7 ოქტომბერს საკითხავი სახარება (ლუკა 5,1-11)
1. და (მას ჟამსა შინა) იყო ვითარ ერი დაესხმოდა მას სმენად სიტყვასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მას ტბისასა, ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქვეყნით შე-რე-დგინებაი მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
4. და ვითარცა დასცხრა სიტყვად, ჰრქვა სიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქვენი ნადირობად.
5. მიუგო სიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაი მოვიღეთ, ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე.
6. და ესე რაი ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.
7. და წამს-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაითა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
8. და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუხლთა იესუისთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!
9. რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.
10. აგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.
11. და გამოადგინეს ნავი იგი ქვეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
"მოძღვარო, მთელი ღამე დავშვერით, და ვერაფერი დავიჭირეთ" - ასე მწუხარედ ამაოდ დაკარგული დროის გამო აუწყა სიმონ-პეტრემ მაცხოვარს, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა საქმეში ვერაფერი მოინადირეს, ამაოდ ჩაიარა შრომამ, ხოლო უფლის სიტყვითა და კურთხევით უამრავი თევზი მოინადირეს, პირთამდე აავსეს თავიანთი ნავები (მუხლი 6). ეს ნათელი გაკვეთილი და დამოძღვრებაა, რომ ყოველი საქმე ლოცვით დავიწყოთ და უფლის სახელს მოვუწოდოთ, რათა ჩვენი შრომა წარმატებით დასრულდეს. თუკი ყურადღებით გადავავლებთ თვალს წარსულს და მიმდინარე გარემოებებს საღად განვსჯით, ნათლად დავინახავთ, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნით, ლოცვითა და მისი იმედით შრომისას მიდის საქმეები კარგად, ხოლო მეტისმეტ თავდაჯერებას წარუმატებლობა მოჰყვება.
საგულისხმოა მოციქულ პეტრეს პასუხი უფლისადმი, როცა მან უბრძანა ამ ადგილას სდევით ბადეო. მოძღვარო, მართალია, მთელი ღამე ამაოდ დავშვერით და ვერაფერი მოვინადირეთ (და არც ახლა მაქვს იმედი), მაგრამ "სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადეო". პეტრე უსიტყვოდ დაემორჩილა უფალს, რადგან მას ღრმად სწამდა მაცხოვრის ღვთაებრივი ძალა და მისი ბრძანების სიწმინდე. სწორედ ამგვარი გრძნობებით უნდა ვიყოთ მარადის აღვსილნი ჩვენც, რათა მშვიდობიანად და წარმატებით აღვასრულოთ საკუთარი ცხოვრების გზა.
ვნახოთ, როგორ იქცევა, რას ამბობს და რას გრძნობს მოციქული პეტრე სასწაულებრივი თევზაობის შემდგომ. შეიძლება გვეფიქრა, რომ სიხარულსა და კმაყოფილებას უნდა აღევსო საწყალი მეთევზის გული და ეთქვა ეს უფლისა და ამხანაგებისთვის, მაგრამ არა! არაფერი ყოფით-ცხოვრებისეული არ გაისმის მის სიტყვებში! საკუთარი ცოდვების თავმდაბლური, მორჩილი შეგნება და საკუთარი უღირსობის გაცნობიერება უწმინდესი სასწაულმოქმედის გვერდით ასე ახლოს ყოფნით, - აი, რა გრძნობებს გადმოღვრის ქრისტეს წინაშე. და განა ჩვენც, ცოდვილნი ესე, ამგვარადვე ვიქცევით მსგავს შემთხვევებში?! ო, რა ხშირად ღმერთი და ცათაგან მომადლებული წყალობა ღმრთისა კი არ აღავსებს ამქვეყნად ბედნიერად მცხოვრები ადამიანის სულსა და გულს, არამედ თვითკმაყოფილი გრძნობა რაღაცის ფლობისა, ანგარებიანი მისწრაფება მეტის შეძენისა და სიამოვნებათა მიღებისკენ! ან კი სად უქრებათ ადამიანებს თავმდაბლობა და კეთილმოშიში განწყობილება, სიკეთე და ჯანსაღი გრძნობა ღმერთსა და მოყვასზე დამოკიდებულებისა?! ყოველივე ეს ზოგჯერ ერთბაშად ეკარგებათ და თვითმყოფობისა და ალბათ თვით შემოქმედი ღმერთისადმი ურჩობის გრძნობით ეცვლებათ...
14 ოქტომბერს საკითხავი სახარება (ლუკა 6,31-36)
31. (თქვა უფალმან) და ვითარცა-იგი თქვენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. 32. და უკუეთუ გიყვარდენ თქვენ მოყვარენი თქვენნი, რაი არს მადლი თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყვარეთა მათთა ჰყვარობენ.
33. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქვენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
34. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კვალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ავასხებენ, რაითა მოიღონ სწორი.
35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსახო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქვენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა. 36. იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს.
თავისი ღვთაებრივი სწავლებით უფალი დაგვმოძღვრავს, რომ ჭეშმარიტი სიკეთის მისაღწევად, მოსაპოვებლად, ჩვენ ისე უნდა ვეპყრობოდეთ ადამიანებს, როგორ მოპყრობასაც თავად ვისურვებდით მათგან. თუ ამ წესს მიჰყვებით, ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან, ხოლო მოყვასს აარიდებთ მრავალ უბედურებას. მაგალითად, თუ არ გსურთ, თქვენზე და თქვენს ოჯახზე უჯეროს ლაპარაკობდნენ, თქვენც იფრთხილეთ სხვებზე ლაპარაკისას. ანდა თუ არ გინდათ, ვინმემ გაწყენინოთ ან ცილი დაგწამოთ, ნურც თქვენ აწყენინებთ ნურავის. არა გსურთ, რომ თქვენი ქონება-სამკვიდრებელი სხვას ჩაუვარდეს ხელში, ხოლო თქვენი ოჯახი სიდუხჭირეს ეწიოს? საკუთარი, პატიოსანი შრომით შეიძინეთ იგი, რამეთუ ბოროტებით მოპოვებული ბოროტადვე წარხდება. რამდენ მაგალითს წარმოგვიდგენს ამის თაობაზე ჩვენი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება! ზოგნი უდიდეს ქონებას იხვეჭენ ყოველნაირი უსამართლობით, პატიოსან მშრომელ ადამიანთა წყენინებითა და დაჩაგვრით. ესევითარი სიცოცხლეშივე დაინახავს, როგორ ეკარგება უსამართლოდ ნაშოვნი ქონება, როგორ ხდება იგი იმ ადამიანთა ნადავლად, რომლებიც ზოგჯერ მასაც უსამართლოდ ეპყრობიან. აი, სწორედ მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: "რომელითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ" (მათე 7,2).
ამრიგად, ქრისტიანული ცხოვრება ფრთხილი, სამართლიანი მოქცევით დაიწყეთ სხვა ადამიანების მიმართ; დაინდეთ, გაუფრთხილდით სხვების პატივს, ღირსებას, სხვათა სიცოცხლესა და ქონებას, ეცადეთ, ბოროტი არ ჩაიდინოთ, განუწყვეტლივ იქმოდეთ სიკეთეს, და ამას უყოფდეთ არა მხოლოდ ახლობელ-ნათესავებსა და მეგობრებს, არამედ უცხოთაც, მტერთაც. აი, ამის შეძლებისდაკვალობაზე აღსრულებაა ქრისტიანული ცხოვრების მიზანი.
სხვა სამოძღვრებო გაკვეთილი, რომელსაც დღეს წაკითხული სახარებიდან ვიღებთ, ისაა, რომ ჩვენი მტრებიც უნდა გვიყვარდეს. როგორ შევძლოთ ეს? სამართლიანი იქნება კი ჩვენი მტრების სიყვარული და იმ ადამიანთა კეთილისყოფა, რომლებიც შეურაცხგვყოფენ ჩვენ სიტყვით თუ საქმით, შეაგინებენ ჩვენს ღირსებას, გვართმევენ ჩვენს საკუთრებას და ზოგჯერ თვით ჩვენს სიცოცხლესაც ხელყოფენ?
სიყვარული არის გულისმიერი გრძნობა თუ მოძრაობა, ხოლო ჩვენ არ ძალგვიძს გულის ამ მოძრაობის წარმართვა; მაშ, როგორღა უნდა შევძლოთ მტრისადმი სიყვარულით აღვსება? - მტრებისადმი სიყვარული არის უმაღლესი სამართლიანობა და ამაღლებს, სწორად ავითარებს ადამიანის გულის სწორ განვითარებას ქრისტეს ღვთაებრივი სწავლების სულისკვეთებით.
სიყვარულის უზენაესი და ღირსეული საგანია თვით ჩვენი ზეციური მამა - შემოქმედი ღმერთი. ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულზეა დაფუძნებული ჩვენი ჭეშმარიტი და სამართლიანი სიყვარული მოყვასისადმიც. თუკი ადამიანს გულით და სულით უყვარს ღმერთი, მაშინ მას უსათუოდ ეყვარება მოყვასიც, ვითარცა ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი. მოყვასი ეყვარება ღმერთის გულისთვის, ცათა სასუფევლის გულისთვის და შეეცდება, შეეწიოს მათ. თუკი ვნახავთ ადამიანს, ზნეობრივად წარმხდენს და ჩვენს მაწყინებელს, შეგვიძლია გვძულდეს იგი და ვავნებდეთ მას? არა და არა. ჩვენ შეგვიძლია მისი ბოროტი ქმედებანი გვძულდეს, ხოლო თვით ამგვარი ადამიანი უნდა გვეწყალებოდეს და მის გამოსწორებას ვცდილობდეთ, ვლოცულობდეთ მისთვის. ასეთი შინაგანი განწყობიდან ჩვენი მტრისადმი უსათუოდ აღმოცენდება იმის სურვილიც, რომ დავივიწყოთ მისი ბოროტება და დავეხმაროთ მას სიკეთის გზაზე მოქცევაში. ამასთანავე, მტრის ზნეობრივი გამოსწორება მხოლოდ კეთილი საქმით შეგვიძლია.
დაბოლოს, აწინდელი სახარება იმ ჭეშმარიტებას განგვიცხადებს, რომ მოწყალების მიერ შეგვიძლია ღმერთს მივემსგავსოთ. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანს ღმერთთან, როგორადაც კეთილმოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ უფალ ღმერთს შეუდარებლად უფრო მეტის კეთილმოქმედება ძალუძს, ხოლო ადამიანს - შეუდარებლად ნაკლების, თავისი ძალების შესაბამისად. ღმერთმა ადამიანი შექმნა და კვლავ და კვლავ აღადგენს მას ხრწნილებისგან, შენ კი დაცემულს მაინც ნუ მოიძაგებ".