10 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 13,10-17)
10. და (მას ჟამსა შინა) ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა. 11. და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლის თანა იყო სული უძლურებისაი ათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე ახილვად ყოველითურთ.
12. იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა.
13. და დაასხნა მას ზედა ხელნი და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა.
14. მიუგო შესაკრებელის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათს განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა.
15. მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქვენმან არა აჰხსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი?
16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?!
17. და ამას რაი იტყოდა თავადი, ჰრცხვენოდა ყოველთა წინააღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
რას გვასწავლის უფალი იესო ქრისტეს ამგვარი ქმედება?
უფალ იესო ქრისტეს მაგალითი, როცა შაბათ დღეს სინაგოგაში _ ებრაელთა სამლოცველო სახლში მივიდა, გვასწავლის, რომ კვირას, საუფლო დღეებსა და დღესასწაულებზე ჩვენც უნდა დავდიოდეთ ეკლესიაში. სადღესასწაულო და კვირა დღეებში ქვეყნიურ საზრუნავს მოშორებულები უნდა ვემსახუროთ ღმერთს და საკუთარ სულში ცხოვნების ჭეშმარიტებანი აღვიბეჭდოთ.
პირველ საუკუნეთა ქრისტიანების გულმოდგინება ღმერთის ტაძრისადმი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი დღესასწაულთა წინ, ჯერ კიდევ მწუხრზე, იკრიბებოდნენ ტაძრებში სალოცავად და ღვთის სიტყვის მოსასმენად. ცნობილია იმ დროის ერთი მეტად გასაოცარი მაგალითი. როცა იმპერატორმა ვალენტემ შეიტყო, რომ განსაზღვრულ დღეს ერთ ადგილას ქრისტიანთა დიდი სიმრავლე შეიკრიბებოდა ღვთისმსახურებაზე, პრეფექტს უბრძანა, ყველანი დაეხოცა. კეთილშობილმა პრეფექტმა ფარულად გააფრთხილა ქრისტიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხსენებულ დღეს სამლოცველო ადგილას არათუ ჩვეულებრივზე ნაკლები, არამედ შეუდარებლად მეტი ქრისტიანიც კი მივიდა! ხელმწიფის სასტიკი ბრძანების აღსასრულებლად მიმავალ პრეფექტს გზად ერთი დედაკაცი შემოხვდა ძუძუთა ბავშვით ხელში, რომელიც ისე აჩქარებული გამოსულიყო შინიდან, რომ ჯეროვნად ჩაცმაც ვერ მოესწრო. პრეფექტმა ჰკითხა, საით იჩქარიო. ქალმა მიუგო, ქრისტიანთა შესაკრებელ ადგილას მივდივარო. განა არ გაგიგია, რომ პრეფექტმა იმპერატორის ბრძანებით ყველა იქ შეკრებილი ქრისტიანი უნდა დახოცოსო? ქალმა კი მიუგო: _ სწორედ ამიტომაც მივიჩქარი, რათა მეც სხვებთან ერთად მომკლანო. ჩვილი რაღად მიგყავს თანო, _ გაოცდა პრეფექტი და ასეთი პასუხი მიიღო ახალგაზრდა დედისაგან: _ იმისთვის, რომ იგიც ღირსი შეიქმნას მოწამეობისაო.
დღეს წაკითხულ სახარებაში კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითია _ მაცხოვარმა შაბათს, ღმერთისათვის მიძღვნილ დღეს განკურნა სნეული დედაკაცი. ეს გარემოება ჩვენც აღგვძრავს, რომ დღესასწაულები და კვირა დღეები, სხვა კეთილი საქმეების გარდა, ქრისტიანული მოწყალებისა და სიყვარულის საქმეთა აღსრულებას მივუძღვნათ.
ძველი ქრისტიანების შესახებ ასევე ცნობილია, რომ სადღესასწაულო დღეებში, ჩვეულებრივ, ისინი სნეულთ და ტუსაღთ მოინახულებდნენ და ცდილობდნენ, შეემსუბუქებინათ ხვედრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად სახიფათოც იყო.
როგორ გავიგოთ უფლის მხილება შესაკრებელის მთავრისა?
უფლის მიერ შესაკრებელის მთავრის მხილება გვასწავლის სიმართლის დაუფარავად თქმას, სჯულიერების ნიღბით დაფარული სიცრუის მხილებას, რომელიც სხვადასხვა ხრიკით ცდილობს ფონს გასვლას. დღეს ბევრი ვერ ბედავს სიცრუის, უსამართლობის მხილებას და გამოაშკარავებას იმის შიშით, რომ უსიამოვნებას არ ეწიონ და სხვათა თავმოყვარეობა არ შელახონ. ბევრი ზურგსუკან ლაპარაკობს მოყვასის ნაკლოვანებებსა და მანკიერებებზე, პირში კი აქებ-ადიდებს მას. მრავალთათვის წესად ქცეულა, ერთი იფიქროს, სხვა თქვას, ანდა პირიქით, ერთს ამბობდეს და სხვას ფიქრობდეს.
რა დატვირთვა აქვს ავადმყოფ დედაკაცს?
სახარებაში გამოსახული დაკრუნჩხული ქალი ცოდვისაგან მოწყლულ კაცობრიობას გამოსახავს, ყველა ჩვენგანს აღნიშნავს, ცოდვისაგან და ეშმაკისაგან დაკრუნჩხულ ჩვენს სულს! ვინ იცის, რა ბედი ელოდა ჩვენს სულს, მაცხოვარი რომ არ მოსულიყო ამქვეყნად კაცთა მოდგმის სახსნელად ეშმაკისა და ბოროტი ვნებების მიმძლავრებისაგან!
17 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 14,16-24)
16. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე ყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა.
17. და წარავლინა მონაი თვისი ჟამსა პურისასა, რაითა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი.
18. და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულცა ვარ შენგან.
19. და სხვამან თქვა: უღლეული ხართაი ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულცა ვარ.
20. და მერმე სხვამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ხელ-მეწიფების მოსლვად.
21. და მოვიდა მონაი იგი და უთხრა ესე უფალსა თვისსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თვისსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოხადე აქა.
22. და თქვა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაი შენი, და ადგილი არსღა.
23. და ჰრქუა უფალმან მან მონასა თვისსა: განვედ გზად ზედა და ფოლორცთა და აიძულე შემოსლვად, რაითა აღივსოს სახლი ჩემი.
24. ხოლო გეტყვი თქვენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოი იხილოს სერობისა ამის ჩემისაი, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი _ რჩეულ.
ვინ იგულისხმებიან დიდ პურობაზე მოწვეულებში?
უფლის მიერ ნათქვამ იგავში დიდ პურობაზე მოწვეულთა შესახებ იგულისხმებიან იუდეველები, მაგრამ იგი ჩვენც, ქრისტიანებსაც, შეიძლება გვეხებოდეს, რომლებმაც შევცვალეთ ებრაელი ერი ღმერთის მეუფებაში. ახლაც, მას შემდეგ, რაც უკვე განგვათავისუფლა ეშმაკის ხელმწიფებისაგან, ღმერთი არ წყვეტს ჩვენს მოწოდებას თავისი დიდების მეუფებაში _ საუკუნო ნეტარების სავანეში, და იქმს ამას თავისი საღმრთო სიბრძნის, ყოვლადძლიერების და მოწყალების ყველა საშუალებით.
უფალი გვირეკს ჩვენს გულთა კარებზე ხან მშვიდი ხმით თავისი სიყვარულისა, მოწყალებისა და მრავალმოთმინებისა, ხანაც მტკიცე ხმით მწუხარებებისა და უბედურებებისა. მივდივართ კი უფლის ამ მომწოდებელ ხმაზე? თუ ქვეყნიური საზრუნავით დაკავებულნი ზურგს ვაქცევთ ამ მოწოდებას? გვეშინოდეს, რომ ჩვენ, ძენი სასუფევლისანი, რომელნიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად ვხმობთ, მაგრამ თავი მოგვაქვს ოდენ ამპარტავნებით და გარეგანი კეთილშობილებით, გაძევებულნი არ ვიქნეთ გარესკნელში, უკუნ წყვდიადში, სადაც იქნება ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.
მოგზაური კაცი არ იტვირთავს თავს ზედმეტი ბარგით, დიდხანს არ აკვირდება გზაში სასიამოვნო სანახაობებს უცხო მხარეში, არც ერთ ადგილას იმაზე მეტხანს არ ჩერდება, რაც დასვენებისთვისაა აუცილებელი. ამგვარადვე იქცევა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანიც, რომელიც თავის ჭეშმარიტ, ზეციურ სამშობლოს ეძიებს.
ეს იგავი იმასაც განგვიცხადებს, რომ ადამიანებს თავიანთი ცოდვიანი ქმედებების გამართლება სხვადასხვა მიზეზით უყვართ და რომ ღმერთის თვალში ამ, გარეგნულად ვითომცდა კეთილსახიერ მიზეზებს ძალზე კნინი მნიშვნელობა აქვთ (მუხლები 18-24). ამქვეყნად კაცს ვერ ნახავთ, ცოდვათა გამო თავის გამართლება არ სურდეს. მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ ეს ამაო თავის მართლებაა.
რომელიმე ქვეყნიურ მეფეს რომ მიეწვიე სამეფო დარბაზებში, დაგპირებოდა სიმდიდრეთ, პატივს, სამეფო ღირსებას, თანაზიარობას მეფობაში, განა უგულებელყოფდი ამგვარ მოწოდებას და გაიმართლებდი თავს უძლურებით, სხვადასხვა დაბრკოლებითა თუ საცთურებით ან რაიმე სხვა მიზეზით?! არამც და არამც! მაშასადამე, ჩვენ სწორედ იმით ვიმართლებთ თავს ღმერთის მოწოდებაზე უარის თქმისას, რასაც სიხარულით აღვასრულებთ ქვეყნიური დროებითი სიამტკბილობის მისაღებად.