როდესაც ჰეროდე მიხვდა, რომ "მოიკიცხა მოგვებთაგან" - მათ არ შეასრულეს მისი დავალება, - შეეცადა, დამოუკიდებლად მოეძებნა ყრმა მეუფის ადგილსამყოფელი. ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ვარსკვლავის გამოჩენის თარიღზე დაყრდნობით, ბეთლემსა და მის შემოგარენში 2 წლის ასაკამდე მამრობითი სქესის ყველა ყრმა ამოხოცა იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იესო იქნებოდა. მაგრამ ღვთის განგებულებით, მართალ იოსებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა, აუწყა ჰეროდეს ზრახვანი და უბრძანა, ყრმა იესოსთან და მის დედასთან ერთად ეგიპტეში წასულიყო. წმინდა ოჯახმა მაშინვე დატოვა ნაზარეთი და ეგვიპტისკენ გაემართა. მათ თან გაჰყვა იოსების უმცროსი ვაჟი იაკობიც, უფლის ძმად წოდებული. ჰეროდეს რისხვას გადაურჩა იოანე ნათლისმცემელიც, წინამორბედი უფლისა. ყრმა იოანე მართალმა ელისაბედმა უდაბნოში გაიყვანა. ამჯერად სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ...
გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
ჰეროდეს მიერ თოთხმეტი ათასი ყრმისა და სინედრიონის ამოხოცვა
- 14 ათასი ყრმის ამოხოცვით - ამ ფაქტით უსჯულოებამაც - თავად ჰეროდემაც აღიარა, რომ მხსნელი მოვიდა. ასევე ყველა ადამიანისთვის გახდა ცნობილი მესიის მოსვლის შესახებ - ყველა კითხულობდა ახალშობილი ყრმების ამოხოცვის მიზეზს და ყველამ გაიგო, რომ ეძებდნენ მხსნელს, მეფეს, რომელიც ქვეყანას სიკეთეს მოუტანდა. შეუძლებელია ბეთლემსა და მის შემოგარენში იმ დროს თოთხმეტი ათას ყრმას ეცხოვრა, მაგრამ ეს მოხდა პასექის პერიოდში, როდესაც მთელი ისრაელის ტერიტორიიდან ჩამოსულმა ებრაელობამ მოიყარა თავი. ჰეროდემ ყველა ებრაელი ყრმა მოწყვიტა არამარტო ბეთლემსა და მის შემოგარენში.
ქრისტეს პირველი მოწამეები იყვნენ სწორედ ბეთლემში მოწყვეტილი ყრმები. პირველად სწორედ მათ დაამოწმეს უფლის განკაცება. თავისთავად ცხადია, რომ ისინი თავისდაუნებურად შეიქნენ ქრისტეს მოწამეები, არჩევანის წინაშე არავის დაუყენებია, მაგრამ სწორედ თავიანთი სისხლით დაამოწმეს ქრისტეს მოსვლა.
- თოთხმეტი ათას ყრმასთან ერთად ჰეროდემ მთელი სინედრიონიც ამოხოცა. რა იყო ამის მიზეზი?
- ჰეროდე თვლიდა, რომ სინედრიონიც აუმხედრდა და ბეთლემში შობილი ყრმის ადგილსამყოფელს უმალავდა, რადგან მისი დამხობა სურდა. სინედრიონის წევრების გარდა, მან უამრავი წარჩინებული იუდეველიც მოაკვდინა.
ამის შემდეგ აირჩიეს ახალი სინედრიონი, რომელიც შეიქმნა ჰეროდეს "ხელდასხმით". ჰეროდეს სინედრიონს პირდაპირი კავშირი აღარ ჰქონდა ძველ სინედრიონთან, ანუ ძველი სინედრიონის სული ჭეშმარიტების განსჯისა დაიკარგა ახალში, რადგან იქ ბევრმა ისეთმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად აღასრულებდნენ სჯულს, სინამდვილეში შინაგანად შორს იყვნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან. მათ შორის მხოლოდ რამდენიმეს შემორჩენოდა ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული და თაყვანისცემა. ერთ-ერთი იყო გამალიელი, პავლე მოციქულის გამზრდელი, რომელმაც შემდგომში რამდენიმეჯერ დაიცვა მოციქულები, თავადაც ქრისტეს აღმსარებელი და მქადაგებელი გახდა. მისი მსგავსი 70-კაციანი სინედიონიდან ორი-სამი თუ იქნებოდა.
ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ჰეროდეს მიერ ძველი სინედრიონის - ჭეშმარიტი სჯულის მოძღვრების განადგურებამ გამოიწვია ისრაელის ერის ძირითადი ნაწილის გამიწიერება. ერის უმეტესობა უკვე გამიწიერებული იყო. უფალმა სწორედ იმის გამო დაუშვა ძველი სინედრიონის განადგურება, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი იყო, რომ ეს სინედრიონი უკვე აღარ იყო ერის სახე. ისრაელის სახეს სწორედ "ჰეროდეს სინედრიონი" წარმოადგენდა. პროცენტულად რომ შევადაროთ, ახალ სინედრიონშიც იმ რაოდენობის ადამიანებს შორის იყო შემორჩენილი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემა, რა რაოდენობითაც მთელ ისრაელის ერში.
იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში გასვლა
- ჰეროდეს რისხვას გადაურჩა იოანე ნათლისმცემელიც. ღვთის ნებით, ყრმა იოანე მართალმა ელისაბედმა უდაბნოში გაიყვანა. მართალი ზაქარია - მამა უფლის წინამორბედისა კი ჰეროდეს მხედრებმა იერუსალიმის ტაძარში მოკლეს, რადგან მან არ გაამხილა ყრმა იოანეს ადგილსამყოფელი...როგორც გარდამოცემა გვაუწყებს, როდესაც იოანე ხუთი წლის გახდა, მართალი ელისაბედიც მიიცვალა, იოანე კვლავ უდაბნოში დარჩა და მარტოდმარტო იზრდებოდა. სახარება გადმოგვცემს, რომ მკალისა და ველური თაფლის გარდა არაფერს იხმევდა.
- იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარებაში წერია: "ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე მისა ისრაელისა მიმართ" (ლუკა 1,80). რატომ უნდა ყოფილიყო იოანე ამ დრომდე უდაბნოში? საერთოდ, რატომ გახდა საჭირო მისი უდაბნოში გასვლა?
- უდაბნო, სადაც მართალმა ელისაბედმა ყრმა იოანესთან ერთად შეაფარა თავი, იქვე იერუსალიმის მახლობლად მდებარეობდა. იქ იოანეზე ხელი არ მიუწვდებოდა ჰეროდეს. უდაბნოში დედა-შვილი სრულად უფალზე იყო მინდობილი. ცხადია, უფალს ყველგან შეუძლია დაიცვას ადამიანი, მაგრამ როდესაც ადამიანი თვითონ განარიდებს თავის თავს წუთისოფელს, მას მეტად იცავს, რადგან მხოლოდ მისი იმედი აქვს.
იოანემ უდაბნოში 30 წლამდე დაჰყო, ვიდრე იქიდან გამოვიდოდა და დაიწყებდა ქადაგებას, ანუ ადამიანთა გულების გამზადებას მაცხოვრის მისაღებად. მთელი ამ ხნის მანძილზე თავისი ასკეტური ღვაწლით განიწმინდა კაცობრივად. მართალია, იოანე, რომელსაც თავად უფალმა უწოდა უდიდესი ადამიანთა შორის, იყო ყველა ადამიანზე ზეაღმატებული (თუ არ ჩავთვლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს) - თავისი ღვთისმოსაობით და ცხოვრების წესით, მაგრამ ის იყო მაინც ადამიანი და საჭიროებდა განწმენდას და განმტკიცებას იმ მისიისთვის, რაც უნდა აღესრულებინა - გზა განემზადებინა მაცხოვრისთვის. ამგვარ სულიერ მდგომარეობას, სრულყოფილებას სწორედ უდაბნოში ყოფნით მიაღწია.
წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გამგზავრება
- რა არის ცნობილი წმინდა ოჯახის ეგვიპტეში მოგზაურობის შესახებ?- როდესაც ჰეროდემ ყველა ორ წლამდე ასაკის ყრმის ამოხოცვა გადაწყვიტა, მართალ იოსებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: "აღდეგ და წაიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ივლტოდე ეგვიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძებნად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე". როდესაც იოსები მარიამის მიდგომილობის შეტყობისას შეეჭვდა წმინდა ქალწულში, მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, - ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმინდისგანაა და ნუ გეშინის მიყვანება ცოლისა შენისაო. მაცხოვრის შობის შემდეგ კი ეუბნება - წაიყვანე ყრმა ეგე და დედაი მისი - ე.ი. გარეგნულად რომ იოსების ცოლად ითვლებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უკვე ამაზეც აღარ ამახვილებს ყურადღებას ანგელოზი. რა თქმა უნდა, მართალი იოსები ყოვლადწმინდა ქალწულს პირდაპირი მნიშვნელობით არასოდეს თვლიდა თავის ცოლად, მაგრამ ეს მინიშნება, ანგელოზის ამგვარი უწყება საჭიროა ჩვენთვის, კაცთათვის ჭეშმარიტების შესამეცნებლად და უპირველესად იმ მწვალებელთა, სექტანტთა სამხილებლად, რომლებიც წმინდა ქალწულს პირდაპირი მნიშვნელობითაც თვლიან იოსების ცოლად. მათი მწვალებლური სწავლებით, სახარებაში მოხსენიებული შვილები თითქოსდა მართალ იოსებს მარიამისგან ჰყავდა. თავიანთი სწავლების მტკიცებულებად კი მოჰყავთ სახარებისეული სიტყვები: "და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოი, და უწოდა სახელი მისი იესუ..." (ამ ცრუ სწავლების შესახებ უკვე ვისაუბრეთ).
მართალმა იოსებმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, ყრმა მაცხოვართან ერთად, იმავე ღამით დატოვეს ნაზარეთი და ეგვიპტისკენ გაემართნენ. მათ თან გაჰყვა იოსების უმცროსი ვაჟი - იაკობი. მართალი იოსების დანარჩენი შვილები უკვე ზრდასრულები იყვნენ და თავიანთი ოჯახები ჰყავდათ.
წმინდა ოჯახის ეგვიპტეში მოგზაურობის შესახებ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს. იმის შესახებ, თუ ეგვიპტისკენ მიმავალ რომელ გზას დაადგნენ, ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთ-ერთი გარდამოცემა გვაუწყებს, რომ ყრმა იესომ გზად მრავალი სასწაული მოახდინა. ერთ ადგილას ავაზაკებს გადაეყარნენ, რომლებმაც მათი გაძარცვა და მოკვლა მოინდომეს. მეთაურმა მახვილი იშიშვლა, მაგრამ როდესაც მოხუცი იოსები იხილა, შემდეგ კი თვალი შეავლო ახალგაზრდა დედას, რომელიც მთელი ძალით იკრავდა ყრმას გულში, გული მოულბა, განზრახვაზე ხელი აიღო, მახვილი დაუშვა და წარმოთქვა: "ღმერთს რომ ადამიანური ხორცი შეესხა, იგი ამ ყრმაზე მშვენიერი ვერ იქნებოდა". ავაზაკს ღვთისმშობელმა წინასწარმეტყველურად მიმართა: "ეს ყრმა შენ სამაგიეროს მოგიზღავს". სწორედ ეს კეთილგონიერი ავაზაკი იყო ის, რომელიც შემდგომ მცხოვრის გვერდით აცვეს ჯვარს და რომლის მიმართაც წარმოთქვა ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა: "დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა".
გზად გვხვდება წმინდა გერასიმეს მონასტერი. გადმოცემის თანახმად, წმინდა მგზავრები ამ ადგილას შეჩერებულან დასასვენებლად. იქვე ვნახავთ გამოქვაბულს, სადაც ღვთისმშობელს ყრმა იესოსთვის ძუძუ უწოვებია და რამდენიმე წვეთი რძე ძირს დაღვრილა. ამ გამოქვაბულში დღემდე მიდიან უშვილო წყვილები, იმ ადგილიდან მიწას ფხეკენ, შინ მიაქვთ, რწმენითა და ლოცვით იხმევენ წყალში გახსნილს და შვილიერების მადლი ენიჭებათ. გამოქვაბულში ათასობით იმ ბავშვის სურათია დაცული, რომლებიც გამოქვაბულის მიწის ნაფხეკის ხმევის შემდგომ მიენიჭათ უშვილო წყვილებს.
ეგვიპტეში წმინდა ოჯახის ყოფნის შესახებ უმეტესწილად არაბთა შორის შემორჩნილი გადმოცემებითაა ცნობილი. ეგვიპტეში შესვლამდე მათ ერთ დასახლებაში შეუსვენებიათ, რომელიც მატარიედ იყო ცნობილი (მატარიე კაიროს მარჯვნივაა). როგორც მკვლევართა წყაროები მოწმობს, ვიდრე იქ მივიდოდნენ, უკვე ასი მილი ჰქონდათ გავლილი. მართალი იოსები და იაკობი თავშესაფრის მოსაძებნად წავიდნენ, წმინდა ქალწული კი ყრმა მაცხოვართნ ერთად უზარმაზარი ხის ძირას დატოვეს. ხემ კენწერო მიწამდე მოდრიკა, ამგვარად სცა თაყვანი უფალს და მის ყოვლადწმინდა დედას. ამის შემდეგ ხე, რომელმაც სამყაროს შემოქმედი შეიცნო, თავმოდრეკილი დარჩა და მისმა ფოთლებმა მაკურნებელი ძალა შეიძინა. ხე დღემდე დგას ბაღში, რომელიც ერთ-ერთი ინგლისელის საკუთრებაა. მას ექვსი ტოტი გამხმარი აქვს, ოთხი კი კვლავ ცოცხლობს.
ასევე არსებობს გადმოცემა, რომ გზად, სადაც ყრმა მაცხოვარი მიდიოდა, კერპები იმსხვრეოდა.
ერთ-ერთ წმინდა ადგილას გვხვდება სახლის ნანგრევები, სადაც წმინდა ოჯახი ერთხანს ცხოვრობდა. მისი სავალი თებაიდის ანუ ზემო ეგვიპტის საზღვრებში, ჰერმოპოლისამდე მიდიოდა. ეგვიპტელთა შორის შემორჩენილი გადმოცემის თანახმად, ამ ქალაქში იდგა ძალზე მაღალი ხე, რომელსაც პერცისი ეწოდებოდა. როდესაც წმინდა მგზავრები ხეს მიუახლოვდნენ, მან თავი მიწამდე მოდრიკა - შეიცნო მხსნელი კაცობრიობისა და მის წინაშე კადნიერად დგომა არ ისურვა. ამის შემდეგ ხემ სასწაულებრივი კურნების ძალა შეიძინა. მისი ფოთლების ან ფესვის ნაწილის მტკივან ადგილზე დადებით სხვადასხვა სნეულება იკურნება.
გადმოცემის თანხმად, წმინდა ოჯახი კაიროს მახლობლად დასახლდა. მათი საცხოვრებელი შემდგომ უძველეს დროშივე ეკლესიად გადააკეთეს. წმინდა ოჯახმა ეგვიპტეში დაახლოებით ოთხი წელი დაჰყო, ვიდრე ჰეროდე არ აღესრულა, ისინი ამ ხნის მანძილზე მოგვთა მიერ მირთმეული ოქროთი საზრდოობდნენ...
ეგვიპტეში ყოფნის პერიოდშიც, სადაც კი მაცხოვარი გამოჩნდებოდა, სასწაულები ხდებოდა - ფაქტობრივად, ეს უკვე იყო ახალი ქადაგება. ცხადია, ეგვიპტელებმა არ იცოდნენ, რის გამო ხდებოდა ეს. თავისთავად მოქმედებდა ის მადლი და ძალა, რაც მაცხოვარს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან ჰქონდა.
რატომ სწორედ ეგვიპტე?
- ვიცით, რომ უფალმა ეგვიპტეში გაამრავლა და გამოზარდა ისრაელის ერი. განკაცებისა და ხორციელად მოსვლის შემდგომ, ჰეროდეს რომ გარიდებოდა, თავადაც ეგვიპტეს მიაშურა, ეგვიპტეში პოვა თავშესაფარი. რატომ სწორედ ეგვიპტე?- ეგვიპტე იმ პერიოდშიც და საერთოდ ყოველთვის იყო ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ისრაელის ერი სწორედ იმიტომ გამოზარდა უფალმა ეგვიპტეში, რომ იქ ამის შესაძლებლობა იყო. როდესაც მთელ მსოფლიოში შიმშილობა ჩამოვარდა, პური მხოლოდ ეგვიპტეს ჰქონდა. ეს იოსების დამსახურება იყო, რადგან სწორედ მან შემოინახა პური, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტე უდაბნოების ქვეყანაა, ყოველთვის გამოირჩეოდა სიმდიდრით. ეს არის ნილოსის დამსახურება.
მაცხოვარი ეგვიპტეში იმის გამო გავიდა, რომ ეგვიპტე მიმღები იყო ქრისტესი, უფლისა, თორემ წმინდა ოჯახს შიმშილი არ დაემუქრებოდა. ვიცით, რომ მათ მოგვებმა დიდძალი ოქრო მოუტანეს. ეგვიპტეში ყოფნისას სწორედ ამ ოქროთი ირჩენდნენ თავს. თანაც ეგვიპტე გაცილებით ჰუმანური ქვეყანა იყო, ვიდრე, ვთქვათ, სპარსეთი. თავად ისრაელის ტერიტორიაზე ვერსად შეაფარებდნენ თავს, სადაც ადვილად ვრცელდებოდა ინფორმაცია და ჰეროდეს იოლად შეეძლო მოეძებნა მაცხოვარი.
რაც მთავარია, როგორც ვთქვით, ეგვიპტე ყველაზე მეტად იყო მიმღები უფლისა. ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც ეგვიპტელები მოექცნენ ქრისტიანობაზე, ის გახდა აკვანი ბერ-მონაზვნობისა. იქ ათიათასობით ბერ-მონაზონი მოღვაწეობდა ამ პერიოდშიც კი. ეგვიპტე ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი ასკეტიზმითა და ღვთის სიყვარულით. დღესაც კი ალექსანდრიის ეკლესიაში მასობრივად იზრდება მართლმადიდებლობაზე მოქცეულთა რიცხვი ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე. მათ უკვე ასობით ზანგი მართლმადიდებელი სასულიერო პირი ჰყავთ. ჯერ კიდევ 5-7 წლის წინანდელი მონაცემებით, აფრიკაში 75 ეპარქია იყო. დღეისათვის ეს რიცხვი გაცილებით გაზრდილია. თუ არ ჩავთვლით საქართველოს ეკლესიას, მრევლის ასეთი ზრდა არც ერთ სხვა ადგილობრივ ეკლესიაში არ შეინიშნება.