8 აპრილს საკითხავი სახარება (იოანე 1,1-17)
1. პირველითგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი.
2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა.
4. მის თანა ცხოვრებაი იყო და ცხოვრებაი იგი იყო ნათელ კაცთა.
5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
6. იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოანე.
7. ესე მოვიდა მოწამედ, რაითა წამოს ნათლისა მისთვის, რაითა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.
8. არათუ იგი იყო ნათელი, არამედ რაითა წამოს ნათლისა მისთვის.
9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.
11. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს.
12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი.
13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა, არცა ნებითა მამაკაცისაითა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.
14. და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდებაი მისი, დიდებაი ვითარცა მხოლოდ-შობილისაი მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.
15. იოანე წამა მისთვის, ღაღად-ყო და თქვა: ესე არს, რომლისათვის-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.
16. და სავსებისაგან მისისა ჩვენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ.
17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაი ქრისტე იესუის მიერ იქმნა.
პირველ ყოვლისა, ეს სახარება ცხადად გვასწავლის, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ჭეშმარიტი ღმერთიც (მუხლები 1-3), საუკუნო ღმერთი, სამყაროს შემოქმედი და განმგებელი; რამეთუ, მახარებლის სიტყვით, არა სხვა ვინმე, არამედ სწორედ სიტყვა ღმრთისა ხორციელ-იქმნა, იმ სიტყვამ მიიღო ჩვენი ადამიანური ბუნება ჩვენი ხსნისთვის, რომელიც საუკუნითგან ღმრთისა თანა იყო, საუკუნითგან თავადვე იყო ღმერთი და რომელმაც ყოველივე შექმნა, ყოველივე განაცხოველა.
იგივე სახარება განგვიცხადებს, როცა ღმერთი ხორციელ-იქმნა, გახდა სრულყოფილი კაცი, ადამიანი - მან ჩვენი, ადამიანური ბუნება მიიღო "და სიტყუაი იგი ხორციელ-იქმნა" (მუხლი 14), - ამბობს მახარებელი. და განა შეიძლება სიხარულით არ აღვივსოთ იმის შეგნებისას, რომ ჩვენი გაღატაკებული ბუნება ღირს-იქმნა პატივისა ჩვენი გამომსყიდველის პირში შეერთებოდა თვით ღმრთაებას ისე, რომ აწ მასში მკვიდრობს "ყოველივე სავსებაი ღმრთეებისაი ხორციელად".
წინამდებარე სახარება გვიჩვენებს, რომ სამყარო ღმერთის ქმნილებაა; რამეთუ მახარებელი ამბობს: "ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა" (მუხლი 3). ამ ჭეშმარიტების აღიარებას მოითხოვს ჩვენი გონებაც. თუკი ღმერთი უსაზღვრო არსია, მაშინ ქმნილი სამყარო არამც და არამც არ შეიძლება მისი თანად-საუკუნო იყოს. მართლაც, სამყარო ღმერთისგან წარმოიშვა შექმნის ქმედებით, ანუ ისეთი ქმედებით, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მარადიულ ნივთიერებას, რომლისგანაც ჩამოყალიბდებოდა ქმნილება, და არც არანაირ სხვა ძალას, გარდა შემოქმედებითი ძალისა. სამყარო ღმერთმა რაღაც განმზადებულისაგან კი არ შექმნა, არამედ არარსებულისაგან, არაფრისაგან.
ამრიგად, მიზეზი შექმნათა - ღმერთია. რამ აღძრა ღმერთი სამყაროს შესაქმნელად? პირველ ყოვლისა, თავისმა სახიერებამ. ღმერთს არავითარი საჭიროება არ ჰქონდა არავითარი ქმნილებისა, რამეთუ თვით არის და მარადის იყო საკუთარ თავში სრულყოფილად თვითკმარი და ნეტარი. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავისი უსაზღვრო სახიერებისა და სიყვარულის გამო ღმერთმა ისურვა თავისი ქმნილებისთვისაც, თავისი შინაგანი ცხოვრების გარეთაც მიენიჭებინა ეს ნეტარება და ჰყოლოდა თავისი დიდების მადლმოსილი თანამოზიარენი; სურდა, ქმნილებებს იმდენი სიკეთე მიეღოთ მისგან, რამდენის მიღება-დატევნაც ძალუძთ, მის თანა განეხარათ და ნეტარნი ყოფილიყვნენ. ხოლო შექმნათა საბოლოო მიზანი ღმერთის დიდება იყო (იგავნი 16,4).
დღევანდელი სახარებიდან ის ჭეშმარიტებაც დავინახეთ, რომ საღმრთო ნათელი უფლის ხორციელ-ქმნამდეც ბრწყინავდა და მთელი სამყაროს მომცველი ბნელი, მახარებლის სიტყვით, ვერ ეწია ამ ნათელს (მუხლი 5). მაშ, როგორ ანათებდა ეს საკვირველი ნათელი? უმთავრესად სინდისის ხმის მეშვეობით. ვინ არ იცის, რომ სინდისი სიმართლის ყველაზე მოუსყიდველი მცველია და კაცობრივ საქმეთა ყველაზე ულმობელი მსაჯული. როცა რაიმე სამარცხვინო ან უპატიოსნო საქმეს ვჩადით და განსაკუთრებით - მთელ წყებას უჯერო საქმეებისა, ვგრძნობთ სულში რაღაცნაირ მოუსვენრობას, სიმძიმეს, უსიამო და მტანჯველ მდგომარეობას. რადგანაც ეს მდგომარეობა სამძიმო და აუტანელია, ამიტომ ვისურვებდით ჩაგვეხშო, განგვედევნა ჩვენგან, მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთოთ, სინდისს ვერ ჩავახშობთ, ვერ ვაიძულებთ მას დადუმებას, ვერანაირი ვედრებით ვერ შევაბრალებთ თავს, ვერანაირი მუქარით ვერ დავაშინებთ და ვერანაირი ქვეყნიური სიკეთით ვერ მოვისყიდით: სინდისი კვლავაც დაგვტანჯავს, სანამ არ ვაღიარებთ ცოდვას, სანამ არ შევინანებთ მას და არ ვეცდებით ჩვენი ცხოვრების გამოსწორებას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მაღლა დგას უზენაესი სულიერი ძალა, რომელიც ყოველივეზე ბატონობს სინდისის მეშვეობით; ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სრულად ექვემდებარება მარადის წმინდა და სამართლიანი მსჯავრის მქონე ღმერთს, რომელიც სინდისის მიერ ესიტყვება მას.
ასევე, ამ სახარებით ჩვენ დავიმოძღვრებით, რომ იესო ქრისტე არის ნათელი, რომელიც განანათლებს ამ ქვეყნად მოსულ ყოველ ადამიანს (მუხლი 9). და მართლაც, განფანტავს რა ყოველი ადამიანისათვის შობითვე თანდაყოლილ ბნელს პირველყოფილი ცოდვისა, რომელიც ხელს გვიშლის შევიმეცნოთ საკუთარი სიბრმავე და გულის გარდაქცეულება, უფალი სწორედ ამით განანათლებს ყოველ ადამიანს.
ამ ბნელის გაფანტვა არ ძალუძს ადამიანს საკუთარი ძალებით, ისევე როგორც მიწას, მზის სხივთაგან გაუთბობლად, თავისით არ შეუძლია ნაყოფიერ მცენარეთა აღმოცენება. იესო ქრისტე ჩვენი სულის ნათელია, თავისი სიტყვის მეშვეობით იგი გულისხმა-გვაყოფინებს ჩვენს ნაკლოვანებებს და გზასაც გვიჩვენებს საუკუნო ცხოვრებისაკენ, როცა მისი მადლმოსილი ნათელი ბრწყინვას იწყებს ჩვენს გულებში და განგვათბობს თავისი სითბოთი.
დაბოლოს, აწინდელი სახარების საკითხავიდან ვგებულობთ, რომ საღმრთო მადლის ნიჭნი ადამიანთათვის იესო ქრისტეს მიერ შეიქმნენ მისაწვდომნი (მუხლი 17). ამიტომაც საღმრთო მადლის მისაღებად უფალ იესო ქრისტეს უნდა მივმართოთ.
სულიწმინდის საღმრთო მადლის მოსაპოვებლად გვაქვს სამი უმთავრესი საშუალება: ღმერთის მტკიცე, მართალი რწმენა, მგზნებარე და გულმოდგინე ლოცვა-ვედრება და ღვთის სათნომყოფელი ცხოვრება მისი მცნებების შესრულების გზით. ასევე, წმინდა საღმრთო საიდუმლონიც პირდაპირი საშუალებანია, რომლებითაც ყოველ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მორწმუნეს, ქრისტეს ეკლესიის წევრს, საღმრთო მადლი მიენიჭება.
15 აპრილს საკითხავი სახარება (იოანე 20,19-31)
19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაი მის, და კარნი იგი დახშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ჰურიათაისა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქვენ თანა!
20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ხელნი თვისნი და გვერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი.
21. ჰრქუა მათ იესუ კვალად: მშვიდობაი თქვენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ.
22. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაი.
23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.
25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭვალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.
26. და შემდგომად რვისა დღისა კვალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა!
27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.
28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამ; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
30. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესო წინაშე მოწაფეთა თვისთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.
31. ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესო არს ქრისტე, ძე ღმრთისაი, და რაითა გრწმენეს და ცხოვრებაი გაქუნდეს სახელითა მისითა.
უპირველესად, ეს სახარება გვასწავლის, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩვენი სხეულიც იესო ქრისტეს სხეულის მსგავსი იქნება, რომელმაც დახშულ კარში განვლო; რომ იგი განსულიერდება და შეიძენს უნარს ნივთიერებათა განმსჭვალვისა, რომ იგი დიდ სიმსუბუქესა და თავისუფლებას შეიძენს მოძრაობაში. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს წმინდა ეფრემ ასურის სიტყვები: "ყველანი ისეთ სხეულებს მიიღებენ, რომლებიც შესაბამისი იქნება მათი საკუთარი საქმეებისა. მართალთა სხეული მზის სინათლეზე შვიდგზის უფრო გაბრწყინებული იქნება, ცოდვილთა სხეულები - ბნელნი და სიმყრალით აღსავსენი; და თითოეულის სხეული მის საქმეებს წარმოაჩენს: იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ საქმეებს სხეულითვე ვატარებთ". ამისათვის დიდი კეთილგონიერებითა და სიფრთხილით უნდა ვეპყრობოდეთ საკუთარ სხეულს, ვიცავდეთ მას ყოველგვარი მანკიერებისა და ცოდვისაგან, რათა არ გავუძნელოთ ანდა არ აღვუკვეთოთ ეს ნანატრი გარდაქმნა! პავლე მოციქული გვეუბნება: "ხორცნი ესე არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის და უფალი - ხორცთათვის... არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქვენნი ასონი ქრისტესნი არიან?"
უფლის ხილვით მოწაფეებმა განიხარეს, მაგრამ მათზე არანაკლებ ჩვენც უნდა განვიხარებდეთ ოდენ გაფიქრებისასაც კი უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე. ან როგორ არ უნდა განვიხარებდეთ და ვით არ უნდა განვსცხრებოდეთ დღესასწაულთა დღესასწაულზე! ჩვენ ჯოჯოხეთისა გვეშინის; აწ კი აღარაფერია საშიში: ჯოჯოხეთი აწ დარღვეულია. ჩვენ ვძრწით სიკვდილის წინაშე; აწ კი აღარაფერია საძრწოლი: რამეთუ მისი საწერტელი განადგურებულია. ჩვენ გვსურს სამოთხე: და აი, სამოთხის კარნი განხმულია ჩვენთვის. ყოველივე განმზადებულია, რასაც კი სული ინატრებს. და ყოველივე ეს უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ მოგვანიჭა.
დაბოლოს, ყურადღება მივაპყროთ მოციქულ თომას შეყოვნებას, დაბრკოლებას რწმენაში, მის დაეჭვებას, რომ უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით სრული ადამიანური ბუნებით - სულითაც და სხეულითაც; აგრეთვე მის სურვილს, საკუთარი გრძნობების მეშვეობით დარწმუნდეს ამის ჭეშმარიტებაში, და იმას, თუ როგორი მიმართება ჰქონდა ყოველივე ამისადმი უფალ იესოს (მუხლები 24-29). რამდენი რამ არის აქ ჩვენთვის სამოძღვრებო და ჭკუის სასწავლებელი!
ეს ყოველივე გვასწავლის: როგორც ბრმად არ შეიძლება ყველაფრის რწმუნება და დაჯერება, ასევე უჯეროა, უადგილოა უგნური გამომეძიებლობა და გამომცდელობა. ჩვენგან უფალი არ მოითხოვს ბრმა, უპირობო მინდობასა და რწმენას, - იგი ნებას გვაძლევს გამოვიძიებდეთ, გამოვცდიდეთ ჭეშმარიტებას: დაე, თვალიც ხედავდეს, დაე, ხელებიც ეხებოდნენ, დაე, ყველა სხვა გრძნობებმაც გამოიკვლიონ ჭეშმარიტება, როცა სურთ და ოდეს იგი მისაწვდომია ჩვენი გონებისათვის. მაგრამ დაე, გამოსცადონ და გამოიძიონ თავმდაბლობით, მორჩილებით, უზაკველი გულით, შეცნობის კეთილი განზრახვით და არა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დაბნელებულ იქნეს ცრუ გრძნობით. გამომცდელობა, გამომეძიებლობა მაშინ არის ხოლმე სახიფათო, როცა კადნიერდება, ყველაზე დაფარული და მიუწვდომელი ჭეშმარიტებანი გამოიკვლიოს. იგი დამნაშავეა მაშინ, როცა ჭეშმარიტებას იმისთვის კი არ გამოიკვლევს, რომ ჩასწვდეს მას, შეიმეცნოს იგი, არამედ იმისთვის, რომ სხვა ადამიანებში შეარყიოს მისადმი ნდობა და რწმენა.