25 თებერვალს საკითხავი სახარება (იოანე 1,43-51)
43. ხვალისაგან უნდა იესოს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესო: მომდევდი მე.
44. ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაით, ქალაქისაგან ანდრეაისა და პეტრესა.
45. პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაისწარმეტყუელთა, ვპოვეთ: იესო, ძე იოსებისი ნაზარეთით.
46. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.
47. იხილა რაი იესო ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთვის: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაი არა არს.
48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაი მიცი მე? მიუგო იესო და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ხმობადმდე შენდა, იყავ რაი ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.
49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი.
50. მიუგო იესო და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროისი ამათსა იხილო.
51. და ჰრქუა მათ: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.
რას გვასწავლის დღევანდელი სახარება?
უწინარეს ყოვლისა, იმას, რომ, განურჩევლად ჩვენი საქმიანობისა და მდგომარეობისა, მუდამ მზად უნდა ვიყოთ უფლის მოსვლისთვის, რათა საჭირო ჟამს შეგვეძლოს, ყველაფერი გადავდოთ და დაძახებისთანავე, ფილიპეს დარად, გავყვეთ
უფალს. და ნუ ვიფიქრებთ, რომ მაინცდამაინც განკაცებული, მიწაზე მყოფი მაცხოვარი დაგვიძახებს; უფალი ამბობს: ვინც ჩემი სახელით მშიერს, უძლურს დააპურებს და მიხედავს, ვინც პატიმარს ნუგეშინის-სცემს, ის მე დამაპურებს, მე ნუგეშ-მცემსო.
ფილიპეს ეყო სულიერი ძალა და გონიერება, მაცხოვარს შესდგომოდა. მან აღმოაჩინა, შეიცნო, გაიაზრა იესოს ღირსება და ამიტომაც გაჰყვა დაუფიქრებლად, მაგრამ ამას არ დასჯერდა - ისურვა, ეს ბედნიერება მის ახლობლებსაც გაეზიარებინათ, მათაც ეგემათ სიკეთის ეს უდიდესი წყარო. ჩვენც ასევე უნდა ვიქცეოდეთ: როდესაც აღმოვაჩენთ უფალს, როცა ეკლესიურ ცხოვრებას შევუდგებით, ვეცადოთ, ახლობლებიც მოვაქციოთ ეკლესიისკენ, ოღონდ არა მითითებებითა და დამოძღვრით, არამედ ისე, როგორც ფილიპე მოიქცა - მან კეთილად დაახასიათა მაცხოვარი, დანარჩენი კი თვითონ ნათანაელს მიანდო: "მოვედ და იხილე". ჩვენც, პირველ ყოვლისა, ჩვენი საქციელით, ჩვენი საქმეებით უნდა ვიქადაგოთ, არჩევანი კი თვით ჩვენს ახლობლებს მივანდოთ.
რატომ შეყოყმანდა ნათანაელი? ჯერ ერთი, ის გონიერი კაცი იყო და განუსჯელად არაფერს იღებდა. მეორეც, კარგად იცოდა სჯული, რომელიც აუწყებდა, მესია არა ნაზარეთიდან, არამედ ბეთლემიდან მოვაო; მიუხედავად ამისა, მაინც დათანხმდა ფილიპეს, ვინაიდან
მისი წინადადება ლოგიკური იყო: მოვედ და იხილე, და ამის შემდეგ თვითონ გადაწყვიტე, შეუდგები თუ არა ქრისტესო.
ცხადია, მაცხოვარს ნათანაელის მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა რომ ამოეცნო, ის ასე არ შეცბებოდა და გაოცებულს არ აღმოხდებოდა: "რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა!" თუ ნათანაელის სკეპტიკურ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, მისი ეს სიტყვები მართლაც 180 გრადუსით შემობრუნებას ნიშნავს.
დაბოლოს, რას ნიშნავს ლეღვის ქვეშ მყოფობა?
საზოგადოდ, ლეღვი, ლეღვის ქვეშ წოლა, აღმოსავლური რელიგიებისთვის ნიშნეული სახე-სიმბოლოა (მაგალითად, ბუდას გასხივოსნება სწორედ ლეღვის ქვეშ მოხდა). როგორც ჩანს, ნათანაელი ფარულად აღმოსავლური რელიგიებით იყო გატაცებული. მაცხოვარმაც ამაზე მიანიშნა, რამაც ნათანაელი მიახვედრა, რომ ის, ვინც მის წინაშე იდგა, მისი გულის ყველაზე დაფარულ კუნჭულს სწვდებოდა. ეს კი მხოლოდ უფალს ხელეწიფებოდა.
4 მარტს საკითხავი სახარება (მარკოზი 2,1-12)
1. და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) კვალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს.
2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაი, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტყვასა.
3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღვეული, ზეკიდებული ოთხთაგან.
4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცვეს სართული სახლისაი მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღვეული იგი.
5. და იხილა იესუ სარწმუნოებაი იგი მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: შვილო, მიგიტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს,
7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყვის; ვის ხელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
8. ხოლო იესუ მეყსეულად გულისხმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რაისა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქვენთა?
9. რაი უადვილეს არს სიტყვად განრღვეულისა ამას: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
10. ხოლო რაითა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქუს ძესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, ჰრქუა განრღვეულსა მას:
11. შენ გეტყვი: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თვისი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკვირდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.
რა შეიძლება დავასკვნათ სახარების ამ მუხლებიდან?
სნეულებათა მთავარი წყარო ცოდვაა, ხოლო რწმენა მაცხოვრისა და გულწრფელი სინანული - ამ სნეულებათა ყველაზე უტყუარი წამალი. ხორცის სალმობანი მხოლოდ ანარეკლია - მათი პირველმიზეზი სულის უმართებულო, სჯულის საწინააღმდეგო ქმედებებსა თუ მისწრაფებებში ძევს. ამიტომაც დახელოვნებული და გამოცდილი მკურნალი, როცა სხეულის სნეულებისმიერ სახეცვლილებას აკვირდება, ცდილობს, მისი მიზეზიც შეიტყოს, ავადმყოფის სულში რომ ჰგიებს, და რჩევა-დარიგებებსაც ხშირად ისეთს იძლევა, პირდაპირ სულისთვის რომ არის განკუთვნილი. მაგალითად, სნეულს სიმშვიდეს, გონებრივი საქმიანობისგან დასვენებას ურჩევს. ამგვარად, კეთილგონიერება და სამართლიანობა მოითხოვს, სხეულებრივ სნეულებათა დროს არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის განკურნებაზეც ვზრუნავდეთ.
განრღვეული სნეული სახეა ადამიანთა მოდგმისა, უმწეოდ რომ დარჩენილა დაცემის შემდეგ. დაცემულმა ადამიანმა სულ უფრო მეტად იწყო თავისი ბუნების დამახინჯება, სულ უფრო მეტი გასაქანი მისცა მანკიერ სურვილებსა და ვნებებს, სულ უფრო მიემსგავსა პირუტყვს. აღარაფერი განაშორებდა ცოდვიან ცხოვრებას და არ მიაქცევდა ხელახალი აღმავლობისკენ, სათნო და წმინდა ცხოვრებისაკენ - არც გონების შეგონება, არც სინდისის მხილებანი, არც სინაის მთის საღმრთო მცნებები და არც წინასწარმეტყველთა ქადაგება. საღმრთო მადლის ძალითა და ღვთის მოწყალებით, იესო ქრისტეს რწმენით ადამიანი ცხონებას მოიპოვებს და სულიწმინდის ძალით განმტკიცებულ-გაძლიერებული, ცოდვის წყვდიადიდან საღმრთო ნათელში ბრუნდება, ახალ - სულიერ, წმინდა კაცად შეიქმნება, გაივლის ღვთისსათნო, უბიწო ცხოვრებას და კვლავ სამოთხეში ბრუნდება, ოღონდ არა ქვეყნიურში, არამედ ზეციურში.
განრღვეულის განკურნების ამბავი მოყვასის შეწევნის შესანიშნავი მაგალითიც არის. ხედავთ, რაოდენი გულმოდგინება გამოიჩინეს მოყვასის შეწევნაში სნეულის ახლობლებმა? - რაკი ხალხის სიმრავლის გამო კარიდან შესვლა ვერ შეძლეს, ბანზე ავიდნენ, სნეულიც აიყვანეს და სახლში ზემოდან ჩაუშვეს. დღეს თითქმის ყოველი ჩვენგანი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. როგორ არ ჰგვანან ისინი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ, მეგობრობისა და სიყვარულისთვის შექმნილ ადამიანს! ისინი ვერ გრძნობენ, რომ ერთი ზეციური მამის შვილები არიან, ვერ ხვდებიან, რომ ჭეშმარიტ სიხარულს ადამიანს მკვდარი ლითონის, ფულისა და ქონების ფლობა კი არ ანიჭებს, არამედ მოყვასის სიყვარული, მის სულსა და გულთან თანაზიარობა. ნივთიერ სიკეთეთა ფლობაზე დამყარებული ბედნიერება არც სრულია და არც მტკიცე.
ამ ამბის დასასრულს ნათქვამია, რომ ყველა, ვინც კი განრღვეულის სასწაულებრივი კურნება იხილა, განკვირდა და ადიდა ღმერთი. ჩვენ, ქრისტიანებს, რომელთაც კარგად ვუწყით უფლის ღვთაებრივი ძალა, არ გვიკვირს სასწაული, რამეთუ ღმერთისთვის იგი სავსებით ბუნებრივია, მაგრამ მარადის განვადიდებთ მამასა ჩვენსა ზეცათასა, რომელიც თავისი მოწყალებით სასწაულებს მოგვივლენს და სნეულებასაც კი ცხოვნების წყაროდ გვიქცევს.
ჩვენი საკუთარი ცხოვრებით ვადიდებთ უფალს, და ეს ცხოვრება იმის დასტური უნდა იყოს, რომ ჩვენ ოდენ სახელით კი არ ვართ ქრისტიანები, არამედ საქმითაც. ღმერთის ვერმცნობელნიც, ოდეს იხილავენ ჩვენს თავშეკავებას, კეთილკრძალულებას, მოწყალებას, მტერთა შენდობას, მიცემული სიტყვის ერთგულებას, მოწყალებას, უბოროტობას, ურისხველობას, სიმშვიდესა და თავმდაბლობას და მრავალ სხვა ქრისტიანულ სათნოებას, კვალად განადიდებენ შემოქმედს - თავიანთ ზეციურ მამას.