8 ოქტომბერს წასაკითხი სახარება (მათე 15,21-28)
21. და (მას ჟამსა შინა) წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა.
22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისაო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყვაი. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ.
24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისასა.
25. ხოლო იგი მოუხდა და თაყვანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!
26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.
27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა.
28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა: ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
დღევანდელი სახარებიდან, უპირველეს ყოვლისა, ის ჭეშმარიტება განგვეცხადება, რომ მწუხარებანი და უბედურებანი გვასწავლიან, ვილოცოთ უფლის წინაშე და გული ჩვენი მისკენ მივმართოთ ვედრებით (მუხლი 22). შემოქმედი უბედურებასა და ტანჯვას ჩვენი სულიერი სრულყოფისთვის იყენებს - როგორც დედა ასწავლის სიარულს თავის ყრმას, ასევე გვასწავლის მაცხოვარი თავის რწმენას.
ქანანელი დედაკაცის ასულის განკურნების ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ წმინდანნი, ვითარცა ღმერთთან უფრო ახლოს მყოფნი, გვშუამდგომლობენ და მეოხ-გვეყოფიან მის წინაშე (მუხლი 23). "შენც გყავს მოყვასნი, რომელთაც შეუძლიათ, შენნი მეოხმყოფელნი გახდნენ, - ამბობს წმინდა ამბროსი, - ეს მოყვასნი არიან მოციქულნი და წმინდა მოწამენი, ოღონდ მხოლოდ მაშინ გიშუამდგომლებენ უფლის წინაშე, თუკი შენც ჯეროვან პატივს მიაგებ მათ და მიუახლოვდები, მიემსგავსები მოწყალებით, იმიტომ, რომ მოყვასი არის ის, "რომელმან ყო წყალობაი" ყოველი შეჭირვებული და განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ (ლუკა 10:37). ამიტომაც წმინდა იოანე ოქროპირი ყველას შეგვაგონებს, წმინდანთა მეოხმყოფელობას მივმართოთ და იმასაც მოითხოვს, რომ ასეთი მიმართვა, მისივე ქმედითობისთვის, შერწყმული იყოს ჩვენსავე შეუნელებელ ძალისხმევასთან სულიერ-ზნეობრივი წარმატების მისაღწევად. "წმინდანთა ლოცვებს უდიდესი ძალა აქვთ, - ამბობს იგი, - ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა თვითონაც ვინანიებთ ცოდვებს და გამოსწორების გზას ვადგავართ".
რა განსაკუთრებული თვისება გამოამჟღავნა ვედრებისას ქანანელმა დედაკაცმა? რითი შეძლო მან უფლისთვის გულის მოლბობა?
- ჯერ ერთი, მისი ყოვლადძლიერების მტკიცე და შეუეჭვებელი რწმენით, რაც თავად უფალმაც დაამოწმა, როცა უთხრა: "დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენიო"; მეორე - მოთმინებითა და ლოცვა-ვედრებისას მოუღლელობით, რისი მეოხებითაც იგი არ შეუშფოთებია იესოს გარეგნულ უყურადღებობას მის მიმართ; მესამე - თავმდაბლობითა და მორჩილებით, როცა შეურაცხყოფად არ მიიღო ძაღლთან დამამცირებელი შედარება. ჩვენც ვეცადოთ, შევიძინოთ ეს თვისებები, თუ გვსურს, ჩვენი ლოცვა-ვედრება შეისმინოს უფალმა. ეს იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ღმერთს გული მოვულბოთ და, ასე ვთქვათ, ვაიძულოთ წყალობა მოგვანიჭოს, არამედ იმისთვის, რომ მოთმინებისა და განუწყვეტელი ლოცვა-ვედრების გზით ჩვენივე თავი განვამტკიცოთ კეთილ სასოებაში და მოვიმკოთ ამ სათნოების კეთილი ნაყოფი. ამიტომაც არის, რომ უფალი ზოგჯერ უმალვე არ შეისმენს ჩვენს ლოცვა-ვედრებას, მაგრამ საბოლოოდ უთუოდ შეგვისრულებს სათხოვარს, თუკი ჩვენც მოუკლებელად ვილოცავთ და შევევედრებით. უფლის წინაშე შეწევნის მაძიებელმა უნდა დაიმდაბლოს და მორჩილ-ჰყოს, არარად შერაცხოს საკუთარი თავი. წმინდა ისააკ ასური გვასწავლის: "როცა ღმერთის წინაშე წარდგები ლოცვით, ჭიანჭველას ემსგავსე გონებით, მიწაზე მხოხავ პირუტყვს, მოტიტინე ჩვილ ყრმას".
დაბოლოს, დღევანდელი სახარება გვიმოწმებს ერთურთისათვის ლოცვის უდიდეს სარგებლობას (მუხლები 25-28). ქანანელი დედაკაცი თავისი ასულისთვის ილოცვიდა, მისთვის ევედრებოდა უფალს და სნეულმაც დედის ლოცვით მიიღო სასწაულებრივი განკურნება.
ამრიგად, განვეშოროთ მცირედმორწმუნეობას, რომელიც ზოგჯერ შეგვიპყრობს ხოლმე და ქრისტეს გვაშორებს; განვაგდოთ ჩვენგან მცირედმორწმუნეობა და ღრმა თავმდაბლობასა და მორჩილებაში მაცხოვრის წინაშე ქვე-დავემხოთ.
15 ოქტომბერს წასაკითხი სახარება (ლუკა 5,1-11)
1. და (მას ჟამსა შინა) იყო ვითარ ერი დაესხმოდა მას სმენად სიტყვასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მას ტბისასა, ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქვეყანით შე-რე-დგინებაი მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
4. და ვითარცა დასცხრა სიტყვად, ჰრქუა სიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქვენი ნადირობად.
5. მიუგო სიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაი მოვიღეთ, ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე.
6. და ესე რაი ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.
7. და წამს-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაითა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
8. და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუხლთა იესუისთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!
9. რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.
10. ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.
11. და გამოადგინეს ნავი იგი ქვეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
"მოძღვარო! მთელი ღამის განმავლობაში ვთევზაობდით, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ", - ასე აუწყა დამწუხრებულმა სიმონ-პეტრემ მაცხოვარს. იესოს გამოჩენამდე ის და მისი ამხანაგები უნაყოფოდ დაშვრნენ, ხოლო როცა უფლის სიტყვითა და კურთხევით კიდევ ერთხელ გადააგდეს ბადე, თევზის უდიდესი სიმრავლე ამოჰყვა მას (მუხლი 6). ეს ცხოველი გაკვეთილია ჩვენთვის, რომ ყოველ საქმეს ლოცვით ვიწყებდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რათა ჩვენი შრომა წარმატებით დასრულდეს. და თუკი ყურადღებით გადავავლებთ თვალს ჩვენს წარსულს და აწმყოსაც საღად განვსჯით, ნათლად დავინახავთ, რომ როცა ღვთის წინაშე ლოცვითა და სასოებით დავშვრებოდით, მისი შეწევნით, საქმეები კარგად მიგვდიოდა, ხოლო როცა მეტისმეტად თავდაჯერებულნი და წარმატებაში დარწმუნებულნი ვყოფილვართ, ჩვენი ძალისხმევა წარუმატებელი გამომდგარა.
კვალად, ყურადღების ღირსია პეტრე მოციქულის სიტყვებიც - როცა მაცხოვარმა უბრძანა, ხელახლა ჩაეგდოთ ბადე, პეტრემ მიუგო: მოძღვარო, მართალია, მთელი ღამე ამაოდ დავშვერით და ვერაფერი მოვინადირეთ, მაგრამ რაკი ასეთია შენი ნება, კიდევ ვცდითო - "სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე" (მუხლი 5). რომელი გრძნობით ხელმძღვანელობდა ამ დროს პეტრე? - ცხადია, უფლისადმი უსიტყვო მორჩილებით, რასაც საფუძვლად ედო მისი ღრმა რწმენა ყოვლადსახიერი ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივი ძალისა და მისი ბრძანების სიწმინდის მიმართ. ჩვენც სწორედ ამგვარი გრძნობებით უნდა ვიყოთ აღვსილნი მარადის და მარად და მარად განვიძლიერებდეთ მათ საკუთარ არსებაში, რათა მშვიდობიანად და წარმატებით განვასრულოთ ცხოვრების გზა, რათა ვიდრე ვარსებობთ და ვვალთ ამა მიწაზე, ყოველთვის წარმატებული იყოს მასზე ჩვენი მსვლელობა.
განა რას მიიღებდა მოციქული პეტრე, მთელი ღამის მძიმე შრომა რომ მოემიზეზებინა, ეთქვა, უძინარი ვარ, მოსვენება მჭირდებაო?! თანაც, როგორც გამოცდილ მეთევზეს, თევზჭერისთვის არახელსაყრელ დროზე მიეთითებინა და უფლის სიტყვისაებრ აღარ გადაეგდო ზღვაში ბადე? - ხელცარიელი დარჩებოდა, ვერც უფლის წმინდა ბაგეთაგან გაიგონებდა უტკბეს სიტყვებს და ვინძლო ვეღარც იმის ღირსი შექმნილიყო, რომ სამოციქულო დასში ყოფილიყო მოწოდებული. ასევე ჩვენც, თუკი მოთმინებით აღსავსე მორჩილებით არ ვიქნებით შემოსილნი და მთლიანად არ მივანდობთ თავს უფლის ნებას, ნამდვილად დავკარგავთ ჩვენს კეთილ საზღაურს უფლის წინაშე, თუნდაც მისნი მორწმუნენი ვიყოთ; ჩვენს მერყევ და ეჭვებით განმსჭვალულ ლოცვა-ვედრებას არამც და არამც არ შეისმენს მაცხოვარი.
დაბოლოს, ყურადღება მივაპყროთ, როგორ იქცევა, რას ამბობს და რას გრძნობს მოციქული პეტრე სასწაულებრივი თევზჭერის შემდეგ. ადამიანური საწყაულით თუ განვსჯით, სიხარულსა და კმაყოფილებას უნდა აღევსო საბრალო მეთევზის გული ამ იღბლიანი და საკვირველად უხვი თევზჭერის გამო და სიხარულითა და მადლიერებით აღსავსე სიტყვებად დაღვრილიყო უფლის წინაშე. მაგრამ არა, ასეთი არაფერი გაისმის მის ნათქვამში. საკუთარი ცოდვების თავმდაბლური, მორჩილი შეგნება და საკუთარი უღირსობის გაცნობიერება უწმინდესი სასწაულმოქმედის გვერდით - აი, რა გრძნობები გამოსჭვივის მოციქულის მგზნებარე სიტყვებში (მუხლი 8). ჩვენ კი, ცოდვილნი ესე, როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევებში?! რაოდენ ხშირად ხდება, როცა ცათაგან მომადლებული წყალობა ღმრთისა კი არ აღავსებს ამა სოფელში ბედნიერად მცხოვრები ადამიანის სულსა და გულს, არამედ თვითკმაყოფილება რაღაცის ფლობის გამო და ანგარებიანი მისწრაფება მეტის შეძენისა და სიამოვნების მიღებისკენ!