- ხარების შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწული ნაზარეთიდან იუდეაში გაემგზავრა, სადაც ცხოვრობდნენ მართალი ზაქარია და წმინდა ქალწულის დეიდა ელისაბედი. როდესაც მარიამი მათ სახლს მიუახლოვდა, ელისაბედი მის შესახვედრად გამოვიდა. მან არ უწყოდა, რომ ყოვლადწმინდა მარიამი ფეხმძიმედ იყო, მაგრამ სულიწმინდის მადლით განეცხადა, რომ მის წინაშე იდგა ის, ვისგანაც კაცობრიობის მხსნელი უნდა შობილიყო. ამის შესახებ თავისი ქცევით მართალ ელისაბედს მუცლადმყოფმა იოანემაც აუწყა - მუცელში ყრმა შეთამაშდა, რადგან იგრძნო მხსნელის მოახლოება. მართალმა ელისაბედმა განადიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წმინდა ქალწულის მიმართ წარმოთქმული სიტყვებით: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა" წინასწარმეტყველურად გვაუწყა, რომ მისგან შობილისგან იქნებოდა კაცობრიობის გამოხსნა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმაც სწორედ მაშინ წარმოთქვა ცნობილი სადიდებელი გალობა: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან და წმიდა არს სახელი მისი და წყალობაი მისი ნათესავითი ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წარმოთქვამს, სიხარულით არის აღსავსე ჩემი სულიო. ეს იყო საღვთო სიხარული, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ მასაც და მთელ კაცობრიობას მხსნელი გამოუჩნდა, კაცობრიობა გადარჩებოდა. სწორედ ეს იყო წმინდა ქალწულის სიხარულის საფუძველი და არა პატივმოყვარეობა, რომ ის იქნებოდა დედა კაცობრიობის მხსნელისა. უფალმა დაგვიფაროს ამის გაფიქრებისგანაც კი.
- რატომ მიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხარების შემდეგ მართალ ელისაბედთან?
- როდესაც წმინდა ქალწულს ხარებისას მთავარანგელოზისგან მართალი ელისაბედის ფემძიმობის შესახებ ეუწყა, განიზრახა, მოენახულებინა და მისი სიხარული გაეზიარებინა. ამასთან, წმინდა ქალწულის მართალ ელისაბედთან სტუმრობა საჭირო იყო იმისთვისაც, რომ იოსებისთვის ნელ-ნელა განცხადებულიყო ის საიდუმლოება, რაც წმინდა ქალწულზე აღესრულა. ღვთისმშობელს მართალი იოსებისთვის არ უთქვამს ხარების შესახებ. მართალ ელისაბედთან სტუმრობისას წმინდა ქალწულთან ერთად იქნებდა იოსებიც. მან მოსვლისთანავე სასწაული იხილა - ელისაბედმა შეხვედრისთანავე განადიდა ყოვლადწმინდა ქალწული. შემდგომში ამას მოჰყვა მართალი ზაქარიას ამეტყველება და წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემლის შობის დროს. უფალი იოსებს ნაბიჯ-ნაბიჯ ამზადებდა იმისთვის, რომ შემდგომში მიეღო სიზმრისეული ჩვენება - როდესაც მას ანგელოზისგან ეუწყა, რომ ყოვლადწმინდა მარიამისგან იშვებოდა კაცობრიობის მხსნელი.
როგორც სახარება გვაუწყებს, ყოვლადწმინდა ქალწული მართალ ელისაბედთან სამი თვე დარჩა.
- რატომ არ გაუმხილა წმინდა ქალწულმა მართალ იოსებს მთავარანგელოზის ხარების შესახებ?
- რადგან წმინდა ქალწულმა უწყოდა, რომ თუკი საჭირო და აუცილებელი იქნებოდა ამის შესახებ იოსებსაც სცოდნოდა, მას თავად უფალი განუცხადებდა. ამასთან, წმინდა ქალწულის ამგვარი ქმედება მიანიშნებდა მის უმაღლეს თავმდაბლობაზე. ცხადია, ის ვერ ეტყოდა იოსებს - მე ანგელოზი გამომეცხადა და მაუწყა, რომ ჩემგან უნდა იშვას კაცობრიობის მხსნელიო. ასეთი რამ არამც და არამც არ შეიძლებოდა ეთქვა იმ ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად თავმდაბალია და ყველა ადამიანზე მეტად აღასრულებს ღვთის მცნებებს.
იოანე ნათლისმცემლის შობა და მართალი ზაქარიას წინასწარმეტყველება
მართალ ელისაბედს დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ძე, რომელსაც, ღვთის ნებისამებრ, მართალი ზაქარიას მითითებით - იოანე უწოდეს. ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით სასჯელისგან იხსნა მამამისი ზაქარია - მან კვლავ ამოიდგა ენა. ამეტყველების შემდეგ სიხარულით აღვსილი ზაქარია ადიდებდა უფალს. მართალი ზაქარია ერთი მხრივ იხარებდა და ადიდებდა უფალს იმის გამო, რომ ის, რაც ანგელოზმა აუწყა და ცხრა თვის განმავლობაში ელოდა, აღსრულდა. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მას ძე, შვილი მიეცა და ღვთის სასჯელისგან იქნა ხსნილი. როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა. მართალი ზაქარია სულიწმინდის მადლით აღივსო და წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე: "და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძღვე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა". როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში იყო წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ. ასევე იყო წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ მაცხოვრის შობამდე უნდა მოსულიყო კაცი, რომელიც გზას განუმზადებდა უფალს, მაგრამ მის სიტყვას მრავალნი არ მიიღებდნენ. ეს იქნებოდა "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". უდაბნოში მღაღადებელი რას ნიშნავს? - იოანე კი იქადაგებდა, მაგრამ მისი ქადაგების მიმღებნი არ იქნებოდნენ, ისევე, როგორც უდაბნოში ქადაგების დროს, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ. იოანემ თავისი მისია აღასრულა. ისეც არ ყოფილა, რომ მისი სიტყვა არავის მოესმინა. სწორედ იოანეს მოწაფეები გახდნენ ურჩეულესნი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი, ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ, იოანეს დაემოწაფნენ, შეიტყვეს რა იოანესგან, რომ იესო იყო მაცხოვარი, ამის შემდეგ ისინი უკვე იესოს გაჰყვნენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ თავიანთი მოძღვარი მიატოვეს. რის გამოც ისინი იოანესთან იყვნენ, უკვე გამოჩნდა და მათი დარჩენა იოანესთან ამის შემდეგ იოანეს სწავლების საწინააღმდეგო იქნებოდა. - ჰქონდა თუ არა რაიმე საღვთო მნიშვნელობა იმას, რომ უფლის წინამორბედი შობილიყო ღვთისმშობლის, შესაბამისად, მაცხოვრის ხორციელი ნათესავისგან?
- ამას არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მართალი ზაქარია და ელისაბედი არა მხოლოდ ხორციელად, სულიერადაც იყვნენ ნათესავები. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ უფალთან სულიერად ცხოვრების წესით, ამიტომაც გამოარჩია უფალმა ისინი. ერთი - იმისთვის, რომ თავად განკაცებული უფალი შობილიყო, მეორე - იმისთვის, რომ მისგან შობილიყო წინამორბედი უფლისა - იოანე ნათლისმცემელი, თორემ ჩვენ ვიცით, რომ ზაქარიას და ელისაბედს უამრავი ნათესავი ჰყავდათ, რომლებიც შემდგომ მაცხოვრის დასჯაში მონაწილეობდნენ. მართალი ზაქარიაც და ელისაბედიც იყვნენ ლევის ტომიდან. ამ ტომის წარმომადგენლები იყვნენ ძველი აღთქმის მღვდელმთავრები. ის მღვდელმთავრები, სამღვდელო პირები, რომლებაც შემდგომში მაცხოვარი დასაჯეს, ყველანი იყვნენ ლევიტელები, ლევის ტომიდან.
- რატომ უნდა დასწრებოდნენ ყოვლადწმინდა ქალწული და მართალი იოსები იოანე ნათლისმცემლის შობას?
- ერთი მხრივ, ეს მოხდა მართალი ელისაბედისა და ზაქარიას განსამტკიცებლად, ასევე ყოვლადწმინდა ქალწულის სულიერად კიდევ უფრო გასაძლიერებლად და მართალი იოსების განსამტკიცებლად. ეს უდიდესი მადლი იყო თავად ყრმა იოანესთვისაც - მის შობას დაესწრო თავად მუცლადმყოფი მხსნელი. თანაც, ეს იყო ფაქტობრივად ერთი ოჯახი, მართალი ელისაბედი და ყოვლადწმინდა ქალწული უახლოესი ნათესავები იყვნენ. მათ გარდა, ვიცით, რომ იოანეს შობის დროს ზაქარიასთან და ელისაბედთან მათმა ყველა ნათესავმა მოიყარა თავი, რადგან იცოდნენ, რომ ყრმის მამა ცხრა თვის მანძილზე ვერ ლაპარაკობდა და ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ სწორედ ყრმის შობის შემდეგ უნდა ამოეღო ხმა - ყველა ელოდა ამ სასწაულის ხილვას.
მართალი იოსების ხილვა
- იოსები მაინც ეჭვობს წმინდა ქალწულზე, როდესაც მისი ფეხმძიმობის ამბავს იგებს...- იოსები მართლაც შეძრწუნდა, როდესაც მიხვდა, რომ ყოვლადწმინდა ქალწული ფეხმძიმედ იყო. მან ამის შესახებ შეიტყო იერუსალიმში, მართალ ზაქარიასთან და ელისაბედთან საუბრისას. მან საკუთარი თვალით ნახა უდიდესი სასწაული - იოანეს შობა და ზაქარიას წინასწარმეტყველება. ამ დროს შეეჭვებულია მარიამის ფეხმძიმობის გამო. მან იცოდა, რომ წმინდა ქალწული არ იყო ისეთი ადამიანი, რომ მასში ეჭვი შეჰპარვოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის ფეხმძიმედ იყო. თუკი ბრალს სამსჯავროს წინაშე დასდებდა, ძველი სჯულის თანახმად, მარიამი ქვით უნდა ჩაექოლათ. იოსები იყო მართალი და არ უნდოდა, რომ მის სახლში ეცხოვრა ღვთის მცნების დამრღვევ ადამიანს. მაგრამ ამავე დროს იყო ძალიან კეთილი და მარიამი ჩასაქოლად და სასჯელად არ ემეტებოდა. ამიტომ განიზრახა ფარულად განტევება მისი - გადაწყვიტა, გავუშვებ, ხალხმა კი იფიქროს, თითქოს ჩემს შვილს ატარებსო. სწორედ ამგვარ მდგომაროებაში მყოფ იოსებს სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და აუწყა: "ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს, შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან". ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი პირითა წინასწარმეტყუელისაითა თქმული: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგანებით: ჩუენ თანა ღმერთი" - მთავარანგელოზმა იოსებს აუწყა, რომ ეს სულიწმინდის მიერ იყო და ვინც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან იშვებოდა, მისგან იქნებოდა კაცობრიობის გამოხსნა. ეს გამოცხადება უკვე იყო გვირგვინი იოსების ეჭვების საბოლოოდ გასაფანტად, რაც მას მარიამის მიდგომილობის შეტყობისას აღეძრა და მასში ტრიალებდა.
ეს გამოცხადება უკვე ყოველგვარ ეჭვს განუქარვებს, გულდამშვიდებულს მიჰყავს ყოვლადწმინდა ქალწული თავის სახლში და ელოდება, რომ მის ოჯახში უნდა დაიბადოს კაცობრიობის მხსნელი. მართალი იოსები საღვთო შიშითა და კრძალვით ემსახურებოდა წმინდა ქალწულს.
მართალი იოსების სიზმრისეული ჩვენების ამბის მოთხრობის შემდეგ სახარებაში მართალი იოსებისა და მარადის ქალწული მარიამის მიმართ წერია ასეთი სიტყვები: "და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოი, და უწოდა სახელი მისი იესუ". წმინდა წერილში სიტყვა "ვიდრემდე" არ ნიშნავს - აქამდე, რაღაც დრომდე, რაღაც პერიოდამდე, როგორც ამას ზოგიერთი სექტის წარმომადგენლები თვლიან და სახარების ეს ადგილი, სიტყვები ერთ-ერთი მწვალებლური სწავლების საფუძვლად აქციეს - თითქოს წმინდა მარიამს სხვა შვილებიც ჰყავდა, თავიანთი მწვალებლური სწავლების დასამტკიცებლად კი ასახელებენ მართალი იოსების შვილებს, რომლებიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა და მაცხოვრის ხორციელ ძმებად იწოდებიან.
"ვიდრემდე" - ამ სიტყვის ბიბლიური, წმინდაწერილისეული მნიშვნელობა არის - სამარადისოდ, მარადიულად. მაგალითად, უფალი თავის მოციქულებს ეუბნება: "და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა..." სოფლის აღსასრულის შემდეგ მათთან აღარ იქნება უფალი? უფალი განუყრელად მყოფობს მოციქულებთან, მეტიც, უფრო მეტად მყოფობს სოფლის აღსასრულის შემდეგ. ამდენად, "ვიდრემდე" არამც და არამც არ ნიშნავს - რაღაც დრომდე, პერიოდამდე. შესაბამისად, სახარებისეული სიტყვები: "არ უცნია იგი, ვიდრე უშვა ძე იგი მისი პირმშოი და უწოდა სახელი მისი იესო", ნიშნავს, რომ მართალმა იოსებმა სამარადისოდ არ იცოდა მარიამი, არც მაცხოვრის შობამდე და არც მაცხოვრის შობის შემდეგ.
ადამიანური ლოგიკით მივუდგეთ. მართალი იოსები, ჯერ ერთი, თვითონ იყო მართალი კაცი, ყველაზე რჩეული თავისი ღვთისმოშიშებით, ღვთისმოსაობითა და ღვთის მადიდებლობით არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. ისეთი პიროვნება, რომელმაც არ იცოდა წმინდა ქალწული მაცხოვრის შობამდე. მას უნდოდა განტევება მარიამისა, როდესაც ნახა, რომ ფეხმძიმედ იყო, მაგრამ ეუწყა რა მთავარანგელოზისგან, რომ ეს სულიწმინდისგან იყო, ამის შემდეგ წაიყვანა თავის სახლში და შიშითა და კრძალვით ემსახურებოდა მას. იშვა მაცხოვარი და მის თვალწინ კიდევ უფრო მეტი სასწაული მოხდა - ანგელოზთა ზეციური გალობა, მწყემსების თაყვანისცემა, მოგვების მოსვლა. თავად იოსების მიმართ ანგელოზის გამოცხადება, რომლისგანაც ეუწყა - წაეყვანა ყრმა იგი და დედაი მისი და გარიდებოდა ისრაელიანთა - ახალშობილი მაცხოვარი ჰეროდეს რისხვისთვის გაერიდებინა. თუკი იესოს შობამდე არ უცნია მას წმინდა ქალწული, მის გარშემო აღსრულებული უდიდესი სასწაულების შემდეგ იკადრებდა ამას? - ჩვეულებრივი ადამიანური აზროვნებითაც კი განქარვდება სექტანტების მწვალებლური ნააზრევი, მით უმეტეს, თუ ამ საკითხს საღვთისმეტყველო კუთხით მივუდგებით.