"ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკუანასკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად"
(1 კორ. 15:45).
1. კაცი მშვინვიერი და მისი საწყისი თავისებურებები(1 კორ. 15:45).
* სჯა და შესაქმე ღმრთისა მეტყუელისა (დაბ. 1:26-2:2)
დაბადების წიგნი გვამცნობს, რომ კაცის შექმნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ღმერთს ერთსახოვნად არ მიუღია. ადამიანური გაგებით, სამებას ამისთვის წინასწარი რჩევა-რჩეობა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით უფლის ყოველი ჰიპოსტასის: მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმიდის ქმედებანი წიგნის შემდგომ ნაწილებში სულ უფრო აშკარა და გასაგები ხდება. თუმცა ჩვენთვის მაინც ამოუცნობი დარჩება ამ ბჭობის ჭეშმარიტი შინაარსი, რადგან ნათქვამია: "...ვინ ცნა გონებაი უფლისაი? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას? ანუ ვინ წინაისწარ მი-რაიმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი" (რომ. 11:34-36).
წმიდა მამების განმარტებებიდან დანამდვილებით ვიცით, რომ ბაასი სამების ფარგლებს არ გასცდენია. შესაქმის უმთავრესი მიზანი და ცენტრალური ფიგურა კი ადამიანი იყო. ქვეყნის მტვრისგან მამაკაცად და დედაკაცად შექმნილი პირველი ადამიანი დღესაც ვითარდება. განვითარების პროცესი უფალთან შერწყმით უნდა დასრულდეს. ამას გვეუბნება წმიდა წერილი, ამასვე გვასწავლიან: ეფრემ ასური, ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, კირილე ალექსანდრიელი, იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე და მრავალი სხვა წმიდა მამა.
ვლადიმერ ლოსკის აზრით, დღევანდელი ადამიანი თავისი შემეცნებისა და მეტყველების შესაძლებლობებით არსებითად განსხვავდება პირველი ადამიანისგან: "კაცს ჰქონდა ნებისმიერი სიცოცხლის არსში ჩაწვდომის უნარი, მისთვის არაფერი იყო დაფარული და საიდუმლოებით მოცული...". მას მეტყველებაც შესაბამისი ჰქონდა: "მაშინდელი მეტყველება ნივთთა შინაარსს ასახავდა. ედემის მადლის ეს მძიმე დანაკარგი, ისააკ ასურის სიტყვებით, მხოლოდ ისეთმა გულმა შეიძლება დაიბრუნოს, რომელიც აღივსება ფრინველთა, მხეცთა და სხვა არსთა ჭეშმარიტი სიყვარულით". ასე ხედავს და მეტყველებს იესო ქრისტე - "უკანასკნელი ადამი". მხოლოდ ამგვარი სიყვარულით შეიძლება შევისმინოთ წმიდა წერილის ჟღერადობა: "პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა. მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (იოან. 1:1-4).
* კაცი მტვერისა ქვეყანისაგან (დაბ. 2:7)
უფლისგან ადამიანს უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად კეთილსა და ბოროტს შორის არჩევის თავისუფლებაც მიენიჭა. ამის გარეშე ადამიანი ვერ იქნებოდა ღმერთის ხატს მიმსგავსებული. თუმცა ეს თავისუფლება სწორად ვერ გამოიყენა ადამმა, მისი დაცემის შემდეგ კი ყოველ ადამიანში უმანკოებასთან ერთად ცოდვისკენ ლტოლვამაც იჩინა თავი.
არის მოსაზრება, რომ მიწის მტვრისგან შექმნილი ადამიანი თავის ბუნებაში ქვეყნის ბინადართ, ანუ ღმერთის მთელ მიწიერ შესაქმეს, აერთიანებს. ზოგიერთი ცნობილი რაბინი თვლის, რომ ადამიანის შესაქმნელად მტვერი იმ ადგილიდან იქნა აღებული, სადაც დღეს იერუსალიმის ტაძრია. ამ მოსაზრების მომხრეები, მიწიერი ცოდვების მონანიების მიზნით, მსხერპლშესაწირად სწორედ იქ მიდიან, სადაც ადამის გამოძერწვა და მასში სულის შთაბერვა განხორციელდა.
არის სხვა მოსაზრებაც: თითქოს მტვერი უბრალოდ ხატოვანი ასახვაა უფალის ხელთ არსებული შემოქმედებითი მასალისა. "და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმან ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა? და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2:7) - ამ სიტყვებიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი წმიდა მამები მიიჩნევენ, რომ ადამიანში გაერთიანდა შესაქმის შედეგად გაჩენილი ყველა ის სიკეთე, რომელიც უფლის ნებით აღორძინდა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის მტვერი ყველაფერი საუკეთესოსი, რაც კი ქვეყანაზე იპოვება და ღმერთის მიერ ამ მასალით გამოძერწილი ჭურჭელი - ადამის სხეული სრული და მარადიული იყო, "რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათვის და ხატი თავისა თვისობისათვის შექმნა იგი" (სიბრძ. 2:23).
თუ ბიბლიის სიტყვების თანმიმდევრობას გავითვალისწინებთ, უფალმა მტვრისგან ჯერ ადამის სხეული შექმნა, რომელშიც სული არ იყო შთაბერილი. შემდგომ ამ სხეულს ღმერთმა თავისი სული შთაბერა და "იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად". ვლადიმერ ლოსკის აზრით, ამასვე ამტკიცებენ ღირსი სერაფიმე საროველი და წმიდა კირილე ალექსანდრიელი - ადამიანი ერთბაშად არ შექმნილა, ჯერ შეიქმნა მისი მსგავსი არსება, რომელსაც სრულფასოვან ადამიანს ვერ ვუწოდებთ, ხოლო შემდეგ, როდესაც ამ არსებას უფალმა სული შთაბერა, ის იქმნა კაცად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ ისეთი დიდი წმიდა მამები, როგორებიც არიან მაქსიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი. მათი აზრით, უფლის მიერ ადამიანის სხეული და სული ერთდროულადაა შექმნილი.
მართლმადიდებელი ეკლესია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ სიტყვა ადამიანი რთული ჰიპოსტასია; ის გულისხმობს სხეულისა და სულის ერთობლიობას და არა ცალკ-ცალკე აღებულ სულს ან სხეულს.
ღმერთის მიერ გამოსახული ამ ერთიანობის უმთავრესი თავისებურება ის არის, რაც მხოლოდ მას - ადამიანს განასხვავებს შესაქმის ყოველი სუბიექტისგან. წმიდა იოანე დამასკელი ბრძანებს: "საჭირო იყო, შექმნილიყო ორივე მათგანის ნაზავი და, ღვთის გამომეტყველი გრიგოლის სიტყვისაებრ, "უფრო დიდი სიბრძნისა და ბუნებათა მიმართ უშურველობის ნიშანდება", როგორც რამ ნაერთობა "ხილული და უხილავი ბუნებისა".
* კაცი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ (დაბ. 1:26)
თავისუფლებასთან ერთად კაცს უფლის არსის შეცნობის საშუალებაც მიეცა. ეს შესაძლებლობა მხოლოდ ადამზე არ გავრცელებულა. ვლადიმერ ლოსკი გრიგოლ ნოსელის მოსაზრებაზე დაყრდნობით ასკვნის: ყველა ადამიანს საკუთარ თავში ღვთის ხატის შეცნობა შეუძლია და უფალის მადლით შექმნილ პირველ ადამიანსა და მას შორის, ვინც უკანასკნელი მოევლინება ქვეყნიერებას, არავითარი პოტენციური განსხვავება არ არსებობს: "ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ბუნება მთელ კაცობრიობას მოიცავს და მსგავსება ღმრთისა სწორედ ამ ბუნებაში ვლინდება".
მსგავსებაში იგულისხმება ადამიანის მაღალი მორალური თვისებები, ხოლო ხატი უფლისეულ თავისებურებებს გულისხმობს. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანმა თავისი ნებით დაკარგა მსგავსება, ანუ ღვთაებრივი მორალით აღსავსე ბუნება, ხატი კი, ღვთის ნებით, შეინარჩუნა; შესაბამისად, ადამიანში დაირღვა სიკეთით აღსავსე მისივე ინდივიდუალობა, მაგრამ, ღვთის ნებით, ის მაინც დარჩა ადამიანად; მან თავისი ნებით დაკარგა ზებუნებრივი და ზეადამიანური თვისებები, მაგრამ, ღვთის ნებით, მას შერჩა არსი ადამიანური ბუნებისა.
ჩვენ ქმნილნი ვართ ხატად და მსგავსებად ღვთისა, ანუ ვეკუთვნით უფალს. ამის ერთი საინტერესო მაგალითია ახალ აღთქმაში: ფარისევლებმა და ჰეროდიანელებმა დაუსვეს კითხვა იესოს: "ჯერ-არსა მიცემაი ხარკისაი კეისრისა ანუ არა?" და როდესაც მაცხოვარს მოართვეს დრაჰკანი, "ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მას: კეისრისაი. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა" (მათ. 22:17-21). აქ ნათლად ჩანს: ის, რაც კეისრის ხატის მატარებელია, კეისარს ეკუთვნის, ხოლო ის, ვინც უფლის ხატს ატარებს, უფალს მიეკუთვნება. ამით მაცხოვარმა მათაც და ჩვენც გვითხრა, თუ უფალს მივეკუთვნებით, უფლის ხატს უნდა ვატარებდეთ.
"და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი" (დაბ. 1:26-27). იქმნება შთაბეჭდილება, რომ წმიდა სამება მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რათა შეასრულოს უფალის მიერ მინიჭებული ფუნქციები. ეს ინტონაცია მთელ შესაქმეში ადამიანის გამორჩეულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ადამიანის შექმნის მიზეზი მხოლოდ უფლის წყალობაა. სამების სრულმა მწყალობლობამ ადამიანი არყოფნიდან ყოფნაში გამოიწვია და, არა საკუთარ ანალოგიად, არამედ ინდივიდად და ამავე დროს უფლის ხატად აქცია. ღმერთმა ადამიანში ჩადო პოტენციური შესაძლებლობა, მაქსიმალურად მიემსგავსოს უფალს. ეს შესაძლებლობა ადამიანმა თვითონ უნდა განახორციელოს. ამ აუცილებლობის გარეშე ჩვენ საქმე გვექნებოდა არა ხატთან, არამედ კვლავგანხორციელებულ პირველწყაროსთან, რაც გამორიცხავდა ადამიანის თვითმყოფადობას.
წმიდა გრიგოლ ნოსელს ხატება ღვთისა ესმის როგორც სისრულე, ანუ ღვთის ხატად ქმნილი ადამიანის პოტენციურად განღმრთობილი მდგომარეობა. იგულისხმება, რომ სრულყოფილი ადამიანი თავისუფალია, მისთვის აუცილებელი არ არის, ჰქონდეს დაქვემდებარებული ბუნება, ის თვითონ წყვეტს, იმოქმედებენ თუ არა მასზე ბუნების ძალები. სიკეთე და სათნოება, რომელიც ახლავს ღვთის ხატის მატარებელ სრულყოფილ არსებას, თვითონ აქცევს მას განმკარგველად, პატრონად. ამგვარია ის "ფორმალური" ხატი, რაც ადამიანს უფალს ამსგავსებს. უფრო ზუსტად კი, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი წარმოადგენს ინდივიდუალურ არსებას, ისეთ პიროვნებას, რომლის ბუნებაც განუსაზღვრელია. ის თავისი პირველხატის მსგავსად თვითონვეა განმსაზღვრელი და თვით განკარგავს, როგორც ღმერთი. ამ თვალსაზრისით გასაგები ხდება დაცემულ ანგელოზთა შური ადამიანის მიმართ: "დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა. რამეთუ დამორჩილებასა მას ყოვლისასა არარაი დაუშთა მისა დაუმორჩილებელად" (ებრ. 2:7-8).
ადამიანის, როგორც "ღვთის ხატის", მოკვლა ეშმაკსაც კი არ ძალუძს, თუმცა მას შეუძლია, კაცი თვითმკვლელობამდე ან მკვლელობამდე მიიყვანოს. ადამიანის უკვდავი სულის მოკვლა არათუ იკრძალება, შეუძლებელიცაა. უფალი ბრძანებს: "და დამთხეველისა სისხლისა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (დაბ. 9:6). სხვისი სისხლის დამნთხევი მკვლელი მძიმე სატანჯველში ანუ შეუსაბამობაში ხვდება. მოკლული "ღვთის ხატი" უფალის მფარველობას ეზიარება, ხოლო მკვლელისთვის არც მიწაზე და არც ცაში ადგილი არ იპოვება, მისი სისხლი თავის ჭურჭელს ვეღარ მონახავს, მკვლელი უკვდავებას ვერ შეერწყმება. ამის ნათელი დასტურია აბელისა და კაენის ამბავი, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ადამი ურთიერთობს უფალთან, როგორც ბავშვი მშობელთან. ის შექმნილია ზებუნებრივი არსებების, ანგელოზების შესაცნობად და მიწიერ არსებებსა და უფალს შორის ურთიერთობის დასამყარებლად, დედამიწაზე ღვთაებრივი შემოქმედებითი გეგმისა და ნების აღსასრულებლად, დედამიწის მოვლისა და აღვსებისთვის (დაბ. 1:28). ადამიანის შექმნის შესახებ ანგელოზებსაც ეცნობათ. ამავე დროს, ადამიანი უნდა "მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:26). მთავრობდეს უფლის მსგავსად - საკელთილდღეოდ და არა ბატონობდეს, როგორც მხოლოდ მფლობელი და წარღვნისთვის განმზადებული უფლის ქმნილების უგულისხმო მომხმარებელი. სწორედ ცოდვით დაცემულ ქვეყანაში უფლისეული სიყვარულით მმართველობის მაგალითია მაცხოვარი. ღმერთმა თვითონ უჩვენა ადამიანს, რომ უფლება ქვეყნის მართვისა მხოლოდ უფლისა და მოყვასის უსაზღვრო სიყვარულით მიიღწევა.
* კაცი სამშვინველად ცხოველად (1 კორ. 15:45)
მაინც რა არის ის "სული სიცოცხლისა?", რომელიც უფალმა კაცს შთაბერა და იგი "სულად ცხოველად" ქმნა? წმიდა ათანასე ალექსანდრიელი ასე განმარტავს სამყაროში განხორციელებულ ამ უდიდეს მოვლენას: ამ პროცესში მამა ღმერთმა ადამიანის ბუნება შექმნა, ქმნილ ბუნებას ძე ღმერთმა უფლის შვილობა მიანიჭა, საბოლოოდ კი, ეს ქმნილება სულიწმიდაში დამკვიდრებით დაგვირგვინდა. "მას დღესა შინა სცნათ თქუენ, - ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, - რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის" (იოან. 14:20). სხვაგან: "...არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაითა თქუენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ" (იოან. 15:16). გასაგები ხდება, რომ ღმერთი მამობას უწევს იმას, ვინც თავისი ხელით შექმნა. მაგრამ გამორჩეულად ყურადსაღებია წმიდა წერილში ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორიც არის უფლის მიერ ადამიანის არსში სულის შთაბერვა. კვლავ მოვიშველიებთ წმიდა ათანასე ალექსანდრიელს და ვიტყვით, რომ ამ აქტს მისტიკური მნიშვნელობა აქვს. ითვლება, რომ ადამიანის სამშვინველი პირდაპირ უკავშირდება არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს, არამედ მის პიროვნებასაც. პირისპირ გადაცემული სუნთქვა განიხილება როგორც ერთი პიროვნებიდან მეორეში დიდი საიდუმლოებით მოცული ძალის გადასვლა.
"დაბადების" წიგნის პირველ ორ თავში აშკარად მოჩანს ის ძირითადი თავისებურებები, რითაც ხილულ და უხილავ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხასიათდება. ამ მონაცემების გამოყენებისა და განვითარების მიზნით, სავსებით ბუნებრივად, ყველა ქრისტიანის გული, სული და გონება მაცხოვარზეა განჭვრეტილი. ადამიანს კარგად ესმის, რომ უკვდავებისა და უფალთან შერწყმის გზა მხოლოდ ქრისტეშია. მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება არ დავინტერესდეთ, რა სახით ვლინდება ის შესაძლებლობები, ადამს და, შესაბამისად, ყოველ ადამიანს რომ მიეცა ამ მიზნის განსახორციელებლად. განა ღმერთმა მხოლოდ ადამის ცოდვის ტვირთი დაადგა მის შთამომავლობას? და თუ ეს ასე არ არის, რა ძირითად საშუალებებსა და ძალებს ეფუძნება ადამიანი უფლისკენ ლტოლვის პროცესში?
ა) წმინდა წერილის პირველივე სიტყვებში ჩანს, რომ კაცი შეიქმნება არა შემთხვევით და უფუნქციოდ, არამედ კონკრეტული მიზნისთვის - ადამის მოდგმა ღმერთის ქმნილებებს მთავრობდეს. "და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:26). ე.ი. წმიდა სამების სიტყვებით "ვქმნეთ კაცი" ადამიანს დასაწყისშივე მიეცა ქვეყნის მართვის უნარი. მოგვიანებით, როდესაც ქვეყანა ხალხით აივსო, ეს უნარი ნათლად გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ კაცი საზოგადოებრივი არსებაა, აქვს შეგნებული ურთიერთობის, ურთიერთგაგებისა და თანაცხოვრების შესაძლებლობა. ის ქმნის ოჯახს, ქვეყანას, სახელმწიფოს. ეს საქმე ღმერთის ნების შესაბამისად რომ განხორციელებულიყო, უფალმა იესო ქრისტემ მოგვიწოდა: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა... და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათ. 22:37-39).
ბ) უფლის მიერ შექმნილი ქვეყნის მართვისთვის ადამიანს ძალუძს ღმერთის პირველი აღთქმის შესრულება. უფალი ბრძანებს: "აღორძინდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაი და ეუფლენით მას" (დაბ. 1:28).
ადამიანს შეუძლია დამოუკიდებელი ქმედება. იგი შეიგრძნობს ღვთის ხატებას, საკუთარ თავში პიროვნებას ხედავს. მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, იჩენს ინიციატივას, ქმნის ტექნიკურ და ინტელექტუალურ საშუალებებს. ამ პროცესში ჩნდება, რომ უფალმა კაცი ერთსახოვან არსებად კი არ დაამკვიდრა, არამედ ყოველ ინდივიდში პიროვნება აკურთხა.
ადამიანს შეუძლია გამოავლინოს უფალის მსგავსება და საკუთარი პიროვნების ისეთი ხატი შექმნას, რომელსაც ცათა სასუფეველშიც არ გაეყრება. ადამიანის მოქმედების მთავარი მოტივი, ერთი მხრივ, უფლის მსგავსად, უანგარო სიყვარულია, ხოლო მეორე მხრივ - მისი განუმეორებლობა, რასაც მოგვიანეით მაცხოვარი ასე აკურთხებს: "...მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული - დედისაგან თვისისა..." (მათ. 10:35).
გ) აღორძინებისთვის, განმრავლებისთვის, ქვეყნის აღვსების, დაუფლებისა და უფლის მსგავსად მართვისთვის ღმერთმა კაცს მისცა უნარი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მხეცთათვის, ფრინველთა და ქვეწარმავალთათვის საკვებად გამოეყენებინა ის, რაც ქვეყნად იპოვებოდა. ედემში არც ერთი არსება მეორის გასანადგურებლად არ შექმნილა. საკვები იყო "თივა სათესავი მთესველი თესლისაი, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა ნაყოფი თესლისაი სათესავი" (დაბ. 1:29). ამრიგად, ადამიანს ქვეყანა გადაეცა უკომფლიქტო, სრულიად ჰარმონიულ მდგომარეობაში. ყოველი ცოცხალი არსების გამოკვება უნდა მომხდარიყო მშვიდობიანად, უფლის მიერ ნაკურთხი - უსისხლო საზრდოთი. ეფრო მეტიც, წმიდა წერილში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ უფალი ცოდვით დაცემის შემდეგაც კვებავს ადამიანს: "მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი; მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი... განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. აკურთხო გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა" (ფსალმ. 64:10-14).
უფლის ასეთი დამოკიდებულება ეფუძნება იმას, რომ ადამიანში არსებობს შესაძლებლობა, ღმერთის მიერ გაღებული სიკეთე ქვეყანას გაუნაწილოს და ქვეყნის ბინადართა შორის, მტრობის ნაცვლად, კეთილგონიერი ურთიერთობა დაამკვიდროს.
დ) "წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათ. 4:4).
"ცოცხალ არსებად", "ცოცხალ სულად", "ცოცხალ ორგანიზმად", ხოლო II საუკუნეში წმიდა წერილის არამეულ ენაზე ცნობილი მთარგმნელის, ონკელოსის მიხედვით, "მეტყველ სულად" ან "მოლაპარაკე სულად" შექმნა ღმერთმა კაცი. სხეული, რომელიც ღმერთმა თავისი ხელით გამოსახა და სული, რომელიც კაცს შთაბერა, ზღვიდან და მიწიდან აღმოცენებული ყველა ცოცხალი არსებისგან პრინციპულად განსხვავდება. უფლის მიერ გამოძერწილ სხეულსა და შთაბერილ სულს, რომელიც ადამიანის არსში სამშვინველია - უფალმა შემეცნების, წარმოსახვის, აზროვნების, ნაფიქრალის გადმოცემის, განხორციელებისა და, რაც მთავარია, საკუთარი სამშვინველის სრულყოფის უნარი ჩაუნერგა.
როდესაც ვფიქრობთ "ცოცხალ, მოლაპარაკე სულზე" და ვიცით, რომ ადამიანი ადამის მსგავსად ერთარსია, ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა: ვისთან უნდა ესაუბრა ან ვისთან უნდა ისაუბროს მეტყველმა კაცმა, თუ არა უფალთან? რადგან არც მაშინ და არც ახლა ადამიანის გარშემო არავინაა მეტყველი, გარდა ღმერთისა და ადამიანი მეტყველად მხოლოდ იმიტომ იწოდება, რომ მას უფალთან შეუძლია ურთიერთობა, თორემ ერთმანეთთან კავშირს მცენარეები და ცხოველებიც ამყარებენ.
რაზე უნდა ესაუბრა ადამიანს უფალთან? პასუხიც ნათელია - ცხადია, სამშვინველის სრულყოფაზე, რადგან დაწერილია: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი".
"და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად, და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე" (დაბ. 1:31). ასეთი შექმნა უფალმა ადამი, - მამა ღმერთმა, ძე ღმერთმა და სულიწმიდამ შექმნა იგი და განუმზადა მას ქვეყანა: "და სრულ იქმნეს ცაი და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი. და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად" (დაბ. 2:1-3).
ამრიგად, მეშვიდე დღიდან ქვეყანა მორჩილად ელოდა ადამის კეთილქმედებას.
გაგრძელება იქნება