როდესაც უფალმა კიდობნის კარი დახშო, დაიწყო საშინელი, ძლიერი წვიმა. ორმოცი დღე და ღამე განუწყვეტლივ წვიმდა, ზღვები, ტბები, მდინარეები ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა... მთელი დედამიწა, თვით უმაღლესი მთების მწვერვალებიც წყალმა დაფარა...
კიდობანი კი უვნებლად დაცურავდა წყალზე...
გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- კიდობანი 300 დღე მოძრაობდა წყალზე. ამ ხნის განმავლობაში მან დაახლოებით 600 კილომეტრი გაიარა. ვიცით, რომ კიდობანი გაჩერდა არარატის მთასთან. არარატის მთა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. თურქეთის შემდეგ არის სირია, ერაყი და ისრაელი - კიდობანს ბევრი არ უმოგზაურია, მთელი 300 დღე ამ ტერიტორიებზე ცურავდა და ბოლოს არარატის მთასთან შედგა.
- რა იყო წარღვნის მიზანი?
- როგორც უკვე ვთქვით, წარღვნამდელ პერიოდში იმდენად გაირყვნა კაცობრიობა, რომ მთელ დედამიწაზე ერთადერთი ღვთის მადიდებელი კაცი ცხოვრობდა. ეს იყო ნოე. იყვნენ სხვა ღვთის მადიდებელი ადამიანებიც, მაგრამ ისინი წარღვნამდე გარდაიცვალნენ.
როდესაც წარღვნა დაიწყო, ნოე 500 წლისა იყო, მისი შვილები კი 100 და 120 წლისა. ნოემ ცოლი დაახლობით 400 წლის ასაკში მოიყვანა, სწორედ მას შემდეგ, რაც ღმერთმა განუცხადა, რომ წარღვნა უნდა მომხდარიყო. ლოგიკურად შეიძლება დავასკვნათ, რომ ნოე ოჯახის შემნას არ აპირებდა, თავი ღვისთვის ჰქონდა შეწირული. მაგრამ მას ოჯახი რომ არ შეექმნა, ნოეს გარდაცვალების შემდეგ ღვთის მადიდებელი ადამიანი აღარ იარსებებდა და მთელი ხილული სამყარო, მთელი კაცობრიობა ეშმაკის ხელში აღმოჩნდებოდა. უფალმა ძველი, წარღვნამდელი კაცობრიობა გაანადგურა და მართალი კაცი ოჯახთან ერთად გამოიხსნა. ნოესგან უკვე ახალი გზა დაუდო სამყაროს, კაცობრიობას. წარღვნის შემდეგ სამყაროს სულიერად განვითარება ხელახლა დაიწყო. მას შემდეგ სამყაროში ერთადერთი ღვთის მადიდებელი კაცი აღარ დარჩენილა. წარღვნის შემდეგ კაცობრიობის სულიერად განადგურების საფრთხე, იმის გამო, რომ აღარ იყვნენ ღვთის მადიდებელნი, აღარ დამდგარა.
ღვთის მადიდებელ ადამიანთა რიცხვი ძალზე შემცირდება მეორედ მოსვლის წინაც. წმინდა მამათა აზრით, მეორედ მოსვლის ჟამი დადგება იმ დროს, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნებიან პოტენციურად ისეთი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებაზე მოექცევიან. სანამ ერთი კაცის მოქცევის საშუალება მაინც არსებობს, მეორედ მოსვლა არ დადგება; თუკი ერთი ადამიანის მოქცევა მაინც იქნება შესაძლებელი, უფალი მასაც დაუთმობს და დაელოდება. როდესაც საბოლოოდ გაიყოფა კაცობრიობა ღვთის მადიდებლებად და ღვთის მოწინააღმდეგეებად, მეორედ მოსვლაც იქნება.
- რა ხდება წარღვნის შემდეგ?
- როგორც ვთქვით, კიდობანი ერთი წელი მოგზაურობდა წყალზე, ბოლოს კი წყალმა კლება იწყო. კიდობანი წყალმა მაღალი მთის, არარატის წვერზე მიიტანა. ნოემ იგრძნო, რომ კიდობანი შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ სარკმელი გახსნა და გაუშვა ყორანი, რათა შეეტყო, გამოჩნდა თუ არა ხმელეთი. მაგრამ ყორანი მიფრინავდა და უკან ბრუნდებოდა. მეორედ მტრედი გაუშვა. მტრედიც უკან დაბრუნდა, რადგან, როგორც ბიბლიაში წერია, ბრჭყალის მოსაკიდებელი ვერსად ნახა. ეს ნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ არ ჩანდა ხმელეთი. შვიდი დღის შემდეგ ნოემ კვლავ გაუშვა მტრედი. როდესაც მტრედი უკან დაბრუნდა, ნორჩი ფოთლებით შემოსილი ზეთისხილის რტო მოიტანა. ნოე მიხვდა, რომ მიწა არათუ გამშრალიყო, მცენარეებიც ამოსულიყო. ღვთის ბრძანებით, გახსნა კიდობნის კარი და ყველა ფრინველი და ცხოველი გარეთ გამოუშვა.
- კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ პირველი, რაც ნოემ მოიმოქმედა, სამსხვერპლოს აგება და უფლისთვის მსხვერპლის შეწირვა იყო. რა გამოხატა მან მსხვერპლშეწირვით?
- მადლიერება. ნოემ უფალს შესწირა სამადლობელი მსხვერპლი იმისათვის, რომ ღმერთმა იხსნა არა მხოლოდ იგი, არამედ მთელი კაცობრიობა. ნოეს სწამდა, რაც უფალმა უთხრა - რომ მოხდებოდა წარღვნა და ნოე გადარჩებოდა, თუმცა 300 დღე ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობდა და გარშემო აბსოლუტურად არაფერი არსებობდა კიდობნის გარდა. ვიცით, რომ ბოროტ სულს არასოდეს სძინავს. იმ დროს კი, როდესაც სამყაროში რამდენიმე ადამიანიღა დარჩენილიყო, ეშმაკების რაოდენობა კი აურაცხელი იყო, წარმოიდგინეთ, როგორ სულიერ ბრძოლას გაუმართავდა ბოროტი ნოეს, რომ ეჭვებს შეეპყრო! როდესაც წარღვნა დასრულდა და ნოე ხილულადაც დარწმუნდა იმაში, რაც სწამდა, უფლისადმი მადლიერება მსხვერპლის შეწირვით გამოხატა. როგორი სიხარული დაეუფლებოდათ კიდობანში მყოფთ, როდესაც კიდობნიდან გამოვიდნენ და ფეხქვეშ მყარი მიწა იგრძნეს!
ღმერთმა კეთილად მიიღო ნოეს მსხვერპლი და შვილებითურთ აკურთხა: "ინაყოფეთ, იმრავლეთ და გამრავლდით" (დაბად. 9,7) - უფალმა დალოცა ნოე და გაუმეორა იგივე კურთხევა გამრავლებისა და აღორძინებისა, რომელიც სამოთხეში მისცა ადამს და ევას. ღმერთმა აღთქმა მისცა ნოეს, მისი სახით კი მთელ კაცობრიობას, რომ წარღვნა აღარ მოხდებოდა და ამის ნიშნად "დასდვა" ცისარტყელა, ანუ ცისარტყელა ღმერთმა ადამიანებისადმი თავისი წყალობის ნიშნად აქცია.
- რომელი ტერიტორიიდან იწყება ახალი, წარღვნისშემდგომი კაცობრიობის გამრავლება?
- კერძოდ სად დასახლდა ნოე კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, ბიბლია არაფერს გვაუწყებს, მაგრამ ცხადია, იქვე, არარატის მთის მახლობლად დასახლდებოდნენ. ნოემ სამსხვერპლოც იქვე აუგო უფალს. ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო, შორს წასულიყვნენ. თანაც ცხოვრებისთვის იქაც მშვენიერი პირობები ჰქონდათ - ახალმა კაცობრიობამ გამრავლება დაიწყო იმ ტერიტორიაზე, სადაც კიდობანი გაჩერდა, გამრავლების შემდეგ კი, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, კვლავ სამხრეთისკენ დაიძრნენ, სადაც ედემის ბაღი ეგულებოდათ, რომლის შესახებაც ნოესგან უწყოდნენ, მაგრამ ბაღი იქ აღარ დახვდათ - წმინდა მამათა სწავლებით, ედემი ზეცად იქნა ატაცებული... გამრავლებული კაცობრიობის ნაწილი სამხრეთ ტერიტორიებზე დასახლდა.
ნოეს სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. სემი და იაფეტი მამის პატივისმცემელნი იყვნენ, ქამი კი მამას სათანადო პატივს არ სცემდა.
კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ამის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ მან დარგო ვენახი, მოიწია ყურძენი და დააყენა ღვინო. როდესაც ნოემ ღვინო დალია, დათვრა და კარავში დაეძინა. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ნოესთვის ღვინის დალევა ახალი რამ იყო; მას შემდეგ, რაც უფალმა ექვს დღეში შექმნა ყველაფერი, ახალი აღარაფერი შეუქმნია, ამიტომ ვენახი და ღვინო წარღვნამდეც არსებობდა, მაგრამ, როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, იმ დროს ატმოსფერო იმდენად მდიდარი იყო ჟანგბადით და ამის წყალობით ადამიანი იმდენად ძლიერი იყო, რომ ღვინის მათრობელა თვისება ვერაფერს ვნებდა. ნოემაც ზუსტად იმდენი მიიღო, რამდენსაც წარღვნამდე სვამდა, მაგრამ დათვრა. ეს მოხდა ახალი გარემო პირობების გამო. ცხადია, ეს მოხდებოდა წარღვნიდან სამი-ოთხი წლის შემდეგ - ვაზის დარგვას, ვენახის გაზრდასა და ნაყოფის გამოღებას ხომ დრო დასჭირდებოდა.
ძილის დროს ნოეს ტანისამოსი გადაეწია და გაშიშვლდა. მამის სიშიშვლე ქამმა დაინახა, გაიქცა და დაცინვით უამბო ძმებს ეს ამბავი. სემი და იაფეტი მივიდნენ მამასთან, ზურგით შევიდნენ მამის კარავში და ისე დააფარეს სამოსი, მისი სიშიშვლე არ დაუნახავთ.
როდესაც ნოემ გაიღვიძა და ყოველივე შეიტყო, დაწყევლა ქამი უმსგავსო საქციელისთვის და აკურთხა სემი და იაფეტი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნოემ ქამი დაწყევლა; მან ის თქვა, რაც ელოდა მის შთამომავლობას: ქამის შთამომავლობა მორჩილი და მონა იქნებოდა სემისა და იაფეტის შთამომავლობისა. მაგრამ ნოეს სიტყვის გამო კი არ ელოდათ სემისა და იაფეტის შთამომავალთა მონად ყოფნა, არამედ ნოეს სიტყვა ითქვა სწორედ იმის გამო, რომ ქამის შთამომავლობას ასეთი ხვედრი ელოდა თავისი მამამთავრისა და შემდგომში საკუთარი ცხოვრების გამო.
ღვთის შთაგონებით სემის მიმართ თქვა: "კურთხეულ იყოს უფალი სემისა". ამ სიტყვებით წინასწარმეტყველურად გვაუწყა, რომ სწორედ სემის შთამომავლობაში დაიბადებოდა კაცობრიობის მხსნელი.
იაფეტის მიმართ კი წარმოთქვა: გაუმრავლოს საზღვარნი იაფეტს - ყველაზე მეტად იაფეტის შთამომავლობა გამრავლდებოდა ქვეყანაზე. იაფეტის შთამომავალნი მართლაც ყველაზე მეტად გამრავლდნენ და მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავთ (ქართველებიც მისი შთამომავლები ვართ).
აღსრულდა სემის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყველებაც. სწორედ სემის შთამომავლობაში - ებრაელთა ერში იშვა კაცობრიობის მხსნელი - მაცხოვარი.
ქამის შთამომავლები შემდგომში არაბეთში, ინდოეთსა და აფრიკაში დამკვიდრდნენ.
- ღმერთმა ხორცის ჭამის ნებაც სწორედ წარღვნის შემდეგ მისცა ადამიანებს...
- ნოე პირველი კაცი იყო, რომელსაც ღმერთმა ხორცის ჭამის ნება დართო. ცნობილი არ არის, იხმევდა თუ არა ხორცს წარღვნამდელი კაცობრიობა. ისინი ძალიან დიდ ცოდვებში იყვნენ და იმდენად დაშორდნენ უფალს თავიანთი ცხოვრებით, ადვილი შესაძლებელია, ხორცსაც ჭამდნენ. ღვთის მადიდებელ ადამიანებს კი ხორცის ჭამის ნება წარღვნის შემდგომ მიეცათ, მაგრამ ღმერთმა აკრძალა ხორცის სისხლთან ერთად - უმად ჭამა, რაც დღემდე იკრძალება.
ღვთის მიერ ხორცის ჭამის ნება ადამიანებს მიეცათ იმის გამო, რომ წარღვნის შემდგომ მცენარეებმა დაკარგეს სინოყივრე, ხოლო ჩვენი ხორციელი ძალა იმდენად შესუსტდა, რომ მის გასაძლიერებლად უფრო მტკიცე საკვები გახდა საჭირო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი