18 ნოემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 8,41-56)
41. და (მას ჟამსა შინა) აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაი. და დავარდა ფერხთა თანა იესუისთა და ევედრებოდა მას, რაითა შევიდეს სახლსა მისსა.
42. რამეთუ ასული მარტოი ესვა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროითა სისხლისაითა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დაცხრა წყაროი იგი სისხლისა მისისაი.
45. და თქვა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღვარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყვი: ვინ შემახო მე?
46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.
47. და იხილა რაი დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათვის შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!
49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთავრისაი მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღვარსა.
50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
51. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაი და დედაი მის ყრმისაი.
52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაი არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ხელი ყრმისაი მის და ხმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა, და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი.
56. და განუკვირდებოდა მამა-დედათა მისთა, ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან საქმე იგი.
იმ გარემოებიდან, რომ იაიროსის ასულს ადრეული სიყრმიდანვე ემუქრებოდა სიკვდილი, ჩვენც განგვეცხადება, რომ ასეთი ხვედრი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოელოდეს, ჩვენც ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოვჩნდეთ სიკვდილის წინაშე. ამიტომაც ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს ეს ჭეშმარიტება, განვემზადებოდეთ სიკვდილისათვის, ვფიქრობდეთ სიკვდილზე და არ ვამყარებდეთ იმედს ახალგაზრდობაზე.
სხვა სამოძღვრებო შეგონება, მიღებული დღევანდელი სახარებიდან, შემდეგია: რა მძიმე მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, არასდროს არამც და არამც არ უნდა მიიჩნევდეს მას უიმედოდ. სასოწარკვეთილება და სულმოკლეობა უფლის დიდებულებისა და ყოვლისშემძლეობის შეურაცხყოფაა, რადგან არ არსებობს ისეთი მწუხარება, რომლის განკურნებაც არ შეეძლოს ყოვლადძლიერსა და ყოვლადმოწყალე შემოქმედს, მისი ძალა კი უპირატესად სწორედ მაშინ განცხადდება, როცა ყველა სხვა ძალა უძლურია.
სისხლმდინარი დედაკაცის მაგალითიდან ჩანს, როგორ უნდა ვცეთ თაყვანი წმინდა ხატებსა და წმინდანთა ნაწილებს. როცა უფლის შესამოსლის "ფესუთ" - ფოჩებს ეხებოდა, დედაკაცი იესოს შესამოსელს კი არ განაღმერთებდა, არამედ მხოლოდ თავის რწმენას გამოხატავდა უფალ იესო ქრისტეს ყოვლადძლიერებისა. ჩვენც, ქრისტეს მორწმუნენი, წმინდა ეკლესიის წინამძღვრობით, ვეთაყვანებით წმინდა ხატებს და მოწიწებით მივეახლებით წმინდა ნაწილებს უფლის სათნომყოფელი ადამიანებისა, პატივვყოფთ ყოველივეს, რაც კურთხეულ-განწმენდილია ეკლესიის მიერ. ისინი კი ერთგვარ მეგზურებად გვექმნებიან საღმრთო მადლისაკენ, რომელიც საკვირველად კურნავს მრავალ ბუნებრივი საშუალებებით უკურნებელ სნეულებასა და უძლურებას და დიდ ნუგეშს ანიჭებს მწუხარებით დათრგუნულთ და უბედურებით შემუსვრილთ.
შესაკრებელის მთავრის იაიროსის მაგალითი, რომელიც მოთმინებით იტანდა უფლის შეფერხებას მისი სახლისკენ სვლისას, გვასწავლის მოთმინებას ცხოვრების უმძიმეს წუთებშიც კი. მოთმინება მუდამჟამს თან უნდა სდევდეს ადამიანს, იგი უნდა მოიცავდეს მთელი კაცობრიობის ცხოვრებასაც ამქვეყნად. მოთმინებით ვიძენთ ყველა სიკეთეს და ვინარჩუნებთ მათ, მისით წარვემატებით ყოველ წამოწყებაში, ვაღწევს სურვილთა შესრულებას, უვნებლად ვუძლებთ ბოროტის ყოველგვარ კვეთებას. მოთმინებადაკარგულნი კი უმალ დავკარგავთ სიკეთეთ და ვევნებით ბოროტისაგან, ანდა, რაც კიდევ უფრო სავალალოა, თავადაც ბოროტებას ჩავიდენთ. ერთმა წუთმა მოუთმენლობისამ შესაძლოა წლები, საუკუნეებიც კი არივ-დარიოს.
სისხლმდინარი დედაკაცის მაგალითი, რომელიც თორმეტი წელი დიდად ევნებოდა სნეულებისგან და რომელმაც ადამიანთაგან ამაო მკურნალობის შემდეგ, რასაც მთელი ქონება დაახარჯა, უფალ ღმერთს მიმართა შეწევნისთვის, ცხადად გვიჩვენებს, რომ მწუხარებანი და სატანჯველნი კეთილად ემსახურება კაცის სულს და ასწავლის, დახმარებისთვის ღმერთს მიმართოს. თუკი უფრო ღრმად ჩავუკვირდებით ცხოვრებას, ადვილად შევამჩნევთ, რომ გულში ხან მივეახლებით უფალს, ხანაც განვეშორებით, შესაბამისად, ხან - მოსვენება და სიხარული, ხანაც შეშფოთება და შიში მოგვიცავს.
მაცხოვრის სიტყვები - "ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს" - გვაიძულებს, ძილში სიკვდილის სახე დავინახოთ. და მართლაც, როგორც დაძინება მოსდევს სხეულის ქვეყნიურ შრომათაგან დაღლას, ასევე სიკვდილიც სიცოცხლის ძალთა ამოწურვისას გვეწვევა; როგორც ძილია საამო დღიურ შრომათა შემდგომ, ასევე საამურია სიკვდილიც ქვეყნიური მოვალეობების კეთილსინდისიერად აღსრულების შემდეგ. მეტიც: ძილი სახეა სიკვდილისა იმიტომაც, რომ ის მხოლოდ სხეულებრივ ძალთა მოქმედებას წყვეტს, სული კი განაგრძობს სიცოცხლეს; სიკვდილსაც მხოლოდ სხეულზე აქვს ხელმწიფება, ხოლო სულის ცხოვრება მისი მოსვლით არ წყდება.
დაბოლოს, იაიროსის გარდაცვლილი ასულის უფლის სიტყვით მკვდრეთით აღდგომა და განცოცხლება იმ ჭეშმარიტებას გვიდასტურებს, რომ ჩვენს სიკვდილსაც მკვდრეთით აღდგომა მოჰყვება, რომ სიკვდილით კი არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე, არამედ მხოლოდ იწყება დაუსრულებელი, უკვდავი ცხოვრება. ამ ჭეშმარიტებას თვით უფალიც გვიდასტურებს: "ამენ, ამენ, გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ... და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი - აღდგომასა სასჯელისასა" (იოანე 5,25,29).
25 ნოემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 10,25-37)
25. და (მას ჟამსა შინა) აჰა ესერა სჯულისმეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაი ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?26. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?
27. ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი - ვითარცა თავი თვისი.
28. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.
29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თვისი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
30. მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალემით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცვეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი.
31. ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა თავი და თანა-წარჰხდა.
32. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარხდა.
33. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა. მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა.
34. და მოვიდა მისა და შეუხვივა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინოი და აღსუა იგი კარაულსა თვისსა და მიიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.
35. და ხვალისაგან გამო-რაი-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღვაწესა და ჰრქუა: იღუაწე ეგე და სხვაი თუ რაიმე წარაგო უმეტესი, მო-რაი-ვიდე, მიგცე შენ.
36. ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ?
37. ხოლო მან თქვა: რომელმან ყო წყალობაი მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე.
უფალმა მწიგნობარს უთხრა, აღასრულე საღმრთო მცნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულისა და ცხოვნდებიო.
საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად აუცილებლად თვლიდა იესო ყველა საღმრთო მცნების აღსრულებასაც, როგორც მდიდარ ჭაბუკს მიუგო, როცა მან ჰკითხა, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო.
გარდა ამისა, უფალი იესო ქრისტე, ვითარცა ღმერთი, საუკუნო ცხოვრებას იმათ აღუთქვამდა, ვინც დაუტევებდა ყოველივეს, რაც ხელს გვიშლის, მთელი გულით შევიყვაროთ შემოქმედი ჩვენი, რამეთუ ასე დამოძღვრა მოწაფენი: "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ასწილად მიიღოს და ცხორებაი საუკუნოი დაიმკვიდროს" (მათე 19,29).
კვალად, იესო ქრისტე, ვითარცა მწყემსი, განგვიწესებს, რომ საუკუნო ცხოვრებას ყველა ის ცხოვარი დაიმკვიდრებს, ვინც ყურადღებით ისმენს მის სიტყვას და მას შეუდგება: "ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდეს მე. და მე ცხორებაი საუკუნოი მივსცე მათ და არა წარწყმდენ უკუნისამდე" (იოანე 10,27-28).
ყოველივე ამასთან ერთად, მაცხოვარი, ვითარცა დამადგინებელი ახალი აღთქმისა, განგვიწესებს, რომ საუკუნო ცხოვრებას მიიღებს ყველა, ვინც კი ღირსეულად ეზიარება მის წმინდა სისხლსა და სხეულს.
იგივე სახარება გვასწავლის სრულყოფილ და ჭეშმარიტ სიყვარულს ღვთისა. ადამიანს უნდა უყვარდეს ღმერთი, როგორც ქმნილებას შემოქმედი, როგორც მიმღებს ყოველი სიკეთისას კეთილისმყოფელი.
დღეს წაკითხული სახარება იმასაც გვიჩვენებს, თუ ვინ არის ჩვენი მოყვასი. ნუ ვიფიქრებთ, იუდეველთა მსგავსად, რომ მოყვასი მხოლოდ ჩვენი ახლობელ-მეგობარნი თუ ნათესავ-ამხანაგნი არიან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ყოველი ადამიანია ჩვენი მოყვასი. და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს არსებობდეს რაიმე შეუსაბამობა, უთანაბრობა გვარისა იქ, სადაც ერთი ბუნებაა... ჩვენ ყველანი ერთურთის მოყვასნი ვართ ჩვენი მიწიერი შობის მდგომარეობით და სასოებით ზეციური მემკვიდრეობისა".
დღევანდელი სახარებიდან განგვეცხადება, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს უფალი და გვებრალებოდეს მოყვასი, როცა მის ტანჯვას ვხედავთ, ჩვენ ხომ ბუნებით ვართ მიდრეკილნი, გვიყვარდეს და კეთილს ვუყოფდეთ მას.