წერილი, რომელიც გვახარებს, რომ გაიხსნა გზა ცათა სასუფევლისა
სახარება წმინდა მოციქულთა მიერ დაწერილ წიგნთა კრებულია. მას ბერძნულად "ევანგელე" ეწოდება. ქართულად ოთხთავადაც მოვიხსენიებთ.
სიტყვა სახარება - ხარებას, სასიხარულო ამბის უწყებას ნიშნავს, სიხარულს უკავშირდება, რაც მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებისა და მის მიერ კაცობრიობის გამოხსნის მაუწყებელია.გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- სახარებად ახალი აღთქმის წიგნთა კრებულს, მთლიანად ახალი აღთქმის წიგნებსაც იხსენიებენ, მაგრამ კონკრეტულად სახარება ეწოდება ოთხი მახარებლის - მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს მიერ დაწერილ წიგნებს, მათ მიერ აღწერილ, გადმოცემულ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას. სიტყვა "სახარება" სიხარულს უკავშირდება - რაც ეხარათ და უნდა ეხაროთ ადამიანებს. და რა უნდა ეხაროთ მათ? - ის, რომ მაცხოვრის, განკაცებული უფლის მკვდრეთით აღდგომით კაცობრიობა გამოხსნილია! უფლის საფლავზე მისულმა მენელსაცხებლე დედებმა საფლავიდან გარდაგორებულ ლოდზე იხილეს უფლის ანგელოზი, რომლისგანაც ესმათ: გიხაროდენ! ვისაც თქვენ ეძებთ მკვდრეთით აღდგა. მწუხარებაში მყოფ მაცხოვრის მოწაფეებს ანგელოზისგან ეხარათ, რომ ქრისტე აღდგა. მოციქულების პირველი ქადაგებაც ქრისტეს აღდგომის ხარებით დაიწყო. ისინი ადამიანებს ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, იმას, რომ მოხდა კაცობრიობის გამოხსნა. ვინც აღიარებს განკაცებულ მაცხოვარს და აღასრულებს იმას, რაც მაცხოვარმა ბრძანა, ისინიც გამოხსნილნი იქნებიან. სახარება ის წერილია, რომელიც გვახარებს, რომ ადამიანებისთვის გაიხსნა გზა ცათა სასუფევლისა, რომელიც დაკეტილი იყო ადამის ცოდვის გამო. ეს წიგნი, იმის მიუხედავად, რომ გვამცნობს, როგორ შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს მაცხოვარი, უდიდესი სიხარულის მაუწყებელია.
- ამიტომაც ევალება ადამიანს სახარების განუწყვეტელი კითხვა და ცხოვრების გზაზე ყველაფრის სახარებისეულად გადაწყვეტა...
- ბიბლია, რომელიც, თავისთავად, სახარებასაც მოიცავს, წიგნთა წიგნია. იგი გვაუწყებს, როგორ ვიცხოვნოთ სული, როგორ დავუბრუნდეთ ზეციურ სამკვიდროს, რისთვისაც უფალმა შექმნა ადამიანი. ამას განსაკუთრებით სახარება გვასწავლის, სადაც მოთხრობილია მაცხოვრის გამომხსნელი მოღვაწეობის შესახებ. უფალმა ადამიანი მარადიული ნეტარებისთვის, სასუფევლისთვის შექმნა, მაგრამ დაეცა რა ცოდვით ადამი და მასში - მთელი კაცობრიობა, ადამიანმა დაკარგა სამოთხე, სასუფეველში მოხვედრის შესაძლებლობა. უფალმა გამოიხსნა კაცობრიობა თავისი სისხლით და ადამიანებს სასუფეველში დასაბრუნებელი გზა მისცა. სახარება კი გვაუწყებს, როგორ აღვასრულოთ ეს ყველაფერი. ამიტომაც არის აუცილებელი, ყოველივე სახარებისეულად გადავწყვიტოთ. ყველა ქრისტიანული სწავლება, ყველა მამის სწავლება სახარებისეულია - ამოდის სახარებიდან და ბრუნდება სახარებაში. სახარება სულის ხსნაა ადამიანისა.
- რა მსგავსება და განსხვავებაა მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებს შორის?
- მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები მსგავსია ერთმანეთისა. ფაქტობრივად, სამივე მათგანი ერთი სტილითაა მოთხრობილი, დაწერითაც დაახლოებით ერთსა და იმავე დროსაა დაწერილი. მაცხოვარმა ერთი მიწიერი ცხოვრება განვლო და მახარებლებიც სხვადასხვა ამბავს ვერ მოგვითხრობდნენ მისი ცხოვრებიდან. ამასთან, როდესაც მოციქულებმა მოღვაწეობა დაიწყეს, ისინი თავიანთ ნაქადაგებს ერთმანეთთან ამოწმებდნენ. როდესაც პავლე მოციქული მოექცა, იქადაგა და დაბრუნდა იერუსალიმში, მოციქულთა წინაშე წარდგა და მოუთხრო, რას ქადაგებდა. ყველა მოციქული ამგვარად იქცეოდა.
ამ სამი მახარებლიდან ერთ-ერთი - მათე მაცხოვრის თორმეტ მოციქულთაგანი გახლდათ, მარკოზი და ლუკა კი სამოცდაათთაგანი. მათაც თავიანთი თვალით იხილეს განკაცებული უფლის მიწიერი ცხოვრება, მაგრამ თავიანთ ნაქადაგებს ამოწმებდნენ მათზე იერარქიულად მაღლა მდგომ თორმეტ მოციქულთან.
იოანეს სახარება ცალკე დგას, სხვა სამი სახარებისგან განსხვავდება. მასში ის ამბებიცაა მოთხრობილი, რომლებიც მათემ, მარკოზმა და ლუკამ მოგვითხრეს, მაგრამ იოანეს სახარებაში ისეთი ფაქტებიც მრავლად გვხვდება, მხოლოდ მას რომ აქვს აღწერილი. თანაც იოანეს სახარებაში განსაკუთრებით აქცენტირებულია მაცხოვრის ღვთაებრიობა. ამას თავისი მიზეზი აქვს: იოანეს სახარება ყველაზე გვიან დაიწერა, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებების დაწერიდან დაახლოებთ 50-70 წლის შემდეგ. მათი სახარებები ამ დროს ყველა ქრისტიანმა იცოდა. ამიტომ იოანე მახარებელმა იმაზე გააკეთა აქცენტი, რაც არც ერთ სახარებაში არ იყო აღნიშნული. იოანეს სახარება იწყება სიტყვებით: "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი". პირდაპირ გვაუწყებს, რომ სიტყვა ანუ განკაცებული მაცხოვარი - ღმერთია. როდესაც ქრისტიანობის პირველ წლებში მოციქულები თუ ქრისტეს სხვა მიმდევრები მაცხოვრის სწავლებას ქადაგებდნენ, სახალხო ქადაგებების დროს არ ამახვილებდნენ ყურადღებას მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებაზე, რათა ადამიანები არ დაბრკოლებულიყვნენ - სწავლება ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის ორბუნებიანობის შესახებ ცრუ სწავლებებში, მრავალღმერთიანობაში არ არეოდათ. შესაძლოა, ვერ გაერკვიათ და ყოვლადწმინდა სამება სამ ღმერთად აღექვათ. მაგრამ როდესაც იოანე მახარებელი სახარებას წერდა, იმ დროს უკვე მტკიცე იყო ქრისტიანული ეკლესია, მორწმუნეთა კრებული, შემეცნებული და გააზრებული ჰქონდათ ის სწავლებანი, მოციქულები რომ ქადაგებდნენ, თუმცა ჯერ წერილობით არ იყო გადმოცეული. თავად ქრისტიანებიც იმდენად იყვნენ ამაღლებულნი ღვთისმეტყველებაში, რომ შეეძლოთ მიეღოთ ამგვარი სახით ქრისტიანული სწავლება, ჭეშმარიტი სწავლება სიცრუით არ შეებილწათ.
- რომელ ენაზე დაიწერა თითოეული სახარება და ცნობილია თუ არა მათი დაწერის ზუსტი თარიღი?
- როგორც კვლევა გვიჩვენებს, პირველად მათეს სახარება დაიწერა - უფლის ზეცად ამაღლებიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ. ეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ ანუ არამეულ დიალექტზე, რომელზეც საუბრობდნენ იმ დროს პალესტინის ტერიტორიაზე. ამ ენაზე საუბრობდა მაცხოვარიც. შემდეგ ითარგმნა ბერძნულად. მათეს სახარება იერუსალიმში დაიწერა.
მათეს სახარების გარდა, ყველა მახარებლის სახარება და, საერთოდ, ახალი აღთქმის ყველა წიგნი ბერძნულად არის დაწერილი (მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლე თავიდან ებრაულ ენაზე დაიწერა, შემდეგ კი ითარგმნა ბერძნულად), რადგან იმ პერიოდში რომის იმპერიაში წამყვანი ენა ბერძნული იყო, თუმცა ოფიციალურ ენად ლათინური ითვლებოდა. ბერძნულს იყენებდნენ, თუ საქმე მოძღვრებას, ფილოსოფიას ეხებოდა. ლათინურს მხოლოდ ოფიციალური საჭიროებისას მიმართავდნენ.
მარკოზისა და ლუკას სახარებები მათეს სახარების დაწერიდან მალევე უნდა დაწერილიყო, სავარაუდოდ, მოგზაურობათა დროს. მათი დაწერის ზუსტი დრო და ადგილი ცნობილი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო სწავლება არ არსებობს. ეკლესიისთვის არსებითი მნიშვნელობა არც აქვს სახარებათა დაწერის ზუსტი დროისა და ადგილის ცოდნას.
არ ვიცით არც იოანეს სახარების დაწერის ზუსტი დრო და ადგილი. ვიცით, რომ იგი ყველაზე გვიან - სხვა სახარებების დაწერიდან 50-70 წლის შემდეგ დაიწერა.
- ვიცით, რომ შეიქმნა არაკანონიკური სახარების სახელით ცნობილი წიგნები. რატომ მიიჩნევენ კანონიკურად მხოლოდ მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებს?
- ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან ცნობილია მხოლოდ ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. შემდგომში გაჩნდა სხვა, სახარების სახელით ცნობილი სწავლებები, აბსოლუტურად ნაყალბევი. არც ერთ მათგანს არავითარი საერთო არ აქვს არც მოციქულებთან და არც ქრისტიანობასთან. პირველივე საუკუნეებიდან არსებობს ჩამოყალიბებული საეკლესიო სწავლება იმის შესახებ, თუ რომელი წიგნებია გამოსული მოციქულთა ხელიდან, რომელი წიგნებია სულიწმინდის მიერ აღბეჭდილი, მისი მადლით დაწერილი. იმავე ხანებიდან კანონიკურად მიჩნეული და მიღებული იყო ის წიგნები, რომლებიც დღესაც შედის ახალ აღთქმაში. ყველაზე ფრთხილად მაინც აპოკალიფსს ეპყრობოდნენ. ზოგიერთი მამა მას კანონიკურად თვლიდა, ზოგიც - არა. საბოლოოდ მე-6 საუკუნეში დამტკიცდა, რომ აპოკალიფსი კანონიკური წიგნია. ის მამები, რომლებიც მას კანონიკურად არ მიიჩნევდნენ, კი არ ცდებოდნენ, არამედ ეს იყო სიფრთხილის გამოვლინება - ეკლესია სულ ამოწმებდა, რომელიმე წიგნი ნაყალბევი ხომ არ იყო. თუმცა ეკლესიას ერთსულოვნად არასოდეს უღიარებია აპოკალიფსი არაკანონიკურად; არსებობდა მხოლოდ სხვადასხვა აზრი მამებისა. ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიაში არ გამართულა ისეთი საღვთისმეტყველო დავა, რომ განხეთქილება გამოეწვია. როდესაც საბოლოოდ დამოწმდა, რომ ეს წიგნი ნამდვილად მოციქულის ხელიდან იყო გამოსული, წმინდა ეკლესიამ ერთსულოვნად და საბოლოოდ აღიარა კანონიკურად.
- მცირედი მახარებლებზეც მოგვითხრეთ...
- ორი მათგანი - იოანე და მათე მაცხოვრის თორმეტ მოციქულთაგანი გახლავთ, მარკოზი და ლუკა კი სამოცდაათთაგანი.
იოანე მახარებელი, ღვთისმეტყველად წოდებული, იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც მაცხოვარს გაჰყვა. იოანე და ანდრია პირველწოდებული იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ. როდესაც მაცხოვარმა ნათელიღო და ნათლისმცემელმა წარმოთქვა: "აჰა ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიღოს ცოდვანი სოფლისანი", - ისინი ქრისტეს გაჰყვნენ თან. ნათლისღების შემდეგ მაცხოვარი უდაბნოში გავიდა, იოანე და ანდრია კი გალილეაში დაბრუნდნენ, რადგან გალილეველები იყვნენ. უდაბნოდან დაბრუნების შემდეგ მაცხოვარი მოუწოდებს იოანეს თავის ძმასთან იაკობთან ერთად თევზაობის დროს. ამის შემდეგ იოანე წუთითაც არ მოშორებია უფალს. ერთადერთი მოციქული, რომელიც მაცხოვარს ჯვარცმის დროს გვერდით ედგა, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად და მასთან ერთად ტიროდა, იოანე გახლდათ. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როდესაც იხილა თავისი ყოვლადწმინდა დედა და "მოწაფე იგი, რომელი უყვარდა", ღვთისმშობელს მიმართა: "დედაკაცო, აჰა ძე შენი!" შემდეგ კი იოანეს მიმართა: "აჰა, დედაი შენი!" ყოვლადწმინდა ქალწული იოანეს ჩააბარა. ამ დროიდან მოყოლებული იოანე მახარებელმა ღვთისმშობელს შვილობა გაუწია, წმინდა ქალწულის მიძინებამდე მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა მასზე და ერთგულად ემსახურებოდა. იოანე მართალი იოსების ქალიშვილის - სალომეს შვილი გახლდათ, ანუ იმ ოჯახის შვილი იყო, სადაც მაცხოვარი აღიზარდა. ადამიანური გაგებით, ხორციელი ნათესავიც იყო მაცხოვრისა და, ერთი მხრივ, ევალებოდა კიდეც ყოვლადწმინდა ქალწულზე ზრუნვა.
იოანე ყველაზე ახალგაზრდა იყო მაცხოვრის მოციქულებს შორის, მაცხოვარიც ყველაზე მეტად ზრუნავდა მასზე და განსაკუთრებით შეუყვარდა. რაც მთავარია, მასში იყო ის სული, რომელიც შემდეგ სულიწმინდის მადლით გაღვივდა და იოანე უდიდეს, პირველ ღვისმეტყველად იქცა.
პირველი აქცენტირებული ქადაგებები მაცხოვრის ღმრთეებრიობაზე, როგორც მოგახსენეთ, სწორედ იოანე ღვთისმეტყველს ჰქონდა. ღვთისმეტყველი ეწოდა აპოკალიფსის ავტორობის გამოც. იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქულსაც უწოდებენ. ის უფლის მოციქულებს შორის ყველაზე ბოლოს აღესრულა, თითქმის ერთი საუკუნე ქადაგებდა ქრისტეს სჯულს და ქრისტიანებისთვის მის სიტყვას უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. ბოლოს წლებმა იმდენად დააუძლურა, სიარული აღარ შეეძლო, უწინდებურად ქადაგებასაც ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: "შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას". ეს უმაღლესი ქადაგებაა. ადამიანის უმთავრესი მოვალეობა ხომ სიყვარულია. თუ ამის აღსრულება შეძელი, ფაქტობრივად, ყველა მცნება აღგისრულებია.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში ქადაგებდა, წარმართებს შორის. შემდეგ კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს. იქ მრავალი წელი დაყო. გადმოცემით, სწორედ ამ გადასახლების დროს დაწერა გამოცხადება ანუ აპოკალიფსი.
იოანე გახლდათ ერთადერთი მოციქული, რომელიც მოწამებრივად არ აღსრულებულა, თუმცა მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა უფლისთვის. იგი დაახლოებით 110 წლის ასაკში მიიცვალა.
იოანეს ცხოვრებიდან ცნობილია, რომ როდესაც მისი საფლავი გათხარეს, წმინდა მოციქულის ნეშტი იქ ვეღარ ნახეს. არსებობს სწავლება ანდრია სალოსისა, რომ იოანე მკვდრეთით აღდგა. შესაძლოა, ადამიანები ვერ ცნობენ, მაგრამ დღესაც ცოცხალია და უფლის მეორედ მოსვლამდე ჩვენს გვერდით იქნება.
მათე მახარებელი მოციქულად მოწოდებამდე მეზვერე, გადასახადების ამკრეფი გახლდათ. იმ დროში მეზვერეობა ყველაზე ცოდვილ პროფესიად ითვლებოდა. მეზვერეები ყველას სძაგდა, რადგან დამპყრობელ რომის იმპერიას ემსახურებოდნენ. თანაც ყველა მებაჟე სახელმწიფოს მიერ დაწესებულზე გაცილებით მეტ გადასახადს კრეფდა და ითვისებდა. მაცხოვარმა მათეს გადასახადების აკრეფის დროს მოუწოდა. მიუახლოვდა მას და მიმართა: შემომიდეგ მე! მათემ მაშინვე მიატოვა თავისი საქმე და უფალს გაჰყვა.
მათე მახარებელი მხოლოდ თვითონ იხსენიებს თავს მათედ, დანარჩენი მოციქულები მას ლევის - ლომს უწოდებენ. ეს სახელი მას უფალმა უწოდა. როდესაც მათე მოციქული თავს იმ სახელით მოიხსენიებს, რომელიც მეზვერეობის დროს ჰქონდა, ამით, ერთი მხრივ, თავს ამხელს, მეორე მხრივ კი გვიჩვენებს, საიდან შეუძლია უფალს ადამიანის გამოყვანა და გამოხსნა. წმინდა წერილი არ მალავს თვით წმინდა ადამიანების ნაკლოვანებებს, მათ მიერ ჩადენილ ცოდვებსაც კი. ამით უფალი მიგვანიშნებს, რომ ყველა ცოდვილია, შემდეგ კი გვაუწყებს, როგორ შეიძლება უფლის მოწოდებით, უფალზე მინდობით გამოსწორდეს ცოდვილი ადამიანი და ღვთის მადიდებელი გახდეს.
ლუკა მახარებელი უფლის სამოცდაათთაგანია. ის საკმაოდ განსწავლული ადამიანი გახლდათ. მანვე დაწერა საქმე მოციქულთაც. ლუკა პავლე მოციქულის თანაშეწე იყო, მასთან ერთად მოგზაურობდა და სწორედ ამ მოგზაურობისას დაწერა სახარება. ამ საქმეში მას პავლე მოციქული ხელმძღვანელობდა.
პავლეს ეპისტოლედან ჩანს, რომ ლუკას მკურნალის ხელოვნებაც შეუსწავლია - მოციქულთა თავი მას "საყვარელ მკურნალს" უწოდებს. იყო ხატმწერიც. სწორედ მან დაწერა პირველი ხატები. ლუკა მახარებელმა ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი დაწერა. ერთ-ერთი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გახლავთ.
ლუკა მახარებელი ღრმად მოხუცი იყო, როდესაც ეგვიპტეში გაემგზავრა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდა და იქვე აღესრულა.
მარკოზ მახარებელიც უფლის სამოცდათ მოციქულთაგანია. ის ეგვიპტეში ქადაგებდა. იყო ალექსანდრიის პირველი მღვდელმთავარი. მარკოზ მახარებელმა იმდენად მტკიცე საფუძველი ჩაუყარა იქ ქრისტიანობას, რომ ალექსანდრია ქრისტიანული სწავლების წამყვანი კერა გახდა. ბერმონაზვნობაც, რომელიც ალექსანდრიიდან მოდის, მარკოზ მხარებლის მიერაა ფუძეჩაყრილი. ვიდრე ბერმონაზვნობა ჩამოყალიბდებოდა იმ სისტემით, რომლითაც ანტონი დიდმა ჩამოაყალიბა, თვით პირველ საუკუნეებშიც ეგვიპტელი, ალექსანდრიელი ქრისტიანები ძალზე მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. ეს იყო სწორედ იმ ქადაგებისა და ღვაწლის გავლენით, რომელიც მარკოზ მახარებელმა იტვირთა და ჩაუყარა საფუძველი. მის სახელს უკავშირდება ალექსანდრიაში პირველი კატეხიზაციის სკოლების ჩამოყალიბება, რომლებიც შემდეგ უდიდეს სკოლებად იქცნენ და ამ სასწავლებლებიდან უდიდესი მამები გამოვიდნენ.
- სახარების წმინდა მამათა არაერთი განმარტება არსებობს. საინტერესოა, რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ სახარების კითხვისას წმინდა მამათა განმარტებებით?
- მართლაც წმინდა მამათა უამრავი განმარტება არსებობს სახარებისა, მაგრამ არც ერთი მათგანი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. შესაძლოა, ერთ აზრს, მუხლს ან იგავს მამები სხვადასხვა კუთხით განმარტავდნენ, მაგრამ ეს განმარტებები ერთმანეთს ავსებს. ღვთის სიბრძნე იმდენად ამოუწურავია, რომ ერთ წინადადებაში ათასობით აზრია ჩაქსოვილი. როდესაც მამები სახარების განმარტებას წერდნენ, სხვადასხვა მოძღვრების განმარტებებს აგროვებდნენ. ამიტომ ერთ მამასთან ერთი მუხლის რამდენიმე განმარტებას ვხვდებით ხოლმე. თუმცა სრული სისავსით სახარებისეული სიბრძნის აღქმა ადამიანის გონებას აღემატება.
როდესაც ვამბობთ: სახარება, წმინდა წერილი არ უნდა ვიკითხოთ წმინდა მამათა განმარტებების გარეშეო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სახარების კითხვის დროს წმინდა მამათა განმარტებები გვეწყოს გვერდით და ყოველი მუხლის მერე ვიკითხოთ, არამედ ამით ეკლესია მიგვანიშნებს, რომ ჩვენი გონებით არ დავიწყოთ სახარების განმარტება. როდესაც ადამიანი რამეს ვერ გაიგებს წმინდა წერილიდან, უნდა მიმართოს ეკლესიას, რომელიც ცნობისწადილს დაუკმაყოფილებს - მოძღვარი მიუთითებს, რომელ წმინდა მამასთან მოიძიოს ამა თუ იმ ადგილის განმარტება. შესაძლოა, მოძღვარმა თვითონ განუმარტოს. დღეს ხშირად თავად წმინდა მამათა აზრების განმარტებებსაც ვსაჭიროებთ, რადგან თანამედროვე ადამიანის გონება დიდად არის დაშორებული მათ აზროვნებას.
- მწვალებლურ მიმდინარეობებს, ყველა არამართლმადიდებლურ მოძღვრებას ხომ სწორედ სახარების არასწორი განმარტებები დაედო საფუძვლად?
- რა თქმა უნდა. როდესაც ადამიანს თვითონ გამოაქვს დასკვნები, წმინდა წერილის სიტყვებს კი არ ცვლის, არამედ მათში ჩადებულ აზრს - მის არსსა და მნიშვნელობას. ცვლის იმის გამო, რომ არ შეუძლია მეტის გაგება. ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის გამო საკუთარს ეკლესიის აზრზე აღმატებულად თვლის.
- როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე სახარების კითხვა?
- ეს არის სულიწმინდით დაწერილი წიგნები, ღვთის სიტყვა. როდესაც ადამიანი მათ იმ აზრით კითხულობს, როგორითაც დაიწერა, ისე აწვდის გონებას, როგორც ეკლესია აღიარებს, სულიწმინდის მადლი მოიცავს, უფალთან მყოფობს. კიდევ ვიმეორებ: ადამიანი სახარებიდან უნდა ამოდიოდეს და სახარებაშივე ბრუნდებოდეს; ყველაფერი სახარებისეულად გადაწყვიტოს - როცა ადამმა თავისი ჭკუით მიიღო გადაწყვეტილება, სამოთხიდან განიდევნა...
- როგორ უნდა ვიკითხოთ სახარება?
- სახარება ყოველდღიურად უნდა ვიკითხოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ეს მოძღვრის კურთხევით უნდა მოხდეს. ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ცხოვრების წესის გათვალისწინებით მოძღვარი განსაზღვრავს, სახარების რამდენი თავი იკითხოს ყოველდღიურად, შეძლებს თუ არა მასთან ერთად ეპისტოლეებისა და მოციქულთა საქმეების კითხვასაც.
საზოგადოდ, ადამიანმა სულიერი საკითხები მოძღვრის კურთხევის გარეშე არ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ თუ კაცი არ აღიარებს ამ დებულებას, მასზე ეკლესია ზეგავლენას ვერ იქონიებს, ყველას ხომ საკუთარი თავისუფალი ნება აქვს. კაცის თავისუფალ ნებაში უფალი არ ერევა და მით უმეტეს ვერ ჩაერევა ეკლესია.
- ძველი და ახალი აღთქმის შესახებაც ვისაუბროთ...
- ძველი აღთქმა მოსამზადებელი პერიოდი იყო იმისათვის, რომ ადამიანებს ახალი აღთქმა მიეღოთ. ახალი აღთქმა ცხონების გზაა, ძველი კი მომზადება ცხონების შესაძლებლობის მისაღებად. ვიცით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში კაცობრიობა მაცხოვრის მისაღებად ემზადებოდა. ამას ათასწლეულები დასჭირდა, მაგრამ მაცხოვარი მოვიდა. მანამდე კაცობრიობაში აბსოლუტურად ყველა ბოროტება არსებობდა, მისი მოსვლის შემდეგ კი არც ერთი სახის ბოროტება აღარ მიმატებია. მაცხოვრის ცხოველმყოფელი სისხლით ყველა ბოროტებას დაეკარგა ის ძალა ადამიანზე ზემოქმედებისა, ძველი აღთქმის ეპოქაში რომ ჰქონდა.
ჯვარზე დათხეული სისხლით უფალმა ახალი აღთქმა დაუდო ადამიანებს: ვინც მისი მცნებებით იცხოვრებს - ცხონდება. უფალი ერთ-ერთი წინასწარმეტყველის პირით გვაუწყებს: აჰა, მოგცეთ თქვენ აღთქმაი ახალი, არა ისეთი, ადამის სამოთხიდან განდევნის შემდეგ რომ მოგეცით - აღთქმა მხსნელის მოვლინებისა, არამედ მადლი. როდესაც აღესრულა ეს წინასწარმეტყველება, გაჩნდა ახალი აღთქმა, ხოლო ის, რომელიც მანამდე იყო, თავისთავად ძველი გახდა.