გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- რატომ წარმოთქვა უფალმა ნეტარების მცნებები მთაზე?
- უფალი დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში და ქადაგებდა, აუწყებდა ადამიანებს სასუფევლის შესახებ, მაგრამ დასახლებულ პუნქტებში არ მიმართავდა ღვთისმეტყველებით საუბარს, უფრო იგავურად ესაუბრებოდა ადამიანებს, აღასრულებდა სასწაულებსაც. ხშირად მაცხოვარი გადიოდა დასახლებული ადგილებიდან მთაზე და უდაბურ ადგილებში. ვინც ასეთ ადგილებშიც მიჰყვებოდა თან, მათ უკვე აწვდიდა საღვთისმეტყველო ცოდნას, რადგან ამ ადამიანებს შეეძლოთ ღვთის სიტყვა არა იგავურად, არამედ პირდაპირაც გაეგოთ. მათი გულისყური და გონება მთლიანად მიპყრრობილი იყო უფლისკენ. დასახლებულ ადგილებში კი ღვთის სიტყვას ისეთი ადამიანებიც ისმენდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ, ზოგიერთი მათგანი წინააღმდგომიც კი იყო მაცხოვრისა.
- რას ნიშნავს სიტყვა "ნეტარება", რა იგულისხმება ნეტარ მდგომარეობაში?
- ნეტარ მდგომარეობაში უპირველესად სასუფეველი იგულისხმება, მაგრამ ღვთის მცნებების აღმასრულებელი ადამიანები აქ, მიწაზეც იქნებიან პატივდებულნი ღვთისაგან, რათა მათი მაგალითი სანიმუშო იყოს სხვა ადამიანებისთვის, მათმა შემხედვარემ სხვა ადამიანებმაც აღსარულონ ღვთის მცნებები.
- თუმცა დედამიწაზე ყოფნის ჟამს ადამიანი მხოლოდ "გემოს" თუ გაუგებს მომავალი ცხოვრების ნეტარებას, რომელიც სასუფეველში ყოფნის ჟამს ელოდება ადამიანს...
- ბუნებრივია ადამიანი დედამიწაზე სრულად ვერ მოიპოვებს იმ ნეტარ მდგომარეობას, რაც ზეცაში უნდა მოიპოვოს, მაგრამ ცხადია, რომ უფალი დედამიწაზეც აძლევს ადამიანს ნეტარებას. თუკი ადამიანი ღვთის მცნებებს აღასრულებს, მისი გული მიდრეკილი არ არის მიწიერ სიამეებსა და სიმდიდრეზე, ის მცირედითაც კმაყოფილია. ქრისტიანი ადამიანი გაცილებით ნეტარია, ვიდრე მისი მსგავსი მატერიალური მდგომარეობის ან თუნდაც უფრო მდიდარი ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებებს არ აღასრულებს, რადგან მას მეტი არ უნდა. მისი გული და გონება მხოლოდ უფლისკენაა მიპყრობილი და თავისთავად ნეტარია. შესაძლოა ასეთი ადამიანი არ იყოს ნეტარი მასზე უფრო მდიდარი ურწმუნოსთვის, მაგრამ თავად მასზე გაცილებით ნეტარია, რადგან მისი გული ღვთითაა აღსავსე და მეტის მოთხოვნილება აღარ აქვს. ის კი, ვისაც მილონი აქვს და უნდა, რომ შეიძინოს ორი, ვერასოდეს გახდება ნეტარი, რადგან ორ მილიონს რომ იშოვის, ოთხი მოუნდება, შემდეგ უფრო მეტი... ასეთი კაცი მიწიერი თვალსაზრისითაც ვერასოდეს იქნება ნეტარი. ადამიანი ნეტარებასა და სიმშვიდეს განიცდის, როდესაც მიაღწევს იმას, რაც სურს.
- თუ შეიძლება ადამიანმა უწყოდეს ზეციური ნეტარების შესახებ?
- ადამიანმა ღვთის მცნებები უნდა აღასრულოს არა სასუფევლისთვის და ჯოჯოხეთის შიშით, არამედ ღვთის სიყვარულით. ცხადია, უფლის მცნებები უნდა აღვასრულოთ, მაგრამ არა იმის გამო, რომ სასუფეველი დავიმკვიდროთ, არამედ ღვთის სიყვარულის გამო. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს - ქრისტესთან ერთად ჯოჯოხეთშიც ვიქნებოდიო. წმინდა მამებისთვის სასუფეველი კი არ იყო მთავარი, არამედ უფალი, უფალთან მყოფობა. რა თქმა უნდა, ქრისტესთან, უფალთან ყოფნა სასუფეველია, მაგრამ ამგვარი მიდგომით - ღვთის მცნებებს აღვასრულებ და შემდეგ სასუფეველში კარად ვიქნებიო, სასუფეველში ვერ მოვხვდებით, რადგან ეს ანგარებაა. ანგარი ადამიანი კი ვერასოდეს დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს.
თუკი ღვთის მცნებებს ჯოჯოხეთის შიშით ვასრულებთ - მონები ვართ, სასუფევლისთვის თუ ვასრულებთ - სასყიდლით დადგინებულნი. ნოეს კიდობნის აგებაზე მუშაობდნენ მონებიც, სასყიდლით დადგინებულებიც და ნოეს ოჯახიც, ანუ სარწმუნოებითაც მუშაობდნენ ადამიანები. ნოეს და მისი ოჯახის გარდა ვერავინ გადარჩა. მონები იძულებით შრომობდნენ და სასყიდელი ვერ მიიღეს, სასყიდლით დადგინებულებმა თავიანთი სასყიდელი მიიღეს და წავიდნენ, ნოემ კი, რომელიც კიდობანს ღვთის მცნებების აღსრულების გამო, უფლის რწმენითა და სიყვარულით აგებდა, მიიღო გადარჩენა. რა თქმა უნდა, როდესაც ღვთის სიყვარულით აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, ჯოჯოხეთის შიშითა და სასუფევლის სიყვარულის გამოც უნდა განვმტკიცდეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს დამხმარე ქმედებები იმისათვის, რომ უფლის მცნებები მთელი გულისყურით აღვასრულოთ და ღვთის სიყვარული არ დავკარგოთ.
საერთოდ, ეკლესია ნაკლებად საუბრობს ზეცაზე, უფრო გვასწავლის გზას, როგორ მივიდეთ ზეცამდე, როგორ დავიმკვიდროთ სასუფეველი.
- ნეტარების მხოლოდ რამდენიმე მცნების აღსრულება, მათში გადმოცემული რამდენიმე სათნოების მოხვეჭა თუ წაადგება ადამიანს ცხონებაში, სასუფევლის დამკვიდრებაში?
- ერთი ნეტარებაც რომ აღასრულოს ადამიანმა, ფაქტობრივად, აღასრულა ყველა, რადგან ეს არის ერთი გზა. ვთქვათ, ადამიანი განსაკუთრებული მოწყალეა, თუკი ეს მართლაც ასეა, ის აუცილებლად მშვიდიცაა, ცდილობს სხვა ადამიანებს შორისაც მშვიდობა და ურთიერთშეწყალება სუფევდეს, ასეთი ადამიანი დაითმენს დევნილებასაც... თუკი ადამიანი მიაღწევს პირველ ნეტარებაში გადმოცემულ სათნოებას - შეიმეცნებს, რომ ღატაკია სულიერად, არაფერი გააჩნია - არც წყალობა, არც სიმშვიდე... წყალობას სთხოვს მას, ვისაც ეს ყველაფერი აქვს - უფალს. უფალიც ყველაფერს აძლევს. თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ ერთ ან რამდენიმე ნეტარებას აღასრულებს და სხვას არღვევს, იმათაც არ აღასრულებს.
- საინტერესოა, როდესაც უფალმა ნეტარების მცნებები წარმოთქვა, იყვნენ თუ არა ადამიანები მიმღებნი ამ მცნებებისა. ვიცით, რომ იმ პერიოდში ჯერ კიდევ მოციქულებად გამორჩეულ ადამიანებსაც კი არ ჰქონდათ ახელილი სულიერი თვალთახედვა...
- ცხადია, იმ ადამიანებმა, ვინც ქრისტე მიიღო პირველ საუკუნეში, ყველაფერი არ იცოდნენ. სულიერ განბრძნობას სჭირდება მოღვაწეობა. ამ მდგომარეობამდე ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეს, ისევე, როგორც უფალმა მიიყვანა მოციქულები ამ მდგომარეობამდე და შემდეგ გარდამოვიდა სულიწმინდა მათზე. ასევე, ქრისტეს მიმდევრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც საღმრთო ჭეშმარიტებას ისმენდნენ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეღწიათ ამ მდგომარეობისთვის და შემდეგ სულიწმინდის მადლით იქნებოდნენ განბრძნობილნი. ყველა ადამიანს, მთელ კაცობრიობასაც იმდენი საღმრთო ცოდნა ეძლევა, რისი დამტევიცაა. ვერც ერთ ჭურჭელში ვერ ჩავასხამთ ზომაზე მეტ სითხეს. თუ ჩავასხამთ, ჭურჭელსაც დააზიანებს. ასევე დააზიანებს ადამიანის სულს იმაზე მეტი საღმრთო ცოდნის მიღება, რისი დატევნაც შეუძლია. უმჯობესია იმაზე ნაკლები იცოდეს, რასაც დაიტევს, ვიდრე მეტი მიიღოს და დაიღუპოს. ყველა ადამიანი სულიერად გარკვეული მადლის დამტევია და რასაც ვერ დაიტევს უფალი იმაზე მეტ საღმრთო ცოდნას არ მისცემს.
როდესაც მაცხოვარმა ნეტარების მცნებები წარმოთქვა, ადამიანები მეტ-ნაკლებად იყვნენ შემზადებულნი და ამაღლებულნი სულიერად ამ მცნებების, საღმრთო ჭეშმარიტების მისაღებად. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ კი ადამიანებს მიეცათ სრული ცოდნა.
"თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი"
იგავი "მარილის" შესახებ: "თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად" - მარილი ყველაფრისთვისაა საჭირო, მაგრამ თუ გაფუჭდა, აღარაფრად გამოდგება. შესაძლოა სხვა საკვები პროდუქტი გაფუჭების შემდეგ რაიმეში გამოდგეს, მაგრამ მარილი აღარაფრად გამოდგება, სანაგვეზე უნდა გადაიყაროს. ამ იგავური თქმით უფალი თავის მოწაფეებს, შესაბამისად ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით ეკლესიის მსახურთ, აუწყებს, რომ სწორედ მათ უნდა მისცენ მსოფლიოს ის უნარი, რასაც მარილი აძლევს საკვებს, ანუ ადამიანები მიიყვანონ უფალთან, გააკეთილშობილონ სამყარო. მაგრამ თუ თქვენ ამას არ აღასრულებთ, აბსოლუტურად გამოუსადეგარნი იქნებითო. ნებისმიერი წარმართიც კი უფრო დიდია იმ ადამიანთან, იმ ქრისტიანთან შედარებით, რომელმაც ღვთის სიტყვა უნდა იქადაგოს და არ ქადაგებს. ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობა ღვთის სიტყვის ქადაგებაა. თუ ქრისტიანი ამას არ აკეთებს, გამოუყენებელი იქნება უკვე ამ სამყაროში და, რა თქმა უნდა, ამის გამო თავის თავზე სასჯელს მოიწევს.
მაცხოვრის იგავი "სანთელზე":
"სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რათა ყველას გაუნათოს სახლი" - როდესაც ქრისტე ირწმუნეს და ღვთის სიტყვა მიიღეს მოციქულებმა, მათ არ შეეძლოთ ეს სწავლება დაემალათ, თავისთვის შეენახათ, არამედ უნდა ყოფილიყო გამოსაჩინებლად ყველასთვის, რათა ყველას გაეგო ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლის შესახებ და სხვა ადამიანებიც მოქცეულიყვნენ ქრისტიანობაზე მოციქულთა მიერ ნაქადაგები ღვთის სიტყვით. სანთლის იგავის წარმოთქმით მაცხოვარი მოციქულებს აუწყებს, რომ ის სწავლება, სიტყვა, რაც მოციქულებმა მიიღეს, არ შეიძლებოდა ყოფილიყო დამალული, არამედ მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო. იგავის სიტყვები წინასწარმეტყველურიცაა - თავისთავად ეს ასეც იქნებოდა, მოციქულებისგან ნაქადაგები ღვთის სიტყვა ყველგან მოეფინებოდა, მთელ მსოფლიოში იქნებოდა გავრცელებული.
- იგავური სწავლება მარილსა და სანთელზე გვხვდება მარკოზ და ლუკა მახარებლებთანაც, თუმცა მათ სახარებებში სხვა სწავლებებს მოსდევს, განსხვავებული სახითაც არის გადმოცემული...
- სამი წლის მანძილზე, ნათლისღებიდან ჯვარცმამდე, უფალი დაუცხრომლად ქადაგებდა და აღასრულებდა სასწაულებს. როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვეუბნება, რაც უფალმა თქვა და აღასრულა, ყველაფერი რომ დაწერილიყო, მთელი სამყაროც ვერ დაიტევდა აღწერილ წიგნებსო. მაცხოვარი ქადაგებდა ერთსა და იმავესაც და სხვადასხვასაც. შესაძლოა უფალს ერთი და იგივე იგავი სხვადასხვა ადგლას განსხვავებული სახით უთქვამს - კონკრეტულად იმ დროს, იმ მომენტში როგორც იყო საჭირო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაცხოვრის სიტყვას ისმენდნენ. ამიტომაც შესაძლოა ესა თუ ის იგავი სხვადასხვაგვარად ექადაგა მაცხოვარს. ამასთან, როდესაც შემდგომ მოციქულები წერდნენ სახარებას, ისინი სიტყვასიტყვით კი არ გადმოსცემდნენ მაცხოვრის ნათქვამს, არამედ იმ აზრს, რაც მაცხოვარმა თქვა. როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, პილატემ გააკეთა წარწერა: "იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა" - ამას ასე გადმოსცემს იოანე ღვთისმეტყველი, რომელის ჯვართან იყო და საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი. სხვა მოციქულებთან კი, რომლებსაც მაცხოვრის ჯვარცმა თავიანთი თვალით არ უნახავთ, წერია: "ესე არს იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა". ანუ, მნიშვნელოვანია არა ის, კონკრეტულად რა ეწერა, არამედ დაწერილის არსის გადმოცემა. გარდა ამისა, ლუკა და მარკოზ მახარებლები სახარებებს წერდნენ პეტრე და პავლე მოციქულების ნაქადაგებიდან გამომდინარე და თავისთავად ერთმანეთის მსგავსია. პირველად კი მათეს სახარება დაიწერა და ის ყველა მოციქულმა იცოდა, ფაქტობრივად, მათეს სახარებამ გავლენა მოახდინა შემდეგ ორ სახარებაზე. რაც შეეხება იოანეს სახარებას, მარკოზისა და ლუკას სახარებების დაწერიდან 50-70 წლის შემდეგაა დაწერილი. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, იოანე ღვთისმეტყველმა გაითვალისწინა, რა იყო მოთხრობილი პირველ სამ სახარებაში და აქცენტი გააკეთა უფრო სულიერი მიმართულებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც იოანეს სახარება იწერებოდა, ქრისტიანობა უკვე გავრცელებული იყო და ქრისტიანების სულიერი დონე, ღვთისმეტყველური აზროვნება გაცილებით მაღალი გახლდათ. უკვე არსებობდა ქრისტიანული ეკლესიებიც. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები კი სახარებას წერდნენ ახალმოქცეულთათვის. ამის გამო იოანეს სახარებასა და პირველ სამ სახარებას შორის არის სხვაობა.