსხვერპლი იყო უშუალოდ აარონიანთა. ის აუცილებლად მსხვერპლშეწირვის ადგილზე ანუ საკურთხეველთან უნდა შეეჭამათ მხოლოდ მამაკაცებს.
აღსავლენი - ყოვლად დასაწველი მსხვერპლი იწირებოდა მთლიანად - შეწირულ ცხოველს გაატყავებდნენ, გაასუფთავებდნენ, დაანაწილებდნენ და მთლიანად წვავდნენ სამსხვერპლოზე. აღსავლენი მსხვერპლი მთლიანად უფლისადმი იყო მიძღვნილი.
- რატომ მისცა უფალმა რჩეულ ერს სხვადასხვა სახის მსხვერპლშეწირვა?
- ადამიანის გონება სულ ეძებდა რაღაც განსხვავებულს. ისრაელიანებს მრავალგვარი წესი, სახე მსხვერპლშეწირვისა სწორედ იმის გამო მისცა უფალმა, რომ სხვადასხვაგვარი წარმართული მსხვერპლშეწირვის ხილვისას რაიმე ახალი არ მონდომებოდათ და ღვთის მორჩილებიდან არ გადაეხვიათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისრაელი მაინც ხშირად ვარდებოდა კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში.
- საინტერესოა, რას მოასწავებდა ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა, სისხლის პკურება, რაც ნებისმიერი სახის მსხვერპლშეწირვის აღსრულებისას ხდებოდა...
- ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილი სისხლი მიანიშნებდა ჯვარცმის დროს იესო ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლზე, რომლის მეშვეობითაც მოხდა კაცობრიობის გამოსყიდვა. ეს იყო უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მსხვერპლშეწირვა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის შემდეგაც ახალი აღთქმის ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ აღესრულება; მასში უსისხლო მსხვერპლი შეიწირება პურითა და ღვინით, რომელიც საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისას უფლის უხრწნელ ხორცად და სისხლად გადაიქცევა.
ძველ აღთქმაში არსებობდა უსისხლო მსხვერპლშეწირვაც - სწირავდნენ ფქვილს, ზეთსა და საკმეველს, ასევე ზეთში მოზელილ და თონეში გამომცხვარ უფუარ - ხმიად პურს, ლელანგოს და დაღერღილ პურის მარცვალს. შესაწირავად მიტანილი მსხვერპლიდან მღვდელი ერთ მუჭა ფქვილს, ზეთიანი პურის ნატეხებსა და მთელ საკმეველს სამსხვერპლოზე სწირავდა, დანარჩენი კი მღვდელთა სასარგებლოდ ინახებოდა.
როგორც უსისხლო, ასევე სისხლიან შეწირვას ერთი და იგივე დანიშნულება ჰქონდა. აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლად პირველნაყოფს სწირავდნენ. ცხოველების შეწირვისას პირუტყვი აუცილებლად უბიწო უნდა ყოფილიყო, ამასთან, მხოლოდ შინაური ცხოველის შეწირვა შეიძლებოდა, იმათი, რომელთა ჭამის უფლებაც ჰქონდათ ებრაელებს. მათ ეკრძალებოდათ სისხლისა და ქონის ჭამა. ყველა სახის სისხლიანი მსხვერპლშეწირვისას სისხლი და ქონი შესაწირი ცხოველისა საკურთხეველზე უნდა შეწირულიყო.
- საინტერესოა, რატომ ვერ შევიდნენ ებრაელები პირველად აღთქმულ ქვეყანაში?
- მონობის შედეგად ებრაელებს მონის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ, უფალს კი არ სურდა, თავისი ერი ამგვარი ფსიქოლოგიით შეეყვანა აღთქმულ ქვეყანაში, რადგან ამის გამო ვერ დაიმკვიდრებდნენ მას. პირველად ისრაელიანები სამხრეთიდან - დღევანდელი ისრაელის, ღაზას სექტორის მხრიდან მიადგნენ აღთქმულ ქვეყანას. ეს მოკლე გზა იყო. მოსემ თითო შტოდან თითო კაცი გაუშვა აღთქმული ქვეყნის დასაზვერად. უკან დაბრუნებულებმა თან მოიტანეს არაჩვეულებრივი ხილი და თქვეს, რომ ქვეყანა მართლაც მშვენიერი და ნაყოფიერი იალაღებით მდიდარი იყო, მაგრამ ამასთანავე ხალხი დააშინეს, ქანაანის მცხოვრებნი ძალზე ძლიერნი, ბუმბერაზნი არიან, დიდ და გამაგრებულ ქალაქებში ცხოვრობენ და მათი დამარცხება შეუძლებელიაო. მხოლოდ ისუ ნავეს ძე და ქალებ იეფუნის ძე არწმუნებდნენ ებრაელებს, რომ ღვთის ნებითა და შეწევნით აღთქმულ ქვეყანას დაიმკვიდრებდნენ. შესამოსელი შემოიხიეს და გაიძახოდნენ: გაიხსენეთ ის სასწაულები, უფალმა ჩვენ გამო რომ ქმნა, ღვთის შეწევნით ქანაანელებს დავამარცხებთო, მაგრამ ებრაელებს არაფრის გაგონება არ სურდათ. სწორედ პესიმიზმის გამო დაისაჯნენ უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალით. პესიმიზმი მონის თვისებაა, თავისუფალი და ღვთისმოშიში კაცი არ შეიძლება, პესიმისტი იყოს...
როდესაც მოსეს პირით უფალმა სასჯელი განუცხადათ, რაც მათივე ურწმუნოებისა და უმადურობის საზღაური იყო, შეძრწუნებულმა ებრაელებმა კვლავ მოისურვეს აღთქმულ ქვეყანაში ბრძოლით შესვლა, მაგრამ მოსე აღარ წარუძღვა მათ, რადგან ღვთის ბრძანება ჰქონდა მიღებული, ერი 40 წელი უდაბნოში ეტარებინა. ებრაელთა ნაწილი მაინც წავიდა და შეებრძოლა ქანაანელებს, მაგრამ ყველანი დაიხოცნენ.
ღვთის სიტყვისაებრ, იმ ებრაელთაგან, რომლებიც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა - 20 წელს გადაცილებულნი, ვისაც იარაღის დაჭერა შეეძლო ხელში, მხოლოდ ისუ ნავეს ძე და ქალებ იეფუნის ძე გახდნენ ღირსნი აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა (ვიცით, რომ თავად მოსე და აარონიც კი ვერ შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში, მის საზღვართან აღესრულნენ). ვინც მონა იყო, ვერ გათავისუფლდა მონობისგან, ამიტომ უფალმა ინება, ყველა მათგანი უდაბნოში დაეტოვებინა. აღთქმულ ქვეყანაში მხოლოდ მათი შვილები შევიდნენ - ის ებრაელები, ვინც თავისუფლებაში გაიზარდა.