ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა, რომელსაც ქრისტეს სარწმუნოება გვიკრძალავს, არის განკითხვა. ამის მიუხედავად ეს ცოდვილი ჩვევა თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს.
განკითხვასთან დაკავშირებით უფალმა მოგვცა სახარებისეული სწავლება, რომელიც გადმოცემულია მათეს სახარების მე-7 თავში - "ბეწვი და დირე" (7-12), ასევე ლუკას სახარებაში (ლუკა 6,37-38 და 41-42) და მარკოზ მახარებელთან (მარკოზი 4,24)...
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- რას გულისხმობს უფალი, როდესაც ბრძანებს, რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც ვერ ამჩნევო?
- ადამიანი ყოველთვის ნაკლებდამნაშავედ თვლის თავს, ვიდრე სხვას, სხვის დანაშაულს გაცილებით მეტად აღიქვამს, ვიდრე თავისას. შესაძლოა ჩვენი ცოდვა გაცილებით დიდი იყოს მოყვასის ცოდვაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენს დიდ ცოდვასაც ვერ ვხედავდეთ, მოყვასის მცირე ცოდვას კი ადვილად ვამჩნევდეთ და განვიკითხავდეთ. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს უფალი ამ სიტყვებით. ამიტომაც არის, რომ უფალი ჩვენს ცოდვას ადარებს დირეს, მოყვასის, სხვის ცოდვას კი თმის ბეწვს. მეორე მომენტიცაა. როდესაც ჩვენ მოყვასის ცოდვას ვხედავთ და განვიკითხავთ, ჩვენი ცოდვა, რომელიც შესაძლოა ბეწვი, მცირე იყოს ამ დროს, უკვე დირედ იქცევა, რადგან განკითხვით ჩვენს ცოდვას გაცილებით დიდ და საშინელ ცოდვას ვამატებთ. ჯერ ერთი, მოყვასი მართლაც რომ სცოდავდეს, ეს არ არის ჩვენი განსასჯელი, ერთადერთი მსაჯული უფალია. მოყვასის განკითხვით, სხვათა საქციელის განსჯით კი უფალს ვაყენებთ გვერდზე, უფალს აღარ ვუტოვებთ ადგილს და ჩვენ ვდგებით მის ადგილას, ჩვენ ვხდებით მსაჯული. ამიტომაც იქცევა ჩვენი ბეწვი დირედ. ეს ცოდვა გაცილებით ზეაღმატებულია სხვა ცოდვებზე, რადგან ადამიანი უფლის ადგილს იკავებს, ფაქტობრივად თვითონ იწყებს იმის კეთებას, რაც ღვთის მოვალეობაა. ისევე როგორც ბინდი მთლიანად ფარავს ადამიანის თვალთახედვას, თუ თვალს გადაეფარება, ასევეა ბოროტებისგან დაფარული, დახშული განმკითხველი ადამიანის სულიერი თვალთახედვა და თავის თავში ცუდს ვერაფერს ხედავს.
- ზოგჯერ ადამიანს ლოცვისთვის თუ სხვა ღვთივსათნო საქმეებისთვის წუთების დათმობაც უძნელდება, განკითხვაში კი შესაძლოა საათებიც გაატაროს...
- ლოცვის დროს ადამიანს ეშმაკი უშლის ხელს, განკითხვისა და ნებისმიერი სხვა ცოდვის ჩადენის დროს, პირიქით, ხელს უწყობს და სიამოვნებას განიცდის. სიამოვნებას განიცდის მისი პატივმოყვარეობა, თავს სხვაზე უკეთესად თვლის და ამიტომაც განიკითხავს.
- მოყვასის მხილებაც გვეკრძალება?
- ადამიანები თვლიან, რომ განკითხვა არის ზურგსუკან საუბარი, მხილება - როდესაც პირში ვეუბნებით. შესაძლოა პირში ნათქვამიც იყოს განკითხვა. როდესაც ადამიანს სიყვარულით არ ვეუბნებით სათქმელს და ვიცით, რომ ამ დროს ადამიანი განრისხდება ან შეწუხდება, ეს უკვე განკითხვაა. ჩვენ არ ვართ ისეთი დონის ქრისტიანები, რომ მამხილებლები ვიყოთ. ეკლესიის ისტორიაშიც იყვნენ ასეთი მამხილებლები, სულიერად ამაღლებული ადამიანები - იოანე ოქროპირი, იოანე ნათლისმცემელი და სხვა წმინდა მამები. მაგრამ ისინიც კი ერიდებოდნენ ამის გაკეთებას. საერთოდ, ეკლესიასა და ეკლესიურ სწავლებაში არსებობდა ასეთი ტრადიცია - როდესაც ადამიანის მხილების საჭიროება ჩნდებოდა, ეს არ იყო მიმართული კონკრეტულად ადამიანისკენ, არამედ იყო ზოგადი სწავლება, რომელიც წარმოითქმებოდა ამბიონიდან. ადამიანს პირდაპირ კი არ ეუბნებოდნენ, შენ ხარ განმკითხველიო, არამედ არსებობდა სწავლება განკითხვის შესახებ. ამ დროს, ზოგადი სწავლებისას, ყველა ამ ცოდვაში მყოფი ადამიანი თავის თავს პოულობს და ის უკვე სინანულშია, მაგრამ თუ მას პირდაპირ ვეტყვით სათქმელს, შესაძლოა არ მიიღოს. შესაძლოა მხილება დროთა განმავლობაში მიიღოს, მაგრამ იმ წუთში არ მიიღებს. მაშინაც კი, როდესაც მწვალებლობები გამოჩნდებოდა ეკლესიის წიაღში, წარმოიშვებოდა სხვადასხვა მიმდინარეობა, პიროვნებებს კი არ ებრძოდა ეკლესია, არამედ სწავლებას, ეკლესია შეაჩვენებდა სწავლებას და ვინც ამ სწავლებას მიატოვებდა, ის არ იყო შეჩვენებული. რა თქმა უნდა, პირდაპირაც შეიძლება მხილება, როგორც, ვთქვათ, იოანე ნათლისმცემელი ამხილებდა ჰეროდეს, მაგრამ როდესაც ზოგადად ვლაპარაკობთ ბოროტების შესახებ, ეს უკვე აღარ არის განკითხვა. ხოლო როდესაც კონკრეტულად პიროვნებაზე ვამბობთ, რომელმაც ჩაიდინა ბოროტება, ეს უკვე განკითხვაა. როდესაც ჰეროდეს ეუბნებოდა იოანე: "არა ჯერ არს, ცოლად გესვას შენი ძმის ცოლიო", - იმას კი არ ეუბნებოდა, ცუდი ადამიანი ხარო, არამედ - ეს საქციელია ცუდი შენთვის და არ უნდა ჩაიდინოო.
როდესაც უფალი განკითხვის შესახებ გვაძლევს სწავლებას, ბრძანებს: ნუ მისცემთ წმინდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ფეხქვეშ არ გათელონო... რას ნიშნავს ეს? - ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიმღებნი არ არიან ღვთის სიტყვისა, პირიქით, ღვთის სიტყვა გასათელი გახდება მათ აზრებსა და სიტყვებში და ჩვენი მხილებით უფრო დიდ ცოდვაში ჩავაგდებთ, არ უნდა მივუთითოთ. მათთვის შეგვიძლია ვილოცოთ. თუ ვიცით, რომ ადამიანი ჩვენს სიყვარულით ნათქვამს მიიღებს, შეგვიძლია ვუთხრათ, მაგრამ რასაც ჩვენ მხილებას ვეძახით, ხშირ შემთხვევაში არა მხილება, არამედ განკითხვაა, საფუძვლად არა მოყვასის სიყვარული და მისი გამოსწორების სურვილი, არამედ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება უდევს. როდესაც გვინდა მოყვასზე უპირატესად წარმოვაჩინოთ თავი, აღვნიშნოთ, რომ სხვამ ესა თუ ის ცოდვა ჩაიდინა, ჩვენ კი მსგავსი ცოდვა არ გვაქვს, ე.ი. მასზე უკეთესი ვართ, - ეს სიკეთის საფარველში გახვეული ბოროტებაა და ამგვარი "მხილებით" ჩვენვე ვიგდებთ თავს ცოდვაში. იმდენად უძლურები ვართ, ისიც კი არ შეგვიძლია, დავდგეთ და ვილოცოთ მოყვასისთვის. თუკი მოყვასზე გული შეგვტკივა და დარწმუნებულნი არ ვართ, რომ შევძლებთ მის ჭეშმარიტ მხილებას, რაც მისთვისაც და ჩვენთვისაც სულიერი სარგებელის მომტანი იქნება, დავდგეთ და ვილოცოთ მისთვის.
- როგორ ეტყვი შენს ძმას, ამოიღე თვალიდან ბეწვი, როცა შენს თვალში დირეაო, - ბრძანებს უფალი. მამებიც ხომ ამბობენ, ადამიანი თავის ცოდვებსაც ისე რომ ხედავდეს, როგორც სხვებისას, მოყვავსს არ განიკითხავდაო. რატომ გვიძნელდება საკუთარი ცოდვების დანახვა და რატომ გვაძლევს უფალი სხვათა ცოდვების დანახვის უნარს?
- რა თქმა უნდა, უფალს შეუძლია საერთოდაც არ დაგვანახოს სხვისი ცოდვები, მაგრამ ეს იქნებოდა ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩარევა. უფალმა კი ადამიანი თავისუფალი ნების მქონე არსებად შექმნა და თუ მას თავისუფალ ნებას წაართმევს, მაშინ ადამიანი ღვთის ხატება და მსგავსება აღარ იქნება. უფალი ყველაფერს კეთილად განაგებს და ყველაფრიდან სიკეთე გამოაქვს, ყველაფერი, რაც ჩვენს გაშემო ხდება, ჩვენს სასიკეთოდაა. ამ კონკრეტულ შემთხვევეში კი ღვთისგან იმის გამო გვეძლევა სხვათა ცოდვების დანახვის უნარი, რომ როდესაც მოყვასის ცოდვას დავინახავთ, ჩვენს თავშიც ვეძებოთ იგივე ცოდვა და სანამ არ აღმოვაჩენთ, არ დავანებოთ თავი ჩვენი სულერი მდგომარეობის გამოძიებას, რადგან ის ცოდვა, რასაც ჩვენ მოყვასში ვხედავთ, აუცილებლად იქნება ჩვენში. თუ ვერ აღმოვაჩინეთ, ეს მეორე უბედურებაა, რადგან ეს ცოდვა ჩვენში იმდენად ყოფილა დაფარული, რომ ვერც კი მივაკვლიეთ.
სხვის ცოდვებს ჩვენი პატივმოყვარეობის გამოც ვხედავთ. როდესაც სხვის ცოდვებს აღვნიშნავთ, ამ დროს ჩვენს ცოდვებს ვივიწყებთ. ამაში ეშმაკი გვიწყობს ხელს. თუ სხვის ცოდვებს ვხედავთ და საკუთარს ვერ დავინახავთ, უკვე დაღუპულნი ვართ და ამიტომაც გვიწყობს ეშმაკი ხელს, რომ ჩვენგან იყოს ჩვენი ცოდვები დაფარული. როგორც ვთქვით, სხვისი ცოდვების დანახვით ადამიანმა კეთილი ნაყოფი უნდა გამოიღოს, თუკი ამ უნარს იმისთვის გამოიყენებს, რისთვისაც უფალმა მიანიჭა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასე არ ხდება. მაგრამ უფალს კი არ უნდა დავაბრალოთ, რომ კეთილი ნაყოფი ვერ გამოვიღეთ, არამედ ისევ და ისევ ჩვენს თავს, იმის გამო, რომ გამოუძიებელნი, ამპარტავანნი და პატივმოყვარენი ვართ, ვერ ვხედავთ საკუთარ ცოდვას და ვხედავთ მოყვასისას.
- შესაძლოა ადამიანმა ბევრი ცოდვა არ ჩაიდინოს, ბევრის დაძლევა შეძლოს, მაგრამ განკითხვას ძნელად თუ მოიშლის. სიტყვიერ განკითხვასაც რომ სძლიოს, გონებით მაინც განიკითხავს მოყვასს...
- გონება ისეთი რამეა, რომელიც განუწყვეტლივ უნდა აკონტროლო. დიდი მონდომება და ღვაწლია საჭირო, რომ ადამიანმა გონება გარედან შემოსული, ანუ ეშმაკისაგან მოწოდებული აზრებისაგან დაიცვას. ეშმაკი ჯერ აზრს მოგვაწოდებს, ჩვენ ავყვებით, ვამუშავებთ და უკვე ჩვენი ხდება ეს აზრი. როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი განკითხვის ცოდვას თავის გონებაში? - თავისი ცოდვებისა და მარადიული სასჯელის გახსენებით, არა მარტო განკითხვის ცოდვას, ყველა ცოდვას ამით უნდა ებრძოლოს ადამიანი. გონებაში განკითხვის დროსაც მაშინვე უნდა დავიწყოთ ჩვენს თავშიც იმავე ცოდვის ძიება, რომლის გამოც სხვას განვიკითხავთ და სანამ არ აღმოვაჩენთ, არ გავჩერდეთ, რადგან, როგორც ვთქვით, ჩვენც აუცილებლად გვექნება იგივე ცოდვა, რაშიც სხვას განვიკითხავთ. რაც უფრო გვიან აღმოვაჩენთ, მით უფრო დაბნელებული გვქონია შინაგანი ჭვრეტა და ამიტომაც გვიჭირს მისი დანახვა. თუ საერთოდ ვერ აღმოვაჩინეთ, საერთოდ არ გვქონია ჩვენი თავის ჭვრეტა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი