ადამის ცოდვის შედეგი ადამიანსა და ხილულ სამყაროზე
როგორც ვიცით, დაცემულმა ანგელოზმა მიაღწია საწადელს და მოახერხა სამოთხეში დამკვიდრებულ ადამიანთა ცდუნება.
ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა და პირველქმნილი ცოდვა და ცოდვის შედეგი თითოეულ მათგანსა და ხილულ სამყაროზე გავრცელდა, თუმცა ღმერთი ადამს, მისი სახით კი მთელ კაცობრიობას არ ტოვებს უნუგეშოდ, არამედ აძლევს მხსნელის მოვლინების აღთქმას. აღთქმის მიცემისა და სასჯელის გამოცხადების შემდეგ ღმერთმა ადამი და ევა განდევნა ედემის ბაღიდან. ისინი სამოთხის მახლობლად დასახლდნენ...გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- ვიცით, რომ უფალი მართლმსაჯულია, მაგრამ ამავე დროს იგი აბსოლუტურად კაცთმოყვარეცაა. უფალმა ადამს მცნებად დაუდო, არ ეხმია ცნობადის ხის ნაყოფი, თორემ მოკვდებოდა. ადამმა მცნება დაარღვია და უფლის სიტყვაც აუცილებლად აღესრულებოდა - ადამი მოკვდებოდა. მაგრამ ღვთის მრავალმოწყალებისა და კაცთმოყვარეობის გამო ადამი მეყსეულად არ მომკვდარა, მასში ნელ-ნელა შემოვიდა ხრწნილება, მისგან კი მთელ მის შთამომავლობაში დამკვიდრდა. რადგან ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა - საბოლოოდ ადამი და ადამიდან გამომდინარე მთელი კაცობრიობა მოკვდებოდა.
უფალმა ადამი მცნების დარღვევამდე აკურთხა - გამრავლების შესაძლებლობა მისცა და აღუთქვა, რომ გამრავლებულ კაცობრიობაში თავად მოვიდოდა და გამოიხსნიდა ადამის ცოდვით დაცემულ მოდგმას. სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავარდნილიყო იმის გამო, რომ მოკვებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა, ადამს მისცა იმედი, სასოება იმისა, რომ მისივე ნაშობისგან მოუვლენდა მხსნელს, რომელიც კაცობრიობას დააბრუნებდა ზეცაში, სამოთხეში, სადაც ადამი ისედაც უნდა დამკვიდრებულიყო, მაგრამ თავისი ურჩობით გამოიდევნა. ამ აღთქმის მიცემიდან 55 საუკუნის შემდეგ მოვიდა მაცხოვარი და ასწავლა ადამიანს გზა, როგორ დაეღწია თავი მარადიული სიკვდილისგან.
- რატომ გავრცელდა ადამის ცოდვა ყველა ადამიანზე?
- ადამის ცოდვით ხრწნილება შემოვიდა სამყაროში, ამ ცოდვით თავად პირველი ადამიანებიც ხრწნილებას დაემორჩილნენ, ხრწნადიდან კი შეუძლებელია უხრწნელი იშვას. ადამის ცოდვა კაცობრიობაზე მიწიერადაც გადავიდა - როგორიც გახდა ადამი ხორციელად, ისეთივე გახდა მისი შთამომავლობა. ხრწნად სხეულში არ შეიძლება იყოს უცოდველი სული. რადგან ადამის ცოდვით სამყარო გაიხრწნა და უკვე ყველა ხრწნადობაში იშვება, ამიტომ გადადის ადამის ცოდვა ყველა ადამიანზე. ვიდრე სამყაროში ხრწნადობა იქნება, ადამის ცოდვა შთამომავლობით გადაეცემა თითოეულ ადამიანს.
ადამის ცოდვას ადამიანში წმინდა ნათლისღება აჩერებს, მაგრამ არა ფიზიკურად, არამედ სულიერად; ფიზიკურად ის კვლავ გრძელდება. ავიღოთ ასეთი მაგალითი: ადამიანი ცოდვაში ჩავარდა და ამის გამო გადამდები სენი შეეყარა. მის შვილსაც გადაჰყვა იგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შთამომავალი წინაპრის ცოდვის თანაზიარია; ის ხორციელად გახდა სნეულების მატარებელი და არა სულიერად. ასევე, როდესაც ადამიანი ნათელს იღებს, სულიერად განიწმინდება და წყვეტს კავშირს ადამის ცოდვასთან, მაგრამ ხორციელად ისეთივე ხრწნადობაში რჩება, როგორშიც იყო და არის ყველა მოკვდავი.
შესაძლოა, ვინმემ იკითხოს - რატომ არ დაუშვა უფალმა, ნათლისღებით ადამიანი უხრწნელი გამხდარიყო და პირვანდელ მდგომარეობას დაბრუნებოდაო. იმის გამო, რომ დაუშებელია, უხრწნელი ხრწნად სამყაროში ცხოვრობდეს. თუკი სამყარო განიყოფოდა უხრწნელად და ხრწნადად, მაშინ ხრწნადში მცხოვრებთ უხრწნელში გადასვლის საშუალება არ ექნებოდათ, ამიტომ უფალი მეორედ მოსვლამდე აცდის, რომ წმინდა ნათლისღებით განწენდილი, სულიერად უხრწნელობაში დაბრუნებული ადამიანები ხრწნილებაში ცხოვრობდნენ, სანამ ადამიანთა ის აბსოლუტური რაოდენობა არ დაუბრუნდება უფალს, რომელიც შესაძლებელია ღვთის მადიდებელი გახდეს. როდესაც აღარც ერთი კაცი აღარ მოექცევა უსჯულოებიდან სჯულზე, სწორედ მაშინ მოხდება მეორედ მოსვლა და ამის შემდეგ დარჩებიან მარადიულ უხრწნელობაში ღვთის მადიდებლები, წინააღმდგომნი კი საუკუნო ხრწნადობაში აღმოჩნდებიან. მაგრამ ჯოჯოხეთში ხრწნადობა იქნება არა მატერიალური, არამედ სულიერი გაგებით.
- რატომ გახდა აუცილებელი ადამისა და ევას სამოთხიდან გამოდევნა?
- არავის მოუვა აზრად, პატარა ბავშვს დატენილი იარაღი მისცეს და პოლიციელის მოვალეობის შესასრულებლად დააყენოს, რადგან არ ვიცით, რას მოიმოქმედებს. მის ქმედებას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რადგან მისი გონება არ არის იმდენად განვითარებული, რომ კანონებს დაემორჩილოს. ცოდვით დაცემული ადამიანისთვისაც საზიანო იყო ედემის ბაღში დარჩენა, რადგან აკრძალული ხის ნაყოფის მიღების შემდეგ, არავინ იცის, რას მოიმოქმედებდა, მან ხომ შეიმეცნა კეთილი და ბოროტი. ამასთან, ადამმა მცნება დაარღვია და ამით ბოროტება ჩაიდინა, ამის გამო კი ადამი და ევა სამოთხიდან განიდევნენ. ადამიანებს ედემის ბაღში შესვლა აღარ შეეძლოთ, თორემ, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, წარღვნამდე ედემი იხილვებოდა, წარღვნის დროს კი ფიზიკურად იქნა ატაცებული ზეცად და კაცთათვის მისი შორიდან ხილვაც შეუძლებელი გახდა.
ხშირად სვამენ შეკითხვას: ადამმა და ევამ სცოდეს და სამოთხიდან განიდევნენ, მაგრამ რა დააშავეს მათმა შვილებმა, რატომ დარჩნენ ისინიც სამოთხის, ედემის გარეშე? ზოგიერთი ღვთისმეტყველი განმარტავს: მათი შვილები სამოთხეში რომ ყოფილიყვნენ, ამისთვის საჭირო იყო სამი ნება - უფლის, მშობლებისა და მათივე - შვილების. უფლის ნება ყოველთვის კეთილია. შესაძლოა, მშობლების ნებაც ყოფილიყო, მათ შვილებს ჰქონოდათ ის, რაც თვითონ დაკარგეს. მაგრამ რაც შეეხება შვილების ნებას, თუ ისინი ედემში ყოფნასა და მშობლების გარეთ დატოვებას ინებებდნენ, ედემის ღირსნი აღარ იქნებოდნენ. ადამისა და ევას უკვე ხრნილებაში შობილი შვილები ედემის ბაღში ვერ დამკვიდრდებოდნენ, რადგან არ შეიძლება ხრწნადი ფიზიკურად უხრწნელ ედემში იყოს. ამით ჰარმონია დაირღვეოდა.
- რატომ დასახლდნენ სამოთხიდან გამოდევნილი ადამი და ევა ედემის ბაღის მახლობლად?
- ერთი მხრივ, იმის გამო, რომ იქიდან გამოდევნისთანავე დაინახეს სხვაობა ედემის ბაღსა და გარესამყაროს შორის და არ უნდოდათ, მოშორებოდნენ სამოთხეს. ამ ადგილის სიახლოვე უფლის აღთქმის აღსრულების იმედს აძლევდათ. მეორე მხრივ, რა საჭირო იყო შორს წასვლა? მთელ დედამიწაზე მათ გარდა არავინ იყო. ერჩივნათ, ნაცნობ ადგილას დარჩენილიყვნენ. ედემის ჭვრეტით იმედი, სასოება მხსნელის მოვლინებისა განუმტკიცდებოდათ და უფრო ღვთისმოშიშებით ცხოვრობდნენ.
- რატომ მიეცა ეშმაკს ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ხილულ სამყაროზე ხელმწიფების უფლება?
- ეს უფლება მას თავად ადამიანმა მისცა. თავდაპირველად სამყარო ადამიანს ემორჩილებოდა, ის კი ღმერთს უნდა დამორჩილებოდა. მართლაც, მთელი სამყაროც ღმერთს ემორჩილებოდა და უხრწნელი იყო, მაგრამ ადამიანი ეშმაკს რომ დაემონა, ხილულ სამყაროზე მბრძანებლობაც - ის, რაც თავად ჰქონდა, ბოროტს გადასცა. დაცემული ანგელოზისთვის ეს უფლება ღმერთს არ მიუცია, მაგრამ უფალი ადამიანის თავისუფალ ნებაში არ ჩაერია.
- ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ, დაცემული ანგელოზის ტყვეობაში აღმოჩნდა ადამიანიც, რაც მაცხოვრის მოსვლამდე გაგრძელდა. როგორ ვლინდებოდა ეშმაკის ხელმწიფება ადამიანსა თუ ხილულ სამყაროზე ამ ხნის განმავლობაში?
- პირველ რიგში - იმით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ყველა ადამიანის სული ჯოჯოხეთში ხვდებოდა, უდიდეს მართალთა, უდიდეს წინასწარმეტყველთა სულებიც კი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ. იქ ტანჯვას არ განიცდიდნენ, მაგრამ არც ნეტარებაში იყვნენ. იმის იმედი, რომ მოვიდოდა მესია და გამოიხსნიდა კაცობრიობას, მათ შორის - მათ სულებსაც, ჯოჯოხეთშიც არ დაუკარგავთ, თუმცა ნეტარებასაც არ განიცდიდნენ, რადგან ვერ ჭვრეტდნენ უფლის პირს. ამდენად, ყველაზე დიდი ხელმწიფება ბოროტი სულისა ვლინდებოდა იმაში, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ სასუფეველში მოხვედრის შესაძლებლობა.
ძველი აღთქმის პერიოდში უამრავი ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანი იყო. სახარებიდანაც არაერთი ფაქტია ცნობილი მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნებისა. მართალია, ახალი აღთქმის ხანაშიც - მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნის შემდეგაც შეიპყრობს ეშმაკი ადამიანს, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტის ნების აღსრულებით თავად ადამიანი აძლევს ეშმაკს ამის უფლებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ადამიანის სულმა ვეღარ აკონტროლოს გონება და ის ეშმაკმა დაიპყროს.
კაცობრიობაზე ეშმაკის ხელმწიფება გამოიხატებოდა იმითაც, რომ მასობრივად იყო გავრცელებული კერპთაყვანისმცემლობა, ისეთი რელიგიები, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ უფალთან, დამახინჯებულადაც კი არ აღიარებდნენ ღმერთს. წარმართები პირდაპირ ეშმაკს ეთაყვანებოდნენ.
- საინტერესოა, რატომ იყო მოწადინებული დაცემული ანგელოზი, ადამიანი ღმერთს შეწინააღმდეგებოდა და ცოდვით დაცემულიყო...
- არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ცდილობენ, სხვებიც ჩააგდონ იმავე ცოდვაში, რომელშიც თვითონ იმყოფებიან. ეს არა მხოლოდ ადამიანის, არამედ საზოგადოდ გონიერი არსების თვისებაა - აწუხებს თავისი ცოდვა და ცდილობს, თავი იმართლოს იმით, რომ სხვაც ისევე სცოდავს. რაც შეეხება დაცემულ ანგელოზებს, ისინი ღმერთს აღუდგნენ წინ და ცდილობდნენ, უფლისთვის დაემტკიცებინათ, რომ უმისოდაც შეიძლება ცხოვრება; ღვთის შექმნილი გონიერი არსება, ხატება და მსგავსება უფლისა, გვირგვინი ყველა ქმნილებისა, ხელში ჩაეგდოთ და ეჩვენებინათ შემოქმედისთვის, რომ არა მარტო თვითონ, არც ადამიანს სურდა მცნებების აღსრულება და ამით ევნოთ უფლისთვის, თუმცა ცხადია, შემოქმედს ვერავითარ ვნებას ვერ მიაყენებდნენ.