არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
დავრდომილის განკურნება (მათე 9,1-8; მარკოზი 2,1-12; ლუკა 5,18-21)
ერთხელაც, როდესაც მაცხოვარი ერთ-ერთ სახლში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, მასთან ოთხმა კაცმა მიიყვანა დავრდომილი. ხალხმრავლობის გამო იესოს ვერ მიუახლოვდნენ, ამიტომ სახლის სახურავი ახადეს და საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში, იესოს წინაშე. როდესაც მაცხოვარმა მათი რწმენა იხილა, დავრდომილს მიმართა: "გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები". იქ მყოფმა ფარისევლებმა და მწიგნობრებმა იწყეს მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს, ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ღმერთის გარდა? იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა მათი გულის ზრახვებს და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს? რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მოგეტავა, თუ თქმა: ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, - უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე. ისიც მაშინვე ადგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხი ადიდებდა ღმერთს და ამბობდა: არასოდეს გვინახავს მსგავსი რამო.სხვადასხვა მიმდინარეობის მიმდევრები, როდესაც ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე არ იყო სრულყოფილი ღმერთი, თითქოსდა სახარებიდან გამოდიან. სახარებაში უამრავი ადგილია, სადაც მაცხოვარი განაცხადებს, რომ ის არის სრულყოფილი ღმერთი, მაგრამ იმის გამო, რომ მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის ჟამს ადამიანების გონება არ იყო ამაღლებული ღვთისმეტყველების ისეთ დონეზე, რომ ღვთის განკაცების საიდუმლო მიეღოთ, უფალი ამ საიდუმლოს ფარავს, მაგრამ ყველგან განაცხადებს იგავურად, თუნდაც დავრდომილის განკურნების შემთხვევაში. როდესაც მაცხოვარმა დავრდომილი განკურნა, ვიცით, რომ იქ მყოფი ფარისევლები და სჯულისმეცნიერნი - სჯულში განსწავლული იუდეველები იესოს მიმართ თავიანთ გულში ამბობდნენ - ეს გმობს, რადგან არავის შეუძლია ცოდვების მიტევება, გარდა ღვთისაო. ისინი აბსოლუტურად მართლები იყვნენ იმაში, რომ ღვთის გარდა ცოდვების მიტევება არავის ძალუძს, მაგრამ როდესაც აქედან დაასკვნეს, - ეს გმობსო, ამით აღიარებდნენ, რომ იესო იყო ჩვეულებრივი კაცი, მაცხოვარს ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდნენ. ეს უკვე მათი დასკვნაა. ამავე დროს იქ მყოფმა ფარისევლებმა და სჯულისმეცნიერებმა მშვენივრად უწყიან, რომ გულთამხილველი მხოლოდ უფალია, არავის ძალუძს ადამიანთა გულის ზრახვების გაგება, გარდა ღვთისა. ეს სწავლება ძველ აღთქმაშიც ჰქონდათ მიცემული ადამიანებს. აქედან გამომდინარე, როდესაც უფალი მათ გულის ზრახვებს კითხულობს და მიმართავს, - რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს, რომელი უფრო ადვილია, ვუთხრა ამ კაცს, რომ მოგეტევა შენი ცოდვები თუ აღიღე შენი სარეცელი და ვიდოდეო; თანაც, მართალია, მათ არ შეეძლოთ დაენახათ, მიეტევა თუ არა ამ კაცს ცოდვა, მაგრამ ხილულს, სასწაულსაც უჩვენებს, - ამ ყველაფერმა იუდეველები უნდა მიიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ იესო არის განკაცებული ღმერთი, მაგრამ მათი გონება იმდენად იყო დაბნელებული, იმდენად იყვნენ დაშორებულნი თავიანთი სწავლებით უფალს, ბიბლიურ სწავლებას, რომ ჭეშმარიტი სწავლება ნაწილ-ნაწილ ესმოდათ. მათ იცოდნენ, რომ ღმერთის გარდა არავის შეეძლო ცოდვათა მიტევება, მაგრამ ამ სწავლებასაც სათავისოდ იყენებდნენ იმისათვის, რომ ქრისტე დაეგმოთ, მისთვის მოენახათ ნაკლოვანება. აღიარებენ, რომ არავის შეუძლია ცოდვათა მოტევება, გარდა ღვთისა, მაგრამ ამავდროულად ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ მაცხოვარი მათი გულის ზრახვებს კითხულობს. ნახეთ, როგორ შეიძლება დააბნელოს ამპარტავნებამ და პატივმოყვარეობამ ადამიანის გონება, რაც იცოდნენ, ყველაფერს ვეღარ იყენებდნენ იმის გამო, რომ ამპარტავნებით ჰქონდათ გონება დახშული, მხოლოდ იმ ცოდნას იყენებდნენ, რისი ცოდნაც მათი ამპარტავნების დასაკმაყოფილებლად იყო საჭირო.
ამ სასწაულის მხილველი ხალხი კი, როგორც სახარება გვეუბნება, უფალს განადიდებდა იმის გამო, რომ მას, ჩვეულებრივ კაცს, ღმერთმა ასეთი ხელმწიფება მისცა. ამ ადამიანებმა არ იცოდნენ სჯული, არ იცოდნენ ღვთისმეტყველება, მაგრამ თვლიდნენ, უფალმა ვიღაც მოგვივლინა, რომელიც ჩვენ შეგვეწევაო. ისინი კი, ვინც სჯული იცოდა, ვისაც ამ ხალხისთვის უნდა ეთქვა, - რას ამბობთ, ეს კაცი კი არა, ღმერთია განკაცებულიო, საერთოდ დაცილებულნი იყვნენ უფალს, არათუ ამ ხალხის წინაშე ვერ აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, რომ ეს ხალხი უფალთან მიეყვანათ, თავიანთი თავიც ვერ მიჰყავდათ უფალთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ქრისტეს ჯერ კიდევ კაცად თვლიდნენ, რომელსაც უფალმა მისცა ესევითარი ხელმწიფება, მათი სულიერი დონე მაინც გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე იუდეველთა სჯულისმეცნიერებისა, სჯულში განსწავლული იუდეველებისა, რომლებმაც ამ ადამიანებზე გაცილებით მეტი იცოდნენ, მაგრამ ვერ ღებულობდნენ. ამიტომაც განადიდებს სახარება მათ საქციელს.
მარხულობა. ახალი ღვინო ახალ ტიკებში
(მათე 9,14-17; მარკოზი 2,18-22; ლუკა 5,33-39)
მაცხოვართან იოანეს მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს: რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენო. იესომ უთხრა მათ: განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწინეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღენი, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეებშიო. იგავიც უთხრა მათ: ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახალი დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ძველიც უარესად დაიგლიჯება. არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება; არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.(მათე 9,14-17; მარკოზი 2,18-22; ლუკა 5,33-39)
- როგორც მახარებელთა მონათხრობიდან ჩანს, როდესაც უფალი ამ იგავურ სწავლებას აძლევს ადამიანებს, იოანე ნათლისმცემელი ჯერ კიდევ ცოცხალია და აგრძელებს ქადაგებას...
- ვიცით, რომ იოანეს მოწაფეთა ნაწილი ქრისტეს დაემოწაფა, მაგრამ ამავე დროს იყო კატეგორია იოანეს მოწაფეებისა, რომელიც ჯერ კიდევ იოანესთან რჩებოდა, და იმისათვის, რომ ეს ადამიანები ქრისტესთან მიიყვენოს, ნათლისმცემელი კვლავ აგრძელებს ქადაგებს, თავისი მისიის, დანიშნულების აღსრულებას. ეს ხდება მაცხოვრის ქადაგების პირველ წელს, იოანეს თვისკვეთამდე. როდესაც იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეშია, თავის მოწაფეებს წარგზავნის ქრისტესთან და ეუბნება, - ჰკითხეთ ქრისტეს, შენ ხარ მომავალი თუ სხვას უნდა მოველოდეთო. იოანემ მშვენივრად უწყოდა, ვინ იყო იესო ქრისტე, მაგრამ ამას თავისი მოწაფეებისთვის აკეთებდა, რათა მათ თავიანთი ყურით მოესმინათ, თავიანთი თვალით ენახათ, რომ იესო იყო ის, ვისზეც მათი მოძღვარი ქადაგებდა. როგორც სახარება მოგვითხრობს, მაცხოვარმა მათ თვალწინ უამრავი სასწაული ქმნა და იოანეს მოწაფეებს ეუბნება: წადით იოანესთან და უთხარით, - ბრმანი აღიხილნენ, კეთროვანნი განიწმინდებიან, მკელობელნი ვლენან, ყრუთა ესმით, ადამიანებს ეხარებათ ღვთის სიტყვაო. როდესაც ეს ადამიანები იოანესთან წავიდოდნენ და ამ ყველაფრის შესახებ ეტყოდნენ, იოანე უკვე პირდაპირ აუწყებდა მათ, ეს არის ის, რომლის შესახებაც გეუბნებოდით და რომლის მისაღებადაც გამზადებდითო. ე.ი. იოანე ნათლისმცემელი დაპატიმრებამდე და თავისკვეთამდე კვლავ აგრძელებდა ქადაგებას, რათა უფრო მეტი ადამიანის გული განემზადებინა ქრისტეს მისაღებად.
- რატომ უნდა ემარხულათ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს და ფარისევლებს, მაცხოვრის მოწაფეებს კი - არა?
- როდესაც იოანეს მოწაფეები ამის შესახებ მაცხოვარს ეკითხებიან, მაცხოვარი მიუგებს მათ: განა შეიძლება იგლოვონ მექორწინეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღენი, ამაღლდება სიძე და ისინიც იმარხულებენო, - ამით მაცხოვარი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის იოანეზე გაცილებით დიდია, იოანე კაცია, ის კი - ღმერთი. ამიტომაც იყო, რომ იოანე ნათლისმცემელი და მისი მოწაფეები მარხულობდნენ, ქრისტეს მოწაფეებს კი ჯერ არ უნდა ემარხულათ, რადგან თავად ქრისტე იყო მათთან. ცათა სასუფევლის დამკვიდრება უმაღლესი ნეტარებაა ადამიანისთვის. ფაქტობრივად, მსგავს მდგომარეობაში იყვნენ ქრისტეს მოწაფეები. როდესაც ადამიანი სასუფეველს იმკვიდრებს, მასთან განუშორებლად მყოფობს უფალი, ასევე იყო ქრისტე თავის მოწაფეებთან - ღმერთი იყო განუშორებლად მათთან და ისეთ ნეტარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, არ შეიძლებოდა ემარხულათ, ეგლოვათ. უფალი იმასაც ამბობს: ამაღლდება სიძე, მათი მოძღვარი, და მაშინ იმარხულებენო, ანუ ჯვარცმისა და ზეცად ამაღლების შემდეგ. მართლაც, ვიცით, რომ ქრისტეს ჯვარცმისა და ზეცად ამაღლების შემდეგ უფლის მოციქულები, არა ერთი და ორი დღე კვირაში, არამედ მთელი ცხოვრება მარხულობდნენ. არა მარტო მოციქულები, პირველი ქრისტიანებიც მარხვის თვალსაზრისით ისე ცხოვრობდნენ, როგორც შემდგომში ბერ-მონაზვნები, თითქმის მთელი ცხოვრება ხმელი პურითა და მწვანილით კმაყოფილდებოდნენ.
- მაცხოვარი იქვე იგავსაც მოაყოლებს ძველი და ახალი საკერველისა და ტიკების შესახებ. როგორ უნდა გვესმოდეს ეს იგავური თქმა?
- ძველ სამოსსა და ძველ ტიკებში უნდა ვიგულისხმოთ ძველი აღთქმის სასულერო ელიტა, მღვდელმსახურნი, ფარისეველნი, მწიგნობარნი. მათგან უფალს არავინ გამოურჩევია თავის მოწაფეებად, რადგან ისინი იყვნენ დაძველებულნი და ის სწავლება, რაც ჰქონდათ მიღებული ამ "ტიკებს", ძველი აღთქმის სასულიერო ელიტას არ აზიანებდა, მაგრამ უფალს რომ ისინი მოეყვანა, გამოერჩია და მათ დაეწყოთ ახალი სწავლება, ღვთის სიტყვის ქადაგება, ვერ დაიტევდნენ, თვითონაც განადგურდებოდნენ სულიერად და ამ ახალ სწავლებასაც გაანადგურებდნენ. რა თქმა უნდა, ახალი და ძველი სწავლება არ იყო ერთმანეთისგან გაყოფილი, არამედ ძველი აღთქმის სწავლებაზე იყო დაფუძნებული ქრიტეს, მაცხოვრის სწავლება; უფალი ახალ სწავლებას კი არ აძლევდა ადამიანებს, უბრალოდ, ის სწავლება, რომელიც ძველ აღთქმაში დაფარული იყო, განაცხადა თავისი მოსვლის შემდეგ, მაგრამ ძველი აღთქმის სჯულისმეცნიერებს არ შეეძლოთ იმის შემეცნება, შეგრძნება, რომ ეს იყო იმ სწავლების გაგრძელება და არა ახალი სწავლება. "ახალ ტიკებში" კი უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვრის სწავლება და მაცხოვრის მოწაფეები, მოციქულები, რომლეთა პირითაც გვაუწყა უფალმა ახალი სწავლება. მაცხოვარი ბრძანებს, ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხასო, ე.ი. ახალი სწავლება ახალმა ხალხმა უნდა გაავრცელოს, რათა ამ სწავლების ჭეშმარიტი არსი იყოს გადმოცემული და არა შერეული. შემდგომში, როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ, როგორც საქმე მოციქულთა გვეუბნება, ბევრი იუდეველი მღვდელმთავარი მოექცა და გახდა ქრისტიანი, მაგრამ როდესაც ისინი ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ, აუცილებლად თვლიდნენ ძველი აღთქმის, მოსეს სჯულის წესების დაცვასაც. მოციქულთა პირველი კრება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა, რათა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ქრისტიანისთვის აუცილებელი ძველაღთქმისეული მცნებების დაცვა. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს არ იყო საჭირო, რაც თავად უფალმა გადაწყვიტა მოციქულთა პირით. შემდგომში ყველა კრება, მოციქულებისაც და მსოფლიო საეკლესიო კრებებიც, იწყებოდა სიტყვებით: ჯერ უჩნდ სულსა წმიდასა და ჩვენცა. მოციქულებმა ამ სიტყვებით გვაუწყეს, ყველა გადაწყეტილება, რასაც მივიღებთ, არა ჩვენი, არამედ სულიწმინდის გადაწყვეტილებააო. იმის თქმა მინდა, რომ თავად ქრისტიანობაზე მოქცეულმა იუდეველებმაც კი დაიწყეს ქრისტიანობაში თავიანთი სწავლების შერევა და უფალს მათთვის რომ ჩაებარებინა ქრისტიანული სწავლება, ეს არა ქრისტიანული, არამედ აბსოლუტურად სხვა სწავლება იქნებოდა.
- როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის მიერ იგავურად გამონათქვამი: "არც ერთი ძველი მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი უმჯობეს არსო"?
- სწორედ ამგვარად მოიქცნენ იუდეველები, არც კი გასინჯეს და შეამოწმეს "ახალი ღვინის" - მაცხოვრის სწავლების გემო, ქრისტეს სწავლება არც მოუსმენიათ, ისე ირჩევდნენ ძველს და ამტკიცებდნენ "ძველი უმჯობეს არს" - ძველია მართალიო. მეტიც, ცრუ მოწმეებს ეძებდნენ, რომ მაცხოვრისთვის ბრალი დაედოთ და გაენადგურებინათ.