19 ნოემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 8,26-39)
"26. და (მას ჟამსა შინა) განვიდეს (იესუ და მოწაფენი მისნი) სოფელსა მას ღადარინელთასა, რომელ არს წიაღ კერძო გალილეასა.
27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქვეყნად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისაგან, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფვოდა, არამედ საფლავებსა.
28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღადყო და შეუვრდა ფერხთა მისთა და ხმითა დიდითა იტყოდა: რაი ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალგზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკრველითა და სცვედ და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30. ჰკითხა მას იესუ: რაი არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა;
31. და ევედრებოდეს მას, რაითა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაი.
32. და იყო მუნ კოლტი ღორთაი მრავალი, მძოვარი მთასა ზედა. და ევედრებოდეს მას, რაითა უბრძანოს მას, ღორებსა მას შესლვაი. და თავადმან უბრძანა მათ.
33. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუისა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერხთა თანა იესუისთა, და შეეშინა.
36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაი მის ღადარინელთაისაი, რაითა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაითა იყოს მის თანა, ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მისთვის იესუ".
რას გვასწავლის საკითხავი ღადარინელი ბოროტეშმაკეულის განკურნების შესახებ?
პირველ ყოვლისა, ეს სახარება შეგვახსენებს, რომ ჩვენც, მსგავსად ბოროტეშმაკეულისა, ვნებებისადმი მსახურებით ეშმაკისმიერ საცთურთა და მანქანებას ვართ დამორჩილებულნი, რომელნიც გაგვაუბედურებენ (მუხლი 27). და მართლაც, ზოგიერთ ჩვენგანს მრისხანების დემონი ჰყავს არსებაში, მეორეს - ეგოიზმის ეშმაკი, მესამეს - შურისა, სხვას - ამპარტავნებისა თუ მზვაობრობისა, კიდევ სხვას - სიცრუისა ან ხორციელი ტკბობისა, ფუფუნების სიყვარულისა, ვერცხლისმოყვარეობისა, მცონარებისა და ა.შ.
რატომ იქცევიან ასე ღადარინელები?
დღევანდელ სახარებაში ჩვენს ყურადღებას იქცევს ღადარინელთა უცნაური საქციელი, რომელთაც, ნაცვლად იმისა, რომ გახარებოდათ წმინდა საკვირველმოქმედის ყოფნა მათ ქვეყანაში, სთხოვეს უფალ იესოს, წადი, განგვეშორეო! (მუხლი 37). აი, ცხადი გაფრთხილება ჩვენთვის, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხორციელ, გრძნობისმიერ ცხოვრებას მიკრობამ. ჩვენც, ღადარინელთა მსგავსად, ზოგჯერ იმ ზომამდე მივეჩვევით ხოლმე ამგვარ ცხოვრებას, რომ გულში სიცივე, გულგრილობა ისადგურებს ყოველივე იმისადმი, რაც ჩვენს ნივთიერ მოთხოვნილებებს აღემატება, რაც სულიერია. და მაშინ სულის ის მოჩვენებითი მოსვენება შეგვიყვარდება ხოლმე, რომელიც სინამდვილეში მისი გაქვავების, კვდომის დასაბამია. ამიტომაც გვსურს ხოლმე, რომ უფლის გამოცხადება, მოსვლა ჩვენთან აღარ გაგრძელდეს, და ისე, რომ არც კი გამოვიძიებთ მისი მოსვლის მიზანს, ღადარინელთა მსგავსად, ვევედრებით, წავიდეს ჩვენგან ეს უხილავი, მაგრამ საშინელი სტუმარი, რათა ყველაფერი ძველ მდინარებას დაუბრუნდეს. ასე ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩარჩენილნი არიან იმ ხორციელ ცხოვრებაში, რომლის მთელი მიზანიც მხოლოდ ქვეყნიური შესაძლებელი სიმშვიდითა და კეთილდღეობით შემოიფარგლება.
რა სახეცვლილება მოხდა განკურნებულში?
ჩვენს ყურადღებას იპყრობს განკურნებული ღადარინელი ბოროტეშმაკეულის მოქმედება მისი სასწაულებრივი გათავისუფლების შემდეგ: იგი უფალს მიეკრობა და სურს, მარადჟამს მასთან იყოს, მერმე კი, მოისმენს რა მის ნებას, მიდის და მთელ თავის ქალაქსა და სხვა ქალაქებსაც უქადაგებს იმ კეთილმოქმედების შესახებ, რომელიც მას უფალმა იესომ უყო. კეთილისმოქმედი თავისკენ მიიზიდავს მას, მისი ნება კანონად იქცევა მისთვის და განკურნებულის ენასაც უკვე აღარ ძალუძს შეჩერდეს და არ იუწყებოდეს ყველას გასაგონად, თუ რა დიდი წყალობა მიიღო უფალ იესოსგან. ამრიგად, ჩვენ, ქრისტიანებს, მარადის რომ გვახსოვდეს ყველა ის სიკეთე, რომლებიც უფლისაგან მიგვიღია და ვიღებთ, მაშინ აღარ იქნებოდნენ უმადურნი, მისი წმინდა ნების დამარღვეველნი, და ყველას ყველაზე მეტად გვეყვარებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
26 ნოემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 8,41-56)
"41. და (მას ჟამსა შინა) აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაი. და დავარდა ფერხთა თანა იესუისთა და ევედრებოდა მას, რაითა შევიდეს სახლსა მისსა.
42. რამეთუ ასული მარტოი ესვა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროითა სისხლისაითა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დაცხრა წყაროი იგი სისხლისა მისისაი.
45. და თქვა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღვარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყვი: ვინ შემახო მე?
46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი განსრული ჩემგან.
47. და იხილა რაი დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას, და რომლისა ბრალისათვის შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!
49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთავრისაი მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღვარსა.
50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
51. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაი და დედაი მის ყრმისაი.
52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ხელი ყრმისაი მის და ხმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა, და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი.
56. და განუკვირდებოდა მამა-დედათა მისთა, ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან საქმე იგი".
რა შეიძლება გავიგოთ ამ სახარებიდან?
პირველი ის, რომ იაიროსის ასულს სიკვდილი ემუქრებოდა ადრეულ სიყრმეში. ასეთი ხვედრი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოელოდეს. ჩვენც შეიძლება ნებისმიერ დროს, თვით ახალგაზრდობაშიც, სიკვდილის წინაშე აღმოვჩნდეთ (მუხლი 49). ამიტომაც ყოველ ჟამს, ყოველ წუთს ჩვენი ცნობიერებისთვის მახლობელი უნდა იყოს ეს ჭეშმარიტება: ჩვენ უნდა განვემზადებოდეთ სიკვდილისათვის, ვფიქრობდეთ სიკვდილზე. ნურავინ დაამყარებს იმედს თავის ახალგაზრდობაზე. მოხუცნი უნდა მოკვდნენ, მაგრამ ახალგაზრდანიც შეიძლება გარდაიცვალონ.
მეორე ის, რომ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, არასდროს არ უნდა მიიჩნევდეს მას უიმედოდ (მუხლი 44). ყოველგვარი სასოწარკვეთა და სულმოკლეობა - ღმერთის დიდებულებისა და ყოვლისშემძლეობის შეურაცხყოფაა. არ არსებობს ისეთი მწუხარება, რომლის განკურნებაც ყოვლადძლიერსა და ყოვლადმოწყალე უფალს არ შეეძლოს. და სწორედ იქ განცხადდება უპირატესად მისი ძალა, სადაც სხვა არანაირ ძალას არ ძალუძს ტანჯულის ხსნა.
რას ნიშნავს მაცხოვრის "ფესუთ" შეხება?
სისხლმდინარი დედაკაცის მაგალითიდან ჩანს აგრეთვე, თუ საკუთრივ რაში მდგომარეობს ჩვენს მიერ წმინდა ხატებისა და წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემა (მუხლები 43-44). როცა უფლის შესამოსლის "ფესუთ" - ფოჩებს შეეხებოდა, სისხლმდინარი დედაკაცი არ განაღმერთებდა იესოს შესამოსელს, არამედ მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ყოვლადძლიერების მიმართ თავის რწმენას გამოხატავდა. ამის მსგავსად, ჩვენც, ქრისტეს მორწმუნენი, წმინდა ეკლესიის წინამძღვრობით ვეთაყვანებით წმინდა ხატებს, მოწიწებით მივეახლებით წმინდანთა ნაწილებს და ნეშტთ ღმერთის სათნომყოფელი ადამიანებისა, პატივ-ვჰყოფთ ყოველივე იმას, რაც კურთხეულ-განწმენდილია ეკლესიის მიერ. ასევე, წმინდა ხატების, წმინდანთა ნაწილებისა და სხვა საეკლესიო სიწმინდეთა თაყვანისმცემლებისთვის ისინი ერთგვარ მეგზურებად შეიქნებიან ხოლმე საღმრთო მადლისაკენ, რომელიც საკვირველად კურნავს მრავალ, ბუნებრივი საშუალებებით განუკურნავ სნეულებასა და უძლურებას, დიდად ანუგეშებს მწუხარებით დათრგუნულთ და უბედურებით შემუსვრილთ.
რას ნიშნავს მაცხოვრის სიტყვები: "არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს"?
მაცხოვრის სიტყვები - "ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს" (მუხლი 52) - გვაიძულებს სიკვდილის სახე დავინახოთ ძილში. და მართლაც, როგორც დაძინება მოსდევს ქვეყნიურ შრომათაგან დაღლილობას სხეულისა, ასევე სიკვდილიც გვეწვევა ხოლმე სიცოცხლისეულ ძალთა ამოწურვის შემდგომ და დაამთავრებს მთელ ქვეყნიურ საქმიანობას. და როგორც ძილია სასიამოვნო დღიურ შრომათა შემდგომ, ასევე საამურია ხოლმე სიკვდილიც ჩვენი ქვეყნიური მოვალეობების კეთილსინდისიერად აღსრულების შემდეგ. მაგრამ ესეც ცოტაა: ძილი არის სიკვდილის სახე იმიტომაც, რომ ის მხოლოდ სხეულებრივ ძალთა მოქმედებას წყვეტს, სული კი განაგრძობს მოქმედებას; ასევე სიკვდილსაც მხოლოდ სხეულზე აქვს ხელმწიფება, ხოლო სულის ცხოვრება არ წყდება მისი მოსვლით.
დაბოლოს, ის გარემოება, რომ იაიროსის მკვდარი ასული უფლის სიტყვით მკვდრეთით აღდგა და განცოცხლდა (მუხლი 55), იმ ჭეშმარიტების დადასტურებად გვემსახურება, რომ ჩვენს სიკვდილსაც აღდგომა მოჰყვება; რომ სიკვდილით კი არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე, არამედ მისით მხოლოდ იწყება დაუსრულებელი, უკვდავი ცხოვრება. ამ ჭეშმარიტებას თვით უფალიც გვიდასტურებს: "ამენ, ამენ, გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდნენ... და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი - აღდგომასა სასჯელისასა" (იოანე 5:25,29).