გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
პეტრე შეიცნობს მაცხოვარს ძე ღვთისად
ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?" მათ უთხრეს: ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგმა - ელიააო და ზოგმაც - იერემიაა ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო. მაშინ მაცხოვარმა იკითხა: თქვენ რას იტყვით, ვინ ვარ მე? პასუხად კი სიმონ-პეტრემ მიუგო: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა". იესო კი პასუხობს: "ნეტარ ხარ შენ სიმონ, იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა სისხლმა და ხორცმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. მე გეუბნები შენ: შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი; მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც". უფალმა გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა. ამის შემდეგ იესომ დაიწყო გამხელა თავისი მოწაფეებისთვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლული ყოფილიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. პეტრემ გაიხმო იესო და უთხრა: "შეიწყალე თავი, უფალო!" იესომ კი უთხრა: "მომცილდი, სატანავ! საცდურ ჩემდა ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია". (მათე 17,13-23; მარკოზი 8,27-30; ლუკა 9,18-22) - ფილიპეს კესარიისკენ მიმავალი მაცხოვრისა და მისი მოწაფეების საუბრიდან ჩანს, რომ მოციქულებმა უკვე იციან, რასაც ხალხი ამბობს, არ არის სწორი, ანუ მათი მოძღვარი არ არის არც იოანე ნათლისმცემელი და არც მკვდრეთით აღმდგარი რომელიმე წინასწარმეტყველი. აქედან ჩანს, რომ რასაც უფალი მთელი ამ ხნის განმავლობაში ასწავლიდა მოციქულებს, მათში უკვე შედეგი გამოიღო, მოციქულები თვითონ მიდიან ჭეშმარიტებამდე და პეტრე ყველა მოციქულის პირით მიუგებს, - შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა. ამის საპასუხოდ უფალი მიმართავს პეტრეს: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო... რატომ ეუბნება უფალი პეტრეს ამ სიტყვებს? - იმის გამო, რომ მან შეიცნო განკაცებული ღმერთი, შეიცნო, რომ მის წინაშე იდგა მესია, მხსნელი. არა მარტო პეტრეს აზრი იყო ეს, არამედ ყველა მოციქულისა, რადგან ვიცით, რომ უფალი ყველა მოციქულს მიმართავს კითხვით, - თქვენ ვინ გგონივართ მე? ცხადია, ყველა ერთად ვერ უპასუხებდა, პეტრე კი, როგორც უხუცესი მოციქულთა შორის და ყველაზე მხურვალე ქრისტეს სიყვარულში, მიუგებს პირველი: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა", ხოლო როდესაც უფალი საპასუხოდ მიუგებს პეტრეს, - შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე დავაშენებ ჩემს ეკლესიასო, კლდეს უწოდებს არა პეტრეს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისადმი, ე.ი ეკლესიაი ჩემი ავაგო არა პეტრეზე, არამედ ამ სარწმუნოებაზე, რომ ქრისტე არს ძე ღვთისა. სწორედ ამ სარწმუნებაზე იყო აგებული მოციქულების პირველი ქადაგებები და მასზე იქნა დაშენებული, აგებული ქრისტეს ეკლესია - ღვთის განკაცების საიდუმლოებაზე, იმაზე რომ იესო, რომელიც მოვიდა ოცი საუკუნის წინ, არის ძე ღვთისა, ის რომელმაც გამოიხსნა მთელი კაცობრიობა ჯოჯოხეთის წყვდიადისაგან, სწორედ ეს სარწმუნოება, ამის რწმენა არის კლდე. ამ სარწმუნოებაზეა აგებული ყველა ეკლესიური სწავლება და თავად ადამიანების გამოხსნაც ამაზეა აგებული.
- რას გულისხმობს პეტრე მოციქული, როდესაც მაცხოვარს მიუგებს: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა"? ვიცით, რომ მან ადრეც წარმოთქვა ეს სიტყვები უფლისადმი...
- არა მარტო პეტრემ, მოწოდების დროს ნათანაელმაც უთხრა მაცხოვარს, - შენ ხარ ძე ღვთისაო, მაგრამ ეს აღიარება მოციქულებისა, უკვე არის ახლებური აღიარება იმ აღიარებებთან შედარებით როგორითაც ადრე აღიარებდნენ მოციქულები უფალს, თუმცა მოციქულთა აზრები, მათი გონება ჯერ კიდევ არ არის ასული ღვთისმეტყველების იმ დონეზე, რომ თავიანთ მოძღვარში შეიცნონ განკაცებული ღმერთი, რა თქმა უნდა, მათ შეიცნეს, რომ იესო არის მხსნელი, ის არის ძე ღვთისა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან, რომ სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი განკაცნა და ხორცი შეისხა. შემდგომში, რაც უფრო მაღალ საფეხურებზე ადიოდა მოციქულთა სულიერი ხედვა, უფალი უფრო მეტსა და მეტს განუცხადებდა მათ. მოციქულებისთვის ამ სწავლების, ღვთის განკაცებისა და ხორცშესხმის საიდუმლოს საბოლოო განცხადება (იმ დოზით, რისი დატევნის უნარიც ადამიანის გონებას შესწევს) მოხდა, როდესაც მათზე სულიწმიდა გარდამოვიდა და უკვე სულიწმიდა განაბრძნობდა მათ ჭეშმარიტების შესაცნობად. ამ დროს კი კიდევEერთი ნაბიჯი გადადგეს იმ საიდუმლოს შესაცნობად, რომელიც უფალმა ადამიანთა სახსნელად აღასრულა.
- შემდეგ უფალი პეტრეს ეუბნება: მოგცემ მე შენ ცათა სასუფევლის კლიტეებს და რასაც შეკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიცო. რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები?
- უფალი ამ სიტყვებს ეუბნება ყველა მოციქულს და მათი სახით ეკლესიას, ანუ ცათა სასუფევლის კლიტეები მიცემულია მოციქულებისა და მათი მემკვიდრეების, ეკლესიის მსახურთათვის, ღვთისმსახურთათვის, ანუ ღვთისგან ცოდვათა გახსნის ხელმწიფება მიცემული აქვთ მოციქულებს, მოციქულებიდან კი მათ მემკვიდრეებს - მღვდელმთავრებს და სასულიერო პირებს, რათა ადამიანები მიიყვანონ უფალთან, ადამიანებმა იცხოვრონ ქრისტიანულად და შეინანონ თავიანთი ცოდვები. არსებობენ მიმდინარეობები და ცალკეული პიროვნებებიც, რომლებიც თვლიან, რომ თვითონ, საკუთარი ძალისხმევით შეუძლიათ თავის გადარჩენა, ამბობენ, - მე მწამს უფალი, მაგრამ უფალთან მისასვლელად, სასუფეველში მოსახვედრად ეკლესია და სასულიერო პირები არ მჭირდება. ეს რომ ასე იყოს, უფალი არ განკაცდებოდა და არ მოვიდოდა ხორციელად, არც ეკლესიას დააწესებდა. ამის მაღიარებელი ადამიანი ფაქტობრივად ამბობს, რომ უფლის მსხვერპლმა ტყუილა ჩაიარა. სახარების ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ამხელს ამგვარად მოაზროვნე ადამიანებს.
ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ღვთის მცნებებს აღასრულებს, მისთვის გახსნილია სასუფევლის ბჭეები და სასუფეველში დაიმკვდრებს. შეუძლებელია სასუფეველში სხვა გზით შესვლა, თუ არა ეკლესიისა და ღვთისმსახურთა მეშვეობით. სახარებაში უფალი სხვა ადგილას გვეუბნება, ვინც კარით შევა, მწყემსია კეთილი, ხოლო ვინც სხვა გზით შევა, მპარავია და ავაზაკი. ვინც ფიქრობს, რომ ეკლესიური ცხოვრების გარეშე, მოძღვრის გარეშე შეძლებს ცხონებას, მოტყუებულია ეშმაკის მიერ. სხვა კარი, თუ არა ეკლესიისა, სასუფეველში შესასვლელად არ არსებობს.
საერთოდ, სასუფევლის კლიტეები, ანუ ბჭეები არის ეკლესიები. ღვთის კურთხევით ეს ბჭეები სწორედ მოციქულებმა გაუხსნეს ადამიანებს, - მოციქულებმა დაიწყეს ეკლესიების დაარსება, ანუ მათ შექმნეს ბჭეები, ის კარიბჭეები საიდანაც შეიძლება საუფეველში დამკვიდრება. ეს კარიბჭეები გახსნილია ყველასთვის, ეკლესია არავის უკეტავს სასუფევლისკენ მიმავალ გზას, მაგრამ სასუფეველში შევა ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ეკლესიურ მცნებებს აღასრულებს. მოციქულებმა თავიანთი ცხოვრებით და ქადაგებით გვასწავლეს რა აღებს სასუფევლის კარს და რა კეტავს მას, - ღვთის მცნებების აღსრულება, განკაცებული ღვთის რწმენა, სარწმუნოება არის სასუფევლის კლიტე, რომელიც აღებს მას, ხოლო სასუფეველი დახშული რჩება მათთვის, ვისაც ეს სარწმუნოება არა აქვს და ღვთის მცნებებს არ აღასრულებს.
- რატომ აფრთხილებს უფალი მოციქულებს, არავისთვის ეთქვათ, რომ ის ქრისტეა?
- რადგან ჯერ თავად მოციქულებიც არ იყვნენ სულიერად ასულნი იმ დონეზე, რომ მინიმალურად მაინც შეეცნოთ მაცხოვრის განკაცების საიდუმლოება, მით უმეტეს, არ იყო ამ დონეზე იუდეველთა სულიერი ხედვა და კიდევ უფრო უარეს ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყვნენ ისინი თითქოსდა მათთვის ამ ახალი სწავლების მოსმენით, ამიტომაც აფრთხილებს მაცხოვარი მოციქულებს. ჩვენ ვიცით, რომ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ უფალი პირიქით ეუბნება მოციქულებს, - წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნიო, რადგან უკვე დადგა დრო, რომ ადამიანები მიიღებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას...
- შემდეგ უფალი მოწაფეებისთვის იწყებს აშკარა უწყებას ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ...
- რადგან მოციქულებმა უკვე შეიცნეს, რომ მათ წინაშე იყო ძე ღვთისა, მხსნელი სოფლისა, უფალი აშკარად უქადაგებს მათ, რომ მოახლოვდა მისი ჯვარცმის დრო, იესოს გასცემენ და ჯვარზე გააკრავენ იუდეველები. მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა სულიერება მომატებული იყო, მაინც ვერ გაიგეს მაცხოვრის სიტყვები და როგორც სახარება გვეუბნება, ისევ და ისევ პეტრე მივიდა მაცხოვართან და დაიწყო ბრალობად მისსა, - იესოს შებრალება და ეუბნებოდა: უფალო, ნუ იზამ ამასო. მაცხოვარი კი რას ეუბნება? - "წარვედ ჩემგან, სატანავ, საცდურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა სახავ ჩემდა, არამედ კაცისასა". რატომ უთხრა პეტრეს ეს უფალმა? - არა იმის გამო, რომ პეტრე იყო სატანა, არამედ სატანური იყო ის აზრი, რასაც ამ დროს პეტრე ამბობდა. "არა ზრახავ ღვთისასა, არამედ კაცისასა", ეუბნება მაცხოვარი პეტრეს, ე.ი. შენ ადამიანურად მეუბნები, ადამიანურად გებრალები, არ გინდა რომ შენი მოძღვარი ჯვარზე გააკრან, მაგრამ შენ არ იცი ღვთის განგებულება, არ იცი, რომ ჩემი ჯვარცმით მთელი კაცობრიობა იქნება გამოხსნილი, ხოლო თუ ჯვარცმა არ მოხდება, ჯვარს არ ვეცმები, ადამიანების გამოხსნაც არ მოხდება. ეს იყო სატანის სურვილიც, რომ ადამიანთა გამოხსნა არ მომხდარიყო, ამიტომ ეუბნება უფალი პეტრეს, - "წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანავ", რადგან სატანებრივი იყო პეტრეს აზრი, რომ მაცხოვარი ჯვარს არ ცმულიყო.
მართალია, მოციქულებმა აღიარეს, რომ ქრისტე იყო ძე ღვთისა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იგებდნენ, რომ მაცხოვარი მოვიდა, რათა თავისი თავი დაედო და თავისი სისხლით გამოეხსნა კაცობრიობა, მათ კი აღიარეს, რომ ის იყო მაცხოვარი სოფლისა, მაგრამ როგორ უნდა ყოფილიყო გამოხსნა, არ უწყოდენ, ამიტომ უფრო კაცობრივად, ადამიანურად უყურებდნენ მესიის მოსვლისა და გამოხსნის საიდუმლოებებს, ეს საიდუმლოებები ერთმანეთს ვერ დაუკავშირეს, სწორედ ამიტომ ეუბნება მაცხოვარი პეტრეს, - კაცობრივს სჯი, ანუ კაცობრივად, ადამიანურად უყურებ ჩემს უწყებას ჯვარცმის შესახებო.