არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
გენესარეთის ქვეყანაში სნეულთა განკურნება
"წყალზე სვლის სასწაულის შემდეგ მაცხოვარმა და მისმა მოწაფეებმა გენესარეთთან ჩაუშვეს ღუზა. როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, იქაურებმა იცნეს იესო. სადაც არ უნდა შესულიყო - დაბებში, ქალაქებსა თუ სოფლებში, მოედნებზე თავიანთ სნეულებს ახვედრებდნენ და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა. ვინც ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც" (მთ 15,34-36; მარკ. 6,53-56) - სახარების თანახმად, ეს არის გენესარეთის ქვეყანაში უფლის მეორედ მისვლა. როდესაც მაცხოვარი გენესარეთში პირველად მივიდა, მან განკურნა ლეგიონით შეპყრობილი ეშმაკეული. ამ სასწაულის ხილვის შემდეგ გენესარეთელებმა არა თუ შეიცნეს უფალი, არამედ მოსთხოვეს, რომ მათ ქვეყანას გასცლოდა. უფალმა მაშინ თან არ წაიყვანა განკურნებული ეშმაკეული, დატოვა მათ სამხილებლად, საქადაგებლად და მოსაქცეველად. გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და ისინი ხედავდნენ, რომ ის ადამიანი, რომლისაც ყველას ეშინოდა, ჩვეულებრივად, ნორმალურად ცხოვრობდა მათ შორის და თან ქადაგებდა, თუ როგორ იხსნა ის უფალმა. მაცხოვრის გენესარეთში მეორედ ჩასვლის დროს უკვე კარგად ჩანს, რა შედეგი გამოიღო უფლის ამ სასწაულმა და განკურნებული ეშმაკეულის გენესარეთის მცხოვრებთა შორის მყოფობამ - ქრისტეს უამრავი ხალხი შეეგება, მასთან ყოველი მხრიდან მიჰყავდათ სნეულები. უფალმაც ყველანი განკურნა. ანუ ადამიანებმა უკვე იცოდნენ ქრისტეს შესახებ, იცოდნენ, რომ მას შეეძლო სასწაულების აღსრულება, შეეძლო ავადმყოფების განკურნება. მართალია, ეს ადამიანები მაცხოვარს ჯერ ისე არ ეგებებიან, როგორც მათი სულების მხსნელს, მაგრამ უკვე ეგებებიან, როგორც მათი ხორციელი სნეულებებიდან და ხორციელი განსაცდელებიდან დამხსნელს, - ამ ადამიანების გონება უკვე ნელ-ნელა მაღლდება. შესაძლოა მომავალში იმ დონეზეც ასულიყო, რომ ქრისტეში განკაცებული ღმერთი, ადამიანების სულიერი მხსნელი შეეცნოთ.
უხუცესთა ჩვეულება და ღვთის სიტყვა:
იესოსთან შეიკრიბნენ ფარისეველნი და მწიგნობრები. შენიშნეს, რომ მაცხოვრის რამდენიმე მოწაფეთაგანი დაუბანელი ხელით ჭამდა პურს. ფარისეველნი და იუდევენი მტკიცედ იცავდნენ უხუცესთა ჩვეულებას, ისე არ ჭამდნენ, თუ ხელს საგულდაგულოდ არ დაიბანდნენ. ამიტომაც უთხრეს იესოს: "რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას, რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ." იესომ მიუგო მათ: თქვენ რატომ არღვევთ ღვთის მცნებებს თქვენი ჩვეულების გამო? ვინაიდან ღმერთმა თქვა: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, და მამის და დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს. თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს ღვთის შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლათო. მათ თქვენ ნებას რთავთ, არაფერი გააკეთონ მამისთვის ან დედისთვის. ამით პატივს არ სცემენ მამას და დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როდესაც ამბობდა: "ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან, ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიან". ამის შემდეგ მაცხოვარმა მოუწოდა ხალხს და უთხრა: ისმინეთ და გაიგეთ: ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ პირიდან გამომავალი. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად ისმინოს. მაცხოვართან მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: იცი უფალო, რომ ფარისეველნი ამ სიტყვის მოსმენით ცდუნდნენ? მან კი მიუგო პასუხად: ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციურმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. დაუტევეთ ეგენი: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. როდესაც უფალი ხალხს განერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა სთხოვეს, განგვიმარტე ეს იგავიო. იესომ კი უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა, ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის გარეთ. ხოლო პირიდან გამოსული - გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ქურდობანი, ცრუმოწმეობანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არა (მათე 15,1-20; მარკოზი 7,1-23)
- იუდეველები ყოველთვის ცდილობდნენ, რაიმეში ბრალი დაედოთ მაცხოვრისთვის, თუმცა ამის მიზეზს ვერ პოულობდნენ, რადგან მაცხოვარი ზედმიწევნით აღასრულებდა ძველ სჯულს და ადამიანებს არ მოუწოდებდა სჯულის დარღვევისკენ, მაგრამ ამ პერიოდისთვის იუდეველები უკვე მხოლოდ სჯულს კი არ იცავდნენ, არამედ თავიანთ შექმნილ მცნებებს, წესებსაც, რომლებიც ფაქტობრივად თავად სჯულს ეწინააღმდეგებოდა, - მწიგნობარნი და ფარისეველნი კი ფიქრობდნენ, რომ თითქოს ეს წესები სჯულისგან განუყოფელი იყო, მაგრამ სინამდვილეში იუდეველთა მიერ დადგენილი წესები ეწინაღმდეგებოდა სჯულს, ღვთის მცნებებს. სწორედ ამას ასწავლის ქრისტე თავისი საქმეებით და იმითაც, რომ თავის მოციქულებს არ აიძულებს კაცთაგან შემოღებული წესების დაცვას, რათა შემდგომ ამით ამხილოს იუდეველები და მათაც ასწავლოს, რომ კაცთაგან შემოღებულ წესებს, ღვთის მცნებებთან საერთო არ აქვს. რაც შეეხება სახარების ამ ადგილს, როდესაც მწიგნობრები და ფარისევლები ბრალს სდებენ უფალს, - შენი მოწაფეები დაუბანელი ხელით ჭამენ საჭმელსო, უფალი პირდაპირ კი არ ეუბნება მათ, რასაც თქვენ ამბობთ არასწორიაო, არამედ ამ ადგილზე კარად ჩანს, როგორ დაიცვა უფალმა თავისი მოწაფეებიც და როგორ ასწავლა იუდეველებსაც ჭეშმარიტება, - უფალი იმას კი არ ეუბნება მწიგნობრებს და ფარისევლებს, - ჩემი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას არ არღვევენო, არამედ ეუბნება, - თქვენ რატომ არღვევთ ღვთის მცნებებს, რომელიც გვეუბნება: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, ხოლო რომელმან თქვას ბოროტი მამისათვის გინა დედისათვის, სიკვდილით მოკვდეს. თქვენი მოგონილი სწავლებით კი, თუ კაცი ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს ღვთის შესაწირავია, რომლითაც ჩემგან უნდა გესარგებლათო, ნებას რთავთ არაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისთვის, -Dე.ი. თქვენ ღვთის მცნებას არღვევთ და უმცირესის, ანუ თქვენი დაწესებული წესების აღსრულებას აიძულებთ ადამიანებსო. როგორ არღვევდნენ იუდეველები ამ მცნებას? - ისრაელში არსებობდა ასეთი წესი, - თუკი მშობელი ეტყოდა შვილს, ვთქვათ, შენი ცხვარი ან სხვა პირუტყვი მომეციო, მას შეეძლო ეთქვა, რასაც შენ მთხოვ, უკვე ღვთისთვის მაქვს აღთქმული და ამიტომ ვერ მოგცემო. სინამდვილეში ასე არ იყო. ამით უფალსაც ატყუებდნენ და მშობელსაც, თანაც ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაშიც ვარდებოდნენ, რადგან ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ როგორმე ქონება არ გაეცათ. მართლა ღვთისთვის რომ ჰქონოდათ აღთქმული, თუ მშობელი სთხოვდა და მას წრფელი გული ჰქოდა, შეიძლებოდა მშობლისთვის აეხსნა და სხვა მიეცა. ეს იყო ჭეშმარიტება, ასე უნდა ემოქმედათ. ამიტომაც ეუბნება უფალი იუდეველებს, თქვენ სიკვდილის ღირსები ხართ, განიკითხავთ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსიც კი არაფერი ჩაუდენიათ, თვითონ კი იმ მცნებებს არ იცავთ, რომელზეც სულიერი სიკვდილია დაწესებულიო. ამით უფალმა დაიცვა თავისი მოწაფეებიც და ამხილა მათი ცრუ სწავლებაც. სახარებიდან ჩანს, რომ მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ვერაფერი მიუგეს უფალს, რადგან თუ მაცხოვრის სიტყვაში რაიმე არასწორი, სჯულის საწინააღმდეგო იყო, ისინი მაშინვე ამხელდნენ მას, მაგრამ პირიქით მოხდა, - ღვთის მხილებით ისინი სირცხვილეულ იქმნენ და ვერაფერი ვერ მიუგეს საპასუხოდ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამ დროიდან ღვთის მიმდევრები და პატივისმცემლები შეიქმნენ. არა, უბრალოდ მათ ვერ მიუგეს სიტყვა და კიდევ უფრო მეტად აღიძრნენ იმისათვის, რომ ქრისტესთვის როგორმე მახე დაეგოთ.
რადგან იუდეველები აღიარებდნენ წინასწარმეტყველებს, მაცხოვარს წინასწარმეტყველი მოჰყავს მათთვის მოწმედ, წინასწარმეტყველის სიტყვებს ეუბნება - კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როდესაც ამბობდა: ეს ერი პირით მადიდებს მე და არა საქმეებითო, რათა კიდევ ერთხელ ემხილებინა იუდეველები, რომ ისინი სიტყვით აღასრულებდნენ ღვთის მცნებებს და არა საქმით.
- როგორც სახარება გვეუბნება, იუდეველთა მხილების შემდეგ უფალმა მოუწოდა "ერსა მას" და უთხრა: ისმინეთ და გაიგეთ: ადამიანს ბილწავს არა პირით შემავალი, არამედ პირიდან გამომავალი...
- უკვე ერს, უბრალო იუდეველებს, ეუბნება უფალი, - დაუბანელი ხელით ჭამა, საზრდელი კი არ შეაგინებს კაცს, რასაც ესენი გასწავლიან, არამედ პირით გამომავალი, თავისი შინაგანი მდგომარეობა, თავისი აზრი, თავისი ქმედებაო. ამის შემდგომ ქრისტესთან მისი მოწაფეები მიდიან და ეუბნებიან, - იცი, უფალო, ფარისევლები და მწიგნობრები დაბრკოლდნენო, როდესაც ეს თქვიო. ფარისევლებმა ვერ გამოამჟღავნეს თავიანთი გულისნადები, რადგან იცოდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად შერცხვებოდნენ, ამიტომაც დაბრკოლდნენ - წავიდნენ რა ისინი, მაცხოვარს განიკითხავდნენ.
უფალი მოციქულებს საპასუხოდ ეუბნება: ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციურმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრებაო - იმის გაფიქრებაც კი არ შეიძლება, რომ რომელიმე ადამიანი ღვთის ქმნილება არაა.Yყველა ადამიანი ღვთისგან არის შექმნილი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ღვთის სიტყვას, ღვთის მცნებებს აღასრულებენ, არიან მამის დანერგილი ნერგები. უფალი ყველა ადამიანში თესავს კეთილ თესლს, თუმცა აღორძინება თავად ადამიანზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, უფალი ადამიანს აღორძინებაშიც თავად შეეწევა, მაგრამ სურვილი ადამიანს უნდა ჰქონდეს. ზეციური მამის არდანერგილი ნერგები კი აქ არიან ისინი, ვინც თავიანთ გულში მოაშთეს ის კეთილი თესლი, რაც უფალმა ჩადო, ჩანერგა თითოეულში.
- შემდეგ უფალი თავის მოწაფეებს მიმართავს: დაუტევეთ ფარისეველნი და მწიგნობრები, ნუ წუხხართ მათ გამო, რამეთუ ბრმანი არიან და ბრმათა წინამძღოლნი... რის შესახებ საუბრობს მაცხოვარი ამ იგავური თქმით?
- მაცხოვარი ამით თავის მოწაფეებს ეუბნება: მართალია, ფარისეველნი და მწიგნობრები დაბრკოლდნენ, მაგრამ ჩემთან მომსვლელები მაინც არ არიან, კვლავ თავიანთ საქმეებს გააგრძელებენ, რადგან ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი, საღმრთო სიკეთეებს ვერ ხედავენ, მათ არ შესწევთ უნარი უფალი შეიცნონ, ამიტომ ნუ წუხხართ მათ გამო, რადგან თავიანთი თავის გამო თვითონ არ არიან დამწუხრებულნი, ამას არა უცოდინრობით, არამედ შეგნებულად და ღვთის მტერობით აკეთებენ. არა მხოლოდ ისინი, მათი მიმდევრებიც ბრმები არიან და ისინიც მათთან ერთად დაიღუპებიანო. თვალხილულთა მიატოვეს და მოიძულეს ფარისევლები და მწიგნობრები და უფალს შეუდგნენ, ხოლო ვინც კვლავ მათ მიჰყვებოდა, თავადაც ბრმები იყვნენ, ბრმა წინამძღვრებს მიჰყვებოდნენ და მათთან ერთადაც სულიერი დაღუპვისთვის იყვნენ განწირულნი.
როდესაც უფალი ხალხს განეშორა, მოციქულებმა ერის, იუდეველთა წინაშე წარმოთქმული იგავის განმარტება სთხოვეს. მაცხოვარი მათ ეუბნება: თქვენც ვერ ხვდებით? თქვენც ისეთები ხართო? - ცხადია,Aმოციქულები არ იყვნენ ფარისეველთა და მწიგნობართა მსგავსნი, მაგრამ ამით უფალი მოციქულებს უბიძგებს, რომ თავად გააკეთონ დასკვნა, თავად იაზროვნონ, რათა მათი გულწრფელობა ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებაში გადავიდეს, თუმცა მაინც განუმარტავს მათ იგავს და ეუბნება: ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა, - ადამიანი შეჭამს, მოინელებს და დამთავრდა, ხოლო რაც პირით გამოვა, ის ადამიანის გულში წარმოიშობა და სწორედ ის შეაგინებს კაცს, ვინაიდან სწორედ გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი... ადამიანს თავის საქმეები შეაგინებს და არა დაუბანელი ხელით ჭამაო.
ზოგნი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, უფლის სიტყვებზე დაყრდნობით, - პირით შემავალი არა შეაგინებს კაცსო, ამტკიცებენ, რომ მარხვა არ არის საჭირო, რადგან თუ პირით შემავალი არ შეაგინებს კაცს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რას შევჭამთ, მთავარია, კეთილი საქმეები აღვასრულოთო. მაგრამ დავუკვირდეთ, რას ამბობს იქვე უფალი, რა არის გულით გამომავალი ბოროტნი - ბოროტი ზრახვანი. როდესაც ადამიანი ღვთის დაწესებულ მცნებას, მარხვას აღუდგება წინ, ეს უკვე ბოროტი ზრახვაა. ასეთი მსჯელობით ცილისწამებასაც მიმართავს, - ეკლესიას ცილს სწამებს, თითქოს ეს უფალს არ დაუწესებია. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი ამით უფალს გმობს, მარხვის დაცვა არ უნდა და ამ სიტყვებით იმართლებს თავს, - პირით შემავალი არა შეაგინებს კაცსო, ამ დროს სწორედ პირით გამომავალით შეაგინებს თავის თავს, რადგან ის ეურჩება უფალს და ეკლესიას. წმინდა მამები გვეუბნებიან, - ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა არასდროს იქნებაო.