არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- მაცხოვრის სასწაულების უმეტესობა კონკრეტულად ერთ ადამიანზე აღესრულებოდა, თუმცა ამ სასწაულების მომსწრე უამრავი ადამიანი ხდებოდა...
- როდესაც უფალი სასწაულებს აღასრულებდა, უპირველესად ეს ხდებოდა უშუალოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. მაგრამ უფალი არასოდეს აღასრულებს საქმეს ისე, რომ მარტო ერთ ადამიანს გამოადგეს, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღოს სულიერი სარგებელი. შესაძლოა უფლის მიერ აღსრულებული ესა თუ ის საქმე მატერიალურად, მიწიერად მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყოს საჭირო და სასარგებლო, მაგრამ სულიერად უამრავ ადამიანს წაადგება. ასევე, როდესაც უფალი სასწაულებს აღასრულებდა, ბრმის განკურნება იყო ეს, ეშმაკეულის, კეთროვნის, დავრდომილის თუ სხვა, თავისთავად საჭირო და სასარგებლო იყო მათთვის, რა თქმა უნდა, მათი ახლობლებისთვისაც, რომლებიც უდიდეს სიხარულს განიცდიდნენ, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ როცა უფალი აძლავდა ადამიანებს ახალ სწავლებას, ამ სასწაულებით ამ სწავლებას, თავის სიტყვას განამტკიცებდა, რათა მისი სიტყვა კიდევ უფრო მეტად მისაღები ყოფილიყო ადამიანებისთვის, ადამიანთა გულებში ადვილად ჩასულიყო ღვთის სიტყვა და ღვთის სწავლება, - ანუ სასწაულებით განამტკიცებდა თავის ყოვლისშემძლეობას.
- მართალია, უფალი ადამიანებს სასწაულებს აძლევდა, მათთვის სასწაულებს აღასრულებდა, მაგრამ გვიკრძალავს სასწაულთა ძიებას, - თვითონ ადამიანმა სასწაული არ უნდა ითხოვოს ღვთისგან...
- ცხადია, კაცმა არ უნდა მოითხოვოს სასწაული უფლისგან. როდესაც ფარისევლები და იუდეველები სასწაულს ითხოვენ უფლისგან, უფალი ეუბნება მათ: მემრუშე მოდგმა სასწაულს ვერ იხილავსო, - ის, ვინც სასწაულს ითხოვს, სასწაულს ვერ იხილავს, თუ მაინც იხილა, ეს იქნება არა ღვთისგან, არამედ დაცემული სულის მიერ მოწყობილი. სულის ცხონებისთვის ადამიანს სასწაული არ სჭირდება, აუცილებელი არ არის, რომ სასწაული იხილოს. როდესაც მაცხოვარი სასწაულებს აძლევდა ადამიანებს, ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ სულიერად განმტკიცებულიყვნენ და ღვთის სწავლება მიეღოთ. დღეს კი, როდესაც საღვთოს სწავლება მიღებულია, სასწაულები გაცილებით ნაკლებად ხდება, რადგან სასწაულის ხილვა საჭირო და აუცილებელი აღარ არის იმისთვის, რომ ადამიანმა ქრისტეს სწავლება, ქრისტეს სარწმუნოება მიიღოს. თუ დავუკვირდებით, თანამედროვე პერიოდში სასწაულები ნაკლებ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, სულიერ გაძლიერებაზე, ამიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში, გვიან შუასაუკუნეების შემდეგ გაცილებით იკლო სასწაულებმა, რადგან ადამიანების შინაგანი მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ სასწაულები მათ სულიერად კი არ განამტკიცებდა, არამედ პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებაში აგდებდა. ამის გამო უფალი ნაკლებად აძლევს სასწაულებს ადამიანებს. ვინც სასწაულს ეძიებს, ყველა ნაბიჯზე თვლის, თითქოს მის თვალწინ სასწაული აღესრულა, გამოცხადება ჰქონდა, ღვთის ხილვის ღირსი შეიქნა... მოტყუებულია ეშმაკისგან და დაღუპვის გზაზე დგას, რადგან ასეთ ადამიანს ბოროტი ადვილად იგდებს ხელში და აძლევს ჩვენებას, რომელიც ძალიან ჰგავს სასწაულს.
კეთროვნის განკურნება
(მათე 8,1-4; მარკოზი 1,40-44; ლუკა 5,12-14):
მაცხოვართან ერთი კეთროვანი მივიდა, თაყვანი სცა მას და შეევედრა: "უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა". მაცხოვარმა ხელი გაიწოდა, შეახო და მიმართა: "მნებავს, განიწმინდე". კეთროვანი მყისვე განიწმინდა. უფალმა კი გააფრთხილა, - ამის შესახებ არავის უთხრა, არამედ წადი და მსხვერპლი შესწირე შენი განწმენდის გამო, როგორც დაადგინა მოსემ მათდა დასამოწმებლადო.(მათე 8,1-4; მარკოზი 1,40-44; ლუკა 5,12-14):
- რატომ აფრთხილებს მაცხოვარი კეთრისგან განწმენდილ ადამიანს, რომ ამ სასწაულის შესახებ არავის უთხრას?
- როდესაც უფალი ადამიანს სხვადასხვა სნეულებისგან კურნავდა, ხშირად ეუბნებოდა, - ამის შესახებ არავის უთხრათო. ამით გვასწავლის, როგორი სიმდაბლე უნდა გამოიჩინოს ადამიანმა, როდესაც ის რაიმე სიკეთეს აღასრულებს და როგორ არ უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ მისი კეთილი საქმეები განცხადდეს. სახარებიდან ვიცით, რომ ეს ადამიანები ამის შემდეგ მაინც მიდიოდნენ და მოუთხრობდნენ ამ სასწაულების შესახებ. რომც არ ეთქვათ, მაინც განცხადდებოდა, რადგან როდესაც ადამიანს კეთრი ჰქონდა, ან დავრდომილი იყო და შემდეგ სრულიად ჯანმრთელს იხილავდნენ, ყველა ისედაც შეიტყობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ღვთის მცნებებს არღვევდნენ. უფალი ბრძანებს, - სანთელს არ აღანთიან და არ დადებენ ხვიმირსა ქვეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რათა ყველა ხედავდეს. სწორედ ეს მომენტია, ამიტომ ამ ადამიანებს, იყვნენ რა აღვსილნი საღმრთო სიხარულით, არ შეეძლოთ ამის დამალვა, მიდიოდნენ და ღვთის მქადაგებლები, ღვთის სიტყვის გამავრცელებლები ხდებოდნენ. თავიანთი ცხოვრებით და მაგალითით ამტკიცებდნენ, რომ მესია უკვე მოსული იყო.
- რატომ ეუბნება მაცხოვარი განკურნების შემდეგ კეთროვანს, - წადი და მსხვერპლი შესწირე შენი განწმენდის გამო, როგორც ეს მოსეს მიერაა დადგენილი მათდა დასამოწმებლადო?
- როდესაც ადამიანს კეთრის მსგავსი ნიშნები გამოაჩნდებოდა, მღვდელთან უნდა მისულიყო, რომელიც დაამტკიცებდა, იყო თუ არა ნამდვილად კეთროვანი. თუკი კეთრი აღმოაჩნდებოდა, ადამიანი ტოვებდა თავის საცხოვრებელს, ადამიანთა სამყოფელს და ცალკე, კეთროვნებთან ერთად მკვიდრდებოდა. თუკი ვინმე კეთრისგან განიკურნებოდა, ასევე მღვდელს უნდა დაემკიცებინა მისი განკურნების შესახებ. ადამიანს უნდა შეეწირა განწმენდის მსხვერპლი. ამის შემდეგ ის იწყებდა ჩვეულებისამებრ ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად ცხოვრებას. ნახეთ ღვთის განგებულება, - უფალი იმ იუდეველ მღვდლებზეც კი ზრუნავს, რომლებმაც მაცხოვარი აცვეს ჯვარს, რათა მათ იესოში შეიცნონ ქრისტე, მიხვდნენ, რომ კაცობრიობის მხსნელი უკვე მოსულია, უშვებს მათთან კეთროვანს, რომელზეც თავის დროზე სწორედ ამ მღვდლებს ჰქონდათ დასაბუთებული, რომ მას ნამდვილად ჰქონდა კეთრი და ახლა ეს ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელებული მიდის მათთან. მათაც უნდა აღიარონ, რომ ეს სასწაული მოხდა და დაფიქრდნენ, ვინ არის ეს კაცი, რომელმაც ეს სასწაული მოახდინა, თავიანთ თავს ჩაუღრმავდნენ და შეიცნონ, მიხვდნენ, რომ კაცობრიობის მხსნელი უკვე მოსულია, მათი გულებიც მოდრკეს და გახდეს ღვთის მადიდებელი.
ასისთავის მსახურის განკურნება
(მათე 8,5-13; ლუკა 7,2-10)
ერთხელაც, როდესაც მაცხოვარი კაპერნაუმში შევიდა, ერთმა ასისთავმა, რომელსაც მონა უკვდებოდა, იუდეველთა უხუცესები წარგზავნა მასთან სათხოვნელად, რათა მისულიყო და განეკურნა მისი მონა. იესო ასისთავთან წავიდა. როდესაც მის სახლს მიუახლოვდა, ასისთავმა თავისი მეგობრები გაგზავნა მაცხოვართან და შეუთვალა: უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არ ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ მოხვიდე. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი-მეთქი და მიდის. მეორეს ვეუბნები, მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე-მეთქი ეს! და აკეთებს; როდესაც ეს იესომ გაიგონა, გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც კი ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა; ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის ძეები გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. ასისთავს კი მიუგო, - წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს. სახლში დაბრუნებისას განკურნებული ნახეს ის მონა.(მათე 8,5-13; ლუკა 7,2-10)
განრღვეულის განკურნება
ასისთავი, რომელსაც მაცხოვარმა მონა განუკურნა, იყო წარმართი. როდესაც უფალი იმ პერიოდში წარმართს აღუსრულებს თხოვნას, ყურადრებას არ აქცევს მათ რელიგიურ მიმდევრობას, რადგან მაცხოვნებელი რელიგია ჯერ კიდევ არ არსებობს. არც იუდეველობა და არც წარმართობა არ იყო მაცხოვნებელი. მაცხოვენებელი არის ქრისტეს სარწმუნოება, რომელიც ფაქტობრივად უკვე ჰქონდა ასისთავს. როდესაც უფალი მის მიმართ ამბობს, ისრაელიანთა შორისაც კი ასეთი სარწმუნოება არ მინახავსო, რა თქმა უნდა, არ უხილავს, - ისრაელიანებმა ქრისტე არ მიიღეს, ქრისტე ჯვარს აცვეს, მან კი მიიღო. ცხოველი სარწმუნოება, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხონება, არის ქრისტეს სარწმუნოება, რწმენა იმისა, რომ იესო არის ქრისტე, იესო მოვიდა იმისთვის, რომ ადამანთა სულები გამოეხსნა და გაეხსნა სასუფეველში შესასვლელი გზა, რომელიც დაკეტილი იყო ადამის ცოდვით. სწორედ ეს სარწმუნოება ჰქონდა უკვე ასისთავს. ის წარმართი იყო რელიგიურად, მაგრამ უკვე ჰქონდა ქრისტეს სარწმუნოება და შინაგანად უკვე ქრისტიანი იყო. იუდეველები კი, რომლებიც იყვნენ ძველი სჯულის მიმდევრები, მაგრამ წინ აღუდგებოდნენ ქრისტეს, მხოლოდ რელიგიურად იყვნენ იუდეველები, თორემ ჭეშმარიტი იუდეველები, ვინც უნდა შეჰგებებოდა ქრისტეს, ვისაც უნდა მიეღო ქრისტეს სწავლება, ფაქტობრივად აღარ იყვნენ. როგორც წარმართები, ასევე იუდეველების უდიდესი ნაწილი იმ პერიოდში თავიანთი რელიგიურობით აღარ იყვნენ ღვთის მადიდებლები. რაც შეეხება იმ წარმართ და იუდეველ ადამიანებს, რომლებსაც სწამდათ ქრისტესი, ისინი თავიანთი შინაგანი მდგომარეობით უკვე ქრისტიანები იყვნენ. შესაბამისად, არავიათარი სხვაობა აღარ იყო, ვთქვათ, ქრისტეს იუდეველ მოწაფესა და წარმართ კორნელიუს ასისთავს შორის, რადგან ერთსაც ქრისტესი სწამდა და მეორესაც. მაცხოვნებელი არც წარმართობა იყო და არც იუდეველობა, ანუ წარმართობა მისთვის და მისი მსგავსი ადამიანებისთვის კნინობითი აღარ იყო, პირიქით, ასისთავი უამრავ იუდეველზე უპირატესი იყო თავისი სარწმუნოებით, ქრისტე სწამდა და თან ისეთი სიმდაბლე ჰქონდა და იმდენად ჰქონდა შეცნობილი თავისი ცხოვრება, თავისი ცოდვები, რომ ქრისტეს ეუბნება, - უფალო, არა ვარ ღირსი, ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდეო, ამასთან, თავადაც კი არ მიდის მაცხოვართან, სხვებს, იუდეველ წარჩინებეულ ადამიანებს უშვებს და მათი პირით შესთხოვს სათხოვრის აღსრულებას. ადამიანის სარწმუნოება რა არის? - შეიცნოს თავისი თავი და თავისი ცოდვები. როდესაც ადამიანი თავის გულს დაუკვირდება, შეიცნობს თავის ვნებებს, თავის შინაგან, გულის ცოდვებს, რადგან ხილული ცოდვების შეცნობა ძალიან ადვილია, ჭეშმარიტი სინანული ეუფლება. სწორედ ამის შემდეგ შედის უკვე მის გულში უფალი და შეეწევა, ისევე როგორც კორნელიუს ასისთავის შემთხვევაში მოხდა. ამ კაცს შეცნობილი ჰქონდა თავისი ცოდვები და მისი გული უკვე უფალთან იყო დამკვიდრებული. ამიტომაც ღირსყო უფალმა, რომ მისთვის სათხოვარი აღესრულებინა, თანაც იუდეველებს და ყველა ადამიანსაც ეხილა, თუ რაოდენი სარწმუნოება ჰქონდა ასისთავს და რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. უფლისთვის მთავარია არა, ვთქვათ, ფარისევლის მსგავსი სარწმუნოება, რომელიც თავმოწონებით ამბობდა: "კვირაში ორ დღეს ვიმარხავ, შევწირავ ათეულს მთელი ჩემი შემოსავლიდან და იქიდანაც კი, რომლის შეწირვასაც უფალი არ მავალდებულებსო", არამედ ის გული, რომელიც ასისთავს ჰქონდა: "არა ვარ, უფალო, ღირსი იმისა, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდეო".
- მას შემდეგ, რაც მაცხოვარი კორნელიუს ასისთავის მიმართ ამბობს, ისრაელიანთა შორისაც კი ვერ ვნახე ასეთი რწმენაო, თავის მიმდევრებს მიმართავს: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდა და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის ძეები ჩაიყრებიან გარესკნელის ბნელში..." ცხადია, უფალი საუფევლის ძეებში ისრაელიანებს, რჩეულ ერს გულისხმობს, აღმოსავალიდან და დასავალიდან მოსულებში კი, რომელთა შესახებაც ამბობს, მართალ მამამთავრებთან ერთად იქნებიან სასუფეველშიო, წარმართობიდან მოქცეულ ადამიანებს, რომლებმაც იესოში შეიცნეს ქრისტე, მაცხოვარი, დაუტევეს წარმართობა და ქრისტეს მიმდევრები შეიქნენ...
- ამის შესახებ ჯერ კიდევ წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველა წინასწარმეტყველმა უფლისგან იცოდა და მაცხოვარიც ამბობს, რომ არა მარტო იუდეველები, "აღმოსავალიდან და დასავალიდან" უამრავი ადამიანი გახდებოდა ღვთის განმადიდებელი, ღვთის მსახური, ბევრი რჩეული ერის წარმომადგენელი კი არ მიიღებდა მაცხოვარს. ისრაელიანები მიწიერად გამორჩეულები იყვნენ ღვთისგან, მაგრამ მათ არ მიიღეს ქრისტე. ფაქტობრივად მათ თავიანთი რჩეულობა, თავიანთი პირმშოობა გაყიდეს მიწიერებაზე. როგორც ესავმა გაუცვალა იაკობს პირმშოობა ერთ ჯამ საზრდელში, ასევე გაცვალეს და დაკარგეს იუდეველებმა თავიანთი პირმშოობა მიწიერების გამო, ამქვეყნიურ ამაოებებზე გადაგებით. ისინი ელოდნენ მიწიერ მესიას, მესიისგან უნდოდათ მიწიერი სიკეთეების მიღება. ამის გამო დაკარგეს თავიანთი რჩეულობა და დაშორდნენ უფალს.