დღევანდელი ნომრიდან "კარიბჭის" მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს კაცობრიობის ისტორიას, რომელიც ადამის შექმნიდან იწყება.
რუბრიკას ორ ნაწილად გავყოფთ: პირველ ნაწილში შევეხებით ძველი აღთქმის პერიოდს მაცხოვრის მოსვლამდე; მოგითხრობთ იმის შესახებ - რატომ შექმნა ღმერთმა კაცი; რა მდგომარეობაში იყო ადამიანი ედემის ბაღში, ცოდვით დაცემამდე; რა შედეგები მოჰყვა ადამის ცოდვით დაცემას; რატომ მოხდა წარღვნა; ვინ იყვნენ ძველი აღთქმის მართალნი, მამამთავარნი და წინასწარმეტყველნი, რა მისია ერგოთ მათ; რატომ იყო ისრაელი ღვთის რჩეული ერი და რა მისია დააკისრა მას უფალმა; რის წინასახე იყო ძველი აღთქმის პერიოდში აღსრულებული ესა თუ ის ქმედება თუ მოვლენა...
რუბრიკას გაუძღვება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
- კაცობრიობის ისტორია ადამის შექმნიდან იწყება. საინტერესოა, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი.
- ამ კითხვას მართლაც ხშირად სვამენ. უმეტესობას არასწორი წარმოდგენა აქვს - თვლიან, რომ უფალმა ადამიანი იმისთვის შექმნა, რომ მას შემოქმედი ედიდებინა. უფალს არავის დიდება არ სჭირდება - არც ანგელოზებისა და არც ადამიანებისა. მან ჯერ ანგელოზები, შემდეგ კი ადამიანები თავისი მრავალმოწყალებით, უსაზღვრო სიყვარულით შექმნა, რათა ის ჰარმონია, რომელიც თავად უფალში სუფევს, სხვა არსებებისთვისაც განეცდევინებინა. ამის გამო უნდა ვადიდოთ უფალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფალს ჩვენი ქება სჭირდება.
ნეტარებაში რომ ყოფილიყო, უფალმა ადამიანს ყველაფერი მოუმზადა - ჯერ მატერიალური სამყარო შეუქმნა და შემდეგ შექმნა კაცი; უბოძა თავისუფალი ნება - უდიდესი ჯილდო. სწორედ თავისუფალი ნებით გამოვირჩევით სხვა მიწიერი არსებებისგან. არც ცხოველს, არც ფრინველს არ აქვს არჩევანის უნარი, ადამიანს კი აქვს. სწორედ თავისუფალი ნებითაა ადამიანი ღვთის ხატება. ვიცით, რომ ღმერთმა კაცი აგრეთვე "მსგავსად თვისა" შექმნა - ადამიანიც ისეთივე შემოქმედია, ისეთივე შემოქმედების უნარი აქვს, როგორიც უფალს. ანგელოზს შემოქმედების უნარი არ აქვს, ის სრულად მსახურ სულად არის შექმნილი. შემოქმედების უნარი შეგვიძლია დაუსრულებლად განვავითაროთ საკუთარ თავში, არა მარტო მეორედ მოსვლამდე, მეორედ მოსვლის შემდეგაც.
- საინტერესოა ისიც, რატომ შექმნა უფალმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად და რატომ შექმნა პირველად მამაკაცი.
- როდესაც უფალმა ნახა, რომ ადამმა მოიწყინა, - და ეს შემოქმედმა წინდაწინაც უწყოდა, - შეუქმნა მისი მსგავსი არსება - დედაკაცი. ადამი სრულყოფილი იყო. ღმერთმა ამ სრულყოფილებიდან გამოყო ნაწილი და შექმნა მეორე ადამიანი, რათა მათ შორის სრული ჰარმონია ყოფილიყო. კაცი ჰარმონიაში ვერ იქნებოდა ცხოველებთან, რადგან ადამიანი გაცილებით მაღალი არსებაა - აქვს სული და თავისუფალი ნება.
უფალმა ადამი, შემდეგ კი ევა შექმნა, რათა კაცობრიობა გამრავლებულიყო (თუმცა მხოლოდ ადამიც რომ შეექმნა, კაცობრიობა მაინც გამრავლდებოდა რაიმე სხვა გზით), მაგრამ ადამიანები არ შექმნა ერთმანეთის თანაბარნი, რადგან იქ, სადაც აბსოლუტური თანასწორობაა, ძნელია გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ უფალმა ევა ადამზე დამოკიდებულად შექმნა. ეს იყო პირველი იერარქია კაცობრიობაში - ადამი, მასზე დამოკიდებული ევა, მათზე კი მათი შვილები და ა.შ. ამგვარად კაცობრიობა გაცილებით იოლად განვითარდებოდა სულიერად.
- შეიძლება ითქვას, იმდენი შრომა, ადამიანის შექმნისას რომ გასწია, უფალს სხვა არაფრის შექმნაზე არ გაუწევია. ვიცით, რომ უფალმა ყველაფერი სიტყვით შექმნა, მხოლოდ ადამიანი შექმნა განსაკუთრებული ქმედებით...
- ღმერთს ადამიანის შექმნაც შეეძლო სიტყვით, თუმცა სხვაგვარად ინება. თუ ღმერთმა სიტყვით შექმნა ყველა თევზი, ყველა ცხოველი ერთდროულად, ადამიანი ერთი შექმნა და ისიც - მიწისგან გამოსახა. აქედან ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი, პატივდებული და აღმატებულია ადამიანი სხვა არსებებზე.
- რას ნიშნავს "ადამი"? სიტყვა "ადამიანიც" ხომ "ადამისგან" მომდინარეობს?
- ადამი მიწისგან შეიქმნა და მისი სახელიც "წითელ მიწას" ნიშნავს. ერთ-ერთ ფსალმუნში წერია: "დედად სიონსა რქუას კაცსა, რამეთუ კაცი იშვა მას შინა". ადამიანი სიონის მთის მიწითაა შექმნილი, თუმცა როგორ მოხდა ეს, კერძოდ რაგვარად შექმნა ღმერთმა კაცი, ამას ჩვენი გონება ვერ ჩასწვდება. ღმერთმა ადამიანი მიწისგან, მატერიისგან შექმნა და ეწოდა მას ადამი, მიწისგან შექმნილი კაცი. ადამის შთამომავლებს კი ადამიანები - ადამის ძეები, ადამის შვილები ეწოდათ.
- სახელი "ევა" პირველ დედაკაცს ადამმა დაარქვა. რას ნიშნავს "ევა"?
- სიცოცხლეს. კაცობრიობა ევასგან იშვა, მისგან მიეცათ სიცოცხლე ადამის შთამომავლებს, ამიტომაც უწოდა მას ადამმა ევა. ადამი ღვთის ხატება და მსგავსება იყო, ედემის ბაღში დამკვიდრებული, და წინასწარ განჭვრიტა, რომ დედაკაცისგან, რომელიც უფალმა მისცა, იშვებოდა შთამომავლობა, ის იყო კაცობრიობის სიცოცხლის მიმნიჭებელი. ადამი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო. ედემში მან ღვთის ყველა ქმნილება შეიცნო: შეიცნო მგლის არსი და უწოდა მას "მგელი", შეიცნო დედაკაცი და უწოდა "ევა" - ყველა დაბადებულის, სიცოცხლის მშობელი.
- რატომ დაამკვიდრა უფალმა ადამი და ევა ედემის ბაღში? რა იყო სამოთხეში ადამის საქმე და რას განიცდიდა ადამიანი დაცემამდე?
- ცხოველები, მცენარეები - ყველაფერი, რაც ედემის ბაღში იყო, მთელ დედამიწაზეც არსებობდა, მაგრამ ედემის ბაღი განსაკუთრებულად ჰარმონიულად შეუქმნა ღმერთმა ადამს. თანაც რადგან ჯერ მხოლოდ ორი ადამიანი იყო, გამრავლებამდე ვერც შეძლებდნენ, მთელ დედამიწას დაპატრონებოდნენ. უფალმა მთელ დედამიწას ედემის ბაღში მოუყარა თავი. ბავშვსაც ხომ არ ვაძლევთ ნებას, ქუჩაში გავიდეს; მას ჯერ თავის პატარა ოთახში ვუქმნით შესაფერის გარემოს, შემდეგ შინ თავისუფალი მოქმედების უფლებასაც ვაძლევთ, ხოლო როცა გაიზრდება, უკვე შეუძლია, ყველგან თავისუფლად იმოქმედოს. ასევე შეუქმნა უფალმა ადამს მისთვის საუკეთესო გარემო, შემდეგ კი, როცა განვითარდებოდა და გაიზრდებოდა სულიერად, მთელი მატერიალური სამყარო უნდა მოეცვა, მთელი მატერიალური სამყარო მის ხელმწიფებაში უნდა ყოფილიყო.
ვიცით, რომ უფალმა ადამს ედემის მოვლა დაავალა, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა უნდა ეკეთებინა მას უხრწნელ სამყაროში. ღმერთმა პირველად ყველა ცხოველი მიუყვანა და ყველა მცენარე აჩვენა. სახელებს ადამი არქმევდა ყველაფერს, ამისთვის კი ყველა ცხოველისა და მცენარის არსი უნდა შეეცნო. ამგვარად, უფალმა ადამიანის სულიერად აღზრდა დაიწყო. ბიბლიაში ასევე წერია: შემოქმედმა ადამი დაადგინა ედემის დასამუშავებლადო - ადამიანი უნდა მიჩვეოდა იმის ბატონ-პატრონობას, რაც უფალმა უბოძა. ეს პატრონობა ედემის ბაღიდან უნდა დაწყებულიყო და შემდეგ მთელ სამყაროზე გავრცელდებოდა. მაგრამ ადამიანმა სისუსტე გამოავლინა და ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
ადამს მცნებად დაუდო უფალმა - არ ეხმია მხოლოდ სამოთხის შუაგულში მდგარი კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფი. ეშმაკი გველში შედის, ევასთან მიდის და სთავაზობს, აკრძალული ხის ნაყოფი იხმიოს. ევა მიიღებს ნაყოფს, ანუ დაარღვევს მცნებას. შემდეგ ადამიც იხმევს აკრძალულ ნაყოფს და ისიც არღვევს მცნებას. ამის შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ძველებურად რომ გაეგრძელებინა ცხოვრება, ადამი სულიერად რომ გაზრდილიყო, ცოდვით დაცემა აღარ მოხდებოდა - ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწევდა, რომ აღარ დაეცემოდა. რას სთავაზობს ეშმაკი ადამიანს? გახდები "ვითარცა ღმერთი". მის ნებას რომ არ დაჰყოლოდა და აკრძალული ხის ნაყოფი არ ეხმია, ადამი მართლაც გახდებოდა "ვითარცა ღმერთი" - განიღმრთობოდა ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, რომლებიც მეორედ მოსვლის შემდეგ ზეციურ იერუსალიმს დაიმკვიდრებენ, მაგრამ ადამმა განღმრთობა ღვაწლის, ღვთის მიერ მიცემული გზის გავლის გარეშე მოინდომა...
სამოთხეში, ედემის ბაღში ადამიანის სული უფალთან მყოფობას განიცდიდა. ეს ყველაზე ნეტარი მდგომარეობაა კაცისთვისაც და ანგელოზისთვისაც. ადამიანი ყველანაირი შეგრძნებით განიცდიდა უფალს - ხედავდა, ესაუბრებოდა, ესმოდა მისი... თუმცა ზუსტად არ ვიცით და ვერც გამოვხატავთ, როგორ ხდებოდა ეს ურთიერთობა.
- რატომ დაადგინა უფალმა ადამიანი ხილული სამყაროს მეუფედ?
- უფალმა სამყარო ადამიანისთვის შექმნა და, თავისთავად, სამყაროს პატრონიც, მეუფეც ადამი იქნებოდა. შემდეგ, როცა ადამმა ბოროტს დაუჯერა და დაეცა, უფალმა ეშმაკს გადასცა მატერიალურ, ხილულ სამყაროზე ბატონობის ხელმწიფება. სახარებიდან ვიცით, როდესაც მაცხოვარს ეშმაკი გამოეცხადა უდაბნოში, განცდის მთაზე აიყვანა და მთელი ქვეყნიერება აჩვენა, უთხრა: თაყვანი მეცი და ამ ყველაფერს შენ მოგცემ, რამეთუ ჩემთვისაა მოცემულიო. ცხადია, უფალმა თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით გამოიხსნა კაცობრიობა ეშმაკის ხელმწიფებისგან, წაგლიჯა ბოროტს სამყაროზე ბატონობა და კვლავ ადამიანს დაუბრუნა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ჯერჯერობით არ არის იმდენად განვითარებული სულიერად, რომ ამ სამყაროზე იმეფოს, მით უმეტეს, რომ ეს სამყარო ჯერ ისევ ხრწნადია. მეორედ მოსვლის შემდეგ კი, როდესაც ზეციურ იერუსალიმში საბოლოოდ გაიყოფა ბოროტება და სიკეთე, უხრწნელ მატერიალურ სამყაროზე ადამიანს მიეცემა ხელმწიფება. წმინდანნი, ფაქტობრივად, იყვნენ კიდეც ამ სამყაროს მეუფენი - მათ ბუნების ძალები, ცხოველები ემორჩილებოდნენ, სასწაულებს იქმოდნენ სწორედ იმ ხელმწიფებით, რომელიც ადამს მისცა უფალმა.
ცხადია, ღმერთმა წინასწარ უწყოდა, რომ ადამიანი დაეცემოდა, მაგრამ კაცი იმისთვის არ შეუქმნია, რომ დაცემულიყო და შემდეგ გაევლო გზა დაცემიდან მეორედ მოსვლამდე. ცოდვით დაცემის გამო კაცობრიობამ გაიარა და უნდა გაიაროს გრძელი, ზედმეტი გზა. არადა ის უნდა წასულიყო მოკლე გზით - გამრავლებულიყო და განვითარებულიყო ედემში და მოეპოვებინა იმგვარი სულიერი მდგომარეობა, როგორსაც მეორედ მოსვლის შემდეგ ცათა სასუფეველში - ზეციურ იერუსალიმში დამკვიდრებულნი მიაღწევენ. გზასაცდენილი კაცობრიობა მაინც არ მიატოვა უფალმა სამუდამოდ დაცემულ მდგომარეობაში და განღმრთობის შემოვლითი გზა ასწავლა.
P.S. მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ პირველი ადამიანების ცოდვით დაცემისა და მისი შედეგების შესახებ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი